ნეტგაზეთი • RU

არესტოვიჩი ამბობს, როდის შეძლებს უკრაინის ჯარი კონტრშეტევაზე გადასვლას 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა, ТСН-ის ეთერში საუბრისას თქვა, რომ უკრაინის ჯარები რუსეთის არმიაზე კონტრშეტევას, ყველაზე ადრე ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. მისივე თქმით, ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დასავლელი პარტნიორებისგან დიდი რაოდენობის იარაღის დაგროვება მოხერხდება. ამის შესახებ წერს უკრაინული გამოცემა უნიანი.

„ეს შეიარაღება საკმარისი უნდა იყოს სრულად აღჭურვილი, გაწვრთნილი, კოორდინირებული და კარგად განლაგებული მინიმუმ რამდენიმე ბრიგადისთვის. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია წინსვლის დაწყება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის განმარტებით, დასავლელი პარტნიორებისგან მიწოდებულ იარაღის პირველ ნაკადს მაისის ბოლოს ელიან და ეს შეიარაღება თავდაცვისთვის არის გამიზნული.

„პირველი იარაღი, რომელსაც შეუძლია მტრის შეჩერება, უკრაინაში მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ჩამოვა. ამიტომ კონტრშეტევა შესაძლებელია არაუადრეს ივნისის შუა რიცხვებამდე. დიდი ალბათობით, ეს იქნება ივნისის მეორე ნახევარი“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

დღეს უკრაინის პრეზიდენტის კიდევ ერთმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ „დენაციფიკაცია არის ის, რაც უახლოეს მომავალში მოელის რუსეთს“.

___

ამავე თემაზე:

დენაციფიკაციის არის ის, რაც უახლოეს მომავალში მოელის რუსეთს – პოდოლიაკი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან