განათლება,მთავარი,სიახლეები

ზოგჯერ მინდა ჩამოვგლიჯო დაფა და მეორე მხარეს მივაკრა, კლასი რომ შემოტრიალდეს – პედაგოგი

05.05.2022 • 21510
ზოგჯერ მინდა ჩამოვგლიჯო დაფა და მეორე მხარეს მივაკრა, კლასი რომ შემოტრიალდეს – პედაგოგი

როგორ შეიძლება იქცეს მასწავლებელი მოსწავლისთვის მოტივაციად და პირიქით, შესაძლოა დაუქვეითოს მოსწავლეს როგორც თვითშეფასება, ასევე გაუნელოს სწავლის მიმართ ინტერესი. სწორედ ამ პრობლემაზე გვესაუბრა „ბათუმელებს“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მინდია ფუტკარაძე. მისი თქმით, დანაშაულია, როცა მასწავლებელი მხოლოდ წარმატებული მოსწავლეების გადმოსახედიდან აფასებს პროცესებს, რადგან სწორედ აქედან იწყება სხვა მოსწავლეების უგულებელყოფა.

  • ბატონო მინდია, ხშირად მოსწავლეები ერთ რომელიმე მასწავლებელზე ამბობენ, რომ ძალიან უყვართ, ენდობიან და მის საგანსაც უკეთ სწავლობენ, სხვა რომელიმე მასწავლებლის მიმართ კი არ აქვთ იგივე დამოკიდებულება. როგორია თქვენი დაკვირვება, გამოცდილება, როდის უყვარს ბავშვს მასწავლებელი და როდის შეიძლება არ ენდობოდეს მას, რა არის ამის მიზეზები?

ბევრი კვლევა, ბევრი რამ დაიწერა იმის შესახებ, როგორ შეიძლება ავუმაღლოთ ბავშვებს სწავლის მოტივაცია, თუმცა მე მხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ამაზე ვისაუბრო. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლის ნდობა მოვიპოვო. რას ნიშნავს ნდობის მოპოვება? ერთი შეხედვით ბანალური ფრაზაა თითქოს, მაგრამ ნდობის მოპოვება არც ისე მარტივი ამბავია.

ნდობის მოპოვება ხდება ეტაპობრივად, ეს დამოკიდებულია მასწავლებლის ქცევაზე, მიდგომაზე, რაც შემდგომში ქმნის ამ ნდობას.

ჩემი მთავარი პრინციპია, ასევე, რომ ვიყო გულწრფელი. რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ, რაც ხდება ჩემს თავს, იმაზე ვსაუბრობ, ემოციაც კი მიმაქვს მოსწავლემდე. მაგალითად, კლასში თუ ვიღაცამ დააშავა რაღაც და ამის გამო ვერ გავედი მიზანზე, შემიძლია ეს ავუხსნა მოსწავლეებს. ვუთხრა, რას ვგეგმავდი და რატომ არ გამოვიდა. შეიძლება მოვიწყინო ამის გამო გაკვეთილზე. ამის მერე ისეთი თანაგრძნობა მოდის მოსწავლეებიდან, რომ ვერც კი წარმოიდგენთ.

თითქოს დიდი ადამიანები არიან, ისე თანაგიგრძნობენ. მინდია მასწავლებელმა მოიწყინა, თან ჩვენ გამო მოიწყინა და მოდი, რაღაც შევცვალოთ. მარტივად ხვდებიან შენი ემოციიდანაც ვინ რა დააშავა და რა არის გამოსასწორებელი. ამიტომ, ზედმეტი ახსნა, ლაპარაკი ან შენიშვნის მიცემა არც გჭირდება, როცა ხარ გულწრფელი.

გულწრფელობას ძალიან აფასებენ ბავშვები. თუ მიხვდა, რომ შენ არ ხარ გულწრფელი, თუნდაც მის შეფასებაში ან რჩევის მიცემაში, ამას მაშინვე გრძნობენ.

ხომ ამბობენ ხოლმე მასწავლებლები, რომ რაღაც ისე ვერ მომიყვა, ვერ გააკეთა, მაგრამ მე მაინც შევაქე იმიტომ, რომ მოტივაცია მისცემოდა. მე არ ვიზიარებ მაინცადამაინც ამ პოზიციას, რადგან პირიქით მგონია, შეიძლება დემოტივაცია მივცეთ ამით, რადგან ბავშვები თვითშეფასებასაც კარგად აკეთებენ, გარემოსაც კარგად აფასებენ. ამიტომ თუ ბავშვმა იგრძნო, რომ უსამართლოდ შეაქე და არ დაუმსახურებია ეს შექება, შესაძლოა, პირიქით იმოქმედოს მასზე ამ ყველაფერმა.

  • როგორ ეუბნებით, რომ  მისი მომზადებით ან პასუხებით არ ხართ კმაყოფილი?

ავიღოთ ყველაზე ცუდი ვარიანტი, ვთქვათ, არ დაწერა მოსწავლემ დავალება. ვერ დაწერა კი არა, არ დაწერა. მე არ ვეკითხები, თუ რატომ არ დაწერა, რადგან ეს არაფრის მომცემია. ისედაც ვიცით, რომ დაეზარა ან დაავიწყდა. მაგრამ თუ ეტყვი, გეწყინა დავალება რომ არ დაწერა, უკვე მისთვის ნათქვამია შენ რას ფიქრობ და პასუხიც მოთხოვნილი გაქვს.

თუმცა სანამ შენ აქამდე მოხვალ, უკვე უნდა გქონდეს ბავშვის სიყვარული მოპოვებული. სხვანაირად მასზე არ იმოქმედებს ის, რომ შენ მისგან რაღაც გეწყინა. ბუნებრივია, თუ მას უყვარხარ და პატივს გცემს, მხოლოდ მაშინ აქვს ასეთ მიდგომას აზრი. მე დაწყებითი საფეხურის ბავშვებზე ვსაუბრობ და არა უფროსკლასელებზე, მათთან მეწყინაზე ვერ დაიწყებ საუბარს.

ჩემს კლასში არასდროს მქონია შემთხვევა, რომ მოსწავლეს ვერ ესაუბრა მიზეზზე, რის გამოც ვერ შეასრულა, ვთქვათ, დავალება. გარემო უნდა შექმნას მასწავლებელმა, რომ ბავშვი იყოს გულწრფელი და თამამად შეეძლოს აზრის გამოთქმა. ამას კეთილგანწყობილ გარემოს ვეძახით ხოლმე.

  • თქვენ საუბრობთ ისეთ გარემოს შექმნაზე, სადაც ბავშვს არ მოუწევს თავის გასამართლებლად ტყუილის თქმა?

დიახ. როცა ვეკითხებით მოსწავლეს „რატომ არ დაწერე დავალება?“ ის იწყებს ფიქრს ისე მოიტყუოს, რომ დაგაჯეროს. არ უნდა, რომ მასზე წარმოდგენა შეგეცვალოს. მან იცის, რომ შენ ის გიყვარს და არ უნდა ეს სიყვარული და ნდობა დაკარგოს. ამიტომ  იწყებს ტყუილის მოფიქრებას და თან თუ „დაიჯერებ“ ამ ტყუილს, შესაძლოა ის შეეჩვიოს ტყუილის თქმას.

ვფიქრობ, მოტივაციის შესაქმნელად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკლასო გარემო და მე სულ ვსაუბრობ ამაზე. მხოლოდ მასწავლებელი ვერ შესწვდება გარემოს შექმნას –  ამაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო და შეეცადოს მასწავლებელს დაეხმაროს, რომ მოსწავლეები წარმატებული და მოტივირებულები იყვნენ.

  • რას გულისხმობთ?

ვგულისხმობ სკოლების ტექნიკურ აღჭურვას. მე, მაგალითად, თითქმის ყოველდღიურად მჭირდება პროექტორი კლასში, რომელიც გარემონტებულ სკოლებშიც კი არ გვხვდება. 1-2 კლასი თუ იქნება სკოლაში, სადაც პროექტორია დამონტაჟებული.

ტექნოლოგიები პირდაპირ გავლენას ახდენს მოსწავლეების მოტივაციაზე. უამრავი საგანმანათლებლო თამაშია იმისთვის, რომ ასწავლო ხალისით. როცა მუშაობა დავიწყე, ვნახე, რომ თითქმის ყველა ბავშვს ჰქონდა ბუკში თამაში ჩამოწერილი, თუმცა არასწორი გაგება ჰქონდათ კომპიუტერული თამაშების გამოყენების. ინტერნეტში არასწორად ჩართული კომპიუტერი ზიანის მომტანი უფროა ბავშვებისთვის, ვიდრე სარგებლის, თუ არ იციან, როგორ გამოიყენონ ის.

მე შევთავაზე, რომ გაგვეთავისუფლებინა კომპიუტერები და მიგვენიჭებინა მისთვის საგანმანათლებლო ფუნქცია. ინტერნეტი აუცილებელია საკლასო ოთახებში, ამიტომ აქვს ამ ბუკებს ფუნქცია დაკარგული, ინტერნეტის და მასწავლებლის მომზადების გარეშე როგორ შეიძლება მათ ფუნქცია ჰქონდეთ. მეც კი, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანი ვარ, გამიჭირდა რაღაცების გახსენება და ახლაც ვსწავლობ, როგორ უნდა გამოვიყენო ბუკები ოთახში. ვფიქრობ, ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე საჭიროა მასწავლებლების გადამზადება და გამოცდილების გაზიარება.

ბუკებში ჩაწერილი პროგრამები არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს, რადგან პირველკლასელებისთვის ჩაწერილი თამაშები ძალიან მარტივია, არც კი მიიღეს ბავშვებმა. ამიტომ მესამე-მეოთხე კლასის აქტივობებს ვიყენებთ ხოლმე.

ვცდილობ, ჩემი პირადი ინტერნეტი გავუზიარო ბავშვებს, რადგან Wi-Fi კლასში არ გვაქვს. თუმცა 29 მოსწავლეს ვერ სწვდება. ეს საკითხი აუცილებლად გამოსასწორებელია სკოლებში.

  • ვიზუალიზაცია, მერხების წყობა, კედლები, ილუსტრაციები შედის განწყობის შექმნაში, მოქმედებს ბავშვების მოტივაციაზე?

მზამზარეული ილუსტრაციების კედლებზე გაკვრა უკვე წარსული მგონია: თუ მოსწავლემ თვითონ არ მიიღო მონაწილეობა ამ რესურსის შექმნაში, მისთვის ეს უინტერესო ხდება. მიცდია ასეთი გზაც, მაგრამ არ მიუქცევიათ დიდი ყურადღება. კვლევაც კი ჩავატარე ამაზე, თუ რამდენად მიაქცია ყურადღება ბავშვმა კედლებზე განთავსებულ ილუსტრაციებს. მათი ჩართულობით რაც გაკეთდა, მას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ და ხშირადაც უყურებენ. თან უვლიან, რომ არ დაზიანდეს და ასე უფრო მეტს სწავლობენ, ვიდრე წინასწარ გამზადებულით.

  • ეს ნიშნავს, რომ თანამონაწილეობას სწავლების პროცესში უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბავშვები?

დიახ, ეს არის შემოქმედებითი მიდგომა, როცა სურთ თვითონ იყონ პროცესის მონაწილე. ზოგადად, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მომხრე ვარ და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ბავშვის პროცესში ჩართვა მნიშვნელოვანია.

ჩართულობაში გვეხმარება სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიები. როცა კლასში არის პროექტორი და ინტერნეტი, ცუდი მასწავლებელიც კი, გაამრავალფეროვნებს გარემოს.

არ არის საჭირო ყოველდღე საათივით აწყობილი პრეზენტაციები აჩვენო. აი, მაგალითად, გარეული და შინაური ფრინველების შესახებ თუ გაქვს გაკვეთილი, ამდენი ფრინველის პლაკატს ვერ მიიტან კლასში. შეგიძლია ამ დროს დაგუგლო და ბავშვიც ჩართო ძიების პროცესში. ჩაწერს და მოიძიებს როგორია, ვთქვათ, ქათამი, შეუძლია მოისმინოს ხმები ამ ფრინველების და ნახავთ, როგორია მათი ემოციები და ენთუზიაზმი, როცა ამას თავად ეძებენ და აღმოაჩენენ. ეს არის შემოქმედებითი სწავლება და არა წინასწარ გამზადებული პრეზენტაციები და კედლებზე გაკრული მასალები და არა ის, როცა მხოლოდ მასწავლებელია წამყვანი კლასში და არა – ბავშვები. ასეც უჩნდებათ სწავლის მოტივაცია.

  • მოდით, ახლა დემოტივაციაზე ვისაუბროთ. რა არის დემოტივატორი სწავლის დროს. რა გახსენდებათ თქვენი პრაქტიკიდან ან გამოცდილებიდან?

ჩემთვის, მაგალითად, დემოტივაციის საფუძველი არის ერთნაირი მიდგომა სწავლების დროს. სტუდენტობის დროსაც კი ვაპროტესტებდი, არ მინდოდა ერთნაირი მიდგომით გვესწავლა რაღაც საკითხები. წარმოიდგინეთ ფეხბურთის სტადიონი, ზრდასრული ადამიანი რატომ შეიძლება მიდიოდეს თამაშის საყურებლად? იქ იძულებით არავინ მიჰყავთ, ხომ? ჩვენი სურვილით მივდივართ, ჩვენი მოტივაციით. მაგრამ წარმოიდგინეთ, ყველა თამაშზე ერთი და იგივე სიტუაცია თუ გხვდება, მოთამაშეები არ ცდილობენ შემოგთავაზონ განსხვავებული სანახაობა, არ ცდილობენ გაიზარდონ, ყოველთვის ერთი და იგივე სურათი გხვდება, შენც გიქრება მოტივაცია, რომ ისევ წახვიდე მატჩის საყურებლად. ასევეა სკოლაც.

მთავარია პროცესი, რა ხდება იქ, სადაც მივდივარ. მოსწავლესაც ასეთი განცდა აქვს, როცა სკოლაში მოდის. იცის, რომ იქ უნდა ისწავლოს, მაგრამ თუ ყოველდღე ერთი და იგივე ხვდება კლასში, შემდეგ სკოლაში სიარული მოვალეობაში, რუტინაში გადადის, მისი მოტივაცია იკლებს.

მერე ჩნდება კითხვები – „დღეს რომ არ წავიდე სკოლაში შეიძლება?“, „რატომ უნდა წავიდე სკოლაში?“, „სახლში რომ ვისწავლო, ხომ შეიძლება?“ აქ უკვე ყველაფერი დამთავრებულია, ვერაფერს ვეღარ მისცემ ბავშვს, როგორც მასწავლებელი.

საინტერესო პროცესის შემოქმედია მასწავლებელი, როგორც სტადიონზე ფეხბურთელი. არ მოგივა მაყურებელი, თუ შენ არ იქნები შემოქმედებითი, არ აჩვენებ ახალ მიდგომებს, ახალ-ახალ სანახაობას, ასეა სკოლაშიც, თუ ყოველ დღე ერთსა და იმავე გაკვეთილს დუნედ ატარებ. კარგი გაკვეთილიც რომ ჩაატარო, თუ ერთსა და იმავე მეთოდს ხშირად გაიმეორებ, ესეც ჰბეზრდებათ.

  • ცოტა ხნის წინ რედაქციაში სტუმრად მოსულ მოზარდებს ვესაუბრე. მათ თქვეს, რომ მასწავლებლები ხშირად იყენებენ მსგავს ფრაზებს: „თქვენგან არაფერი გამოვა“, „წადით სკოლიდან“, „ვერაფერს მიაღწევთ“, „ვერ ისწავლი“, – რამდენად დამაზიანებელია მსგავსი საუბარი ბავშვებთან?

შეუძლებელია დაეთანხმო მასწავლებელს, რომელიც ბავშვს ეუბნება, რომ „შენგან არაფერი გამოვა“. სწავლება ცოცხალი პროცესია, ამიტომ მიყვარს მასწავლებლობა, ამიტომ ვხედავ აქ ჩემს თავს.

ხშირად გვემართება ხოლმე მსგავსი რამ პედაგოგებს, ავიღებთ წარმატებული მოსწავლის ნამუშევარს და დავიწყებთ სხვებთან შედარებას. „აი, ნიკომ რა კარგად დაწერა და შენ რა დაგემართა?“, „შენ თუ ბევრს არ იშრომებ, შენგან არაფერი გამოვა“. დავიწყებთ ხოლმე ამ წარმატებული ბავშვის გადმოსახედიდან ყურებას – აი, ეს არის მასწავლებლების დანაშაული. მოსწავლის თვალებიდან თუ არ გამოიხედე, მასწავლებელი არ ხარ, ჩემი აზრით. რატომ არ დაწერა, რატომ არ გამოუვიდა, ამას არავინ არკვევს.

ზოგჯერ არის დამოკიდებულება, რომ ვიღაც მოსწავლე ბოლო მერხზე უნდა იჯდეს და შეიძლება მას ყურადღება არ მივაქციოთ – მას რაღაცები არ გამოსდის და მოდი, ბევრი დრო აღარ დავხარჯოთ მასზე. ასეთ დროს ჩემი პირველი რეაქცია არის ის, რომ ყველაფერი შევცვალო, ავაყირაო, ჩამოვგლიჯო დაფა და მეორე მხარეს მივაკრა, რომ კლასი შემოტრიალდეს. ერთხელ ვცადე კიდეც, მაგრამ ვერ მოვხსენი, მაგრად იყო მიკრული… რას ჰქვია, რომ ვინმეს რამე არ შეუძლია? რომ არ გამოუვა?

სხვათა შორის, კლასში ადგილების გადანაცვლებაც მოტივაციის ერთ-ერთი საშუალებაა. როცა ბავშვი ყოველთვის ერთ ადგილზე ზის, ის ეჩვევა გარემოებას და შემდეგ უჭირს ცვლილება. ეს უკვე რაღაც უნარის დაქვეითებაა, რადგან ვერ ეგუება განსხვავებულ მდგომარეობას. ჩვენ ხომ სკოლაში მარტო საგნებს არ ვასწავლით, უნარებზე უნდა გავიდეთ საბოლოოდ ხომ? საგნები კი საშუალებაა იმისთვის, რომ უნარები განუვითაროთ. ამას თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, ფასი ეკარგება მათემატიკის სწავლასაც.

  • გამოდის, რომ მასწავლებლებს არ უნდათ ზედმეტი ძალისხმევის გაღება, ენერგიის დახარჯვა და ვინც ადვილად ითვისებს, მათ  ხარჯზე სურთ საკუთარი წარმატების ჩვენება.

ასეა ზუსტად. კლასში 29 მოსწავლიდან თუ ათი მოსწავლე წარმატებულია, მასწავლებელი სინდისს იმით იმშვიდებს, რომ, ესე იგი, ჩემი ახსნილი გასაგებია, კარგია. თუ ათმა გაიგო, დანარჩენსაც უნდა გაეგო.

შემდეგ ეს ათი მოსწავლე ჩანს ყველგან, ესენი მიდიან კონფერენციებზე, ოლიმპიადებზე, ესენი არიან მხოლოდ კარგები და ის მშობლებიც, ვისი შვილებიც არ ჩანან, ეგუებიან იმ აზრს, რომ მათ შვილებს რაღაც არ შეუძლიათ და ნაკლებად წარმატებული არიან.

  • როცა იმავე მიზეზით ვსვამთ ბავშვს უკანა მერხზე, ფიქრობთ, რომ აქედან იწყება მისი უგულებელყოფა?

დიახ, ასეა და ამ პროცესს არ უნდა შევეგუოთ. კლასში ვიღაც უფრო აქტიურობს, ვიღაც – ნაკლებად. ვიღაცის ბუნებაა აქტიური, ვიღაც ფიქრობს, რომ ჯერ სხვამ თქვას და მერე ვიტყვი მე. აი, ამის სწორად დანახვა უნდა შეგვეძლოს.

შემდეგ გრძნობს ბავშვი ამ დამოკიდებულებას, როცა ყოველთვის ერთსა და იმავე მოსწავლეს ეკითხები გაკვეთილს, ყოველთვის ერთი და იგივე ბავშვი გამოგყავს დაფასთან, ერთსა და იმავე ბავშვს აქებ, ესეც კარგი მაგალითია ბავშვის ინტერესების უგულებელყოფის.

კომუნიკაცია არ უნდა იყოს ცალმხრივი. თუ ბავშვი გიზიარებს რაღაც გასაჭირს, რატომ არ შეიძლება, რომ შენც გაუზიარო? ჩვენსა და ბავშვებს შორის ხომ მხოლოდ ასაკია განსხვავებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთესები იქნებიან, როცა გაიზრდებიან.

ცოტა ხნის წინ 29 წლის გავხდი. ბავშვებმა არ იცოდნენ  ჩემი ასაკი და როცა გაიგეს, გაუკვირდათ  – „მას, თქვენ 29 წლის ხართ?“- მეკითხებოდნენ. იცით რატომ? დაიწყეს შედარება, აი, დედაც 29 წლისაა, მამაც, მაგრამ ისინი არ არიან ასეთები.

ისინი უფრო სერიოზულები არიან, მაშინ, როცა მე შემიძლია მათთან ვითამაშო და გავერთოთ. დედა და მამა კი ასე არ იქცევიან. ერთმა ბავშვმა მითხრა – „მასწავლებელო, მე მგონია, რომ ცხრა წლის ხართ“. ეგეცაა, შენ უნდა გახდე მათნაირი, თუ გინდა, რომ ასწავლო. უნდა იყო მათი მსგავსი იმ დროს. ბავშვს თუ რაღაც მისი ენით არ აუხსენი, არა მგონია, რომ შედეგი ჰქონდეს რამეს.

  • როცა მასწავლებელი კლასში შედის საკუთარი პრობლემებით, რაღაც პირადი ტკივილებით, ცუდი განწყობით – ეს როგორ მოქმედებს ბავშვებზე?

თუ შენ არ შეგიძლია შენი პრობლემები დატოვო გარეთ, ისე გაკვეთილს ვერ ჩაატარებ. უნდა დაფიქრდე, რა გელოდება იქ. მე ვიცი, რომ როცა კლასის კარს შევაღებ, 29 მოსწავლე მელოდება ანთებული თვალებით. ისინი ცდილობენ, რაღაც გაიგონ ჩემგან, რაღაც ახალი ისწავლონ და წარმოიდგინეთ, თუ მათ დახვდებათ ვიღაცაზე გაბრაზებული მასწავლებელი, რა თქმა უნდა, დემოტივირებული გახდებიან ბავშვებიც.

განწყობას თუ ვერ ქმნი კლასში, ამაში მასწავლებელია დამნაშავე. მაშინ რა მასწავლებლობაზე და მისიონერობაზე ვსაუბრობთ? მასწავლებლობა მარტო სამსახური არ არის, მე ასე ვფიქრობ და სხვისი არ ვიცი. „სამსახურში მივდივარ“ ასე არასდროს მითქვამს, სამსახურად არ უნდა აქციო კლასში შესვლა და გაკვეთილის ახსნა.

თუ განწყობა არ გაქვს, შეიძლება ფილმი ჩართო და აყურებინო ბავშვებს, ან იქნებ სპორტი უნდა იმ დღეს ძალიან და შეიძლება გადაანაცვლო გაკვეთილი. მთავარია, განწყობა არ მოკლა ბავშვებში.

  • მოსწავლეები ასევე საუბრობენ დისკრიმინაციაზე მასწავლებლების მხრიდან. „რას ჰგავხარ“, „მოსწავლეს არ ჰგავხარ“, მიუთითებენ წონაზე, გარეგნობაზე და ასე შემდეგ. თქვენ გაქვთ მოსწავლის რამე სტანდარტები? – რას უნდა ჰგავდეს მოსწავლე?

ეს არის საბჭოთა სტერეოტიპი, რომ მოსწავლეები ერთნაირები უნდა იყვნენ და ყველა ერთმანეთს უნდა ჰგავდეს. ჩვენ ხომ ამ სამყაროში აღარ ვცხოვრობთ, არა? გამოვედით ამ მდგომარეობიდან და ვიცით, რომ ყველა მოსწავლე არის ინდივიდუალური.

ყველა მოსწავლეს აქვს თავისი ინტერესები და აქვს შესაძლებლობები.

კლასში მყავს მოსწავლე, რომელსაც მოსწონს გრძელი თმა, არც კი მიფიქრია, რომ შენიშვნა მიმეცა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მოსწავლე ასეთი უნდა იყო და არა ისეთი, ეს არის ჩვენი, მასწავლებლების პრობლემა და არა ბავშვების. მოსწავლემ კი არ უნდა შეიცვალოს შეხედულებები, მასწავლებელი უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვაქვს ბევრი სამუშაო.

შესაცვლელია დამოკიდებულებაც – „შენ ბიჭი ხარ და არ გეკადრება ასეთი მოქცევა“, ან „გოგო ხარ და როგორ იქცევი“, ეს უკვე დისკრიმინაციაა, ეუბნები, რომ რადგან გოგო ხარ, ამიტომ არ გეკადრება.

არც აქტივობების დროს დამიყვია გოგოები და ბიჭები, არც სპორტული თამაშების დროს. ეს მიუღებელია ჩემთვის, რადგან თუ ამას სპორტში გააკეთებ, შემდეგ მოინდომებენ, რომ ასე იყოს მათემატიკაშიც, ქართულშიც და მორჩა, შემდეგ ასე დამკვიდრდება ყველგან სტერეოტიპები.

  • როცა მასწავლებელი მეცხრეკლასელ ბავშვს ეუბნება, რომ „გადი სკოლიდან, მაინც არაფერი გამოვა შენგან“, აქ ვის პასუხისმგებლობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, სკოლის, მასწავლებლის თუ სახელმწიფოსი, რომელმაც 9 წლის მანძილზე ვერაფერი მისცა ბავშვს?

არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც რაიმეს კეთების უნარი არ გააჩნია. ასევე, ისეთი ბავშვები, რომლებსაც ზუსტად ერთნაირი უნარები აქვთ, ერთნაირად შეუძლიათ კითხვა, ამოცანის ამოხსნა, ერთნაირი ხმის ტემბრი აქვთ. ვფიქრობ, მასწავლებლად არ ივარგებს ის ადამიანი, ვინც ასე უდგება საკითხს. ჩვენი მოვალეობაა ბავშვის შესაძლებლობები და უნარები ვიკვლიოთ.

ზოგიერთი ბავშვი 7 წლის შედის სკოლაში, ზოგიერთი – 6-ის, ზოგიერთი საბავშვო ბაღში სწავლობს კითხვას, ზოგიერთი ბაღშიც ვერ შედის. ყველა ბავშვს არ აქვს ერთნაირი სოციალური გარემო ოჯახში, ყველა ბავშვის მდგომარეობა განსხვავებულია. ეს უნდა გაითვალისწინოს სკოლამ, მასწავლებელმა. ზოგიერთს ჰგონია, რომ მხოლოდ შეძლებულ ოჯახებში იზრდებიან წარმატებული ადამიანები, არადა, ზოგჯერ პირიქითაა.

ხშირად მასწავლებლებს ასეთი „გამოსავალი“ ურჩევნიათ – „არ შეუძლია და ამიტომ არ ისწავლა, თორემ ჩემი ბრალი კი არ არის“. ეს უნდა შეიცვალოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: