მთავარი,სიახლეები

დაშავდა ბავშვი – ბათუმში ატრაქციონი ბეტონზე, კაუჩუკის ხალიჩის გარეშე დაამონტაჟეს

17.05.2022 • 1940
დაშავდა ბავშვი – ბათუმში ატრაქციონი ბეტონზე, კაუჩუკის ხალიჩის გარეშე დაამონტაჟეს

ბათუმში, აბუსერიძის #31-ში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიამ, რომელსაც ეზოში ატრაქციონის დამონტაჟება ევალებოდა, აქ მცხოვრები ბავშვები საფრთხეში ჩააგდო. აქ მცხოვრებთა თქმით, ატრაქციონი ერთი კვირის წინ დაამონტაჟეს.

„ატრაქციონები სპეციალური კაუჩუკის ხალიჩის გარეშე პირდაპირ ბეტონზე დადგეს და დატოვეს, ყოველგვარი შემოსაზღვრის გარეშე, შედეგად ბავშვი დაშავდა. დაზიანებული აქვს ყურის აპკი და ექიმის რეკომენდაციით დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი,“ – გვითხრა ბავშვის დედამ, სოფო ლემსაძემ.

ბავშვი 15 მაისს დაშავდა.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ამ კონკრეტულ მისამართზე ატრაქციონის დამონტაჟების სამუშაოები არ დასრულებულა:

„იქ იქნებოდა რაიმე სახის გაფრთხილება, შემოსაზღვრული იქნებოდა ლენტით, რაც ალბათ ქარმა  დააზიანა, გაირკვევა და აღადგენენ,“ – გვითხრეს სამმართველოს პრესსამსახურში.

დაშავებული ბავშვის დედის ინფორმაციით კი, ატრაქციონი შემოსაზღვრული არ ყოფილა და არც ბავშვის დაშავების შემდეგ უზრუნია ვინმეს ამაზე.

ატრაქციონებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯთ დიზაინ მეტალი“ ამონტაჟებს. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით შეასრულოს სამუშაოები, კონკრეტულად კი:

უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა; უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეებისა და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა; მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციისა და მტვრის გავლენა გარემოზე; ყველა სახის სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან; სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი თავისი ძალებით და სახსრებით 3 (სამი) დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.“

სამუშაო პროცესში ტერიტორიის შემოფარგვლის აუცილებლობაზე ჩანაწერი ხელშეკრულებაში ვერ ვიპოვეთ, სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ ატრაქციონები, რომლებსაც კომპანია დაამონტაჟებს, უსაფრთხო და სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს.

კომპანიის წარმომადგენელი პასუხისმგებლობას ბავშვების მშობლებს აკისრებს: „სპეციალური ლენტით იყო შემოსაზღვრული ტერიტორია, მე არ ვიცი სად წავიდა ეს ლენტი, სხვა რა უნდა ვქნა, დაცვას ხომ ვერ დავიქირავებ. მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, როცა დაუსრულებელია და ლენტითაა შემოსაზღვრული, იქ ბავშვი არ უნდა შევიდეს.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: