მთავარი,სიახლეები

ომი უკრაინაში: რა სურს თურქეთს?

04.05.2022 • 6788
ომი უკრაინაში: რა სურს თურქეთს?

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ თურქეთი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. თურქეთი, ერთი მხრივ, სამხედრო მხარდაჭერას უწევს უკრაინას, მეორე მხრივ კი, ცდილობს შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

რა სურს თურქეთს და სად მიიყვანს პოლიტიკა, რომელსაც ომის დროს ატარებს, ამ საკითხზე „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა თურქეთის მკვლევართან სანდრო ბაკურაძესთან.

  •  რა როლი აქვს თურქეთს რუსეთ-უკრაინის ომში?  

თურქეთი ცდილობს სიტუაცია დააბალანსოს, რადგან ძალიან არის დამოკიდებული ორივე მხარეზე… მაგრამ თურქეთი რასაც აკეთებს საქმით, პირველ რიგში, უკრაინის მხარდაჭერა გამოდის. იგივე იარაღის მიწოდება, ბოსფორის სრუტის ჩაკეტვა რუსეთიდან შემომავალი გემებისთვის და მსგავსი დეტალები. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას თურქეთი ერიდება, რასაც თავისი მიზეზებიც აქვს – ობიექტურიც და სუბიექტურიც.

  • რა არის ეს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები?

სუბიექტური მიზეზები – ერდოღანი აშკარად ჯერ ისევ იმედოვნებს, რომ რუსეთის გამოყენებით მას შეუძლია თავისი ამბიციური ბალანსის პოლიტიკის გაგრძელება: ის დასავლეთის ქვეყნებთან აქტიურად ცდილობდა რუსული იარაღის შეძენით თუ სირიაში და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის გავლენის საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოყენებით, დასავლეთისთვის რაც შეიძლება მეტი დივიდენდი გამოეძალა.

ეს პოლიტიკა საკმაოდ წარუმატებელი იყო, მაგრამ ერდოღანი დღემდე არ კარგავს იმედს, რომ ეს ყველაფერი შედგება.

რაც შეეხება ობიექტურ მიზეზებს – თურქეთი არის სერიოზული სავალუტო და ეკონომიკური კრიზისის ქვეშ. ეს, პირველ რიგში, განპირობებულია იმით, რომ თურქეთის ხელისუფლების გაუფრთხილებელი და არაკომპეტენტური პოლიტიკის გამო მკვეთრად შემცირდა უცხოეთიდან ინვესტიციები. არადა, თურქეთის ეკონომიკა ძალიან დამოკიდებულია ე.წ. ცხელ ფულზე ანუ პირდაპირ მოკლევადიან ინვესტიციებზე, ტურიზმიდან შემოსავლებზე და მსგავს თანხაზე.

2016 წლის შემდეგ, ევროპის ქვეყნებთან გაფუჭებული ურთიერთობების შედეგად, ძალიან შემცირდა დასავლეთის ქვეყნებიდან [ინვესტიციები]. ფაქტობრივად, ალტერნატიული წყაროების მოძებნა მოუწია ერდოღანს. იგივე არაბული ქვეყნებიდან არ შევიდა ის ინვესტიცია, რასაც ელოდნენ. ახლა ერთგვარად იმედგაცრუებული თურქეთი ცდილობს მოიზიდოს ინვესტიციები თუნდაც იგივე რუსებისაგან. მევლუდ ჩავუშოღლუმ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიანიშნა კიდევაც, რომ თურქეთი მიიღებს ყველა რუს ბიზნესმენს და ა.შ. რომ თურქეთი რუსული ინვესტიციებისთვის ღიაა და რუსებსაც დიდი სიხარულით ელოდება. რა გამოვა ამისგან, ცოტა რთული სათქმელია.

მეორე ფაქტორს რაც შეეხება, ეს არის სირიის ფაქტორი. სირიაში რუსებს ჯერ კიდევ აქვთ იმის ძალა, რომ თურქების და სირიის პრო-თურქული ოპოზიციური ფორმირებების მიერ კონტროლირებადი იდლიბის პროვინციაზე განახორციელონ მასირებული შეტევა. ეს, მოახლოებულ არჩევნებთან ერთად, გამოიწვევს  სირიელი დევნილების კიდევ ერთ მასობრივ ტალღას. ისეთ პირობებში, როდესაც თურქეთის პოლიტიკურ სპექტრზე ქსენოფობია შეიძლება ითქვას, რომ აი, პოპულიზმის მთავარ შემადგენელ ნაწილადაა ქცეული, ძალიან დიდი პოლიტიკური მარცხის მიზეზი შეიძლება გახდეს ერდოღანისთვის. თან თუ ეს მოხდება მაშინ, როდესაც არჩევნები იქნება მოახლოებული, შეიძლება ამის კონტროლი საერთოდ შეუძლებელი გახდეს.

სანდრო ბაკურაძე, თურქეთის მკვლევარი

  • სტამბოლში ბევრი რუსი ჩავიდა. გაიზარდა ბინების ფასიც. ვნახეთ რა შედეგით დამთავრდა რუსების მასობრივად ჩასვლა უკრაინაში, ჩამოდიან ჩვენთანაც და საზოგადოებაში შიშია, რომ შეიძლება რუს ტურისტს უკან რუსული ტანკები მოჰყვეს. რამდენად შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს თურქეთს ის რისკი, რაც გვაქვს ჩვენ და ჰქონდა უკრაინას?

სტამბოლის ოფიციალური მოსახლეობა 14 მილიონია, რეალური კი – დაახლოებით 20 მილიონი. ნაკლებად სავარაუდოა იმ რაოდენობის რუსი ჩასახლდეს, რომ სერიოზული დემოგრაფიული ცვლილება მოახდინოს. რაც სიმართლეა, არის ის, რომ არაერთმა რუსმა აირჩია საცხოვრებელ ადგილად თურქეთი. ამან ქვეყანაში ისედაც  ქირის მწვავე საკითხი კიდევ უფრო გაართულა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი პრეცედენტი. უფრო ადრე, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, რუსეთის რევოლუციის შემდეგ ყირიმიდან ევაკუირებული თეთრგვარდიელები და მათთან აფილირებული პირები მასობრივად ჩავიდნენ სტამბოლში. თუმცა ამ პერიოდში სტამბოლი იმყოფებოდა მოკავშირეების ოკუპაციის ქვეშ და ძირითადად მათი იმედით იყვნენ იქ ჩასული რუსები.

მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა დატოვეს სტამბოლი და ამის შემდეგ თურქეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადავიდა ყველაფერი, რუსების დიდმა ნაწილმა სტამბოლი დატოვა.

თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი თურქეთის ეკონომიკურ სიტუაციას და ზოგად პოლიტიკურ რეალობას, ვფიქრობ, სტამბოლში რუსული „კოლონია“ დიდხანს ვერ იარსებებს. რაიმე სახის პოლიტიკური ცვლილების შემდეგ ისინი ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში გადაბარგდებიან.

მეეჭვება რუსების თურქეთში მასობრივად ჩასვლა რაიმე სახის რისკი იყოს, რადგან ჩვენგან განსხვავებით თურქეთში რუსებისადმი დამოკიდებულება დიდი პოლიტკორექტულობით ან სენტიმენტალურობით არ გამოირჩევა.

ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, რუსებისადმი ნდობა ან მათ მიმართ რაიმე სახის სენტიმენტალური დამოკიდებულება ძალიან მცირეა და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ რუსების მასას იმაზე მეტი წვდომა ჰქონდეს თურქეთის პოლიტიკის განმსაზღვრელ დეტალებზე, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ დასავლელ ექსპატს.

მაქსიმუმი, რაც შეიძლება რუსებმა თურქეთში გააკეთონ, რაღაც საშუალო დონის სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაა. ზოგადად, თურქულ სახელმწიფო ტრადიციაში არამუსლიმებისადმი ნდობა, მით უმეტეს, ასეთ არამუსლიმებისადმი, რომლებიც არ ფლობენ თურქულ ენას და არც აქვთ სურვილი ისწავლონ, ძალიან დაბალია. ამას თუ შევაზავებთ იმას, რომ მოსახლეობას რუსებისადმი მაინცადამაინც დიდი სენტიმენტები არ გააჩნია, რაიმე სერიოზული საფრთხე თურქეთს რუსეთიდან არ უნდა ელოდეს.

  • ზელენსკიმ მიმართა თურქეთს და უთხრა, რომ შეუძლებელია, ერთი მხრივ, მეგობარი იყო და მეორე მხრივ, მარშრუტებს ამზადებდე სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის. თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს ეს განცხადება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე?

მოვუსმინე ზელენსკის ამ მიმართვას. მისი განცხადება არ მომეჩვენა ასე მწვავედ. რუს ტურისტებს თურქეთის ტურისტულ ინდუსტრიაში მართლაც დიდი როლი უჭირავთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თურქეთის დაუფიქრებელი პოლიტიკით და, ზოგადად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუარესების გამო შემცირდა ევროპელი ტურისტების ნაკადი. ზოგადად, ამ მხრივ თურქეთმა დაკარგა უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია.

თურქეთის ტურიზმის ინდუსტრია ე.წ. ცხელი ფულის უმნიშვნელოვანესი წყაროა თურქეთის ეკონომიკისათვის და სწორედ რუს ტურისტებზე დგას. აქ ძალიან დიდი იყო უკრაინელი ტურისტების როლიც, მაგრამ ომის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე უკრაინელებმა ტურიზმისთვის საშუალება გამონახონ. შესაბამისად, ეს სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი თურქეთისთვის რუსი ტურისტების მნიშვნელობას ზრდის.

ეს ფაქტი არ მოახდენს გავლენას თურქეთ-უკრაინის ურთიერთობებზე, რადგან ორივე ქვეყანას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს ერთმანეთთან და ტურიზმს არ შესწირავს ამ ინტერესებს.

ფოტო: ევროპის პრეს ფოტო სააგენტო/სერგეი დოლჟენკო

 

  • რა არის თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესი, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ახლა თურქეთმა?

უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში თურქეთს ძალიან ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დავიწყოთ იქიდან, რომ ომამდე ცოტა ხნით ადრე გაფორმდა უკრაინასა და თურქეთს შორის სამხედრო ტექნოლოგიური ტრანსფერი, რის ფარგლებშიც ხარკოვის სატანკო ქარხანა და ზაპოროჟიეს ძრავთმშენებელი ქარხანა იწყებდა თავისი პროდუქციის, ამ შემთხვევაში, ვერტმფრენებისა და ალტაის ტანკებისთვის განკუთვნილი შიგა წვის ძრავების თურქული სამხედრო ინდუსტრიისათვის მორგებას. შიგა წვის ძრავები თურქული სამხედრო ინდუსტრიის უდიდესი პრობლემაა (თურქული ვერტმფრენების პრობლემა, სწორედ ძრავებთან დაკავშირებული საკითხის გამო იყო გაჭიანურებული და შეჩერებული).

ამ მხრივ ეს ორი ქარხანა და ამ ქარხნებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ტრანსფერი უმნიშვნელოვანესი იყო  თურქეთისთვის. ამას დაემატა შეთანხმება ბაირაქტარების წარმოებაზე და უკრაინამაც მიიღო, ფაქტობრივად, უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი წარმოების ლიცენზია. ამავე დროს იყო შეთანხმება უკრაინის ფლოტისთვის, თურქები და უკრაინელები ერთობლივად აგებდნენ ორ ფრეგატს.

შესაბამისად, სამხედრო წარმოებისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის მხრივ, თურქეთს, რომელსაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა როგორც რუსეთთან, ისე დასავლეთის ბლოკთან, ძალიან სჭირდება უკრაინისგან მოდერნიზებული საბჭოთა ტექნოლოგიის ტრანსფერი.

ამას ემატება ისიც, რომ შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის დასუსტება ავტომატურად გაზრდის თურქეთის როლს – თუკი რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მიიღებს სერიოზულ დარტყმას, მისი შავ ზღვაზე ჩანაცვლების ერთადერთი რეალური კანდიდატი თურქეთია.

ამავე დროს, თუკი რუსეთი თავისი სამხედრო ძალის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს უკრაინაში, თურქეთს ექნება საშუალება, რომ იგივე სირიაში, ირანთან რუსეთის გარეშე აწარმოოს პირდაპირი მოლაპარაკება სირიის ბედზე და ამ მხრივ სირიაში უფრო მეტი გავლენა მოიპოვოს. საბოლოოდ ომის ბედი თურქეთისთვის ბევრად უფრო სასარგებლოდ შეიძლება გადაწყდეს სირიაში.

ამას ემატება ლიბიის ფაქტორიც, სადაც რუსეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და აქტიურად ეხმარება მარშალ ხალიფა ჰაფთარის ძალებს, რომლებიც თურქეთის მიერ დასპონსორებულ ლიბიის ალტერნატიულ ხელისუფლებას ებრძვიან.

თუკი რუსეთი მიიღებს სერიოზულ ფინანსურ და სამხედრო დარტყმას, ლიბიაში დიდი ალბათობით სასწორი თურქეთის მიერ დასპონსორებული ძალების მხარეს გადაიხრება.

თუკი ლიბიაში თურქებმა მოახერხეს და ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად მათ მიერ მხარდაჭერილი ძალები გამოაცხადეს, ეს თურქეთის მხარეს მომგებიან კონტრაქტებს მოუტანს ლიბიის ნავთობის მოპოვებასთან და ომით დანგრეული ტერიტორიების აღდგენასთან დაკავშირებით. საკმაოდ დიდი იქნება შანსი, რომ იგივე საზღვაო-სახმელეთო ბაზების გახსნის საშუალებაც მიიღოს თურქეთმა აფრიკაში. ეს მისთვის ძალიან სერიოზული, პოლიტიკური და პროპაგანდისტული გამარჯვება იქნება. შესაბამისად, რუსეთის დამარცხებით თურქეთი ძალიან ბევრს მიიღებს, ამიტომ ტურიზმის საკითხების გამო უკრაინაზე უარს არ იტყვის.

ერდოღანი ისეთი ლიდერია, რომელიც ცდილობს ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს იყოს. შესაბამისად, ძალიან ფრთხილობს, რომ რუსეთსაც ბოლომდე არ აწყენინოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სიტუაციის უკრაინის სასარგებლოდ შეცვლის შემთხვევაში და უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, რომ ერდოღანი რუსეთთან „მეგობრობას“ რაიმე სახით ისევ გააგრძელებს.

  • თურქეთი ამბობს, რომ ეხმარება უკრაინას და კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ეს რა ტიპის პოლიტიკაა?

ეს არის ერდოღანისეული ბალანსის პოლიტიკის, პირდაპირ რომ ვთქვათ, უკვე ნარჩენები, რადგან არსებულ სიტუაციაში თავად ერდოღანი, დიდი ალბათობით, ნელ-ნელა უკვე ეგუება იმას, რომ მისი დაბალანსების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ფაქტობრივად ჩავარდა.

მაგრამ მეორე მხრივ დასავლეთთან მიმართებაში უკვე ძალიან ბევრი სერიოზული პრობლემა აქვთ – მას არ სურს იმ ჩარჩოებში დაბრუნდეს, როგორც თურქეთი იყო ცივი ომის პერიოდში. ამ მხრივ ერდოღანს ძალიან ბევრი აქვს დასაკარგი, თუნდაც შიდაპოლიტიკური გავლენების კუთხით.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ვფიქრობ, ერდოღანი მაქსიმალურად დიდხანს ეცდება ბალანსის პოლიტიკით გარეგნული სახის შენარჩუნებას. იმის შანსიც არის, თუნდაც რუსეთი სასტიკად რომ დამარცხდეს, ერდოღანმა სხვაგან დაიწყოს ახალი პარტნიორის ძიება, ჩინეთში ან სადმე სხვაგან.

დიპლომატიის გარდა რუსეთს თურქეთზე ზემოქმედების რეალური ფაქტორი აღარ გააჩნია. დღეს თუკი რუსეთი იგივე თურქეთის მიმართ სირიაში კვლავ შეეცდება სამხედრო შანტაჟს, როგორც იყო თურქული პოზიციების დაბომბვა და ა.შ. ვფიქრობ, ამჯერად უკვე პასუხსაც მიიღებს. პასუხი შეიძლება არ იყოს რუსეთისთვის სამხედრო კუთხით დამანგრეველი, მაგრამ დიპლომატიური და საერთაშორისო პოლიტიკური კუთხით ეს იქნება ძალიან დამამცირებელი.

თურქეთმა ეს კარგად იცის და როცა იცი, რომ რუსეთი ვეღარ გარისკავს შენთვის რაიმე სახის დამამცირებელი დარტყმის მოყენებას, უფრო ეფექტურად და ღიად შეგიძლია იმოქმედო.

  • 17 აპრილს თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში დაიწყო ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად. რატომ?

ერაყთან დაკავშირებით, ვფიქრობ, უფრო დამთხვევაა – რომ დაწყებულიყო სირიაში, სრულიად სხვა კონტექსტი ექნებოდა. სირიის კონტექსტში ეს იქნებოდა მთლიანად უკრაინით დაკავებული ამერიკის და რუსების პირობებში სირიელ ქურთებზე შეტევა, როგორც ამისთვის დროის მოხელთება. სირიელ ქურთებს საკმაოდ დაბალანსებული ურთიერთობა აქვთ როგორც რუსეთთან, ისე ამერიკელებთან. ორივე მათგანი ცდილობს, რომ მათით ისარგებლოს და ორივე მათგანს ისინი რაღაც დონეზე სჭირდება.

შესაბამისად, სირიელ ქურთებზე რომ განეხორციელებინათ ეს თავდასხმა, სრულიად სხვა კონტექსტი ექნებოდა, მაგრამ ერაყთან მიმართებაში, ვფიქრობ, უფრო თურქეთის შიდა პოლიტიკასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული.

რადგანაც არჩევნების წინ, სადაც უმნიშვნელოვანესია თურქეთელი ქურთების ხმები, გვაქვს შემდეგნაირი დიქოტომია – რასაც აჩვენებს იგივე სოციოლოგიური კვლევებიც, ავტორიტეტული თურქული კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული.

ოპოზიციის კანდიდატს აუცილებლად სჭირდება არჩევნების მოსაგებად ქურთების ხმები, ანუ ხმების დაახლოებით 12 % მთლიანი ამომრჩევლის. თუკი ქურთები გამოუცხადებენ არჩევნებს ბოიკოტს, მაშინ ერდოღანი ყველა ვარიანტში მოახერხებს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

თურქულმა სახელისუფლებო მედიამ ბოლო დროს მკვეთრად მოუმატა ანტიქურთულ რიტორიკას და მოწოდებებს, რომ ხალხთა დემოკრატიულ პარტიას, რომელიც თურქი ქურთების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდამჭერი პარტიაა, აეკრძალოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური მოღვაწეობა. ამ რიტორიკამ ძალიან იმატა.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპერაცია ერაყის ქურთისტანში მთლიანად არის მიმართული  ნაციონალისტურ ნიადაგზე ამომრჩევლის მობილიზაციისკენ. შედეგად საზოგადოების თვალში ლეგიტიმაცია მიეცეს ნებისმიერი სახის ანტიქურთულ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც თურქეთის ქურთი მოსახლეობა იძულებული გახდება, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს, შესაბამისად, ერდოღანმა ისევ მოახერხოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

ამას ხელს უწყობს ისიც, რომ თურქეთის ოპოზიცია იდეოლოგიურად არის უაღრესად მოუქნელი და ნებისმიერი სახის ნაციონალისტურ პოპულიზმზე იოლად ეგება. ასევე, ძალიან მგრძნობიარეა ისეთი სახის პოლიტიკურ შეურაცხყოფებზე, რომელიც იგივე საქართველოში ყველასთვის სულერთი იქნებოდა. ერდოღანიც სწორედ ამაზე აპელირებით ცდილობს, რომ ბოლომდე გამოიყენოს ეს სამხედრო ოპერაცია.

  • თურქეთის შიდა პოლიტიკაში რა ხდება?

არჩევნები ოფიციალურად მომავალი წლის ივნისში იქნება. ზოგი მიმომხილველი ფიქრობს, რომ შეიძლება უფრო ადრეც ჩატარდეს ეს არჩევნები. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სერიოზული პრობლემები აქვს ერდოღანს ამომრჩევლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რაიმეში სჭირდებოდეს.

ამავე დროს, თურქეთის ოპოზიცია ზემოთ ნახსენები იდეოლოგიური კომპლექსებისა და რეპრესიების გამო და იმის გამო, რომ თურქეთის პატრონაჟში, პოლიტიკური კორუფციის სისტემებში ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ბოლომდეა ინტეგრირებული, მეტწილად სტატუს კვოს შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ეს ძალები მშვიდობიან საპროტესტო აქციებსაც კი, ფაქტობრივად, ლეგიტიმურ პროტესტის ფორმად არ განიხილავენ. ეს ერდოღანის წისქვილზე ასხამს წყალს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნიადაგზე ერდოღანს ძალიან ბევრი საშუალება აქვს, ყველა მეთოდი მოსინჯოს. მაგალითად, არჩევნებამდე მერყევი ამომრჩევლის და სხვა პარტიასთან წასული ამომრჩევლის მხარდაჭერის დაბრუნება მაინც სცადოს. ამას ბოლომდე აკეთებს.

  • თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები თითქოს დათბა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საზღვრების გახსნაზე. ეს რას ნიშნავს? 

დღეს ეს უფრო პოპულიზმია. გვყავს თურქეთი, რომელსაც რეალურად დიდი საჭიროება არ აქვს, რომ სომხეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს და სომხეთი, რომელსაც პირიქით, ძალიან სჭირდება თურქეთთან საზღვრები გაიხსნას, ეკონომიკური მდგომარეობა რაღაც დოზით მაინც რომ გაიუმჯობესოს.

თურქეთში არსებული ანტისომხური განწყობების, სომხების გენოციდის ინსტრუმენტალიზაცია და მსგავსი საკითხების ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთისთვის დიდად მნიშვნელოვანი არაა, აღდგება თუ არა ეს ურთიერთობები.

ეს თუ მოხდება, თურქეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება სომხეთი მაქსიმალურად დამცირებული, თავზენაცარდაყრილი ეახლოს ურთიერთობების აღდგენის თხოვნით. საკუთარი პირით თქვას სომხეთმა, რომ გენოციდი არ მომხდარა – თურქეთის ხელისუფლებისთვის მსგავსი პოპულისტური ნაბიჯები გადადგას. სომხეთი, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯებს ვერ გადადგამს, ვინაიდან, თუ გადადგამენ, იმ დღესვე მორჩება ფაშინიანი – შემდეგი [ხელისუფალი] გააუქმებს ამ გადაწყვეტილებებს და ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი.

სომხეთში ეს კარგად იციან.

ვინაიდან ახლა თურქეთს რეალურად დიდი საჭიროება არ აქვს სომხეთის და მეორე მხრივ, თურქეთი ითხოვს ისეთ რაღაცას, რასაც სომხეთი ვერ გააკეთებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს მომავალში ეს მესამე ძალის აქტიური მედიაციის გარეშე არ მოხდება.

მესამე ძალის მედიაცია კი არ ჩანს.

  • ყირიმის ნაწილში თურქეთს რა პოლიტიკური ინტერესები აქვს?

ყირიმთან მიმართებაში თურქეთს სტრატეგიული ინტერესები აქვს. თუკი ყირიმი დაიბრუნა უკრაინამ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დიდწილად შეწყვეტს არსებობას, რადგანაც მისი რედისლოკაციის შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ ნოვოროსიისკში ან აფხაზეთში.

ერთი პერიოდი ძალიან აქტუალური იყო ყირიმიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გაყვანის საკითხი. აფხაზეთი განიხილებოდა მისი ბაზირებისათვის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ვარიანტად.

მაგრამ არც აფხაზეთში და არც ნოვოროსიისკში შესაბამისი ინფრასტრუქტურა სამხედრო პორტისთვის არ არის და ათეული წლებიც კი შეიძლება დასჭირდეს ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნას პორტისთვის. ეს ფაქტორი საშუალებას მისცემს თურქეთს, დომინანტი გახდეს შავ ზღვაზე.

ამიტომ ყირიმის უკრაინელების ხელში გადასვლა თურქეთს აწყობს სტრატეგიული კუთხითაც.

რაც შეეხება სენტიმენტალურ ნაწილს – თურქეთისათვის ყირიმს დიდი სულიერი დატვირთვა აქვს რამდენიმე ფაქტორის გამო:

პირველი, ეს არის ყირიმის ხანების ფაქტორი, რომლებიც ოსმალთა იმპერიის ვასალებიდან ფაქტობრივად უპირატესები იყვნენ. მე-17 საუკუნეში, როდესაც სერიოზული საფრთხე არსებობდა, რომ ოსმალეთის სულთანი უშვილძიროდ გადაეგებოდა და, ზოგადად, დინასტია დასრულდებოდა, მის ადგილას ყველაზე რეალურ კანდიდატად ყირიმის ხანი განიხილებოდა. შესაბამისად, ეს სენტიმენტალური დამოკიდებულება ძალიან ძლიერია.

მეორე ფაქტორი ის არის, რომ ყირიმელი თათრები, ფაქტობრივად, თურქეთის ყველაზე ძლიერი და ყველაზე გავლენიანი ლობისტურ ჯგუფია – ისინი ისტორიულად ანტირუსობით გამოირჩევიან, ნებისმიერი სახის ანტირუსულ პოლიტიკას დაუჭერენ მხარს.

ისინი აცნობიერებენ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ კონიუნქტურაში დამოუკიდებელი ყირიმის აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს, მათ გააჩნიათ ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა უკრაინელებისადმი, რომლებმაც ყირიმელ თათრებს სამშობლოს საშუალება მისცეს – შესაბამისად, მათ „რუსულ ყირიმს“ ბევრად ურჩევნიათ „უკრაინული ყირიმი“.

შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში სტრატეგიულ ფაქტორებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია სენტიმენტალური დამოკიდებულებაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რადგან თურქულ-თათრული ყირიმი უტოპიაა, თურქეთს ურჩევნია, ყირიმი უკრაინა იყოს.

  • 28 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ ანკარა მზადაა იყოს შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში. რამდენად რეალურია, რომ პუტინი მოუსმენს ერდოღანს და თურქეთი შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ომის დასრულებაში?

არარეალურია. თურქეთს არ გააჩნია ისეთი სახის ბერკეტი, რაც რუსეთის დარწმუნებაში დაეხმარებოდა. ერდოღანის მსგავსი განცხადებები, ძირითადად, თურქეთის საერთაშორისო რეპუტაციის განმტკიცებაზეა მიმართული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: