მთავარი,სიახლეები

რუსეთი ბელარუსის სამხედრო წვრთნების გამოყენებას შეეცდება – ბრიტანეთის დაზვერვა

05.05.2022 • 1323
რუსეთი ბელარუსის სამხედრო წვრთნების გამოყენებას შეეცდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 5 მაისის განახლებაში წერს, რომ შეინიშნება ბელარუსის სახმელეთო ძალების გადაადგილება გარნიზონიდან საწვრთნელ ველზე. თუმცა ეს სეზონური ნორმების ფარგლებში ჯდება, რადგანაც ზამთრის წვრთნები ბელარუსში მაისში სრულდება.

„რუსეთი, დიდი ალბათობით, ეცდება, უფრო სერიოზულად  წარმოაჩინოს საფრთხე, რომელსაც ეს წვრთნები უკრაინისთვის წარმოადგენს და ამით უკრაინის ძალები ჩრდილოეთში შეაჩეროს, არ მისცეს მათ დონბასში მიმდინარე ბრძოლებში ჩართვის საშუალება“, – აღნიშნავს უწყება.

ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ დღეისთვის არაა მოსალოდნელი სტანდარტული წვრთნებიდან გადახვევა, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მოკავშირეებსა და პარტნიორებს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ფართომასშტაბიანი წვრთნების მიზანი, ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემოწმებაა.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საველე წვრთნები „არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის არც კონკრეტულად მეზობელ სახელმწიფოებს და არც მთლიანად ევროპას“.

ბელარუსს სამხრეთით ესაზღვრება უკრაინა, დასავლეთით – პოლონეთი, ჩრდილოდასავლეთით – ლიეტუვა და ლატვია, ხოლო აღმოსავლეთით – რუსეთი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ, 4 მაისის შეფასებაში უწყება აღნიშნავდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აპირებს, გასცდეს იზიუმს და დაიპყროს ქალაქები – კრამატორსკი და სევეროდონეცკი. ამ ქალაქების დაკავება კი რუსეთს საშუალებას მისცემს, გააძლიეროს თავისი სამხედრო კონტროლი ჩრდილო-აღმოსავლეთ დონბასში, ხოლო ეს ტერიტორიები გამოიყენოს პლაცდარმად იმისთვის, რომ რეგიონიდან მთლიანად განდევნოს უკრაინის სამხედრო ძალები.

მთავარი ფოტო: ალექსანდრ ლუკაშენკო სამხედრო წვრთნებზე, 2020/Atlantic Council

გადაბეჭდვის წესი


ასევე: