ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მოგვარდა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემის შემდეგ?

05.02.2021 • 3582
მოგვარდა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემის შემდეგ?

თვე-ნახევარზე მეტი დრო გავიდა, რაც ბათუმში რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე გარკვეული მონაკვეთები ცალმხრივი გახადეს და მუნიციპალური ავტობუსების სავალი ნაწილი [ე.წ. Bus lane] მონიშნეს. ახალი სქემა ამოქმედდა, თუმცა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა მხოლოდ პირველი თებერვლიდან განახლდა.

ახალი სქემის მიუხედავად, ქალაქში ტრადიციული საცობების პრობლემა არ მოხსნილა. ჩანს, რომ მძღოლებმა, განსაკუთრებით ჭავჭავაძის ქუჩაზე, არ იციან ახალი სქემით დადენილი მოძრაობის წესების შესახებ.

ჭავჭავაძის ქუჩა / 5.02.2021

რა შედეგი გამოიღო ახალმა სქემამ ქალაქში მოძრაობის მოწესრიგების კუთხით? – მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჯერ კიდევ დაკვირვების რეჟიმში არიან და გზებზე მონიტორინგი გრძელდება.

„არის პატარ-პატარა ნიუანსები, საცობებს ვგულისხმობ, თორემ სხვა რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა ამ ეტაპისთვის არ გამოჩენილა. 5 დღე შედეგებისთვის არ არის საკმარისი და მონიტორინგი გრძელდება. როცა ჯავახიშვილის და აბუსერიძის ქუჩები მთლიანად გაიხსნება, გაცილებით უკეთ დავინახავთ [ახალი სქემის] შედეგს… ამ ეტაპზე საპატრულო პოლიცია ჩართულია და მაქსიმალურად გვეხმარება,“ – გვითხრა მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ემზარ ქავჟარაძემ.

რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებსა და სამარშრუტო მიკროავტობუსებს, ემზარ ქავჟარაძის თქმით, „არც მათ მუშაობაში შექმნილა პრობლემა, მგზავრთა გადაყვანის მხრივ. ავტობუსები თავისუფლად მოძრაობენ“.

რას გულისხმობს ახალი სქემა, ნახეთ ამ ბმულზე: ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა დღეიდან ცალმხრივი გახდა

აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების ნაწილობრივ ჩაკეტვის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია მიმდებარე ქუჩებზეც. თავისუფლად გადაადგილების პრობლემა აქვთ გორგილაძისა და ჭავჭავაძის ქუჩებიდან აღმაშენებლის წრიულისკენ მოძრავ ავტომანქანებს, ასევე პირიქით, აბუსერიძისა და ფიროსმანის ქუჩებიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებსაც.

როდის დასრულდება სამუშაოები ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩებზე, ასევე აეროპორტის გზატკეცილზე? – როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, სამუშაოები, 2021 წლის მეორე კვარტალში, ანუ მაქსიმუმ აპრილიდან ივლისამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.

აბუსერიძის ქუჩა ბათუმში / 2.02.2021

ბათუმის მერიის ინფორმაციით:

[checklist]

  • ჯავახიშვილის ქუჩაზე [აბუსერიძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში] დასრულდა წყალარინების კოლექტორის მოწყობა და მიმდინარეობს ქუჩის რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასრულდება.
  • ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის წრიულამდე [ხოფის წრიული] არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს წყალარინების E კოლექტორის მოწყობა. E კოლექტორის მშენებლობის სამუშაოები დაწყებულია ანგისის ქუჩაზეც, აღმაშენებლის ქუჩის წრიულის მიმართულებით. კოლექტორის მშენებლობა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უნდა დასრულდეს.
  • წყალარინების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს აეროპორტის გზატკეცილზეც, სადაც მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება ამ ქუჩის კეთილმოწყობა“.

[/checklist]

ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი სქემით ცალმხრივი გახდება მოძრაობა გრიბოედოვის ქუჩაზეც – ჭავჭავაძის გზაჯვარედინიდან [რესპუბლიკურიდან] რუსთაველის ქუჩის მიმართულებით.

 

 ჭავჭავაძის ქუჩა / 4.02.2021 / ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: