მთავარი,სიახლეები

პენტაგონი დონბასში რუსების პროგრესზე: მზარდი და გაუწონასწორებელი, მაგრამ არა – არარსებული

06.05.2022 • 1071
პენტაგონი დონბასში რუსების პროგრესზე: მზარდი და გაუწონასწორებელი, მაგრამ არა – არარსებული

პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე მარიუპოლის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, მარიუპოლი კვლავაც რჩება ალყაში, უმეტესწილად საჰაერო თავდასხმებისა და დაბომბვების გამო. მას არ დაუსახელებია რამდენი უკრაინელია აზოვსტალში, თუმცა აღნიშნა, რომ გრძელდება უკრაინული წინააღმდეგობა და „ისევ ვხედავთ მარიუპოლის თავს დამტყდარ ძალადობას და ნგრევას“.

კირბის ჰკითხეს მარიუპოლში რუსი სამხედროების რაოდენობის შესახებ. მან განაცხადა, რომ ეს საფრთხილო საკითხია, რადგან პენტაგონის „ცოდნა რუსული ძალების განლაგების შესახებ იდეალური არაა“. თუმცა, მისი თქმით, ზოგადი შეფასებით რუსული სახმელეთო ძალების უდიდესი ნაწილი, რომელიც მარიუპოლისთვის იყო გამოყოფილი, მარიუპოლიდან ჩრდილოეთით გადავიდა.

„ამ დროისთვის, მცირე რაოდენობა, უხეშად რომ ვთქვათ – ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ეკვივალენტური რაოდენობა რჩება მარიუპოლსა და მის გარშემო. უპირატესად (საბრძოლი) მოქმედებები საჰაერო თავდასხმებს მოიცავს მარიუპოლსა და მის ირგვლივ და, რა თქმა უნდა, აზოვსტალის ქარხანაში“.

პენტაგონის პრესსპიკერს ასევე ჰკითხეს, ბელარუსის სამხედრო წვრთნებისა და იმის შესახებ, ჩანს თუ არა რაიმე ნიშნები, რომ ბელარუსი ომში აქტიურად ჩართვას გეგმავს. კირბის თქმით, ამ დროისთვის არ შეინიშნება მსგავსი ნიშნები.

„არ არის ნიშნები, რომ ბელარუსს უკრაინის ომში აქტიურად ჩართვის განზრახვა აქვს. მივცემ მათ უფლებას თავად ისაუბრონ თავიანთ წვრთნებზე, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ ისინი გეგმავენ ან განიზრახავენ პირდაპირ ჩაერთონ ომში უკრაინაში“, – განაცხადა კირბიმ.

შეკითხვა ასევე შეეხო დონბასში რუსეთის ტაქტიკური მოქმედების ხასიათისა და ინტენსივობის ცვლილებას 9 მაისის მოახლოებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე კირბიმ უპასუხა, რომ ვერ ხედავს კორელაციას მოახლოებულ 9 მაისსა და რუსების დონბასში ქცევას შორის:

„იმაზე დაკვირვებით, რაც შეგვიძლია დავინახოთ, შეგვიძლია დავასკვნათ, მე ვერ ვიტყვი, რომ არის ცვლილება ქცევაში ან აგრესიულობაში ან იმპულსში, რომელიც დაფუძნებულია 9 მაისის მოახლოებულ თარიღთან. რის გაკეთებას ან თქმას აპირებენ გამარჯვების დღეს, ეს ნამდვილად მათზეა დამოკიდებული. არ მგონია, ჩვენ სრულყოფილი წარმოდგენა გვქონდეს“.

მისი თქმით, პენტაგონის შეფასების მიხედვით, დონბასში რუსებმა ვერ მიაღწიეს იმ წარმატებას, რასაც ამ დროისთვის ელოდნენ. ამის მიზეზი კი დიდწილად უკრაინელების წინააღმდეგობაა, თუმცა ასევე ისიც, რომ რუსეთმა შეუსაბამო ძალისხმევა გაიღო იმ გამოწვევების ადეკვატურად მოსაგვარებლად, რაც კიევის გარშემო ჩრდილოეთით ჰქონდა.

კირბის განმარტებით, როდესაც საუბარია, რომ რუსეთს არ მიუღწევია დიდი წინსვლისთვის დონბასში, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მას საერთოდ არ აქვს პროგრესი. მათი პროგრესი შეიძლება შეფასდეს, როგორც „მზარდი და გაუწონასწორებელი, მაგრამ არა – არარსებული“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: