მთავარი,სიახლეები

თომასმა ჰუმანიტარულ ფუთაში ზელენსკისთვის წერილი ჩადო, 12 წლის ბიჭს პრეზიდენტმა უპასუხა – BBC

05.05.2022 • 15286
თომასმა ჰუმანიტარულ ფუთაში ზელენსკისთვის წერილი ჩადო, 12 წლის ბიჭს პრეზიდენტმა უპასუხა – BBC

12 წლის თომასმა, ბრიტანელმა სკოლის მოსწავლემ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი მისწერა და  მისგან პასუხიც მიიღო. მან წერილი თანაკლასელებთან ერთად უკრაინელებისთვის შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების ფუთებში ჩადო. როგორც BBC-ი წერს, თომასი დარემის ტრინიტის სკოლისა და სასპორტო კოლეჯის მოსწავლეა.

თომასი მიმართავს რა „საუკეთესო პრეზიდენტს“, ვოლოდიმირ ზელენსკის სწერდა, რომ „ბედნიერია ეხმარებოდეს“ უკრაინას.  მიუხედავად იმისა, რომ არავინ ელოდა პასუხს, გასულ კვირას თომასის სკოლამ 23 აპრილით დათარიღებული, ინგლისურად დაბეჭდილი წერილი მიიღო ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერით.

12 წლის თომასის წერილი უკრაინის პრეზიდენტს. ფოტო: დარემის ტრინიტის სკოლა

მასწავლებელი რობინ ჰადდენი, BBC-სთან ამბობს, რომ როდესაც წერილი მიიღეს, ვერ იჯერებდნენ, რომ მათ უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: „ვერ ვიჯერებდით, როდესაც წერილი მოვიდა. ჩვენი ოფისის თანამშრომლებმა გახსნეს იგი. წერილის ადრესატად მითითებული იყო: „თომასს, ტრინიტის სკოლაში“. შემდეგ მოიკითხეს საკლასო ოთახებში, რადგან უკან არაფერს ველოდით. ეს ნამდვილად პერსონალური პასუხია, რომელიც მადლობას უხდის თომასს მისი ფიქრებისათვის და ეუბნება, რომ (ზელენსკი) იმედოვნებს უკრაინის ყველა მოქალაქისთვის მშვიდობას, ისევე როგორც უყვება, თუ როგორ ააშენებენ თავიდან ქალაქებს და როგორ ახარებს გაერთიანებული სამეფოს დახმარება“.

„ძვირფასო თომას,

გმადლობ შენი მხარდამჭერი წერილისთვის. მე კარგად ვარ და მადლობას გიხდი დახმარებისთვის. იმედი გვაქვს, გვექნება მშვიდობა უკრაინაში, საკვები მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის და თავიდან ავაშენებთ ქალაქებს. მე და ბევრ სხვას გვახარებს, რაც ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში თქვი და რასაც გაერთიანებული სამეფო აკეთებს მხარდაჭერისთვის,“ – ვკითხულობთ უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ წერილში.

 

უკრაინის პრეზიდენტის საპასუხო წერილი 12 წლის თომასის. ფოტო: დარემის ტრინიტის სკოლა

ჰუმანიტარული ტვირთი, რომელშიც თომასმა თავისი წერილი ჩადო, პოლონეთში აღმოსავლეთ ვარშავის რკინიგზის სადგურზე გახსნილ ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში გასულ თვეს გაიგზავნა.

გაგზავნილ ნივთებთან ერთად იყო რბილი სათამაშო დათუნიები, რომელთა შესახებაც თომასი ზელენსკის სწერდა: „რამდენიმე დათუნია შენი ქვეყნისთვის, მათ შორის, საჭმელთან ერთად“. იგი ასევე სწერდა, რომ იმედოვნებს უკრაინა „დაამარცხებს რუსეთს“ და რომ „პუტინს ძალიან ეშინია ომის შესახებ სიმართლის თქმის“.

თომასის დედამ, კიმბერლიმ, BBC-ის უთხრა, რომ მისი შვილი აღტაცებული დაბრუნდა პარასკევს სახლში:

„თომასი სკოლიდან სახლში (წერილის) ფრიალით დაბრუნდა – არ ვიცი, თუ მოვახერხებთ მისთვის ხელიდან [წერილის] გამორთმევას, მაგრამ ვაპირებთ ჩარჩოში ჩავსვათ და ჩვენს სახლში საპატიო ადგილზე განვათავსოთ“.

სკოლა ასევე აპირებს პრეზიდენტის წერილის ასლი ჩარჩოში ჩასვას და გამოფინოს.

„ბედნიერი ვიყავი პასუხის მიღებით. სკოლამაც სერტიფიკატი გადმომცა და მითხრა – „ყოჩაღ“, – დასძენს თომასი.

____
მთავარი ფოტო: 12 წლის თომასი პრეზიდენტ ზელენსკისგან მიღებული წერილით ხელში. დარემის ტრინიტის სკოლა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: