მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ ახერხებს უკრაინა აზოვის პოლკის გამოხსნას – ინტერვიუ შეიარაღების სპეციალისტთან

17.05.2022 • 9470
რატომ ვერ ახერხებს უკრაინა აზოვის პოლკის გამოხსნას – ინტერვიუ შეიარაღების სპეციალისტთან

„იქ რუსული ძალების ისეთი კონცენტრაციაა, რომ უკრაინას რამდენიმე, მექანიზებული ბრიგადა დასჭირდება,“ – ამბობს შეიარაღების სპეციალისტი, გიგა ინაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რა შემთხვევაში შეძლებს უკრაინა აზოვსტალის დაცვას?

სპეციალისტის პროგნოზით, დაახლოებით შემოდგომისთვის მოახერხებს უკრაინა მარიუპოლის ბლოკადის გარღვევას, თუმცა ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამის შანსი უკრაინას მანამდე გაუჩნდეს, როცა რუსული არმია უკან დაიხევს, როგორც ეს ხარკოვის შემთხვევაში მოხდა.

ან იქნებ უკვე აქვს კიდეც უკრაინას მარიუპოლის ბლოკადის გარღვევის შანსი და მოულოდნელობის ეფექტით მოქმედებს? – „ბათუმელები“ შეიარაღების სპეციალისტს, გიგა ინაშვილს „აზოვსტალის“ შესახებ ესაუბრა.

  • ბატონო გიგა, რა არის თქვენთვის ცნობილი დაჭრილების „აზოვსტალიდან“ გადაყვანის შესახებ? ელით, რომ მოლაპარაკებას ექნება შედეგი? 

როგორც ცნობილია, იქ რჩებიან საბრძოლო ქვედანაყოფები, რომლებიც ამაგრებენ „აზოვსტალს“, მიწისქვეშა ბუნკერების ქსელს. გუშინ ვნახეთ, რომ ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალებით დაბომბეს „აზოვსტალი“. გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ეს იყო 122-მილიმეტრიანი ან 152-მილიმეტრიანი ჭურვები… ეს არ იყო ფოსფორის ბომბი, რადგან სუფთა, თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა რუსებს საერთოდ არ აქვთ შეიარაღებაში, მისი წარმოება, შენახვა და ექსპლუატაცია საკმაოდ ძვირი ჯდება. იყენებენ მაგნიუმის და ტერმიტის აალებად ელემენტებს, რომელსაც წვისას დაახლოებით იგივე ვიზუალური ეფექტი აქვს.

  • უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, ოლეგ ჟდანოვი 21 აპრილს ამბობდა, რომ „აზოვსტალზე“ დახმარების აღმოჩენის შანსი გაჩნდებოდა, თუკი დონბასში რუსეთის შეტევას მოიგერიებდა უკრაინა. ვხედავთ, რომ უკრაინა რუსული არმიის თავდასხმას იგერიებს. რატომ ვერ ხერხდება „აზოვსტალის“ დაცვა? 

ეს იმდენად დიდი ტერიტორიაა და რუსული ძალების ისეთი კონცენტრაციაა, რომ შეტევისთვის უკრაინას მინიმუმ რამდენიმე მექანიზებული ბრიგადა დასჭირდება. უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მარიუპოლამდე დაახლოებით 100 – 120 კილომეტრია, ბლოკადა უნდა გაარღვიო, რომ „აზოვსტალამდე“ მიხვიდე, ასე ვთქვათ, კორიდორი გაჭრა, რასაც დასჭირდება არტილერიის მასიური საცეცხლე მხარდაჭერა. ბლოკადა რომ ახლა რამდენიმე ბატალიონით გაარღვიონ, დანაყოფი მოხვდება ორმხრივ ცეცხლში და მარტივად შეიძლება გაანადგურონ. ფლანგებიდან წამოსულმა ცეცხლმა რომ ვერ დაგაზიანოს, ბლოკადა უნდა გაჭრა – დაახლოებით 15-20 კილომეტრი სიგანით. ამას სჭირდება სერიოზული დაჯგუფება. უკრაინას სჭირდება შემტევი ძალა, რომელიც შეძლებს ამის გაკეთებას…

შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის უკრაინელებმა მოახერხონ ისეთი დაჯგუფების ფორმირება, რომელიც მარიუპოლზე გაიჭრება. ეს მოცემულობა ყოველდღიურად იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ხდება კონკრეტულ მიმართულებაზე. მაგალითად, ხარკოვში ვიცით, რომ უკან იხევენ და ალბათ ერთ-ორ კვირაში მთლიანად გათავისუფლდება ეს მიმართულება. უკრაინას უკვე შეეძლება ეს ძალები გადაისროლოს მარიუპოლის მიმართულებაზე, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხარკოვიდან კი გადიან რუსეთის შეიარაღებული ძალები, მაგრამ ძალების მეტი კონცენტრაცია ხდება ლუგანსკის მიმართულებაზე, სადაც უკვე 2500 ერთეულამდე სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული, მათ შორის, 350-400 ტანკია. სავარაუდოა, რომ ამ მიმართულებიდან შეტევას აპირებენ.

  • რა განლაგება აქვთ რუსებს „აზოვსტალთან“, ან რა ტაქტიკით მოქმედებენ? 

„აზოვსტალში“ რუსები მოქმედებენ ზოგადად, ქალაქში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ტაქტიკით… „აზოვსტალს“ ძირითადად ბომბავენ არტილერიით და ავიაციით, ბომბავენ ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალებით და ვაკუუმური ბომბებით. თუმცა საინტერესოა, მაგალითად, ის, რომ რუსებს შეიარაღებაში არ აქვთ ამერიკული MOP-ის მსგავსი ზემძიმე ბეტონსაწინააღმდეგო ბომბი, რომელსაც შეუძლია ბეტონის საფარის მასიური ჩანგრევა გამოიწვიოს. რუსები ძირითადად 500 და 1500 კგ-იან ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებს იყენებენ, რაც ხშირად საკმარისი არ არის, ვერ აღწევს საკმარის სიღრმეში. შეიძლება ითქვას, რომ მათ ამ კუთხით ტექნიკური ჩამორჩენა აქვთ.

რუსები მარიუპოლში ძირითადად ამუშავებენ სპეცდანიშნულების ძალებს, რომლებსაც ქალაქში ბრძოლა შეუძლიათ, ასევე საზღვაო ქვეითთა ნაწილებია იქ, სადესანტო მოიერიშე ბრიგადების დანაყოფებიც არიან, საცეცხლე მხარდაჭერას ნაღმტყორცნებიდან ახორციელებენ. ერთ-ერთ ფოტოზე გამოჩნდა 240-მილიმეტრიანი მძიმე ნაღმტყორცნი „წულპანი“, რომელიც მუშაობდა მარიუპოლში… იქ ჩვეულებრივი არტილერიაც მუშაობს, ტანკებიც შეინიშნება, თუმცა მასობრივად არა, სადღაც შევარდებიან, გაისვრიან და მერე უკან ბრუნდებიან.

  • რაც ჩანს დღეს უკრაინაში ფრონტის წინა ხაზიდან – რამდენადაა შანსი, რომ უკრაინამ შემოდგომამდე შეძლოს „აზოვსტალის“ დაცვა და იქ მყოფი ადამიანების გადარჩენა? 

დრო სჭირდება იმას, რომ დასავლეთიდან მიწოდებული ტექნიკის გამოყენება უკრაინამ სრული მასშტაბით შეძლოს და ეს ბოლომდე ჩაიშალოს ქვედანაყოფების დონეზე. ეს შანსი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტული მიმართულებით რა იცვლება. ამ ეტაპზე ოპერატიული წარმატება ჯერ არც ერთ მხარეს არ აქვს, უკრაინა თავდაცვაშია ძირითად მიმართულებებზე, ხოლო გარღვევისთვის საჭიროა არა ქვედანაყოფი, არამედ მექანიზებული შენაერთი, რომლის საბრძოლო მოქმედების კოეფიციენტიც შეტევის მომენტში უნდა იყოს მაღალი, დასვენებული, არ იყოს ბრძოლისგან გამოფიტული.

ამ ეტაპზე ეს რესურსი არ შეინიშნება, თუმცა არც უნდა შეინიშნებოდეს, მოულოდნელობის ეფექტი უნდა ჰქონდეს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ იქნება კიდეც. ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ ღირს.

ამ თემაზე:

„აზოვსტალი“ – მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: