Batumelebi | „6 მაისს უნდა დავტოვოთ სასტუმრო“ – დევნილები მარიუპოლიდან ბათუმშიც ღია ცის ქვეშ რჩებიან „6 მაისს უნდა დავტოვოთ სასტუმრო“ – დევნილები მარიუპოლიდან ბათუმშიც ღია ცის ქვეშ რჩებიან – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

„6 მაისს უნდა დავტოვოთ სასტუმრო“ – დევნილები მარიუპოლიდან ბათუმშიც ღია ცის ქვეშ რჩებიან

„გაგვაფრთხილეს, რომ 6 მაისს, დილის 12 საათამდე უნდა დავტოვოთ სასტუმრო. სად წავიდეთ? – ვიკითხეთ ჩვენ. გვიპასუხეს, არ ვიცითო,“ – ამბობს დევნილი მარიუპოლიდან, სადაც დღეს, 4 მაისს მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, დაკარგეს კონტაქტი აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში გამაგრებულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებთან.

კიევიდან დევნილი ადამიანების ნაწილი ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ ცხოვრობს. კაცი, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვემხილა, გვაჩვენა ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში გამოკრული განცხადებაც: „უკრაინელმა სტუმრებმა სასტუმრო უნდა დატოვოთ 6 მაისამდე“

ფოტო მოგვაწოდა უკრაინიდან დევნილმა

ის, რასაც უკრაინელი დევნილი ამბობს, დაგვიდასტურეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. აქ განმარტეს, რომ უკრაინიდან შემოსულ ადამიანებს მხოლოდ ორი კვირა შეუძლიათ უფასოდ სასტუმროში გაჩერება, რადგან „იმატა ნაკადების შემოსვლამ უკრაინიდან“ . დეპარტამენტში განმარტეს, რომ სასტუმრო „თანამგზავრი“ გამონაკლისი არ არის და ეს ერთიანი მიდგომაა.

„თავდაპირველად მარტო ჩამოვედი ბათუმში 15 მარტს და „ორბიში“ ჩვეულებრივად ფულს ვიხდიდი,“ – გვიყვება დევნილი უკრაინიდან, – „შემდეგ შევხვდი უკრაინელებს აქ და მითხრეს, რომ შემეძლო სხვა სასტუმროში მეცხოვრა უფასოდ. მაშინვე გადავედი სასტუმრო „ინტურისტში“, სადაც რამდენიმე ღამე გავჩერდი და 24 აპრილიდან უკვე „თანამგზავრში“ ვარ. ჩემი მეგობარი ქალი და მისი ორი შვილი შემდეგ ჩამოვიდნენ ჩემთან. ისინი მიწისქვეშა სამალავში იყვნენ რამდენიმე დღე მარიუპოლში და შემდეგ მანქანით მოახერხეს გამოღწევა…

სამსახურს ვეძებთ, არ ვიცი, სად წავიდეთ. ჩემ მეგობარ ქალს დაპირდნენ სამსახურს და ველოდებით. მას შეუძლია სილამაზის სალონში იმუშაოს, სტილისტია. თუ ის იმუშავებს, მირჩევნია ბავშვებს მივხედო, ისინი პატარები არიან და მარტო ვერ დავტოვებთ.

ამ სასტუმროში ბევრი უკრაინელია, სულ ცოტა 24 მანქანაა სასტუმროს ეზოში უკრაინელების. არ ვიცი, სად უნდა წავიდეთ… ჩვენც მანქანით ვართ, მაგრამ ის შესაკეთებელია, თანაც, მანქანაში არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებთ,“ – გვითხრა უკრაინიდან დევნილმა.

„ჩვენი ქვეყნის ფინანსური რესურსი არის შეზღუდული, უკვე 20 დღეა ისინი ამის შესახებ გაფრთხილებული არიან,“ – ამბობს თინა ზოიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღანელი. ის განმარტავს, რომ დეპარტამენტი უკრაინიდან დევნილებს იაფად ბინის პოვნაში დაეხმარება და ამისთვის მოხალისეთა ჯგუფი შექმნეს.

რას სთავაზობს საქართველო იმ დევნილს, რომელსაც არსად წასასვლელი არ აქვს და ვერც სამსახური იპოვა?

„ეს ძალიან სიღრმისეული საკითხია, ამ ეტაპზე თანამონაწილეობა არ არის თანხობრივი… ეს გამოწვეა არის დღის წერსიგში, მაგრამ მხოლოდ ტურიზის დეპარტამენტი არ არის კომპეტენტური ყველა კითხვას გავცეთ პასუხი,“ – აღნიშნა თინა ზოიძემ „ბათუმელებთან“.

დეპარტამენტში ვერ გვითხრეს ზუსტი ციფრი, რამდენით გაიზარდა ნაკადი უკრაინიდან საქართველოში. თინა ზოიძის თქმით, 4 მაისის მდგომარეობით, 400-მდე ადამიანი უკრაინიდან უფასოდ არის განთავსებული სხვადასხვა სასტუმროში.

„ახალ ნაკადსაც ვთავაზობთ 2 კვირით უფასოდ გაჩერებას, რომ იპოვონ სამსახური და საცხოვრებელი ადგილი. 150-მდე ადამიანი უკვე გადავიდა კიდეც ცალკე საცხოვრებლად… ზაფხული მოდის, ჩამოდიან ვიზიტორები და ეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კერძო სექტორის ინტერესებიც, რაღაც ბალანსი უნდა ვიპოვოთ,“ – გვითხრა თინა ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი