მთავარი,სიახლეები

14 სართული 501 კვ.მეტრზე და კედელი ფანჯრებთან – აქ მცხოვრებლები რიჟვაძის ჩარევას ითხოვენ

21.04.2022 •
14 სართული 501 კვ.მეტრზე და კედელი ფანჯრებთან – აქ მცხოვრებლები რიჟვაძის ჩარევას ითხოვენ

ბათუმში, გორგასლის #116-ში, შპს „გრინკო გორგასალი“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. საპროექტო ტერიტორიის გვერდით, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ, მრავალბინიანი კორპუსებია. მრავალბინიანი კორპუსია სამშენებლო პროექტის უკანა მხარესაც,  ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან. სწორედ ამ კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაგეგმილი პროექტი მათ ფანჯრების წინ კედლის აშენებას ითვალისწინებს – „ჩვენს ბინებში მზის შუქი ვეღარ შემოაღწევს.“

ისინი დახმარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ბათუმის მერისგან ითხოვენ, ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერსაც. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ თორნიკე რიჟვაძემ ცოტა ხნის წინ დაუშვა პრეცედენტი, როცა ჩაერია თვითმმართველობის კომპეტენციაში და კონკრეტული პროექტის ნებართვების გაუქმება მოითხოვა – მოსახლეობას იმედი აქვს, რომ მისი მიდგომები შერჩევითი არ იქნება და არც მათი კორპუსის ფანჯრების წინ დაუშვებს კედლის ამოშენებას.

არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

 

ბათუმი, გორგასლის #116 – შპს „გრინკო გორგასალი“ მრავალბინიან კორპუსებს შორის არსებული წითელი კრამიტით გადახურული ბელეტაჟისა და მისი ეზოს ათვისებას გეგმავს. ამ ადგილზე 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვაა გაცემული.

პროექტის მიხედვით, უკვე აშენებული სახლის უკანა კედელი სწორედ ამ კორპუსის ეზოს მხარეს გადის, სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრებში შედის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის ეზოს გამწვანებული ნაწილიც – ოთხი პალმა.

მონიშნულია სამშენებლო მიწის ნაკვეთი

„მოვითხოვთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან და ბათუმის მერიისგან, შეჩერდეს უკანონო მშენებლობის ნებართვა და გატარდეს შესაბამისი ზომები. შეიქმნას კომისია, რომელშიც შევლენ ნეიტრალური კომპეტენტური პირები, რომლებიც გამოიკვლევენ, შეისწავლიან და შეაფასებენ ჩვენს გარემოებებს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლებმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნეს.

გარდა იმისა, რომ ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში მათი საცხოვრებელი გარემო გაუარესდება, ისინი აცხადებენ, რომ ნებართვის კანონიერებაც აინტერესებთ. მერიისგან პროექტის გადახედვას და შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებებისგან კომპანიის საქმიანობის შესწავლას ითხოვენ:

„როგორ შეძლო კომპანიამ ჩვენი კორპუსის ეზოს ნაწილის სამშენებლო პროექტისთვის გამოყენება და რამდენად კანონიერია ეს? “

როგორც პროექტშია მითითებული, კომპანია მშენებლობას 501 კვ. მეტრზე გეგმავს. კრამიტით გადახურული სახლის მეპატრონეებს კი, რომელიც კომპანიამ მშენებლობისთვის გამოისყიდა, საკუთრებაში მხოლოდ 375 კვ.მეტრი მიწა ჰქონდათ რეგისტრირებული.

დარჩენილი 126 კვ.მეტრი კი, შპს „გრინკო გორგასალმა“ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე სახლის მშენებლისგან შპს „ბი აი სი“-სგან შეისყიდა. [ამ კომპანიის აშენებულია ფარნავაზ მეფის #113-115-117-119-121 / გორგასლის #110-112-114].

ეს ფოტო იმ კორპუსიდან არის გადაღებული, რომლის მცხოვრებლებიც მიიჩნევენ, რომ კორპუსი ამ კრამიტით გადახურული სახლის ადგილზე მათი უფლებების დარღვევაა

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ბი აი სი“-ს და „გრინკო გორგასლის“ მესაკუთრეები ერთი და იგივე პირები არიან. წლების წინ მათ ამ კვარტალში აშენებული ბინები, ერთი კვ.მეტრი 650 დოლარად გაუყიდიათ.

ახლა სწორედ ამ ბინების მცხოვრებლებს უშენებენ ფანჯრების წინ კედელს.

„გრინკო გორგასალი“ თამარ კობრინსკის საკუთრებაა, კომპანიას ლევან წივწივაძე ხელმძღვანელობს. ის არის ასევე შპს „ბი აი სი“-ს დირექტორი და 10 პროცენტის მფლობელი. ამ კომპანიის 60 პროცენტს „გრინკო გორგასლის“ მფლობელი თამარ კობრინსკი ფლობს. დარჩენილი 30 პროცენტი კი, სავარაუდოდ, მისი ოჯახის წევრს, დიმიტრი კობრინსკის ეკუთვნის.

მოსახლეობა ამტკიცებს, რომ სადავო 126 კვ.მეტრი მათი ეზოს ნაწილია და კომპანიას მისი გაყიდვის უფლება არ ჰქონდა. აქ მობინადრეების ადვოკატის, ლინდა შალამბერიძის თქმით:

„126 კვ.მეტრი კომპანიამ თვითნებურად მიითვისა და დაირეგისტრირა, როგორც საკუთრება. ეს რეგისტრაცია მოხდა 2014 წელს, რაც გვაფიქრებინებს, რომ კომპანიას თავიდანვე ჰქონდა განზრახული მშენებლობა მეზობელ მიწის ნაკვეთზე. კორპუსში მცხოვრებლების ნაწილმა, ამხანაგობის წევრებმა კი დღემდე არ იცოდა, რომ საკუთრებიდან 120 კვ.მეტრი ჩამოიჭრა. ისინი ამას არ დასთანხმდებოდნენ, რადგან ეზო ისედაც პატარაა ასეთი მასშტაბის კორპუსებისთვის. ეზო იმდენად დავიწროვდა, რომ ბავშვებიც კი ვერ თამაშობენ. როდესაც მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დასრულებულია, ეს ნიშნავს, რომ [კორპუსის ბინადრებს] საზიარო უფლება წარმოეშობათ. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საზიარო უფლებას, მასზე მესაკუთრეებმა უნდა გასცენ თანხმობა“.

კანონით ამხანაგობისგან უნდა მიეღო კომპანიას თანასაკუთრების გაყიდვის თანხმობა: საჯარო რეესტრში უნდა არსებობდეს ამხანაგობის სხდომის ოქმი, რომელიც დაადასტურებს, რომ თანამესაკუთრეთა ასივე პროცენტი თანახმაა ნაკვეთის გაყიდვაზე ან გაჩუქებაზე. რეესტრის მონაცემებით ასეთი ოქმი არსებობს.

როგორ შეიქმნა ოქმი, თუ ამხანაგობის წევრებმა ამის შესახებ არ იცოდნენ? – გადაწყვეტილებას მესაკუთრეთა ასპროცენტიანი თანხმობა სჭირდება, მხოლოდ ასეთი თანხმობის მიღების შემთხვევაში შეუძლია მას გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტუროს.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ არის. ირკვევა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე შპს „ბი აი სი“-ს , ასევე, „გრინკო გორგასლის“ დირექტორი ლევან წივწივაძეა.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანია გორგასლის #119-ში მშენებლობის ნებართვის მოპოვებას 2019 წლიდან ცდილობს. თავდაპირველად „გრინკო გორგასალმა“ მერიას ხუთსართულიანი კორპუსის პროექტით მიმართა, შემდეგ კი პროექტში ცვლილება მოითხოვა და ის ჯერ 12 სართულამდე, შემდეგ კი 14 სართულამდე გაზარდა.

კომპანიის რენდერი – პირველ ფოტოზე ასახულია არსებული მდგომარეობა, მეორეზე კი ნაჩვენებია როგორ შეიცვლება გარემო მშენებლობის შემდეგ.

პროექტი ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ შეითანხმა. საბოლოო ნებართვას კი მოქმედმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მოაწერა ხელი.

კომპანიის დირექტორი ლევან წივწივაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ პროექტი ახალი რეგულაციების სრული დაცვით ხორციელდება და არ ითვისებს გამწვანებულ ტერიტორიას: „ის რჩება ეზოს ნაწილში“. მას ასევე ვკითხეთ 120 კვ.მეტრის მითვისებაზეც – გვარწმუნებს, რომ ტერიტორია არ ეკუთვნოდა ამხანაგობას და ის სხვა კომპანიასთან გარიგებით დაირეგისტრირა:

„სადაც პალმებია, იქ იყო შენობა, ჩვენ დავანგრიეთ და გავამწვანეთ, თუ დააკვირდებით ახლაც ჩანს საძირკველი. გარდა ამისა, ჩვენ ენერგოკომპანიამ დაგვავალდებულა კორპუსებისთვის ქვესადგურის აშენება. ამის გამო კომერციული ადგილი ვიზარალეთ და ის შენობა ქვესადგურისთვის არ გამოგვიყენებია, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება გვქონდა. ასევე ახალი პროექტით შენობა დგება ზუსტად ორ სახლს შორის, სამშენებლოდ ვითვისებთ 501-კვ.მეტრიდან მხოლოდ 270 კვ. მეტრს, დანარჩენი რჩება ეზოს. რაც შეეხება თავმჯდომარეობას, არავინ არ მოინდომა კორპუსის მოვლა და ამიტომ ვარ. მე ამისგან არანაირი სარგებელი არ მაქვს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: