მთავარი,სიახლეები

18 წლის ბიჭი, რომელსაც დედა თვალწინ მოუკლეს და ახლა ოთხ და-ძმას ზრდის

06.05.2022 • 15915
18 წლის ბიჭი, რომელსაც დედა თვალწინ მოუკლეს და ახლა ოთხ და-ძმას ზრდის

ომამდე 18 წლის ვიაჩესლავი ოთხ და-ძმასთან ერთად დონეცკის ოლქში, სოფელ ვერხნეტორეცკოეში ცხოვრობდა. მარტის იმ დღეს, რომელმაც მისი და მისი ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეცვალა, ვიაჩესლავი დედასთან, 37 წლის მარინასთან ერთად, შინ ბრუნდებოდა – მათ სახლთან ახლოს ორი ჭურვი ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდა.

„დედა დაიღუპა, უბრალოდ… ხელებში ჩამაკვდა. პირველი ჭურვი ჩვენგან ათ ნაბიჯში ჩამოვარდა. დავინახე, როგორ დაეცა. დედა დაწვა, მე ჩავიმუხლე. ჩემ გვერდით იყო, იქვე… თვალი გავახილე და დედა გვერდულად წევს. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო – „კარგად ვარ“, – „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში ვიაჩესლავი იხსენებს, რომ დედას ჭრილობები ტანსაცმლით შეუხვია და დახმარების საძებნად გაიქცა. უკან დაბრუნებულს დედა დაღუპული დახვდა.

„უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მოხდა. ვერ ვიჯერებდი. შინ რომ მივდიოდი, რა უნდა მეთქვა ბავშვებისთვის, არ ვიცოდი, როგორ უნდა მეთქვა? სახლში რომ შევედი, ბავშვები თავისით მიხვდნენ ყველაფერს,“ – ჰყვება 18 წლის ვიაჩესლავი.

შვილებმა დედა იქვე, აფეთქების შედეგად გაჩენილ ღრმულში დაასაფლავეს, რადგან ადგილობრივი სასაფლაო დანაღმული იყო.

„იქ არავის უშვებდნენ. როდესაც სასაფლაოს განაღმავენ, ახლობლები მივლენ და გადაასვენებენ“, – ამბობს ვიაჩესლავი.

ის და მისი და-ძმები დონეცკიდან ნაცნობებმა გაიყვანეს და ახლა უსაფრთხოდ არიან. უკვე თვეზე მეტია ლვოვის ოლქში, ქალაქ დროგობიჩში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ.

ბავშვებს ერთმანეთის გარდა ნათესავი არ დარჩათ, ამიტომ მცირეწლოვან და-ძმებზე მეურვეობა 18 წლის ვიაჩესლავმა გაიფორმა და მათზე ახლა თავად ზრუნავს.

ვიაჩესლავი დებთან ერთად. ის 18 წლისაა და 4 და-ძმის მეურვეობა აიღო

„მინდა, რომ ბავშვებს ბავშვობა ჰქონდეთ. მინდა, ჰქონდეთ ბედნიერი მომავალი და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მჯერა, რომ დედა ახლა ჩვენთანაა და გვეხმარება“, – ამბობს ვიაჩესლავი, რომელმაც და-ძმები სკოლაში მიიყვანა, თვითონ კი მუშაობს და თან სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: