მთავარი,სიახლეები

„რუსთავი 2“-ის შემოსავლები გვარამიას დროს და შემდეგ – ოფიციალური ციფრების სიმართლე

16.05.2022 • 1948
„რუსთავი 2“-ის შემოსავლები გვარამიას დროს და შემდეგ – ოფიციალური ციფრების სიმართლე

რას აჩვენებს ოფიციალური ციფრები, როცა პროკურატურა და ახლა უკვე სასამართლო ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ფინანსურად დააზარალა? – ციფრები  და ოფიციალური სტატისტიკა, რაც კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული აჩვენებს, რომ, მაგალითად, 2015 წელს „რუსთავი 2“-ის წლიური შემოსავალი 9 მილიონ 110 685 ლარი იყო, 2020 წელს კი – 5 მილიონ 649 976 ლარი.

2015 წელი იმიტომ მოვიყვანეთ მაგალითად, რომ თუკი საქმის მასალებს გაეცნობით, ნახავთ, რომ 2015 წლის ეპიზოდს უკავშირდება ხელშეკრულებების გაფორმება ნიკა გვარამიას მონაწილეობით, როცა პროკურატურის ვერსიით, „რუსთავი 2“ დაზარალდა.

„ბათუმელები“ კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულ ციფრებს გაეცნო იმისთვის, თუ რა შემოსავლები ჰქონდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ნიკა გვარამიას დირექტორობის დროს და რა შემოსავალი აქვს ახლა.

ამ დოკუმენტაციის მიხედვით, „რუსთავი 2“-ის შემოსავლები ნიკა გვარამიას დირექტორობის დროს 17 მილიონს გასცდა, ნიკა გვარამიას შემდეგ კი, 6 მილიონამდეც ვერ აღწევს.

კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას თითოეული მაუწყებლის შემოსავლები გამოქვეყნებული აქვს 2013 წლიდან. ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივლისამდე.

2013 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის დირექტორი ნიკა გვარამიაა და ამ დროს ტელევიზიის წლიური შემოსავალი 15 მილიონ 200 492 ლარი ფიქსირდება, მათ შორის, სარეკლამო შემოსავალია 11 230 633 ლარი.

2014 წელს „რუსთავი 2“-ის შემოსავლები 17 მილიონ 855 647 ლარამდე გაიზარდა, სარეკლამო შემოსავლები კი – 13 მილიონ 536 969 ლარამდე.

2015 წელს „რუსთავი 2“-ის შემოსავლები იყო 9 მილიონ 110 685 ლარი, მათ შორის, რეკლამიდან – 6 მილიონ 233 108 ლარი.

2016 წელს „რუსთავი 2“-ის შემოსავლები ისევ გაიზარდა ამჯერად 15 მილიონ 438 976 ლარამდე, რეკლამის შემოსავლები ამ წელს 12 მილიონ 197 723 ლარი გახდა.

2017 წელს „რუსთავი 2“-ის ბიუჯეტი 11 მილიონ 403 476 ლარი გამოვიდა, რეკლამიდან – 9 მილიონ 451 689 ლარი.

2018 წელს „რუსთავი 2“-ის შემოსავლები 13 მილიონ 338 355 ლარამდე გაიზარდა, რეკლამიდან მიღებული შემოსავალი 9 მილიონ 902 916 ლარამდე.

2019 წლის ივლისიდან ნიკა გვარამია აღარ არის „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი. ამ წელს ტელევიზიის შემოსავლები 5 მილიონ 339 617 ლარამდე შემცირდა. რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი, შეადგინა 4 მილიონ 046 578 ლარი.

2020 წელს „რუსთავი 2“-ის დეკლარირებული შემოსავალი 5 მილიონი 649 976 ლარია, რეკლამა – 4 მილიონ 285 458 ლარი.

„რუსთავი 2“-ის 2021 წლის სრული შემოსავლები კომუნიკაციის კომისიის ინტერნეტგვერდზე არ იძებნება. აქ ხელმისაწვდომია მხოლოდ წლის პირველი ნახევრის ანუ პირველი ორი კვარტალის მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით, 2021 წლის პირველ ნახევარში „რუსთავი 2“-ის შემოსავალი იყო სულ 2 მილიონ 367 908 ლარი, მათ შორის, რეკლამიდან – 1 მილიონ 562 652 ლარი.

___

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელს, ნიკა გვარამიას დღეს, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებები, რომლებიც ნიკა გვარამიას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარუდგინა, ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ გენერალური დირექტორი იყო.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ 2019 წელს ბრალი წაუყენა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. სასამართლომ ნიკა გვარამია სსკ-ის 220-ე მუხლის შესაბამისად დასაჯა, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ნიკა გვარამიას საქმის შესწავლის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.

საიას შეფასებით კი, ნიკა გვარამიას განაჩენი უკანონოა და პოლიტიკურად მოტივირებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: