მთავარი,სიახლეები

ოკუპანტებმა „აზოვსტალს“ ფოსფორის ბომბები დაუშინეს – „ჯოჯოხეთი ჩამოვიდა მიწაზე“

15.05.2022
ოკუპანტებმა „აზოვსტალს“ ფოსფორის ბომბები დაუშინეს – „ჯოჯოხეთი ჩამოვიდა მიწაზე“

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ალყაში მოქცეულ „აზოვსტალის“ ქარხანაზე იერიშს ყველა არსებული რესურსით.

„მარიუპოლი. აზოვსტალი. ისევ – ციდან, ზღვიდან, მიწიდან. გუშინ ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს აალებადი ან ფოსფორის ბომბები მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ (დასკვნები სპეციალისტებმა გააკეთონ)“, – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ მარიუპოლის მერის მრჩეველ პეტრ ანდრიუშჩენკოვზე დაყრდნობით, რომელიც მტკიცებულების სახით ვიდეოსაც აქვეყნებს.

ანდრიუშჩენკოვის თქმით, თავად ოკუპანტები ამბობენ, რომ გამოიყენეს აალებადი ყუმბარები 9М22С, რომელიც შეიცავს თერმიტულ ფენებს. წვის ტემპერატურა დაახლოებით 2-2,5 ათასი ცელსიუსია. ხანძრის შეჩერება თითქმის შეუძლებელია.

„ჯოჯოხეთი ჩამოვიდა დედამიწაზე. აზოვსტალში. წარმოუდგენელია, როგორ უძლებენ ჩვენი დამცველები“, – დასძინა ანდრიუშჩენკოვმა.

„უნიანის“ ინფორმაციით, „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ქარხანა, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ. ოკუპანტები ქარხანას უტევენ სარაკეტო-ბომბდამშენებით, არტილერიითა და ტანკებით.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „აზოვსტალში“ მყოფი უკრაინელი მებრძოლების გადარჩენის პროცესში ჩაერთნენ გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციით ქარხნის გათავისუფლება უდიდეს ძალისხმევას და დიდძალ ჯარს მოითხოვს.

11 მაისს ვიცე-პრემიერმა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ ათასი მებრძოლი იმყოფებოდეს, რომელთაგან ნახევარი მძიმედ არის დაჭრილი. 12 მაისს მან განაცხადა, რომ ამჟამად მხოლოდ 38 მძიმედ დაჭრილი მებრძოლის გათავისუფლებაზე მიდის მოლაპარაკება.

13 მაისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს სთავაზობდა სხვადასხვა მექანიზმს „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინული მებრძოლების გამოსაყვანად და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ილაპარაკებს.

საუბარია ცოცხლების გადარჩენასა და დაღუპულების ცხედრების გამოტანაზე.

უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო აზოვსტალში მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ აკრძალული ჭურვების გამოყენების გამო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: