მთავარი,სიახლეები

სკვითური ოქრო, აივაზოვსკი და სხვა – რა მოიპარეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მუზეუმებიდან

05.05.2022
სკვითური ოქრო, აივაზოვსკი და სხვა – რა მოიპარეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მუზეუმებიდან

მარიუპოლის საქალაქო საბჭო აცხადებს, რომ უკრაინაში, რუსეთის ინტერვენციის დღიდან, რუსმა სამხედროებმა გაქურდეს სამი ადგილობრივი მუზეუმი.

„ოკუპანტებმა მარიუპოლი „გაათავისუფლეს“ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისგან” – წერს მარიუპოლის საქალაქო საბჭო. საბჭოსვე ცნობით, რუსმა სამხედროებმა დაადასტურეს მარიუპოლის მუზეუმებიდან 2000-ზე მეტი უნიკალური ექსპონატის მოპარვისა და დონეცკში გატანის ფაქტი.

საუბარია მხატვრების: არქიპ კუინჯის [„წითელი მზის ჩასვლა”, „შემოდგომა” და „ელბრუსი”] და ივან აივაზოვსკის [„კავკასიის სანაპიროებზე“] ორიგინალური ნამუშევრებზე, წაღებულია უძველესი ხატები და უნიკალური ხელნაწერი – თორის გრაგნილი, ასევე, ვენეციური სტამბის მიერ მარიუპოლელი ბერძნებისთვის დამზადებული 1811 წლის სახარება და 200-ზე მეტი მედალი.

მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ, ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ „ოკუპანტებმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან და ხელოვნების მუზეუმიდან მთლიანად ამოიღეს ყველა ღირებული ექსპონატი”. მისივე თქმით, მარიუპოლში ინახებოდა შვიდი ორიგინალური შედევრი, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებს გადასცა მარიუპოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა ნატალია კაპუშნიკოვამ, რომელმაც იცოდა საიდუმლო ადგილი, სადაც ექსპონატები იყო შენახული.

მარიუპოლის საქალაქო საბჭო ამზადებს მასალებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის სისხლის სამართლის პროცესის დასაწყებად და ინტერპოლისთვის.

ასევე, უკრაინის ქალაქ მელიტოპოლიდან რუსმა ოკუპანტებმა წაიღეს ოქროს არტეფაქტები სკვითების ეპოქიდან – იუწყება ნიუ იორკ თაიმსი. კერძოდ, მოპარულია სულ მცირე 198 ოქროს ნივთი, მათ შორის ყვავილების ფორმის ორნამენტები; ოქროს ფირფიტები; იშვიათი ძველი იარაღი; 300 წლის ვერცხლის მონეტები და სპეციალური მედლები.

„მელიტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლებამ ძვ.წ. IV საუკუნით დათარიღებული სკვითური ოქროს კოლექცია მოიპარა” – თქვა მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა. ამის შესახებ Ukrinform-ი წერს.

„ორკებმა ხელში ჩაიგდეს ჩვენი სკვითური ოქრო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძვირადღირებული კოლექცია უკრაინაში და დღეს ჩვენ არ ვიცით სად წაიღეს, დამალეს თუ მოიპარეს. ჩვენ არ ვიცით მისი ბედის შესახებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ოქრო მოიპარეს ჩვენს საზოგადოებას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ მის დაბრუნებას“, – თქვა ფედოროვმა.

მელიტოპოლის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის დირექტორი, ლეილა იბრაჰიმოვა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ჰყვება, რომ ძარცვა მაშინ დაიწყო, როცა მუზეუმში თეთრხალათიანი, იდუმალი რუსულენოვანი კაცი გამოჩნდა, უკან შეიარაღებული ჯარისკაცებითა და დაზვერვის ოფიცრებით. გრძელი პინცეტისა და სპეციალური ხელთათმანების გამოყენებით, თეთრ ხალათში გამოწყობილმა კაცმა ფრთხილად ამოიღო უძველესი ოქროს ნივთები მელიტოპოლის მუზეუმის სარდაფში გადამალული მუყაოს ყუთებიდან.

იუნესკო, გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (UNODC), ინტერპოლი, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO ) და ხელოვნების დილერების საერთაშორისო კონფედერაცია (CINOA) მოუწოდებენ პროფესიონალებს და საზოგადოებას, რომლებიც ჩართულნი არიან კულტურული ფასეულობებით ვაჭრობაში, თავი შეიკავონ კულტურული ფასეულობების იმპორტის, ექსპორტის ან საკუთრებაში გადაცემის პროცესებში მონაწილეობისგან, როდესაც მათ აქვთ გონივრული ეჭვი, რომ ობიექტები მოპარული, უკანონოდ გასხვისებული, ფარულად ან უკანონოდ გამოტანილია უკრაინიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: