მთავარი,სიახლეები

ნარჩენების დახარისხება – რა აჩვენა ექსპერიმენტმა ბათუმსა და თბილისში

05.05.2022 •
ნარჩენების დახარისხება – რა აჩვენა ექსპერიმენტმა ბათუმსა და თბილისში

რამდენად მზად არის საქართველოში მოსახლეობა ნარჩენების დახარისხებისთვის [სეპარირებისთვის]? – საპილოტე პროექტის ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც ამის შემოწმებას ისახავდა მიზნად, საქართველოს ორ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში შედგა, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბათუმისა და თბილისის მერიების თანამშრომლობით.

ექსპერიმენტი 8 კვირას გაგრძელდა. პლასტმასის ბოთლების შესაგროვებლად ბათუმში 15 ურნა დაიდგა, თბილისში კი – 25.

ბათუმში ექსპერიმენტის ავტორებმა ურნები პლასტმასის ბოთლების შესაგროვებლად ხიმშიაშვილის, ინასარიძისა და  ჯავახიშვილის ქუჩებზე, მუნიციპალური ურნების გვერდით განათავსეს, რათა შეემოწმებინათ, წაახალისებდა თუ არა მოსახლეობას ნარჩენების სეპარირებისკენ საჭირო ინფრასტრუქტურა იქ, სადაც ჩვეულებრივ ყრიან ნაგავს.

გაეროს განვითარების პროგრამის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის გადაწყვეტების ხელმძღვანელის, სესილი ვერძაძის თქმით, აქამდე განხორციელებული პროექტების ფარგლებში ძირითადად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავსდებოდა ნარჩენების გადახარისხებისთვის საჭირო ურნა, რაც მოსახლეობისთვის ნაკლებად მოსახერხებელია, რადგან მოქალაქემ მიზანმიმართულად უნდა გაიაროს კონკრეტული მანძილი ნარჩენების შესაბამის ურნაში მოსათავსებლად.

სესილი ვერძაძე

როგორც სესილი ვერძაძემ გვითხრა, ექსპერიმენტის ფარგლებში, ბათუმში, ორი ქუჩაზე საკომუნიკაციო კამპანია მიმდინარეობდა, ერთ ქუჩაზე კი – არა.

„ერთ ქუჩაზე გზავნილი იყო  – „შეუერთდი ევროპის მოსახლეობის 60 პროცენტს, რომელიც ახარისხებს ნარჩენს“. მეორე ქუჩაზე გზავნილი იყო – „მადლობას გიხდით გადამუშავებისთვის, ამით თქვენ ასუფთავებთ საქართველოს“. ამ ფორმით მოსახლეობაში კმაყოფილების გრძნობის შეტანა გვინდოდა. მესამე ადგილას საკომუნიკაციო კამპანია არ განხორციელებულა, მხოლოდ ურნა დაიდგა“. 

სესილი ვერძაძის თქმით, ექსპერიმენტში აქტიურად იყვნენ ჩართულები მოხალისეები.

„თითოეულ ურნასთან შეგროვებული ნარჩენები იზომებოდა. შედარებით მეტი ნარჩენი გროვდებოდა იქ, სადაც საკომუნიკაციო კამპანია მიმდინარეობდა“, – ამბობს სესილი ვერძაძე.

8 კვირის განმავლობაში, ორივე ქალაქში განთავსებულ პლასტმასის ბოთლების ურნებში დაახლოებით 2 ტონა ნარჩენი შეგროვდა. აქედან დაახლოებით  600 კილოგრამი – ბათუმში.

სესილი ვერძაძის თქმით, შეგროვებული ნარჩენების 80% პლასტმასის ბოთლი იყო, დანარჩენი 20%  კი სხვა ტიპის ნარჩენი – შუშის, თუნუქის ქილა, ან ისეთი პლასტმასა, რომელიც საქართველოში ამ ეტაპზე არ მუშავდება, მაგრამ გადამუშავებადი ნარჩენია.

მოსახლეობა ხედავდა, თუ რა უნდა მოეთავსებინათ ექსპერიმენტისთვის გამოყოფილ ურნებში, რადგან ყველა ეს ურნა გამჭვირვალე იყო, განსხვავებით სხვა პროექტების ფარგლებში განთავსებული ურნებისგან, რომლებზეც მხოლოდ წარწერაა – თუ რა ტიპის ნარჩენისთვისაა განკუთვნილი. ამ გზით შეგროვებული ნარჩენების ხარისხი 60 პროცენტით იყო გაუმჯობესებული დახურულ ურნებთან შედარებით – აღნიშნავს სესილი ვერძაძე „ბათუმელებთან“ საუბრისას.

„დახურულ ურნებში მოსახლეობა სველ ნარჩენსაც ურევს და მათგან მხოლოდ ნარჩენების 40% შეადგენს პლასტმასის ბოთლებს. კვლევამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობა მზად არის სეპარაციისთვის და შეიძლება სხვადასხვა ურნის დამატება, თუნუქის, ქაღალდის და ა.შ. სეპარაციისთვის.

ამ ექსპერიმენტის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მოსახლეობას ექნება ნარჩენების სეპარირების საშუალება სახლთან ახლოს, სადაც ჩვეულებრივ ყრიან ხოლმე ნარჩენებს, ბევრად მეტ ნარჩენს დაახარისხებენ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენების გადახარისხებისთვის საჭირო ურნები მხოლოდ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იქნება განთავსებული“, – გვითხრა სესილი ვერძაძემ.

მხოლოდ პლასტმასის ნარჩენისთვის განკუთვნილი ურნები ჩვეულებრივი ურნის გვერდით. ფოტო: გაეროს განვითარების პროგრამა

ბათუმსა და თბილისში ექსპერიმენტისთვის დადგმული ურნები მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. მათ შეგროვებული პლასტმასის ნარჩენები ცალკე მანქანით გადააქვთ. ნარჩენებს სანდასუფთავების სამსახური ახარისხებს, პრესავს და ასაწყობებს, დასაწყობებული ნარჩენები კი აუქციონის წესით რეალიზდება ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხნებში.

სესილი ვერძაძის თქმით, ამ წამოწყებას  სხვადასხვა მუნიციპალიტეტისგან დიდი ინტერესი მოჰყვა, მუნიციპალიტეტებს გამოცდილების გაზიარება სურთ, რისი მზაობაც არსებობს.

მხოლოდ პლასტმასის ნარჩენისთვის განკუთვნილი ურნები ჩვეულებრივი ურნების გვერდით. ფოტო: გაეროს განვითარების პროგრამა

პლასტმასასა და პოლიეთილენს ასწლეულები სჭირდება დასაშლელად, თუმცა ამ ტიპის ნარჩენები დაშლის შემდეგაც არ ქრება უკვალოდ.

„შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების“ ფარგლებში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგების თანახმად შავ ზღვაში ნაპოვნი მყარი ნარჩენების 87% პლასტმასაა, მათგან 68% პლასტმასის ნატეხებია, 9% – პლასტმასის კონტეინერები, 3% – ბოთლები, 3% – პენოპლასტი, 83% კი – პოლიეთილენის პარკები.

გარემოსდამცველები წლებია საუბრობენ პლასტმასის გადაჭარბებული მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე, რაც ადამიანსა და გარემოს აყენებს ზიანს. „ოკეანეები იხრჩობიან პლასტმასის ნარჩენებით“ – განაცხადა 2020 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: