ბათუმში 2 მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, დაშავდა მძღოლი – თვითმხილველი

ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, შეჯახების შემდეგ კი, ერთი ავტომანქანა განათების ბოძს დაეჯახა.

თვითმხილველის, ლია გრძელიძის თქმით, ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ლია გრძელიძის ფოტო

„ჰაერში ვიხდიდით ფულს და ბინა არ აშენდა“ –  დაზარალებულების აქცია ბათუმის მერიასთან 

„რაღაც გამოსავალი ნახონ, ქუჩაში ვართ, შველა გვჭირდება,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებიც დღეს, 17 მაისს, ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სამშენებლო კომპანია „ევროლუქსმა“ ფინანსურად დააზარალა – ფულს წლების განმავლობაში იხდიდნენ, ხოლო ბინა ვერ მიიღეს.

„5 წლის წინ დაიწყო მშენებლობა, კომერციული ფართობი აშენდა და კიდევ ორი სართული, სულ 21 სართული უნდა აშენებულიყო და ბინები უნდა ჩაგვბარებოდა, მაგრამ დაპირება კომპანიამ არ შეასრულა… მესაკუთრე გელა კახიძეა, ოფისი დახურა, მაგრამ თვითონ არ იმალება, რა ვქნა, მე თქვენზე მეტად დავზარალდიო,“ – გვიყვება შერმადინ ჩოხარაძე.

დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტი ბაგრატიონის 113-შია. მოქალაქეები ჰყვებიან, რომ აქ 200-მდე ადამიანს უნდა მიეღო ბინა. დაზარალებულების 80 პროცენტი ემიგრანტია.

„დედაჩემს ხელფასი რომ შეუმცირეს თურქეთში, იტალიაში წავიდა სამუშაოდ, იქიდან აგზავნიდა ამ ფულს, ბინა რომ გვქონოდა… დაიბარონ ის კაცი და რაღაც გამოსავალი ნახონ, სხვა ინვესტორი შეუშვან,“ – ამბობს თეა შველიძე.

„გირაოთი ვარ ბინაში და ვადა მიმთავრდება, სად წავიდე?“ – კითხულობს თინა სამხარაძე. ის თვეში დაახლოებით 400 დოლარს იხდიდა იმისთვის, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე ბინა ეყიდა.

„11 ათასი დოლარი მაქვს უკვე გადახდილი… რომ არ აგვეტეხა ხმაური, კიდევ ყიდდნენ ბინებს, ჰაერში ვიხდიდით ფულს და დარჩა ჰაერი,“ – აღნიშნა თინა სამხარაძემ.

სამშენებლო კომპანიისგან დაზარალებულ მოქალაქეებს ჯერ არ მიუმართავთ პროკურატურისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს, ან სასამართლოსთვის, რომ სამოქალაქო წესით იდავონ. დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ ყველაზე ეფექტური ახალი ინვესტორის მოძიება იქნება, რაშიც მათ მერიის მხარდაჭერა სჭირდებათ. მოქალაქეებს არ აქვთ კონკრეტული შეთავაზება მერიისთვის: რა ფორმით უნდა ჩაერიოს მერია მსგავსი სახის დავაში.

„მინიმუმ 24 თვეში შესრულდება ეს ვალდებულება, გააჩნია ამინდს, 10 დღეში განახლდება მშენებლობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გელა კახიძემ, კომპანია „ევროლუქსის“ ხელმძღვანელმა. ის ადასტურებს, რასაც მოქალაქეები ჰყვებიან, თუმცა მათ „დაზარალებულად“ არ მიიჩნევს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ „ახალი მეწილეები გამოჩნდნენ“, თუმცა არ დაგვიკონკრეტა, ვინ არიან ეს ახალი მეწილეები, რომელთა ჩართულობითაც ამჯერად მოხერხდება დაპირების შესრულება.

„მე მქონდა შიგა პრობლემები, რაც ამოიწურა… ჯერ არ გასულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, რადგან სანებართვო ვადა იწურება 2022 წლის 15 აგვისტოს. ამ ვადამდე ვერ მოხერხდება კორპუსის მშენებლობის დასრულება, მაგრამ ვადას მერია გაგვიგრძელებს“, – აღნიშნა გელა კახიძემ.

ბიზნესმენმა ვერ გვითხრა, რატომ არის დარწმუნებული, რომ მერია მშენებლობის ვადას გაუგრძელებს.

რატომ არ მიიჩნევთ ამ ადამიანებს დაზარალებულად, როცა ისინი იხდიდნენ ფულს ბინისთვის და დათქმულ ვადაში ბინა ვერ მიიღეს? – ესეც ვკითხეთ მშენებელს, რომელიც ახლა უკვე ხელშეკრულებების განახლებას და ახალ ვადებს სთავაზობს ადამიანებს, ვისაც ბინა უნდა მიეღო.

„ყველა მათგანი ვერ იხდიდა სრულად ამ თანხას… მათ ინტერესებში შედის ხელშეკრულების განახლება, მე შემიძლია ხელშეკრულება შევწყვიტო, გადახდილი თანხა უკან დავუბრუნო და იგივე ფართი უფრო ძვირად გავყიდო უკვე,“ – გვითხრა გელა კახიძემ. მისივე თქმით, ამ დრომდე ეს შეთავაზება დაზარალებულებთან არ ჰქონია და მას თითოეულს დეტალურად გააცნობს.

ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ გასული წლის დეკემბერშიც წერდა. მაშინ გელა კახიძე ამბობდა, რომ უკრაინელი მეწილის იმედი ჰქონდა. ბათუმის მერიის ცნობით კი, „ევროლუქსმა“ ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა 2015 წელს მიიღო. 2017 წელს  მერიამ კომპანიას ნებართვა 2022 წლამდე გადაუვადა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიისგან შეუსრულებელი დაპირებების გამო ადამიანები საპროტესტო აქციებს მართავენ. წლების განმავლობაში ითხოვენ დახმარებას კომპანია „სვეტისგან“ დაზარალებულებიც. ამ შემთხვევაში მოქალაქეებმა თქვეს, რომ ბათუმის მერისგან დაპირებები მიიღეს, თუმცა პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა.

.

უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს – WSJ

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს, თუ ის უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს განბლოკავს.

The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა უნიანიც ავრცელებს.

გუტერეში ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, მოლაპარაკებების მიზანი უკრაინული საკვები პროდუქტების ექსპორტის განბლოკვაა მსოფლიო ბაზრებზე, რათა ქვეყნებმა თავიდან აიცილონ სურსათის გლობალური დეფიციტი.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ დიპლომატების თქმით, თურქეთმა გამოთქვა მზადყოფნა შეთანხმებებში მონაწილეობის მისაღებად.

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ, გუტერეში რუსეთს მსოფლიო ბაზარზე რუსული და ბელორუსული კალიუმის დაბრუნებას სთავაზობს.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა გაეროში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. გაეროს უშიშროების საბჭო კი ჯერჯერობით ვერ იღებს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს უკრაინის საზღვაო პორტების გახსნას, რადგან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებენ მას.

„ქვეყნები, რომლებიც უკრაინულ მარცვლეულზე არიან დამოკიდებული, ზეწოლას განახორციელებენ მოსკოვზე, რათა ამ უკანასკნელმა პროდუქტის მიწოდება მინიმუმ შეზღუდული რაოდენობით დაუშვას გემებით – კერძოდ კი საერთაშორისო ორგანიზაციების, ნეიტრალური ან რუსეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის დროშით“, – წერს The Wall Street Journal-ი .

უკრაინის შეფასებით, ქვეყნიდან დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების მარცვლეული მოიპარეს ოკუპანტებმა და გაიტანეს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

მანამდე კი უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმელთაშუა ზღვაშია – რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ სატვირთო გემებზე.

ბათუმში ქმარმა ცოლი დაჭრა – კაცი დააკავეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 17 მაისს, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ქალს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები არ აქვს მიყენებული. „ქალი დაახლოებით 32 წლისაა. კლინიკაში ის დღეს დილით შეიყვანეს“.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

დაკავებულია ერთი პირი.

შალვა გიორგობიანი: ჩვენი გუნდი აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას

შალვა გიორგობიანი პროფესიით ინჟინერია, „შუახევიჰესის“  ელექტრომექანიკურ გუნდს ხელმძღვანელობს. ის კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ 2020 წელს შეუერთდა, თუმცა მისი კარიერა ენერგოსექტორში 2007 წლიდან დაიწყო. მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მისი და მისი გუნდის მიერ „სხალთაჰესის“ წარმატებით ოპერირებაში შესვლა მიაჩნია. ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგოპროექტში მუშაობს, რომელსაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების პროცესში.

„როცა შუახევიჰესს შემოვუერთდი, კომპანია იწყებდა სხალთაჰესის ექსპლუატაციაში გაშვებას. როგორც თქვენთვის ცნობილია შუახევიჰესი შედგება 187 მგვტ შუახევიჰესისა და 9 მგვტ სიმძლავრის სხალთაჰესისგან. შემიძლია ვთქვა, რომ სხალთაჰესის ოპერირებაში წარმატებით შესვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპი ჩემი მრავალწლიანი საქმიანობისას. დღეს როგორც შუახევიჰესს, ასევე სხალთაჰესს მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ და ამავდროულად პრევენციულად ვგეგმავთ ყველა შესაბამის ქმედებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის გამოწვევა. ელექტროენერგიის გამომუშავების დაწყების დღიდან ორივე ჰესი ოპერირებს წარმატებით და ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევის გარეშე,“ – ამბობს შალვა გიორგობიანი.

შუახევი ჰესი
შუახევიჰესი

შალვას და მისი გუნდის წევრების პასუხისმგებლობა დანადგარების ელექტრული თვალსაზრისით გამართვა და სრულყოფილად ფუნქციონირებაა. წინასწარ აქვთ გაწერილი გეგმა, რასაც მიჰყვებიან. მათი მთავარი მიზანია, ყოველთვის ყველა დანადგარი მწყობრში იყოს და ელექტროენერგიის წარმოება არ შეფერხდეს.

როგორც შალვა გიორგობიანი ამბობს, იმდენად ზუსტად არის გათვლილი ტექნიკური გეგმა, რომელსაც მიჰყვებიან,  რომ გამოწვევებისა და გაუთვალისწინებელი გარემოებების წინაშე არასდროს დგებიან:

„ჩვენ ელექტროენერგიის გამომუშავება დავიწყეთ 2020 წელს, უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ. ამ დღიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რაიმე ტიპის რისკის ან გამოწვევის წინაშე დავმდგარიყავით.  ძალიან მაღალია, ერთი მხრივ, გეგმის სტანდარტი, რომელსაც თითოეული გუნდი მიჰყვება და მეორე მხრივ, ყველა მიმართულების გუნდის კოორდინაცია, გუნდურობის გრძნობა, ერთმანეთის მხარდაჭერა. ძალიან კარგი ადამიანებისგან შემდგარი გუნდია, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა დროის დიდ ნაწილს როგორც სამსახურში, ასევე სამსახურს მიღმა ამ ადამიანებთან ერთად ატარებ.“

შალვა ცხოვრების დიდ ნაწილს სამუშაო დროის დასრულების შემდგომ კომპანიის კემპზე ატარებს, სადაც ინჟინრები ცხოვრობენ. საცხოვრებელი გარემო სრულად აღჭურვილია ჯანმრთელი ცხოვრებისისთვის მნიშვნელოვანი ყველა ინვენტარით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დასაქმებულებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს, კომპანიის თანამშრომელთა უმეტესებას ოჯახის წევრებისგან მოშორებით უწევს დიდი დროის გატარება. შალვა მიიჩნევს, რომ ეს გამოწვევაა, თუმცა როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ამ გამოწვევასაც უმკლავდები.

„ენერგოკომპანიაში მუშაობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა პროფესიის ადამიანის საქმიანობისგან. შენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ჰესზე ატარებ, საღამოს კომპანიის საცხოვრებელ კომპლექსში რჩები, მეორე დილით კი კვლავ შენი საქმის გასაგრძელებლად მიდიხარ. შენი პასუხისმგებლობა დიდია, იცი, რომ კომპანიის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ და თითოეულ მათგანთან ერთად სინქრონულად უნდა იმუშავო დასახული მიზნის მისაღწევად. ჩვენი საერთო, ყოველდღიური მიზანი ელექტროენერგიის უსაფრთხო წარმოება და ელექტროსისტემისთვის მიწოდებაა, საიდანაც უკვე ჩვენი ქვეყნის თოთოეულ მოქალაქემდე აღწევს ელექტროენერგია. ამ საქმიანობის წარმატებით განხორციელების პროცესში ჩემი და ჩემი გუნდის წვლილი მნიშვნელოვანია,“- ამბობს შალვა გიორგობიანი.

მიაჩნია, რომ კომპანიის წარმატებაში უცხოელი პროფესიონალების როლი დიდია. მათთან ერთად ყოველდღიური საქმიანობა თოთოეულ ინჟინერს განვითარებაში ეხმარება.

„როგორც სხვა დარგები, ასევე ენერგეტიკა მუდმივად ვითარდება. ჩვენს დროში ეს ტემპი კიდევ უფრო სწრაფია. კარგი გრძნობაა, როცა წარმატებული გუნდის ნაწილი ხარ, რომელიც სულ სწავლობს, წინ მიდის, ვითარდება,  ამავდროულად მუდმივი წვდომა გაქვს დარგში არსებულ ყველა ტექნოლოგიურ პროგრესზე,“ – ამბობს შალვა გორგობიანი.

უახლოეს კვირებში რუსეთი გააგრძელებს საარტილერიო დარტყმებს – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის უახლესი მონაცემების თანახმად, კიევის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვის რეგიონში, რუსეთის თავდასხმისა და უკან დახევის შემდეგ, დაახლოებით 3500 დაზიანებული და განადგურებული შენობაა აღრიცხული. აღნიშნული შენობების 80% საცხოვრებელია.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, მიყენებული ზიანის მასშტაბი მიუთითებს რუსეთის წინასწარ მზაობაზე გამოეყენებინა არტილერია დასახლებულ პუნქტებში – გარჩევისა და პროპორციულობის მინიმალური გათვალისწინებით.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მონაცემებში ვკითხულობთ, სავარაუდოდ რუსეთმა მიმართა განურჩეველი საარტილერიო დაბომბვის სტრატეგიას მისი ლიმიტირებული ზუსტი დამიზნების შესაძლებლობებისა და იმის გათვალისწინებით, რომ არ სურდა გაერისკა საბრძოლო თვითმფრინავების ხშირი ფრენა თავისი ფრონტის მიღმა.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, უახლოეს კვირებში რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს, რადგან ის ცდილობს დაიბრუნოს თავისი წარმატების იმპულსი დონბასში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მაისის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 27 900 [გასულ დღე-ღამეში +200] ადამიანი
  • ტანკი – 1 235 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა / APV – 3 009 ერთეული [+35]
  • საარტილერიო სისტემა – 578 ერთეული [+1]
  • MLRS – 198 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 90 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 201 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 167 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 436 ერთეული [+91]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 109 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 97 ერთეული [+0]
  • სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ანახლებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 მაისამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 168 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 912 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 309 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 134 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 385 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 542 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 983 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„აზოვსტალი“ – მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე

2 კვირიანი უფასო სასწავლო კურსი დასაქმების პერსპექტივით ნებისმიერი მსურველისთვის

კოლეჯი „გოლდენ სიი“ სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამის ფარგლებში, აცხადებს მიღებას სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების უფასო კურსებზე.

კურსის მიზანია დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ მიმართულებებზე:

[checklist]

  • სარესტორნო მომსახურება: სამზარეულო, ბარი, დარბაზი;
  • სასტუმრო მომსახურება: მიღება განთავსების დეპარტამენტი, სპა დეპარტამენტი (მასაჟისტ-რეაბილიტატორი), დასუფთავების დეპარტამენტი;
  • საფინანსო სერვისი: ვაჭრობა, დისტრიბუცია;
  • საოფისე საქმე: ინფორმაციული ტექნოლოგია, რეკლამა და მარკეტინგი და სხვა.

[/checklist]

კურსის ხანგრძლივობაა 2 კვირა.

პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი შეადგენს 18 წელს.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577190653; 599523403

მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: batumigoldensea@gmail.com

ან შეავსე განაცხადის ფორმა : https://bit.ly/3wxsHJZ

 

დაშავდა ბავშვი – ბათუმში ატრაქციონი ბეტონზე, კაუჩუკის ხალიჩის გარეშე დაამონტაჟეს

ბათუმში, აბუსერიძის #31-ში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიამ, რომელსაც ეზოში ატრაქციონის დამონტაჟება ევალებოდა, აქ მცხოვრები ბავშვები საფრთხეში ჩააგდო. აქ მცხოვრებთა თქმით, ატრაქციონი ერთი კვირის წინ დაამონტაჟეს.

„ატრაქციონები სპეციალური კაუჩუკის ხალიჩის გარეშე პირდაპირ ბეტონზე დადგეს და დატოვეს, ყოველგვარი შემოსაზღვრის გარეშე, შედეგად ბავშვი დაშავდა. დაზიანებული აქვს ყურის აპკი და ექიმის რეკომენდაციით დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი,“ – გვითხრა ბავშვის დედამ, სოფო ლემსაძემ.

ბავშვი 15 მაისს დაშავდა.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ამ კონკრეტულ მისამართზე ატრაქციონის დამონტაჟების სამუშაოები არ დასრულებულა:

„იქ იქნებოდა რაიმე სახის გაფრთხილება, შემოსაზღვრული იქნებოდა ლენტით, რაც ალბათ ქარმა  დააზიანა, გაირკვევა და აღადგენენ,“ – გვითხრეს სამმართველოს პრესსამსახურში.

დაშავებული ბავშვის დედის ინფორმაციით კი, ატრაქციონი შემოსაზღვრული არ ყოფილა და არც ბავშვის დაშავების შემდეგ უზრუნია ვინმეს ამაზე.

ატრაქციონებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯთ დიზაინ მეტალი“ ამონტაჟებს. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით შეასრულოს სამუშაოები, კონკრეტულად კი:

უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა; უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეებისა და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა; მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციისა და მტვრის გავლენა გარემოზე; ყველა სახის სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან; სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი თავისი ძალებით და სახსრებით 3 (სამი) დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.“

სამუშაო პროცესში ტერიტორიის შემოფარგვლის აუცილებლობაზე ჩანაწერი ხელშეკრულებაში ვერ ვიპოვეთ, სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ ატრაქციონები, რომლებსაც კომპანია დაამონტაჟებს, უსაფრთხო და სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს.

კომპანიის წარმომადგენელი პასუხისმგებლობას ბავშვების მშობლებს აკისრებს: „სპეციალური ლენტით იყო შემოსაზღვრული ტერიტორია, მე არ ვიცი სად წავიდა ეს ლენტი, სხვა რა უნდა ვქნა, დაცვას ხომ ვერ დავიქირავებ. მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, როცა დაუსრულებელია და ლენტითაა შემოსაზღვრული, იქ ბავშვი არ უნდა შევიდეს.“

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში 18 მაისიდან 25 მაისამდე, ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება.

„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 18 მაისის 08:00 სთ-დან 21 მაისის 08:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 23 მაისის 08:00 სთ-დან 25 მაისის 08:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

რატომ ვერ ახერხებს უკრაინა აზოვის პოლკის გამოხსნას – ინტერვიუ შეიარაღების სპეციალისტთან

„იქ რუსული ძალების ისეთი კონცენტრაციაა, რომ უკრაინას რამდენიმე, მექანიზებული ბრიგადა დასჭირდება,“ – ამბობს შეიარაღების სპეციალისტი, გიგა ინაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რა შემთხვევაში შეძლებს უკრაინა აზოვსტალის დაცვას?

სპეციალისტის პროგნოზით, დაახლოებით შემოდგომისთვის მოახერხებს უკრაინა მარიუპოლის ბლოკადის გარღვევას, თუმცა ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამის შანსი უკრაინას მანამდე გაუჩნდეს, როცა რუსული არმია უკან დაიხევს, როგორც ეს ხარკოვის შემთხვევაში მოხდა.

ან იქნებ უკვე აქვს კიდეც უკრაინას მარიუპოლის ბლოკადის გარღვევის შანსი და მოულოდნელობის ეფექტით მოქმედებს? – „ბათუმელები“ შეიარაღების სპეციალისტს, გიგა ინაშვილს „აზოვსტალის“ შესახებ ესაუბრა.

  • ბატონო გიგა, რა არის თქვენთვის ცნობილი დაჭრილების „აზოვსტალიდან“ გადაყვანის შესახებ? ელით, რომ მოლაპარაკებას ექნება შედეგი? 

როგორც ცნობილია, იქ რჩებიან საბრძოლო ქვედანაყოფები, რომლებიც ამაგრებენ „აზოვსტალს“, მიწისქვეშა ბუნკერების ქსელს. გუშინ ვნახეთ, რომ ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალებით დაბომბეს „აზოვსტალი“. გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ეს იყო 122-მილიმეტრიანი ან 152-მილიმეტრიანი ჭურვები… ეს არ იყო ფოსფორის ბომბი, რადგან სუფთა, თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა რუსებს საერთოდ არ აქვთ შეიარაღებაში, მისი წარმოება, შენახვა და ექსპლუატაცია საკმაოდ ძვირი ჯდება. იყენებენ მაგნიუმის და ტერმიტის აალებად ელემენტებს, რომელსაც წვისას დაახლოებით იგივე ვიზუალური ეფექტი აქვს.

  • უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, ოლეგ ჟდანოვი 21 აპრილს ამბობდა, რომ „აზოვსტალზე“ დახმარების აღმოჩენის შანსი გაჩნდებოდა, თუკი დონბასში რუსეთის შეტევას მოიგერიებდა უკრაინა. ვხედავთ, რომ უკრაინა რუსული არმიის თავდასხმას იგერიებს. რატომ ვერ ხერხდება „აზოვსტალის“ დაცვა? 

ეს იმდენად დიდი ტერიტორიაა და რუსული ძალების ისეთი კონცენტრაციაა, რომ შეტევისთვის უკრაინას მინიმუმ რამდენიმე მექანიზებული ბრიგადა დასჭირდება. უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მარიუპოლამდე დაახლოებით 100 – 120 კილომეტრია, ბლოკადა უნდა გაარღვიო, რომ „აზოვსტალამდე“ მიხვიდე, ასე ვთქვათ, კორიდორი გაჭრა, რასაც დასჭირდება არტილერიის მასიური საცეცხლე მხარდაჭერა. ბლოკადა რომ ახლა რამდენიმე ბატალიონით გაარღვიონ, დანაყოფი მოხვდება ორმხრივ ცეცხლში და მარტივად შეიძლება გაანადგურონ. ფლანგებიდან წამოსულმა ცეცხლმა რომ ვერ დაგაზიანოს, ბლოკადა უნდა გაჭრა – დაახლოებით 15-20 კილომეტრი სიგანით. ამას სჭირდება სერიოზული დაჯგუფება. უკრაინას სჭირდება შემტევი ძალა, რომელიც შეძლებს ამის გაკეთებას…

შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის უკრაინელებმა მოახერხონ ისეთი დაჯგუფების ფორმირება, რომელიც მარიუპოლზე გაიჭრება. ეს მოცემულობა ყოველდღიურად იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ხდება კონკრეტულ მიმართულებაზე. მაგალითად, ხარკოვში ვიცით, რომ უკან იხევენ და ალბათ ერთ-ორ კვირაში მთლიანად გათავისუფლდება ეს მიმართულება. უკრაინას უკვე შეეძლება ეს ძალები გადაისროლოს მარიუპოლის მიმართულებაზე, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხარკოვიდან კი გადიან რუსეთის შეიარაღებული ძალები, მაგრამ ძალების მეტი კონცენტრაცია ხდება ლუგანსკის მიმართულებაზე, სადაც უკვე 2500 ერთეულამდე სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული, მათ შორის, 350-400 ტანკია. სავარაუდოა, რომ ამ მიმართულებიდან შეტევას აპირებენ.

  • რა განლაგება აქვთ რუსებს „აზოვსტალთან“, ან რა ტაქტიკით მოქმედებენ? 

„აზოვსტალში“ რუსები მოქმედებენ ზოგადად, ქალაქში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ტაქტიკით… „აზოვსტალს“ ძირითადად ბომბავენ არტილერიით და ავიაციით, ბომბავენ ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალებით და ვაკუუმური ბომბებით. თუმცა საინტერესოა, მაგალითად, ის, რომ რუსებს შეიარაღებაში არ აქვთ ამერიკული MOP-ის მსგავსი ზემძიმე ბეტონსაწინააღმდეგო ბომბი, რომელსაც შეუძლია ბეტონის საფარის მასიური ჩანგრევა გამოიწვიოს. რუსები ძირითადად 500 და 1500 კგ-იან ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებს იყენებენ, რაც ხშირად საკმარისი არ არის, ვერ აღწევს საკმარის სიღრმეში. შეიძლება ითქვას, რომ მათ ამ კუთხით ტექნიკური ჩამორჩენა აქვთ.

რუსები მარიუპოლში ძირითადად ამუშავებენ სპეცდანიშნულების ძალებს, რომლებსაც ქალაქში ბრძოლა შეუძლიათ, ასევე საზღვაო ქვეითთა ნაწილებია იქ, სადესანტო მოიერიშე ბრიგადების დანაყოფებიც არიან, საცეცხლე მხარდაჭერას ნაღმტყორცნებიდან ახორციელებენ. ერთ-ერთ ფოტოზე გამოჩნდა 240-მილიმეტრიანი მძიმე ნაღმტყორცნი „წულპანი“, რომელიც მუშაობდა მარიუპოლში… იქ ჩვეულებრივი არტილერიაც მუშაობს, ტანკებიც შეინიშნება, თუმცა მასობრივად არა, სადღაც შევარდებიან, გაისვრიან და მერე უკან ბრუნდებიან.

  • რაც ჩანს დღეს უკრაინაში ფრონტის წინა ხაზიდან – რამდენადაა შანსი, რომ უკრაინამ შემოდგომამდე შეძლოს „აზოვსტალის“ დაცვა და იქ მყოფი ადამიანების გადარჩენა? 

დრო სჭირდება იმას, რომ დასავლეთიდან მიწოდებული ტექნიკის გამოყენება უკრაინამ სრული მასშტაბით შეძლოს და ეს ბოლომდე ჩაიშალოს ქვედანაყოფების დონეზე. ეს შანსი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტული მიმართულებით რა იცვლება. ამ ეტაპზე ოპერატიული წარმატება ჯერ არც ერთ მხარეს არ აქვს, უკრაინა თავდაცვაშია ძირითად მიმართულებებზე, ხოლო გარღვევისთვის საჭიროა არა ქვედანაყოფი, არამედ მექანიზებული შენაერთი, რომლის საბრძოლო მოქმედების კოეფიციენტიც შეტევის მომენტში უნდა იყოს მაღალი, დასვენებული, არ იყოს ბრძოლისგან გამოფიტული.

ამ ეტაპზე ეს რესურსი არ შეინიშნება, თუმცა არც უნდა შეინიშნებოდეს, მოულოდნელობის ეფექტი უნდა ჰქონდეს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ იქნება კიდეც. ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ ღირს.

ამ თემაზე:

„აზოვსტალი“ – მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე

ბათუმში, სანაპიროზე გარეგანათების კაბელები მოიპარეს

ქალაქის შემოსასვლელში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, სანაპიროს გასწვრივ მოწყობილი ღამის დეკორატიული გარეგანათების სისტემა არ მუშაობს. აქ ელექტროკაბელები მოიპარეს. კონკრეტულად როდის აღადგენენ განათებას, მერიის სამსახურში არ გვიპასუხეს. სანაპიროს გასწვრივ არაერთ ადგილზე დაზიანებულია ქვის მოაჯირიც.

„თამარის დასახლების მიმდებარე ზღვისპირა განათება დეკემბერში შეცვალეს და გააკეთეს. აგერ ერთ თვეზე მეტია აღარ ანათებს და ვეღარც გაანათებს, იმიტომ რომ „ოქროს თევზიდან“ „რივიერამდე“ მონაკვეთში მთლიანი კაბელი აღარაა, მოიპარეს, როგორც ჩანს, და არის ახლა ასე ჩაბნელებული. ასევე ფილები არის დაზიანებული“, – მოგვწერა დღეს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა/ბათუმი

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ აღნიშნულ პერიმეტრზე დეკორატიული გარეგანათების კაბელები მოპარულია.

„ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ უწყებას, რომ დაიწყოს გამოძიება. ამ ეტაპისთვის ველოდებით გამოძიების შედეგებს“, – გვითხრეს მერიაში.

რას აპირებს სამმართველო გამოძიების დასრულებამდე? ანუ, აღადგენენ თუ არა გარეგანათებას და როდის? 

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ინფრასტრუქტურის სამმართველოში გვითხრეს, რომ ოფიციალური წერილით მივმართოთ და პასუხსაც „ოფიციალურად, წერილობით მოგვაწვდიან“.

ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის ტროტუარი ბათუმში ღამის განათების გარეშეა – აქ გარეგანათების ელექტროკაბელები მოიპარეს / მოქალაქის მიერ მოწოდებული ფოტოები

სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვის მოაჯირს რაც შეეხება, ის არაერთ ადგილზეა დაზიანებული [დატეხილი და ჩამოცვენილია ქვის ფილები].

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ეს ადგილი მონიშნული აქვთ და უახლოეს პერიოდში აღადგენენ“.

როდის იქნება „უახლოესი პერიოდი“, ვერც ამ სააგენტოში დაგვიკონკრეტეს – „შესაბამისი სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება“.

დაზიანებული მოაჯირი ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე

რჩება მხოლოდ ფასადი – კიდევ 1 ძეგლის რეაბილიტაცია ბათუმში

ბათუმში, ჭავჭავაძის #22-ში არსებული სახლის ინტერიერი დაანგრიეს, დატოვეს მხოლოდ ფასადი ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და სპეციალისტების შეფასებით, „მისი ფასადის მორთულობაში კლასიციზმისა და ბაროკოს სტილთა ნიშნები შეინიშნება“.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ნებართვა გაცემულია ძეგლის რესტავრაციის პროექტზე, არ იზრდება შენობის სიმაღლე და არ იცვლება ფასადი. სახლის სხვა ნაწილების შენარჩუნება კი მისი მდგომარეობის გამო შეუძლებელი იყო. ძეგლების რეაბილიტაციას ისე, რომ მისი ფასადის გარდა ავთენტური არაფერი რჩება, სპეციალისტები კრიტიკულად აფასებენ:

როცა ძეგლისგან მხოლოდ ფასადი რჩება

ბათუმი: ჭავჭავაძის #22 ფოტო: თედო ჯორბენაძე
მიმდინარე სამუშაოები – ფოტო: თედო ჯორბენაძე

კულტურლი მემკვიდრეობის სააგენტოს იურისტის, თამილა აბუსერიძის ინფორმაციით, „პროექტზე ნებართვა გაცემულია 2019 წელს, რაც ითვალისწინებს ძეგლზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. ის გულისხმობს ინტერიერში გეგმარებას და ფასადის რესტავრაციას. არ იზრდება ძეგლის სიმაღლე და გაბარიტები.

ხელოვნებათმცოდნის კვლევის მიხედვით, სახლი იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ შეუძლებელია მისი შენარჩუნება. მისივე რეკომენდაციის საფუძველზე  გაცემულია სრული რეაბილიტაციის ნებართვა. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ეს პროექტი, ადგილზე დავათვალიერეთ.

რაც შეეხება სამუშაოებს, ადგილზე იყვნენ ჩვენი თანამშრომლები და სამუშაოები პროექტის შესაბამისად მიმდინარეობს. არანაირი გადაცდომა ამ ეტაპზე არ იკვეთება.“

სააგენტოს ინფორმაციით, კვლევა პროექტზე ხელოვნებათმცოდნე სოფიო სანიკიძემ მოამზადა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებული რენდერი

 

მთავარი ფოტო: არჩილ კახაძე

„აბა, ომი გინდათ“ ლოგიკით ყველაზე ცუდი მეფე აღმაშენებელია – გაბედა და დიდგორი მოიგო

„ზოგი ამბობს, სად ევროპა და სად ნიკა გვარამია, ამან როგორ უნდა იქონიოს გავლენა საქართველოს ევროინტეგრაციაზე. არადა, ეს ამბავი თავშიცაა, შუაშიც და ბოლოშიც“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, პარლამენტის ყოფილი წევრი.  მას დღეს, 16 მაისს, „ბათუმელები“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

  • ბატონო ლევან, ევროკავშირმა დაახლოებით ერთ თვეში უნდა იმსჯელოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. ამ დროს მთავარი ოპოზიციური არხის მფლობელისა და მენეჯერის დაკავება რა გზავნილია ევროპარლამენტარებისთვის, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ?

როდესაც რომელიმე პარლამენტარი ან ვინმე ხელისუფლების მომხრე ამბობს, რომ „რა შუაშია ეს ერთმანეთთან“, „სად ევროპა და სად ნიკა გვარამია“, ვფიქრობ, რომ ისინი შეფასებისას გულწრფელები არ არიან. შუაშიცაა, თავშიც და ბოლოშიც ეს ამბავი. ეს დაკავება სწორედ ამ კითხვართან არის დაკავშირებული, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქმნის იოლად დასათმობ პოზიციებს. როცა ევროპა ეტყვის, რომ „ესა და ეს უნდა გააკეთო“, ივანიშვილი ეტყვის, რომ გავაკეთებ, ოღონდ სხვა არ მოგვთხოვოთ. ეს არის პრიმიტიული, ბიძინა ივანიშვილის დონის აზროვნება. ამაზე შორს ვერ აზროვნებს.

გვარამიას საქმე აბსოლუტურად შეთითხნილია, ნულოვანი ამბავი, ახლოსაც არ არის სამართალთან. მოსამართლე იმიტომ არის გარეწარი, რომ მუხლი შეცვალა და არ შეცვალა დამოკიდებულება. ესენი არიან შემსრულებლები. ეს არის საქართველოსთვის თავის მოჭრა და გარწმუნებთ, რომ ასეთი ნაბიჯებით საქართველო ევროპას არათუ არ უახლოვდება, პირიქით.

სააკაშვილს ეპატია, როცა სამჯერ დაგვარბია, მაგრამ „იმედში“ შესვლა არ ეპატია. მისი გადადგომა „იმედში“ შესვლამ გამოიწვია და ეს იყო სწორი დამოკიდებულება, იმიტომ, რომ შეიძლება არ დაეთანხმო მიტინგს და გამოიყენო კანონიერი ძალაუფლება დაშლისთვის, მაგრამ ტელევიზიაში არავინ შედის.

ეს შევარდნაძემაც კი ვერ გააკეთა. „რუსთავი 2“-ში შეიყვანა ფინანსური პოლიცია, მაგრამ არავინ დაუპატიმრებიათ. კაი ბრალდებაა, რომ მან თურმე საკუთარ ტელევიზიას ფული წაართვა, ანუ თავის თავს წაართვა ფული?!

  • საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისედაც კრიტიკული ხედვა აქვთ ევროპარლამენტარებს და ახლა გვარამიას დაპატიმრებით რას ვეუბნებით ევროპას?

თუ არ გაქვს სასამართლო სისტემა, ესე იგი, ქვეყანა არ არის. არანაირი დემოკრატია არ არსებობს, ნულოვანია ყველაფერი, სულ საათივით რომ გქონდეს აწყობილი სხვა დანარჩენი. ამ სასამართლო სისტემით ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად მიღება შეუძლებელია.

ახლა რომც მიგვიღონ, ჩვენ დაგვიდებენ პირობას, რომ ყველა დანიშნული მოსამართლე გავათავისუფლოთ ან რაღაც მოვიფიქროთ, რადგან ასეთი სისტემით კანდიდატი ქვეყანა ვერ გავხდებით. თურქეთმაც კი დათმო თავის დროზე და გარკვეული დემოკრატიის ელემენტი გააჩინა ამით, როცა ევროკავშირში მიღების იმედი ჰქონდა. თუმცა შემდეგ იქ წავიდნენ, სადაც წავიდნენ.

  • არაერთი ადამიანი, ვინც კარგად იცის ახლა რა პროცესებიც მიდის ევროპარლამენტში და, ზოგადად, რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში, მიიჩნევს, რომ უცნობია, საქართველოს ეს შესაძლებლობა კიდევ ექნება თუ არა. თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილი ვერ აზროვნებს გლობალურად, თქვენი აზრით, ამ ხელისუფლებაში თუ არიან ისეთი ადამიანები, ვინც ამას ხედავს და რა შეუძლიათ მათ?

ამ ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლიათ ივანიშვილს რამენაირად გაუწიონ წინააღმდეგობა ან მისცენ სწორი რჩევა, არ არიან. ისინი ივანიშვილის ყველა ხუშტურს ეთანხმებიან, რადგან ამ ხელისუფლებაში არ არის არც ერთი მეტ-ნაკლებად პატიოსანი ადამიანი.

მე ვერ ვიტყვი, რომ მოაზროვნეები არ არიან, შეიძლება არიან, პატიოსნები არ არიან.

  • ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, და ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი მიიჩნევენ, რომ გვარამიას დაკავება არის საბოტაჟი იმ პროცესების წინ, როცა ჩვენ ველოდებით ევროპისგან პასუხს. „სამწუხაროა იმის ყურება, როგორ კარგავს საქართველო შესაძლებლობას“ – ამბობენ ისინი. თქვენ როგორ ფიქრობთ, საბოტაჟია?

მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის საბოტაჟი, არ არის ეს სწორი განმარტება, რადგან ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს არის ის, რასაც იოლად დათმობს პოლიტიკური ვაჭრობის შემთხვევაში, ოღონდ ევროპელები ვერ გაიგებენ ამას, იქ ასე არ ხდება. ეს ივანიშვილის – პროვინციელი, ქაჯი, ორღობის პოლიტიკოსის ნააზრევია, რომელიც დაშორებულია მსოფლიო პოლიტიკას და ყველაფერს თავისი საზომით ზომავს.

გეუბნებიან, რომ ევროპის პერსპექტივა გაქვს და ამ დროს შენ ამბობ, რომ ყველაზე რეიტინგული ტელევიზია უნდა გავაჩერო.

თუმცა არ მგონია, რომ ივანიშვილს შანსის დაკარგვა უნდოდეს. ის ფიქრობს, რომ ასე შექმნის შანსს. თუკი ევროპა ეტყვის, რომ გამოუშვას გვარამია, ის დათანხმდება ამ პატარას და ივაჭრებს ევროპასთან. ასე ჰგონია. ეს თემა კი ევროპასთან ვაჭრობის საგანი ვერ გახდება.

დარწმუნებული ვარ, საქართველომ თავისი ევროპული პერსპექტივა დაამთავრა იმ დღეს, როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ მის გვერდით ვიყავით და არ მგონია, რომ მაშინ არასწორად ვიყავით, რადგან ყველა ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მიშას ხელისუფლებაც უნდა შეცვლილიყო მაშინ, თავისი უშეცდომობა რომ არ დაეჯერებინა.

ყველა დამნაშავეს რომ არ გადაჰფარებოდა პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, არ წააგებდა არჩევნებს. წააგო, იმიტომ, რომ ყველა დამნაშავეს გადაეფარა. ამბობდა – „ცუდი ამბები არ მითხრათ“, არადა, ცუდი ამბებია ყველაზე საინტერესო.

თუმცა, მას როგორც ექცევიან ახლა, ეს არის საქართველოს საკითხი და არა „ქართული ოცნების“, რადგან საქართველო უყურებს როგორ კლავენ ადამიანს მშვიდად და აუღელვებლად. მიმაჩნია, რომ ეს კატასტროფაა.

მესმის, რომ შეიძლება კაცი არ გიყვარდეს, მაგრამ მშვიდად უყურებდე როგორ კლავენ, ეს განსაკუთრებულ დანაშაულად მიმაჩნია.

  • ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საზოგადოებას სურს ევროინტეგრაცია, ნატო და არა – რუსეთი. მაშინ როგორ ხდება, რომ ისევ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში?

ეს იმიტომ ხდება, რომ ქართველი ხალხის ის ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ მშვიდობისკენ არის, ფაქტობრივად, თანაუგრძნობს „ოცნების“ იმ პოზიციას, რომ მთავარია იყოს სიმშვიდე და სიწყნარე. მაპატიეთ, მაგრამ ამ იდიოტობას მე ვერ დავეთანხმები.

ამას წინათ ვასილ მაღლაფერიძემ გამაკრიტიკა, რაც ჩემთვის დიდი პატივია, რადგან მაღლაფერიძე ჩვეულებრივ გარეწრად მიმაჩნია და მისგან კრიტიკა უკეთესია, ვიდრე ქება-დიდება, ჩემგან დაიცვა ერეკლე მეორე. ის კი არ თქვა, რომ ერეკლესთან ჩემ გარდა ნიკოლოზ ბარათაშვილსაც აქვს პრეტენზიები და საერთოდ, რომ ჩვენ პრეტენზიები სწორად გვაქვს. მან ჩააბარა რუსეთს ჩვენი დამოუკიდებლობა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. გასაგებია, რომ ერეკლე კარგი მეომარი იყო, მაგრამ ეს იყო შეცდომა, თუ დანაშაული არა.

ახლა კი გვეუბნებიან, რომ თურმე ერეკლე იმითაა კარგი, რომ უნდა დანებდე, უნდა ჩაბარდე, სამარცხვინო ტრაქტატი უნდა დაწერო და ასე შემდეგ.

ქართველი ხალხი კი ამბობს, რომ უკრაინისკენაა, მაგრამ იმის გამოც კი არ შეუძლია უთხრას საყვედური, ჩვენი გმირები გმირთა სასაფლაოზე რომ არ იკრძალებიან. ამის უნარიც არ აქვს ახლა ქართველ ხალხს, ამიტომ მართალი გითხრათ, ცოტა ფარისევლური მგონია ეს ლაპარაკიც.

ჩვენ უნდა გვიყვარდეს თავისუფლება. ამ თავისუფლებისთვის თუ სისხლიცაა დასაღვრელი, დავღვრით. აგერ ჩვენმა პოეტმა თქვა „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო“. ჩვენ ეს პოეტი მთაწმინდაზე დავკრძალეთ, მე მგონი, ამ სიტყვების გამო.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ქართველ ხალხს საამაყო არაფერი აქვს და ჩვენი მხარდაჭერილი უკრაინაც არის არა ბოლომდე მხარდაჭერილი. თუ მხარს უჭერ, მაშინ ის მთავრობა, რომელიც გეუბნება, რომ ახლა ჩვენი მთავარი მტერი უკრაინაა, არ უნდა იყოს საქართველოში.

  • ღარიბაშვილი ძალიან ხშირად ახსენებს „მშვიდობას“. ცოტა ხნის წინ კიდევ თქვა, რომ ხელისუფლება „გრძელვადიანი მშვიდობისთვის“ ემზადება, რა გზავნილს ხედავთ პირადად თქვენ ამ ტერმინში?

მე ძალიან სახიფათო შინაარსს ვხედავ ამ სიტყვებში. რას ნიშნავს „გრძელვადიანი მშვიდობა?“, საქართველო რომ წაიღოს რუსეთმა, მაშინაც მშვიდად ვიქნებით? რუსები სამაჩაბლოს რომ მიიტაცებენ, მაშინაც მშვიდობა გვექნება? მთავარია, ეს ხელისუფლება არ გაგრძელდეს ხანგრძლივად, დანარჩენს ყველაფერს ეშველება.

  • ეს როგორ უნდა მოხდეს?

უკრაინამ უნდა მოუგოს რუსეთს ანუ უნდა შესრულდეს მთელი მსოფლიოს ამოცანა. ირაკლი ღარიბაშვილის ამოცანა ეს არ არის, რადგან ბიძინა ივანიშვილს უნდა რუსეთმა მოიგოს ომი, იმიტომ, რომ მან ასე გათვალა, ახლა უნდა, რომ სწორი აღმოჩნდეს, ჰგონია, რომ ის არის სტრატეგოსი.

არც ივანიშვილი, არც ღარიბაშვილი და კობახიძე არ არიან სტრატეგოსები, სამი სულელი კაცია ომის საკითხების შეფასებაში. მათ ჰგონიათ, რომ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ რუსეთს რამე რესურსი გააჩნია, რომელიც მსოფლიოს გარეშეც ვერ უგებდა უკრაინას და მსოფლიოსთან ერთად რა უნდა უქნას ახლა. რუსეთი დამარცხდება და რუსეთთან ერთად დამარცხდება ყველა მისი პირდაპირი, ღია თუ ფარული სატელიტი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი.

თუმცა ივანიშვილს ამ გამარჯვებამდე კიდევ შეუძლია ისე გააფუჭოს სიტუაცია, რომ ვერ მიიღოს ევროპის კანდიდატობა საქართველომ და მიიღოს უკრაინამ.

  • ამას რა გამოასწორებს?

ამას გამოასწორებს ის, რომ ახალი ხელისუფლება ხელახლა მიმართავს ევროპას გაცილებით უკეთესი და უფრო ჭკვიანური პასუხებით. ახლა ჩვენ არც კი ვიცით, რა უპასუხეს ევროპას. შესაძლოა ისეთი პასუხები იყოს გაცემული, რომ დაჭერებიც აღარ იყოს საჭირო, ისე მივიღოთ უარი.

თუ ღარიბაშვილმა ჩაწერა, რომ „იდეალური სასამართლო სისტემა გვაქვს“, გასაგებია, რომ იმ ქაღალდს დაგვახევენ თავზე. ჩვენ უნდა ვთქვათ, როგორ ვასწორებთ ცუდს და თუ ვამბობთ, რომ კარგია და ვჯიუტობთ ევროპასთან, არავინ მოიკლავს ჩვენ გამო თავს.

  • მაშინ გამოდის, ქვეყნის კანდიდატობა ისევ წლებით გადაიწევს?

არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს წლები, ჩვენ გვექნება შანსი, თუ გამოვასწორებთ მდგომარეობას. თუმცა „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რაც გასდის.

ახლა მთავარი დამნაშავე ჩვენი ქვეყნის წინაშე ქართველი მოსახლეობის ის ნაწილია, რომელმაც იცის რა ნაგავთან აქვს საქმე და კვლავ აგრძელებს მათ მხარდაჭერას. „აბა, მიშა გინდათ?“, „აბა, ომი გინდათ?“ – ამ ლოგიკით ჩვენ  ყველაზე ცუდ მეფედ დავით აღმაშენებელი უნდა გამოვაცხადოთ – გაბედა და დიდგორის ომი მოიგო. ვის ვუსმინო და ვის დავუდგა ძეგლი, ირაკლი კობახიძეს თუ დავით აღმაშენებელს?

საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, რამდენი სისხლი დაჯდა, აი, ამ ხალხს იგდებს ვიღაც ვიგინდარა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ომში ფული დაეკარგება და ამიტომ ურჩევნია ეგრეთ წოდებული „მშვიდობა“.

ილიას „მგზავრის წერილები“ მარტო მე მასწავლეს სკოლაში, ივანიშვილი არ სწავლობდა? კარგი მოსწავლე იყოო და ალბათ იცის, რა თქვა ილია ჭავჭავაძემ ცარიელ მშვიდობასთან დაკავშირებით. თუ მართლა სვამს ვინმე ამ კითხვას, – თავისუფლება თუ მშვიდობა, მე ვეტყვი, რომ თავისუფლება უდრის ყველაფერს. თუ თავისუფლება არ არის, მშვიდობა არაფერია.

  • თქვენ ახსენეთ ხალხის პასუხისმგებლობა. თუ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარს ეტყვიან, ამაზე პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება – ხალხს თუ ხელისუფლებას?

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი მარტო ვერ იქნება დამნაშავე. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ხალხსაც, რადგან თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ დავიმსახურეთ.

ამ ხალხის არჩეულია ბიძინა ივანიშვილი და ათი წელი თუ არ ეყოთ იმის გასაგებად ივანიშვილი კარგია თუ ცუდი, ასე შეიძლება 40 წელიც გავიდეს და მაინც ვერ გაიგონ.

ივანიშვილს ჯანმრთელობაც უწყობს ხელს, ათ საათზე სძინავს, არ სვამს, ვარჯიშობს, ხეებს ეხუტება, ასე, რომ მაგის შანსი, რომ ბიძინა ბუნებრივი გზით გამოგვეცლება ხელიდან, არ გვაქვს. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ვინც არ ვეთანხმებით მის პოლიტიკას, უფრო აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ და მივაღწიოთ იმას, რომ არ გვყავდეს ეს ხელისუფლება.

  • გვარამიას დაკავება განიხილება, როგორც „მთავარი არხის“ გაჩერების პერსპექტივა. თავად გვარამიაც საუბრობდა ბოლო დროს ფინანსურ პრობლემებზე. გამოძიება დაწყებულია სხვა ტელევიზიების მენეჯერების წინააღმდეგაც. რამდენად შესაძლებელია საქართველოში ავტორიტარიზმის ან დიქტატურის დამყარება?

შეიძლება მივიღოთ მედიამენეჯერების მასობრივი დაპატიმრებები, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს დაახლოებით ის ხედვა, რაც რუსეთმა გააკეთა მედიასთან დაკავშირებით და ცდილობს ამ კურსით წავიდეს, ანუ გააჩეროს ტელევიზიები. გვარამიას დაპატიმრებით პოტენციალს აკლებს ტელევიზიას, მაგრამ „მთავარს“ მაინც ვერ გააჩერებს.

რაც შეეხება დიქტატურას და ავტორიტარიზმს, მეტისმეტად გადაჭარბებულია წარმოდგენა ივანიშვილზე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მას დიქტატურის დამყარება შეუძლია. ივანიშვილს ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც თვალს ხუჭავს ბოროტებაზე, აი, ეს არის აქ, მაგრამ ივანიშვილი დიქტატორი ვერ გახდება, რადგან საქართველო სადიქტატორო ქვეყანა არ არის.

სადღაც, რომელიღაც ეტაპზე ქართველი ხალხი ხმას ამოიღებს და ის ხალხი, რომელიც ვამბობ, რომ ივანიშვილის ამომრჩეველია, უტვინოები კი არ არიან, უბრალოდ უსინდისოები არიან. მაგრამ როცა მათ ოჯახშიც შევლენ, მერე მიხვდებიან. ჩვენ ვინანებთ, რომ ათი წელი ეს არარაობა დავისვით თავზე. ვინანებთ და ეს მომენტი დადგება.

მთლიანობაში, საქართველოს ბედი ექნება, არ დაიღუპება ეს ქვეყანა. „ვეფხისტყაოსანი“ არ იწერება შემთხვევით ქვეყნებში, ბიძინა ივანიშვილი მოდის ხოლმე შემთხვევით, ეგეთი რამ შეიძლება მოხდეს.

საქართველოში არაფერი მიკვირს, რადგან ჯავახიშვილი გააგდეს და მის ნაცვლად ფილიპე მახარაძე იყო უნივერსიტეტის რექტორი. ასე, რომ ამ ქვეყანას ყველაფერი აქვს ნანახი. ბიძინა ივანიშვილების მეტი რა გვინახავს.

  • რას ელოდებით საქართველოსთვის უკრაინის ომის ორივე სცენარში: უკრაინა იმარჯვებს – რა იცვლება საქართველოში? რუსეთი თუ იმარჯვებს – რა ხდება საქართველოში?

მარტო უკრაინა არ იმარჯვებს, დასავლეთი იმარჯვებს, ევროპული იდეოლოგია იმარჯვებს ამ ომში. რუსეთის დამარცხება კი ნიშნავს ევროპის გამარჯვებას, რაც ასევე ნიშნავს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გამარჯვებას აი, იმ იდეაზე, რომ „მშვიდობა“ გვირჩევნია თურმე ყველაფერს, რომელსაც სულ ტყუილად ამკვიდრებენ.

მშვიდობას მაინც ვერ შეინარჩუნებენ, თუ რუსეთი სამხრეთ ოსეთს მიიერთებს. საქართველო რომ იტყვის, „რა მოხდა მერე“, „ოღონდ მშვიდობა იყოს და ოსეთი კი არა, კიდევ გავატანოთ სხვა რამეო“ – ასეთ ხელისუფლებას ქართველი ხალხი ვერ გადაიტანს.

ბიძინა ივანიშვილმა მოსვლისთანავე სცადა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მოსინჯა ნიადაგი, მაგრამ გაირკვა, რომ ეს შეუძლებელია. მოსინჯა, ეს უკვე ნიშნავს რომ იდიოტია, რადგან საქართველოში ასეთი ნიადაგი არ უნდა მოესინჯა. ამას როგორც ყურმოკრულ ამბავს არ გეუბნებით, პასუხისმგებლობით გეუბნებით, მოწმე ვარ, პირადად შემიძლია დავადასტურო. დიახ, დააპირა.

თუ რუსეთი მიიერთებს სამაჩაბლოს, ჩვენ, ქართული საზოგადოება, ამას ვერ გავატარებთ. ამ შემთხვევაში დადგება კრიზისი. ივანიშვილს თუ პუტინის იმედი აქვს, სულ ტყუილად, რადგან პუტინი კარგი პარტნიორი არ არის, ბიძინაც ფეხებზე ჰკიდია და ყველაფერი, თავისი რუსული იმპერიული ამბიციების წინაშე. ოსეთს მაინც მოპორტნის და წაიღებს.

  • დამარცხების მიუხედავად?

რა თქმა უნდა. დამარცხება რომ არ ჩანდეს. ჩანდეს, რომ ყველგან იმარჯვებს. აფხაზეთი უბრალოდ თვითონ არ მიდის ამაზე.

ივანიშვილი არ არის არც რუსეთის, არც ევროპის და არც არავის, ის არის თავისი ფულის მონა. აგერ ხალხმა თქვა, რომ ბიძინას ფულის გამო აქციებს მოვაწყობთო. ასეთი რამ არსად მსმენია, რომ ხალხი ოლიგარქის ფულის დასაცავად გამოვიდეს. თუ ეს მართლა მოხდა, არ ვიცი, ასეთ ხალხს რაზე შეიძლება ელაპარაკო.

  • გვარამიაზე მინდა გკითხოთ ისევ. მან კი თქვა დაპატიმრებამდე, ჩემი შეწყალება არ სთხოვოთ პრეზიდენტსო, მაგრამ მაინც – სალომე ზურაბიშვილის შესაძლებლობებს აღემატება თუ არა გვარამიას შეწყალება?

მიუხედავად იმისა, რომ გვარამიამ თქვა, არ მიმართოთ ზურაბიშვილსო, დაჭერილი არ იყო, 15 წუთში მისი პარტიის მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ თქვა, ახლა უნდა გამოიჩინოს თავი და ეს მაინც შეიწყალოსო.

დარწმუნებული ვარ, რომ არც მიხეილ სააკაშვილი, არც გვარამია ბოლომდე არ მოიხდიან სასჯელს. პუტინმა ომი წააგოს და პუტინის საძულველი სააკაშვილი კიდევ ციხეში იჯდეს, ამის არ მჯერა.

სააკაშვილის შემთხვევაში ისედაც კრიტიკულია მდგომარეობა და ისედაც გასათავისუფლებელია. ასევე ვფიქრობდი ნიკა მელიაზეც და სწორი აღმოვჩნდი, ადრე თუ გვიან ასე იქნება. გვარამიას გათავისუფლება უფრო ადრე იქნება, რადგან მედიის მიმართ ასეთ ქმედებებს მსოფლიო განსაკუთრებულად ვერ იტანს ხოლმე.

  • გამოდის, საქართველოს მომავალი მთლიანად უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული?

დიახ, ამიტომ უნდა დაგვეჭირა მხარი უფრო სერიოზულად, ვიდრე ეს გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ.

უნდა ჩაგვეკეტა ცაც, რომელიც ომს არ იწვევს, უნდა შევერთებოდით აქციებს იმ ნაწილში, რომ არ ვვაჭრობთ. იქ, სადაც ბევრი ქვეყანა შეიკრიბა [უკრაინაში], ჩვენ არ ვიყავით. საქართველოს ხელისუფლებას ამ დანაშაულს მომავალი თაობები ვერ აპატიებენ. არ შეიძლება მეგობარს ყველაზე მთავარ მომენტში უღალატო.

„ზელენსკი მოგწონთ?“ რომ გვეკითხებიან, მე კი არა, მთელი მსოფლიოს ვარსკვლავია ზელენსკი და აბა, ირაკლი ღარიბაშვილი მომწონდეს?!

ერთხელ ჰოლანდიაში ვიყავი და როცა  პრემიერ-მინისტრი ველოსიპედით მოვიდა, ვუთხარი, რა მაგარია, ველოსიპედით რომ მოხვედით-მეთქი.

მაშინ მითხრა, თქვენს პრემიერს რომ შევხვდი, მითხრა, „ხომ იცი, მე ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი ვარო“. თქვენი პრემიერ-მინისტრი იდიოტია, ახალგაზრდა კი არის, მაგრამ რისი ლიდერიაო – მითხრა. მაშინ ღარიბაშვილი პირველად იყო პრემიერი. როგორია, უცხოელთან შეხვედრაზე რომ ხარ და ამას ისმენ.

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ იდიოტი გვყავს პრემიერად. ისიც იციან, რომ ჩვენი ხელმძღვანელი ბიძინაა, ამიტომ ირაკლის იდიოტობა არაფერს არ აშავებს, რადგან ვიცით, რომ ბიძინას პოზიციაა ქვეყნისთვის მავნე.

ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა მაფიქრებინებს, რომ მომავალში მისაღები გვექნება კანონი – ოლიგარქებს პოლიტიკაში მოსვლა აეკრძალოთ.

პროექტ 30 UNDER 30 -ის გამარჯვებულებს შორის 5 თიბისელია

Forbes Georgia-მ მეოთხედ გამოავლინა პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებული ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. ახალგაზრდებს შორის 5 თიბისელია, რომლებმაც გამარჯვება სხვადასხვა ნომინაციაში მოიპოვეს.

დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელზეც პანდემიის გავლენა დამანგრეველი ეფექტისაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების მხარდაჭერა.

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში მიაღწიეს.

პროექტის ორგანიზატორები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ქართველი ახალგაზრდების მიერ შემოტანილი ასობით აპლიკაციის დამუშავებასა და შეფასებას. Forbes Georgia-მ ამ მიზნის ირგვლივ უკვე მეოთხედ გააერთიანა სფეროს პროფესიონალები და ლიდერები – სწორედ ჟიურის წევრების დახმარებით გამოვარჩიეთ 30 წლამდე ასაკის ის ნოვატორები,  რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიდიან, პოზიტიური ცვლილებებისა და დიდი შედეგების იმედით.

წელს მედიისა და მარკეტინგის კატეგორიის აპლიკაციები ქვეყნის წამყვანი ბიზნესმედიების ხელმძღვანელებმა, დამფუძნებლებმა და მარკეტინგის პროფესიონალებმა შეაფასეს. სწორედ მათი დახმარებით გამოვავლინეთ ინდუსტრიის ის ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე ტრენდებს ეხმიანებიან და საქართველოში შესაფერისი სტანდარტების შექმნაში მონაწილეობენ.

  • სალომე ჯანაშვილი – კია საქართველოსა და მიცუბიში მოტორს ჯორჯიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, CNICK-ის გლობალური მარკეტინგის დირექტორი.
  • მარიამ ცანავა – თიბისი ბანკის მარკეტერი, აფვეის თანადამფუძნებელი და BTU-ს ასისტენტ-პროფესორი
  • ნინა ჭელიძე – View, Inc.-ის ბიზნესგანვითარების მენეჯერი
  • გიორგი ურუშაძე – Factory Berlin-ის არტდირექტორი და მარკეტერი, Tasteit-ის დამფუძნებელი და CEO
  • თამარ ხოსროშვილი – პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი
  • სალომე კუპრაშვილი – Cavea-ს მარკეტინგის დირექტორი

ჟიური: გიორგი ისაკაძე, ოსმან თურანი, გიორგი პოპიაშვილი, მაია მირიჯანაშვილი, შოთა დიღმელაშვილი

კულტურისა და სტილის კატეგორია აერთიანებს მუსიკას, ფერწერას, ლიტერატურას, თეატრს, კინოს, არქიტექტურას, დიზაინს, მოდასა და გართობას. კატეგორიის ჟიურიში წელს გავაერთიანეთ აღნიშნული ინდუსტრიების ის წარმომადგენლები, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებულნი და თავიანთი სფეროს მომავალს ქმნიან – სწორედ მათ შეარჩიეს ახალგაზრდა კოლეგები, ვინც უკვე თუ არა, ძალიან მალე იმავე მასშტაბის წარმატების პოტენციალს წარმოაჩენს.

ჟიური: გურამ გვასალია, ირინა პოპიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, თამარ კვესიტაძე

Forbes-ის დაჯილდოება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების კატეგორიის გარეშე. ფინტექი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერცია – ამ დარგებში პროგრესი პანდემიის პირობებში უფრო დაჩქარდა და ტექნოლოგიების გავლენა და მნიშვნელობა მეტად წარმოჩნდა.  წელს ამ კატეგორიის გამარჯვებულები წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიებისა თუ პროდუქტების ავტორებმა და სტარტაპეკოსისტემის განვითარების გულმხურვალე მხარდამჭერებმა გამოავლინეს.

ჟიური: ავთანდილ კასრაძე, გვანცა მურღვლიანი, რუსკა ქურდოვანიძე, ვახტანგ ცაბაძე

მეცნიერების როლი საზოგადოებრივ განვითარებაში მუდმივად მზარდია. ისინი ცდილობენ, სამყაროში გაჩენილ ყველა კითხვას უპასუხონ და კაცობრიობას ახალი ცოდნა დაუქვემდებარონ – სწორედ მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების გამოვლენაზე იყო წელს კატეგორიის ჟიური ორიენტირებული.

  • ილია კევლიშვილი – MIT-ის პოსტდოკ-მკვლევარი
  • მარი-ლუიზა კონჯარია – ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორანტ-მკვლევარი
  • სალომე ონიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
  • გვანცა სალუქვაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერი, დოქტორანტი
  • ელენე ფანჩულიძე – აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის კოორდინატორი, ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის
  • დეა გოგიშვილი – ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი, დოქტორანტი

ჟიური: სოსო ბერიკაშვილი, ნანა დიხამინჯია

ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კერძო ინიციატივას, ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება. აღნიშნული კატეგორიის გამარჯვებულების გამოვლენა წარმატებულ ქართველ მეწარმეებს, ანტრეპრენიორებსა და გამორჩეულ ბიზნესებს მივანდვეთ.

ჟიური: ქრეიგ კრამერი, ვანო ნაკაიძე, მიხეილ ხიდურელი, თამაზ დუნდუა, ნინო ენუქიძე, ლუკა კაპანაძე

Forbes-ის რჩეული ის ახალგაზრდები გახდნენ, ვინც გამოცემის რედაქტორების ყურადღება თავიანთი გენიალურობითა და წარმატებისკენ სწრაფვის დიდი სურვილით მიიპყრო. ამ კატეგორიაში თავმოყრილნი არიან ყველაზე ახალგაზრდა აპლიკანტები.

შეგახსენებთ, რომ 30 Under 30 პროექტის ახალი გამარჯვებულები ფართო საზოგადოებას 11 მაისს, საქართველოში პირველად გამართულ Under 30-ის ახალგაზრდულ სამიტზე წარუდგინეს. სამიტს თიბისი კონცეპტის სივრცე მასპინძლობდა.

პროექტის მთავარი პარტნიორი  – თიბისი ბანკი

პროექტის პარტნიორი – Gulf Georgia

პროექტის ორგანიზატორი – კონსიერჟ თბილისი

 

ბათუმში „ბლექსის“ ადგილზე 7,4 მილიონ ლარად ახალ საჯარო სკოლას ააშენებენ

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N 61-ში ახალი საჯარო სკოლის შენობას ააშენებენ.

ყოფილი კოლეჯ „ბლექსის“ ადგილზე [ჭავჭავაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში] ახალი სკოლის მშენებლობაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 7 418 283 ლარია.

ახალი სკოლა / რენდერი პროექტიდან

„საპროექტო დოკუმენტაცია კონკურსის წესით შეირჩა, რომლის მიხედვითაც უნდა აშენდეს სამსართულიანი, სრულიად ადაპტირებული სკოლის შენობა, რომელიც გათვლილია დაახლოებით 1 400 მოსწავლეზე (ორ ცვლაში). შენობაში, საკლასო ოთახების გარდა, განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სხვადასხვა დანიშნულების სათავსები. მოეწყობა ღია მოედანი.“ – აცხადებს სამინისტრო.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 3 ივნისს დაიწყება და ხუთ დღეში, 8 ივნისს დასრულდება. სკოლის მშენებლობა კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეში უნდა დასრულდეს.

კოლეჯ „ბლექსის“ ყოფილი შენობა ბათუმში, რომლის ადგილზეც ახალი საჯარო სკოლა აშენდება
ფოტომონტაჟი პროექტიდან

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა უნდა აშენდეს ბათუმში, სვიშევსკის ქ N1-ში. მშენებლობაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ტენდერი 17 534 630 ლარით აქვს გამოცხადებული. ამ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 16 მაისს დასრულდა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით სააგენტოს მომსახურებას შპს „დაგი“ 17 179 630 ლარად სთავაზობს. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ამ ტენდერის შესახებ ვრცლად:

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო

 

 

რუსებმა 100 მილიონი დოლარის მარცვლეული მოიპარეს – უკრაინის აგრარული კომიტეტი

უკრაინის უმაღლესი რადა და რადას აგრარული და მიწის პოლიტიკის კომიტეტი განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად მსოფლიო სასურსათო წესრიგი დაირღვა.

„უკრაინა მსოფლიოს მარცვლეულის უმსხვილეს ექსპორტიორთა სიაშია. გლობალური სასურსათო უსაფრთხოება დაირღვა, რაც რუსეთის აგრესიითაა გამოწვეული და არა იმიტომ, რომ უკრაინას არ სურს შეასრულოს საკვების ექსპორტზე საკუთარი ვალდებულებები. გლობალური სასურსათო უსაფრთხოების რღვევა არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სანქციებითაა გამოწვეული აგრესორის წინააღმდეგ“- წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკირებამ უკვე გამოიწვია მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთის ფასების მკვეთრი ზრდა.

აგრარული და მიწის პოლიტიკის კომიტეტის განცხადებით, უკრაინა მსოფლიოში 400 მილიონზე მეტ ადამიანს აწვდის საკვებს. ომის პირობებში კი, უპირველეს ყოვლისა, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნები ვერ შეძლებენ მიიღონ უკრაინისგან საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა ვეღარც ევროპას აწვდის პროდუქტების ნაწილს.

აგრარული და მიწის პოლიტიკის კომიტეტისა და უმაღლესი რადას ინფორმაციით, რუსეთმა უკვე ძარცვით გაიტანა უკრაინიდან 100 მილიონი დოლარის ღირებულების, დაახლოებით 500 ათასი ტონა მარცვლეული.

ამავე განცხადების მიხედვით უკანონოდ იქნა ექსპორტირებული ათიათასობით ტონა მზესუმზირას ზეთი, უკრაინელ ფერმერებს კი ოკუპანტებმა მიტაცებულ ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოპარეს ან გაუნადგურეს.

ამავე თემაზე: 

ივანიშვილი ხორბლის სქემაშია, ის უნდა დასანქცირდეს – ელენე ხოშტარია

„რუსთავი 2“-ის შემოსავლები გვარამიას დროს და შემდეგ – ოფიციალური ციფრების სიმართლე

რას აჩვენებს ოფიციალური ციფრები, როცა პროკურატურა და ახლა უკვე სასამართლო ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ფინანსურად დააზარალა? – ციფრები  და ოფიციალური სტატისტიკა, რაც კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული აჩვენებს, რომ, მაგალითად, 2015 წელს „რუსთავი 2“-ის წლიური შემოსავალი 9 მილიონ 110 685 ლარი იყო, 2020 წელს კი – 5 მილიონ 649 976 ლარი.

2015 წელი იმიტომ მოვიყვანეთ მაგალითად, რომ თუკი საქმის მასალებს გაეცნობით, ნახავთ, რომ 2015 წლის ეპიზოდს უკავშირდება ხელშეკრულებების გაფორმება ნიკა გვარამიას მონაწილეობით, როცა პროკურატურის ვერსიით, „რუსთავი 2“ დაზარალდა.

„ბათუმელები“ კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულ ციფრებს გაეცნო იმისთვის, თუ რა შემოსავლები ჰქონდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ნიკა გვარამიას დირექტორობის დროს და რა შემოსავალი აქვს ახლა.

ამ დოკუმენტაციის მიხედვით, „რუსთავი 2“-ის შემოსავლები ნიკა გვარამიას დირექტორობის დროს 17 მილიონს გასცდა, ნიკა გვარამიას შემდეგ კი, 6 მილიონამდეც ვერ აღწევს.

კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას თითოეული მაუწყებლის შემოსავლები გამოქვეყნებული აქვს 2013 წლიდან. ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივლისამდე.

2013 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის დირექტორი ნიკა გვარამიაა და ამ დროს ტელევიზიის წლიური შემოსავალი 15 მილიონ 200 492 ლარი ფიქსირდება, მათ შორის, სარეკლამო შემოსავალია 11 230 633 ლარი.

2014 წელს „რუსთავი 2“-ის შემოსავლები 17 მილიონ 855 647 ლარამდე გაიზარდა, სარეკლამო შემოსავლები კი – 13 მილიონ 536 969 ლარამდე.

2015 წელს „რუსთავი 2“-ის შემოსავლები იყო 9 მილიონ 110 685 ლარი, მათ შორის, რეკლამიდან – 6 მილიონ 233 108 ლარი.

2016 წელს „რუსთავი 2“-ის შემოსავლები ისევ გაიზარდა ამჯერად 15 მილიონ 438 976 ლარამდე, რეკლამის შემოსავლები ამ წელს 12 მილიონ 197 723 ლარი გახდა.

2017 წელს „რუსთავი 2“-ის ბიუჯეტი 11 მილიონ 403 476 ლარი გამოვიდა, რეკლამიდან – 9 მილიონ 451 689 ლარი.

2018 წელს „რუსთავი 2“-ის შემოსავლები 13 მილიონ 338 355 ლარამდე გაიზარდა, რეკლამიდან მიღებული შემოსავალი 9 მილიონ 902 916 ლარამდე.

2019 წლის ივლისიდან ნიკა გვარამია აღარ არის „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი. ამ წელს ტელევიზიის შემოსავლები 5 მილიონ 339 617 ლარამდე შემცირდა. რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი, შეადგინა 4 მილიონ 046 578 ლარი.

2020 წელს „რუსთავი 2“-ის დეკლარირებული შემოსავალი 5 მილიონი 649 976 ლარია, რეკლამა – 4 მილიონ 285 458 ლარი.

„რუსთავი 2“-ის 2021 წლის სრული შემოსავლები კომუნიკაციის კომისიის ინტერნეტგვერდზე არ იძებნება. აქ ხელმისაწვდომია მხოლოდ წლის პირველი ნახევრის ანუ პირველი ორი კვარტალის მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით, 2021 წლის პირველ ნახევარში „რუსთავი 2“-ის შემოსავალი იყო სულ 2 მილიონ 367 908 ლარი, მათ შორის, რეკლამიდან – 1 მილიონ 562 652 ლარი.

___

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელს, ნიკა გვარამიას დღეს, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებები, რომლებიც ნიკა გვარამიას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარუდგინა, ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ გენერალური დირექტორი იყო.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ 2019 წელს ბრალი წაუყენა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. სასამართლომ ნიკა გვარამია სსკ-ის 220-ე მუხლის შესაბამისად დასაჯა, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ნიკა გვარამიას საქმის შესწავლის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.

საიას შეფასებით კი, ნიკა გვარამიას განაჩენი უკანონოა და პოლიტიკურად მოტივირებული.

წაბლანაში მეწყრის შიშის გამო მოსწავლეები მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლობენ

ხულოს სოფელ წაბლანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია,  სკოლის მოსწავლეები მეზობელ სოფელში დადიან სასწავლად.

სკოლის შენობაში სწავლის შეჩერების მიზეზი მეწყრის გააქტიურების შიში გახდა. უკვე რამდენიმე თვეა სოფელ წაბლანაში მეწყრული პროცესები მიმდინარეობს და რამდენიმე ოჯახისთვის საფრთხისშემცველია.

„წაბლანის მოსახლეობამ და სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ წაბლანას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უნდა შეჩერებულიყო. მიიჩნიეს, რომ სოფელში გაზაფხულზე დაწყებულ თოვლის დნობას შესაძლოა მეწყრის განმეორება გამოეწვია და საფრთხე წაბლანის საჯარო სკოლასაც დამუქრებოდა.

განათლების სამინისტრომ წაბლანის საჯარო სკოლას სწავლის გაგრძელების 2 ფორმა შესთავაზა –  სწავლა გაეგრძელებინათ ონლაინ ან წაბლანასთან ახლოს მდებარე, სხვა საჯარო სკოლაში. მათ მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლა არჩიეს”, – გვითხრა ხულოს რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გენადი აბაშიძემ.

წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაახლოებით 2 თვეა ყიშლის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ. მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადაადგილებას წაბლანიდან ყიშლის საჯარო სკოლამდე განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.

„ახლა სამხარაულის დასკვნას ველოდებით. შემდეგი გადაწყვეტილება დასკვნის შესაბამისად იქნება მიღებული. თუ დასკვნაში ნათქვამი იქნება, რომ წაბლანის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხოა, მოსწავლეებს წაბლანის საჯარო სკოლაში დავაბრუნებთ“, – გვითხრა გენადი აბაშიძემ.

წაბლანის საჯარო სკოლაში ახლა 120 მოსწავლე სწავლობს. როგორც სკოლის დირექტორმა, გულნარა შაინიძემ გვითხრა, ბოლო 15 დღის განმავლობაში სკოლიდან 10 მოსწავლე წავიდა, მისი თქმით, რამდენიმე ოჯახი მეწყრის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა სოფელი.

წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლე, ანუკი შაინიძე გვიყვება, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ყიშლის საჯარო სკოლაში გადასაყვანად თავიდან 3 მიკროავტობუსი იყო გამოყოფილი, ახლა კი ექვსია.

სოფელ წაბლანის საჯარო სკოლა

მიკროავტობუსები მიმაგრებულია სოფლის გარკვეულ უბნებზე, ამიტომაც მხოლოდ მაშინ ბრუნდება წაბლანაში, როცა ყველა მოსწავლე ამთავრებს სწავლას.

ანუკის თქმით, დაბალი კლასის მოსწავლეები, რომლებსაც უფროსკლასელებთან შედარებით ნაკლები გაკვეთილი აქვთ, იძულებულნი არიან გაკვეთილების დასრულების შემდეგ სხვებს დაელოდონ: „ბავშვები სახლიდან დღის პირველ საათზე რომ გამოდიან, საღამოს 7 საათამდე სკოლაში არიან. ახლა დათბა, აქამდე სიცივეში იყვნენ, მშივრები“.

ყიშლის საჯარო სკოლის დირექტორი, ავთანდილ მახარაძე ამბობს, რომ ყიშლის საჯარო სკოლა საბაზისოა. ამ სკოლაში სულ 46 მოსწავლეა, ამიტომაც სასკოლო ინვენტარის დამატება გახდა საჭირო:

„დაგვაკლდა მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის სკამები, მერხები და წაბლანის საჯარო სკოლიდან გადმოიტანეს“.

ავთო მახარაძე ხულოს საკრებულოს წევრიცაა. მისი თქმით, არ იცის, როდის შეძლებენ წაბლანის საჯარო სკოლაში დაბრუნებას მოსწავლეები.

„ჩვენ ვითხოვთ, გეოლოგებმა საფუძვლიანად შეისწავლონ წაბლანის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ცოტას იგვიანებენ“, – ამბობს ავთანდილ მახარაძე.

წაბლანაში უკვე ორ თვეზე მეტია ელიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს, რათა მათ ადგილზე შეისწავლონ  მეწყერსაშიში ზონები.

ამავე თემაზე:

წაბლანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა – რა ელით აქ მცხოვრებ ოჯახებს

 

ბათუმში მიუსაფარი ძაღლი ტბაში წიხლით ჩააგდეს – პოლიციას განცხადებით მიმართეს

დღეს, 16 მაისს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ცხოველისადმი სისასტიკეა ასახული.

ვიდეო ბათუმის ცენტრალურ პარკშია გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება 2 ბიჭი ტბის ნაპირას მყოფ მიუსაფარ ძაღლს და ერთ-ერთი მათგანი წიხლის კვრით აგდებს ძაღლს ტბაში. ამის შემდეგ ახალგაზრდები იცინიან და გზას აგრძელებენ.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს ბათუმელმა ცხოველების უფლებათა დამცველებმა. მათ განცხადება ბათუმის მთავარ სამმართველოში შეიტანეს.

ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გვაცნობებენ გამოძიების დაწყების შემთხვევაში.

ბათუმელი ცხოველთა მოყვარულები ცდილობენ გაარკვიონ, გადარჩა თუ არა ძაღლი ტბაში ჩაგდების შემდეგ.

კანონი, რომელიც ცხოველის წამებას და მისდამი სასტიკ მოპყრობას კრძალავს, საქართველოში ეფექტურად არ მუშაობს, თუმცა უკვე არსებობს პრეცედენტი – 2021 წლის ივლისში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი მოკლა.

_______________

ფოტოზე: კადრები ვიდეოდან

McDonald’s-ი საბოლოოდ ტოვებს რუსეთს

სწრაფი კვების უმსხვილესი კომპანია „მაკდონალდსი“ რუსეთს საბოლოოდ ტოვებს – კომპანია ქვეყანაში ბიზნესის გაყიდვას აპირებს.

„ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც გამოიწვია ომმა უკრაინაში და არაპროგნოზირებადმა სამუშაო პირობებმა, მაკდონალდსი მიიყვანა დასკვნამდე, რომ რუსეთში ბიზნესის გაგრძელება აღარ არის მიზანშეწონილი და არ შეესაბამება მაკდონალდსის ღირებულებებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც საერთაშორისო მედიაში გავრცელდა.

„მაკდონალდს“ რუსეთში 850 რესტორანი აქვს, სადაც 62 ათასამდე ადამიანი მუშაობს.

კომპანიამ ჯერ კიდევ მარტში შეაჩერა რუსეთში მუშაობა, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო.

_________________

ფოტო: „მაკდონალდსის“ რესტორანი მოსკოვში, 2022 წლის 10 მარტი. ფოტო: EPA-EFE/MAXIM

ბათუმში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა – კომენტარები

დღეს, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა განაჩენი, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამჟამად ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელს, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. 

განაჩენის გამოცხადებიდან მოკლე ხანში ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გაიმართა ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად, რომელსაც ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„მხარდაჭერა მთავარ არხს“, „ეს არის ზეწოლა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე“ – ეს იყო აქციის მთავარი გზავნილები ბათუმში.

„ჩვენ გამოვაქვეყნეთ საქმის შესწავლის შედეგად მომზადებული დოკუმენტი, სადაც ცალსახად ვთქვით, რომ გვარამიას სისხლისსამართლებრივი დევნის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ასე ფიქრობდა, განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც.

იურისტები, რომლებიც დეტალურად იცნობენ ამ საქმეს, ამბობენ, რომ ეს არის პრაქტიკულად საფუძველსმოკლებული საქმე, პოლიტიკური მოტივაციის დონე ძალიან მაღალია ამ საქმეში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო არის პოლიტიკურად მოტივირებული, სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ მიდის ხელისუფლების მაღალი ეშელონების პირებამდე, მათ არ აძლევდათ ხელს გვარამიას აქტიურობა.

შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს მთავარი არხის სარედაქციო პოლიტიკა, ეს არ არის მთავარი.

ეს არის საქმე, რომელიც უნდა დავინახოთ იმ პრიზმიდან, რომ ხელისუფლება პირდაპირ ებრძვის ოპოზიციურ ხმას, ოპოზიციურ მედიას, რომ გაიმყაროს საკუთარი პოზიციები. გვარამიას საქმე არ ეხება მხოლოდ პრესას, არ ეხება მხოლოდ მედიის თავისუფლებას, აქ, ზოგადად, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ წარმოებული რეპრესიების ჯაჭვზეა საუბარი, რაც, სამწუხაროდ, ცუდად მოუბრუნდება ქვეყანას, რომელიც ელოდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ამბავი არის პოლიტიკურად მოტივირებული. შესაძლოა არსებობდეს პრეტენზიები სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ისმოდეს ბრალდებები, რომ ეს [„მთავარი“ არხი] არის მიკერძოებული… კერძო მაუწყებლის გადაწყვეტილებაა, როგორი სარედაქციო პოლიტიკა ექნება. ვფიქრობ, ასეთი მიდგომებით ქვეყანა წინ ვერ წავა და მუდმივად ვიქნებით ერთსა და იმავე ადგილას.

ერთი ხელით ევროკავშირში აკეთებდე განაცხადს, მეორე ხელით – პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს, არ ჯდება ლოგიკაში“ – აღნიშნა სულხან მესხიძემ, 25-ე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

„ის პროცესები, რასაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, საერთო ჯამში აისახება კრიტიკულ მედიაზე, ეს არის ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება დანარჩენი კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის. მე მგონია, თუ ასე გაგრძელდება ეს პროცესები და ჩვენ არ გვექნება პროტესტი და ვერ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას, მერე სად აღმოვჩნდებით, ამაზე კითხვის დასმაც აღარ არის საჭირო.

თუ ვადევნებთ თვალყურს იმ კვლევებსა და შეფასებებს, რომლებიც იდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ვხედავთ, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი თანდათან უფრო უარესდება ჩვენს ქვეყანაში.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ხელისუფლებასთან აფილირებული მედიები, მათ შორის, „ალტ-ინფო“, ღიად აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს და ჩვენ არ გვახსენდება შემთხვევა, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი გამოსულიყო და ამის საწინააღმდეგოდ რაიმე განცხადება გაეკეთებინათ.

არის გონივრული ეჭვი, რომ ჩვენ თანდათან ვცილდებით დასავლურ ორბიტას და ჩრდილოელი მეზობლისკენ უფრო სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჟურნალისტმა ნაზიბროლა რეხვიაშვილმა.

ნახეთ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან: 

რუსეთი ფრანგული „რენოს“ ქარხანაში „მოსკვიჩის“ წარმოებას იწყებს

რუსეთში ფრანგული საავტომობილო კონცერნის „რენოს“ აქტივები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.

„რენო რუსეთის“ ქარხნის აქციები გადაეცა ქალაქ მოსკოვს, „რენოს“ წილი „ავტოვაზში“ კი გადაეცა NAMI ინსტიტუტს, რომელიც მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ორივე გარიგება დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა.

მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი, თავის ბლოგზე წერს, რომ „რენოს“ ქარხანაში „მოსკვიჩის“ წარმოებას დაიწყებენ.

„უცხოელმა მფლობელმა მოსკოვში რენოს ქარხნის დახურვა გადაწყვიტა. ეს მისი უფლებაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ათასობით ადამიანის დატოვება სამსახურის გარეშე. ამიტომ გადავწყვიტე ქარხანა ქალაქის ბალანსზე გადამეტანა და ისტორიული „მოსკვიჩის“ მარკით სამგზავრო მანქანების წარმოება განმეახლებინა.

2022 წელს ჩვენ გავხსნით ახალ გვერდს მოსკვიჩის ისტორიაში,“ – წერს სობიანინი.

„რენოს“ საწარმო მოსკოვში მდებარეობს, კომპანია ფლობდა წილს „ავტოვაზში“ და 45 000 თანამშრომელი ჰყავდა რუსეთში. კომპანიამ 24 მარტს შეაჩერა რუსეთში საქმიანობა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის ფონზე.

_______________

ფოტო: ვიკიპედია

ვაგრძელებთ მოსკოვის იმპერიული მეგალომანიის მკურნალობას – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ კრემლის ამბიციები უკრაინის ტერიტორიების შესახებ მცირდება და „ახლა რუსი ჯარისკაცები, ძალების სიმცირის გამო, კონცენტრირებულნი არიან ლუგანსკის რეგიონზე“.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინა ერთგვარად მკურნალობს მოსკოვის „იმპერიალურ მეგალომანიას“.

„კრემლი ოცნებობდა კიევის, ხარკოვისა და ოდესის ოლქების აღებაზე. შემდეგ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე მაინც. ახლა რუსი ჯარისკაცები, ძალების სიმცირის გამო, კონცენტრირებულნი არიან ლუგანსკის რეგიონზე. ჩვენ ვაგრძელებთ იმპერიული მეგალომანიის მკურნალობას, რათა მოსკოვმა რეალობას გაუსწოროს თვალი,“ – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 27 700 [გასულ დღე-ღამეში +300] ადამიანი
  • ტანკი – 1 228 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 974 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 577 ერთეული [+22]
  • MLRS – 195 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 89 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 200 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 165 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 427 ერთეული [+11]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 101 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 97 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 42 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ანახლებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 მაისამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 168 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 889 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 307 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 108 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 381 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 529 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 949 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

წლის ბოლოსთვის შესაძლებელია რუსეთთან ომის დასრულება – პოდოლიაკი

 

 

ბელარუსის ქმედებები უკრაინელ სამხედროებს აიძულებს საზღვართან დარჩნენ – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ბოლო მონაცემებში საუბარია ბელარუსის მიერ უკრაინისთვის შესაძლო დაბრკოლებების შექმნაზე. როგორც დაზვერვა წერს, ოფიციალურმა მინსკმა თვის დასაწყისში დაანონსებულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით გამოაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან სპეციალური ოპერაციების ძალებს განათავსებს, ისევე როგორც ქვეყნის დასავლეთით მდებარე საწვრთნელ პოლიგონებზე განათავსებს საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო ქვედანაყოფებს.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, ეს ნაბიჯი უკრაინას აიძულებს დატოვოს სამხედროები ბელარუსის საზღვართან, შესაბამისად, აბრკოლებს დონბასში მიმდინარე მოქმედებების მხარდასაჭერად მათ გადასროლას.

მიუხედავად მანამდე არსებული სპეკულაციებისა, ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ბელარუსის სამხედრო ძალები ამ დრომდე არ ყოფილან კონფლიქტში პირდაპირ ჩართული. მიუხედავად ამისა, ბელარუსის ტერიტორიას რუსული სამხედროები იყენებდნენ კიევსა და ჩერნიგოვში წარმატების მისაღწევად, როგორც განლაგების პუნქტს. რუსეთმა ასევე განახორციელა საჰაერო გაფრენები და სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე ბელარუსის ტერიტორიიდან.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სავარაუდოდ ასე ცდილობს დააბალანსოს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მხარდაჭერა და პირდაპირი სამხედრო მონაწილეობისგან თავშეკავების სტრატეგია, რათა თავიდან აირიდოს დასავლური სანქციების რისკი, უკრაინის საპასუხო მოქმედებები და შესაძლო უკმაყოფილება ბელარუსის სამხედროებს შორის.

___

მთავარი ფოტო: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მაღალი რანგის სამხედროებთან ერთად ესწრება „ზაპად 2017“-ს – რუსეთისა და ბელარუსის საერთო სამხედრო წვრთნებს. EPA-EFE/TATIANA ZENKOVICH

მარიუპოლის მცველების ცოლები და დედები ერდოღანთან შესახვედრად გაფრინდნენ თურქეთში

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ჯარისკაცების ცოლები და დედები სტამბოლში გაფრინდნენ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად.

უკრაინული მედიის ცნობით, ისინი აპირებენ მადლობა გადაუხადონ ერდოღანს გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის და სთხოვონ, გააერთიანოს ძალისხმევა, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, „აზოვსტალში“ მყოფი ჯარისკაცების გადასარჩენად.

ქალებმა თურქეთში გამგზავრების წინ ფეისბუქგვერდზე მოკლე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნეს.

კიშინიოვისა და ვარშავის აეროპორტებიდან გაემგზავრნენ: 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის ცოლი ოლგა ბოიკო, პოლკ „აზოვის“ სპეცრაზმის ჯარისკაცის ცოლი, ნატალია პეტროვა, მესაზღვრის ცოლი ოლგა კეროდი და „აზოვის“ მებრძოლის დედა ნატალია კრავცოვა.

______________

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარეობს, რომელიც რუსების ალყაში იმყოფება. მარიუპოლში ჯერჯერობით იბრძვის „აზოვის პოლკი“, რომელიც „აზოვსტალის“ მიწისქვეშა გვირაბებშია გამაგრებული და  რამდენიმე დღეა, რუსეთის შეიარაღებული ძალები მათ აქტიურად უტევენ.

გასულ კვირას ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყო და „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს ბავშვები, ქალები და მოხუცები. მედიის ინფორმაციით, ამ დროსთვის ქარხნის ტერიტორიაზე ისევ რჩებიან დაჭრილი სამხედროები და „აზოვის“ ჯარისკაცები.

 

 

წლის ბოლოსთვის შესაძლებელია რუსეთთან ომის დასრულება – პოდოლიაკი

უკრაინა, ისე როგორც მთელი მსოფლიო, არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომის წარმოებით, წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან ომი წლის ბოლოს დასრულება, ოღონდ რამდენიმე პირობით.

„უკრაინა, ისე როგორც მთელი მსოფლიო, არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით. ჩვენ არ შეგვიძლია ომის დასრულება ამ თვეში, მაგრამ შეგვიძლია წლის ბოლოს. გამარჯვების რეცეპტი მარტივია:  რეალური ემბარგო ნავთობზე + ტანკები, თვითმფრინავები და არტილერია. მოდით, დავასრულოთ ის ერთად,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერის  პირად გვერდზე.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.

ოკუპანტებმა „აზოვსტალს“ ფოსფორის ბომბები დაუშინეს – „ჯოჯოხეთი ჩამოვიდა მიწაზე“

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ალყაში მოქცეულ „აზოვსტალის“ ქარხანაზე იერიშს ყველა არსებული რესურსით.

„მარიუპოლი. აზოვსტალი. ისევ – ციდან, ზღვიდან, მიწიდან. გუშინ ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს აალებადი ან ფოსფორის ბომბები მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ (დასკვნები სპეციალისტებმა გააკეთონ)“, – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ მარიუპოლის მერის მრჩეველ პეტრ ანდრიუშჩენკოვზე დაყრდნობით, რომელიც მტკიცებულების სახით ვიდეოსაც აქვეყნებს.

ანდრიუშჩენკოვის თქმით, თავად ოკუპანტები ამბობენ, რომ გამოიყენეს აალებადი ყუმბარები 9М22С, რომელიც შეიცავს თერმიტულ ფენებს. წვის ტემპერატურა დაახლოებით 2-2,5 ათასი ცელსიუსია. ხანძრის შეჩერება თითქმის შეუძლებელია.

„ჯოჯოხეთი ჩამოვიდა დედამიწაზე. აზოვსტალში. წარმოუდგენელია, როგორ უძლებენ ჩვენი დამცველები“, – დასძინა ანდრიუშჩენკოვმა.

„უნიანის“ ინფორმაციით, „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ქარხანა, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ. ოკუპანტები ქარხანას უტევენ სარაკეტო-ბომბდამშენებით, არტილერიითა და ტანკებით.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „აზოვსტალში“ მყოფი უკრაინელი მებრძოლების გადარჩენის პროცესში ჩაერთნენ გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციით ქარხნის გათავისუფლება უდიდეს ძალისხმევას და დიდძალ ჯარს მოითხოვს.

11 მაისს ვიცე-პრემიერმა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ ათასი მებრძოლი იმყოფებოდეს, რომელთაგან ნახევარი მძიმედ არის დაჭრილი. 12 მაისს მან განაცხადა, რომ ამჟამად მხოლოდ 38 მძიმედ დაჭრილი მებრძოლის გათავისუფლებაზე მიდის მოლაპარაკება.

13 მაისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს სთავაზობდა სხვადასხვა მექანიზმს „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინული მებრძოლების გამოსაყვანად და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ილაპარაკებს.

საუბარია ცოცხლების გადარჩენასა და დაღუპულების ცხედრების გამოტანაზე.

უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო აზოვსტალში მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ აკრძალული ჭურვების გამოყენების გამო.

„აზოვსტალში“ წყალს გათბობის სისტემიდან იყენებენ, დაჭრილები იატაკზე წვანან – დენისოვა

600-მდე დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მძიმე მდგომარეობაში რჩება – წერს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ფეისბუქზე.

„ერთ ოთახში რამდენიმე ათეული ორსართულიანი საწოლია, სხვა დაშავებულები სრულ ანტისანიტარიულ პირობებში, იატაკზე წვანან. წამლები აღარ არის. საკვები და წყალი პრაქტიკულად არ არის. საავადმყოფო იყენებს წყალს, რომელიც მოდის გათბობის სისტემიდან“ – იუწყება დენისოვა.

მისივე განცხადებით, „აზოვსტალში“ ბევრი დაჭრილი დაჭრილი იღუპება, რადგან მათ ვეღარ უწევენ სათანადო სამედიცინო დახმარებას. პარალელურად „აზოვსტალი“ იბომბება ჰაერიდან, მძიმე არტილერიითა და ტანკებით.

„რუსეთი არღვევს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ჰააგის და ჟენევის კონვენციებით გარანტირებულ სიცოცხლისა და სამედიცინო დახმარების უფლებებს. რუსეთი უხეშად არღვევს მოქმედ ჯარებში დაჭრილთა და ავადმყოფთა ბედის გაუმჯობესების შესახებ კონვენციის მე-12 მუხლს.

მივმართავ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამოძიების გაეროს კომისიას, განიხილოს ადამიანის უფლებების დარღვევის ეს ფაქტები.

მოვუწოდებ გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, გადაარჩინოს ჩვენი დამცველების სიცოცხლე და უზრუნველყოს მათი გაყვანა მარიუპოლიდან ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის მესამე ქვეყანაში ევაკუაციით“ – წერს დენისოვა.

__________________________________

ფოტო: EPA-EFE/ALESSANDRO GUERRA

ამავე თემაზე:

ტყვედ არ ჩაბარდებიან, რუსები მათ მოკლავენ – „აზოვსტალში“ დაჭრილი მებრძოლის ცოლი

რუსეთი მოსკოველებსა და პეტერბურგელებს ფრონტის წინა ხაზზე არ გზავნის

ოფიციალური სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა ცდილობს არ გაგზავნოს მოსკოვისა და პეტერბურგის მცხოვრებლები ფრონტის წინა ხაზზე – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ უკრაინულ ტელეარხზე. ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

„რუსული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დანაკარგების რაოდენობით პირველ ადგილზეა ბურიატია, 100 000 მოსახლეზე 99 ადამიანი. შემდეგ მოდის დაღესტანი და რიგი სხვა რეგიონები”, – განაცხადა დენისენკომ.

შს მინისტრის მრჩევლის თქმით, რუსეთში ყველაზე მცირე დანაკარგი არის იამალო-ნენეცკის რეგიონში, მაგრამ აქ მცხოვრებთა უმეტესობა არ არის გაწვეული და ისედაც, რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. მეორე და მესამე ადგილზე, ყველაზე მცირე ზარალით კი მოსკოვი და პეტერბურგია.

„ოფიციალურად აღიარებული გარდაცვალების რაოდენობა მოსკოვში 420-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ბურიატიაში ანუ რუსეთის დედაქალაქში ზარალი ფაქტობრივად 2-3 ადამიანია 15 მილიონზე. პეტერბურგშიც დაახლოებით იგივეა“, – განაცხადა დენისენკომ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა განმარტა, მისი აზრით, რატომ ცდილობენ რუსი სამხედრო მეთაურები მოსკოვისა და პეტერბურგის მცხოვრებლები არ გაგზავნონ უკრაინის ფრონტის ხაზზე.

„პირველ რიგში, რუსი მეთაურები ცდილობენ, რომ ამ ქალაქების მცხოვრებლები ფრონტზე არ მოხვდნენ ე.წ. ნულოვან ხაზზე. მეორეც, თუ წვევამდელები მოსკოვიდან და პეტერბურგიდან დაიღუპებიან ან დაიკარგებიან უკრაინის ტერიტორიაზე, ოფიციალური დაკრძალვები და სამგლოვიარო ისტორიები მოსკოვში არ იყოს“, – აღნიშნა დენისენკომ.

იგი მიიჩნევს, რომ პუტინსა და მის გარემოცვას ესმის, რომ ყველა რევოლუცია, რაც ისტორიაში იყო, დედაქალაქებიდან დაიწყო.

„ისინი ინარჩუნებენ სიმშვიდეს და უსაფრთხოების განცდას მოსკოვსა და პეტერბურგში, რათა არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოს დაუმორჩილებლობის გამოვლინება. რადგან სწორედ ამ ქალაქებიდან შეიძლება დაიწყოს გარკვეული რევოლუციური მოძრაობები რუსეთში“, – განაცხადა დენისენკომ.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღამით უმეტესად უნალექო ამინდი, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 17-18 მაისს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რაც შეეხება ამინდის გრძელვადიან პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბათუმში 20-22 მაისს წვიმაა მოსალოდნელი.

ფინეთმა დაადასტურა, რომ ნატოში განაცხადს შეიტანს – „ეს იტორიული დღეა“

დღეს, 15 მაისს, ფინეთის ხელისუფლებამ, ქვეყნის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ფინეთი გააკეთებს განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ ალინასში, ნატოში გასაწევრიანებლად.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა ნიინისტომ განცხადება ფინურ, შვედურ და ინგლისურ ენებზე გააკეთა და თქვა, რომ ფინეთი ახალ ეპოქაში შედის.

„ეს ისტორიული დღეა“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ  უკრაინაში საომარი ვითარების დაწყების შემდეგ განაცხადეს.

სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი კიდევ ერთი სკანდინავიური ქვეყნის, შვედეთის გადაწყვეტილება ნატოში შესვლის შესახებ.

სტეფანია ექსპრესი – უკრაინაში მატარებელს სიმღერის სახელი უწოდეს ევროვიზიაზე გამარჯვების შემდეგ

უკრაინაში მატარებელს, რომელიც კიევი – ივანო ფრანკოვსკის მიმართულებით მოძრაობს, წელს „სტეფანია ექსპრესი“ ერქმევა. ეს სახელწოდება #43 მატარებელმა მიიღო უკრაინული ჯგუფის, Kalush Orchestra-ს „ევროვიზიაზე“ გამარჯვების შემდეგ, სადაც ჯგუფმა შეასრულა სიმღერა „სტეფანია“.

ამის შესახებ უკრაინის რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ კამიშინი წერს ტელეგრამზე. მისივე თქმით, კიევის, კალუშის და ფრანკოვსკის სადგურებზე ამ მატარებელს სიმღერით – Stephanie, შეხვდებიან.

როგორც ალექსანდრ კამიშინი წერს, ეს იქნება პირველი მატარებელი მსოფლიოში, რომელსაც დედის პატივსაცემად დაარქვეს სახელი.

14 მაისს 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა სიმღერით – Stefania.

ევროვიზიის ფინალში სიმღერის შესრულების შემდეგ უკრაინელმა შემსრულებლებმა მსოფლიოს სცენიდან მიმართეს და „აზოვსტალის“ დახმარება სთხოვეს.

„ყველას გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს! დაეხმარეთ „აზოვსტალს“, ახლავე!“, – მიმართეს მსოფლიოს უკრაინელმა კონკურსანტებმა.

როგორც ჯგუფი წერს იუთუბის არხზე, სიმღერა ავტორმა დედას მიუძღვნა, თუმცა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ამ სიმღერამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

„მიუხედავად იმისა, რომ სიმღერაში არაფერია ნათქვამი ომის შესახებ, ბევრმა დაიწყო სიმღერის ასოცირება დედა უკრაინასთან. უფრო მეტიც, საზოგადოებამ მას ჩვენი ომის ჰიმნი უწოდა!თუ სტეფანია ახლა ჩვენი ომის ჰიმნია, ვისურვებდი, რომ ის ჩვენი გამარჯვების ჰიმნი გახდეს“ – წერს Kalush Orchestra.

„ევროვიზიაზე“ გამარჯვების შემდეგ უკრაინულმა ჯგუფმა სიმღერის ახალი კლიპი გამოაქვეყნა, რომელიც გადაღებულია უკრაინაში, ომისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებში: ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში, გოსტომელში და ა.შ.

YouTube video player

__________________

ფოტო: EPA-EFE/ALESSANDRO DI MARCO

ხალხი თანდათან ბრუნდება ხარკოვში – ოლქის ხელმძღვანელი

ხარკოვში და ხარკოვის ოლქის სოფლებში თანდათან ბრუნდებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები – ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს ინფორმაციას ტელეგრამზე.

მისი განცხადებით, მხოლოდ მატარებლებით ხარკოვში ყოველდღიურად ბრუნდება 2 ათასი ადამიანი.

სინეგუბოვი წერს, რომ ხარკოვში უკვე რამდენიმე დღეა შედარებითი სიჩუმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქი უსაფრთხოა, რადგან კვლავ არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის საფრთხე. ოლქის ბევრ ადგილას მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები.

ამავე დროს, რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დარტყმას ოლქის დასახლებებზე. წუხელ, ჩუჰუივის რაიონში კვლავ განხორციელდა დარტყმა, დაშავდა 2 ადამიანი, მათ შორის 15 წლის ბავშვი. პერვომაისკის დაბომბვისას ასევე დაშავდა ორი ადამიანი – წერს ოლეგ სინეგუბოვი.

ხარკოვი, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბომბებოდა, მათ შორის გრადის ტიპის რაკეტებით. დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, ქალაქი ომის პირველივე დღეებში ათასობით ადამიანმა დატოვა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბოლო დღეებია ხარკოვთან კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

________________

ფოტოზე: ქალაქი ხარკოვი, 14 მაისი. ფოტო: EPA-EFE/SERGEY KOZLOV

ამავე თემაზე: 

ჯარისკაცები არა, რუსეთიდან ჩვენთან დაქირავებული მკვლელები მოვიდნენ – ხარკოველი ქალი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 27 400 [გასულ დღე-ღამეში +200] ადამიანი
  • ტანკი – 1 220 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 958 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 555 ერთეული [+4]
  • MLRS – 195 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 89 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 200 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 164 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 416 ერთეული [+5]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 087 ერთეული [+28]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 95 ერთეული [+0]
  • სპეცტექნიკა – 42 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ანახლებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 მაისამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 165 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 879 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 306 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 098 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 381 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 525 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 934 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვერ ვხსნი, რატომ უშვებენ ამ მასშტაბის შეცდომებს რუსები – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

Exit mobile version