მთავარი,სიახლეები

ჯარისკაცები არა, რუსეთიდან ჩვენთან დაქირავებული მკვლელები მოვიდნენ – ხარკოველი ქალი

29.04.2022 • 1449
ჯარისკაცები არა, რუსეთიდან ჩვენთან დაქირავებული მკვლელები მოვიდნენ – ხარკოველი ქალი

46 წლის ნატალია იარიში ხარკოვში, ჩრდილოეთ სალტიკოვის რაიონში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ მისი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია რუსულმა ბომბდამშენმა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები ნატალიამ თავად გადაიღო და „ბათუმელებს“ გამოუგზავნა.

ნატალია ხარკოვიდან გვიყვება, რა მდგომარეობაა ახლა ქალაქში, რა ინტენსივობით და რა დროს იბომბება ქალაქი, როგორ ახერხებენ გადარჩენას და როგორია ხალხის განწყობა ხარკოვში, ქალაქში, რომელიც ყოველდღე იბომბება და რომელიც რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა ამ ომში.

კორპუსის ბინაში ნატალია ოჯახის შვიდ წევრთან და ხუთ ძაღლთან ერთად რჩება ინტენსიური დაბომბვის პირობებში. გვეუბნება, რომ სარდაფში დამალვას აზრი არ აქვს, რადგან ხარკოვს უმძლავრეს ბომბებს უშენენ და თუ აფეთქებენ კორპუსს, ფეთქდება სარდაფებიც.

ხარკოველი ქალის მონათხრობს უცვლელად გთავაზობთ.

ნატალია იაროში, ხარკოვი:

ვცხოვრობდით მშვიდად მარიუპოლშიც, ხარკოვშიც, ჩერნიგოვში, იზიუმში, ხერსონში, მელიტოპოლში, ირპენში, გოსტომელში, ბუჩაში, ბერდიანსკში და სხვა ქალაქებსა და სოფლებში. მუშაობდა მაღაზიები, აფთიაქები, კინოთეატრები, კაფე-რესტორნები.

ვისაც რა ენაზე სურდა, იმ ენაზე ლაპარაკობდა, ვუყურებდით იმ ფილმებს და ვკითხულობდით იმ წიგნებს, რაც გვსურდა: უკრაინულად, ინგლისურად, რუსულად, გერმანულად და ა.შ.

ვაშენებდით სახლებს, თავისუფლად ვყიდულობდით და ვყიდდით ბინებს, ვარემონტებდით ახალ სახლებს და ვმოგზაურობდით, დავდიოდით დასასვენებლად და როცა ვბრუნდებოდით, მომდევნო შვებულების დღეებს ვგეგმავდით წინასწარ. ცხადია, ვიღაცები ალბათ ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ კიდეც, მაგრამ მერე რიგდებოდნენ.

დავდიოდით ფეხბურთის მატჩებზე, ვთესავდით ხორბალს და კარტოფილს, ძაღლებს და ბავშვებს ყოველ საღამოს ვასეირნებდით პარკებში, დავდიოდით აგარაკებზე და მდინარის ნაპირებზე გვიყვარდა ჩამოსხდომა, გვქონდა გეგმები და ოცნებები.

ყოველი წლის 31 დეკემბერს შამპანურით სავსე ჭიქებით ვულოცავდით ერთმანეთს ახალი წლის დადგომას და საუკეთესო წელს ვუსურვებდით. ვუსურვებდით ერთმანეთს ახლობლებისა და ოჯახის წევრების ხანგრძლივ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას…

თუმცა 24 დეკემბერს უკრაინას თავს დააცხრნენ „მოძმე გამათავისუფლებლები“ დიადი მისიით. ეს მისია – „ნაცისტებისგან გათავისუფლება“ საკუთარ თავებს მათ თავად მოუგონეს.

ვინ სთხოვდა? რომელი ნაციონალისტებისგან უნდა გვიხსნან? გაუგებარია. და აი, ასე, „რუსულმა სამყარომ“ იზრუნა, რომ მილიონობით უკრაინელი გაეთავისუფლებინა ყველაფრისგან:

სახლებისგან, ბინებისა და აგარაკებისგან, გეგმებისა და მომავლისგან. შეჩვეული და ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი ცხოვრებისეული სიამეებისგან. სითბოსგან, სახლებში შუქისგან. ონკანიდან წამოსული ცხელი წყლისგან, მშვიდი ცხოვრების და ტკბილი ძილისგან.

გაგვათავისუფლეს სიხარულის და ღიმილისგან, საყვარელი ცხოველებისგან. საკუთარ ქალაქში მშვიდად სეირნობის შესაძლებლობისგან, თავისუფლად გადაადგილებისგან.

ისინი ახლა თავგამოდებით ათავისუფლებენ მარიუპოლს, ხარკოვს, იზიუმს, ხერსონს, სიცოცხლისგან ათავისუფლებენ დიდი სიხარულით ამ ქალაქების მცხოვრებლებს.

ჩვენს ქალაქში სიმშვიდე აღარსადაა, გვბომბავენ 24 საათის განმავლობაში, დღისით და შუაღამისას, განსაკუთრებით ღამით, საღამოს ექვსი საათიდან დილის ექვსამდე. სახლში ვართ. სარდაფში ჩასვლას აზრი არ აქვს. აქ არ არის საიმედო და გამაგრებული სარდაფები. როცა კორპუსს უშენენ, თუ ჩამოინგრა, ინგრევა სარდაფებიც.

მძლავრ ბომბებს იყენებენ ხარკოვში, კორპუსებს სარდაფებიანად ანგრევს.

ჯერჯერობით გვაქვს გაზი, შუქი და წყალი, მაგრამ ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით სალტაკში, ვინც ვერ დატოვა ეს რეგიონი, ქუჩაში ამზადებენ საკვებს, სროლების ქვეშ. ამ დროს ზოგი კვდება.

ჰუმანიტარულ დახმარებას უდაბურ ადგილებში არიგებენ, იყო შემთხვევები, როცა ხალხი დაშავდა. ცვიოდა ბომბები პროდუქტის დარიგებისას, რომ პანიკა დაეთესათ ხალხში და მსხვერპლი ყოფილიყო.

ხალხი ცდილობს ჰუმანიტარული პროდუქტების რიგში დიდხანს არ დარჩეს, ეს ძალიან საშიშია.

ქალაქს ჩვენი ხელისუფლება მართავს, მაგრამ ცა არ არის დაკეტილი და გვბომბავენ ისე, როგორც და როცა სურთ. ბომბდამშენები მოფრინავენ კასპიის ზღვის, ყირიმის მხრიდან. ისვრიან სხვადასხვაგვარ ბომბებს.

თუ ცა არ დაიკეტება, არაფერს არ აქვს აზრი. ვერასდროს გამოიცნობ, საიდან და რას დაბომბავენ. ქალაქს ჩვენ ვაკონტროლებთ, მაგრამ რა აზრი აქვს ამას, როცა ცა ღიაა?

ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ მოხალისეები, მიაქვთ საკვები ადამიანებთან და ცხოველებთან. ბევრმა წასულმა დატოვა ქალაქში ცხოველები, დატოვეს მოხუცებიც, რომლებსაც რიგ შემთხვევაში, არ სურდათ ქალაქის დატოვება, რიგ შემთხვევაში კი, ვერ შეძლეს მათი წაყვანა.

მოხალისეების საქმიანობა ძალიან სახიფათოა, სროლებში გადაადგილდებიან და ცდილობენ ყველას დაეხმარონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. იყო შემთხვევები, როცა ფოსტას დაარტყეს, ცდილობენ ისე გააკეთონ, რომ ხარკოვამდე ვერ მოაღწიოს ჰუმანიტარულმა დახმარებამ. ხალხში პანიკას თესავენ და აიძულებენ, ყველამ დატოვოს ქალაქი.

მიუხედავად ამ მცდელობისა, ხარკოვის მცხოვრებთა 70% ქალაქს არ ტოვებს. ხალხი ცდილობს ერთმანეთზე იზრუნოს, ცდილობენ ყურადღება მიაქციონ მარტო დარჩენილ მოხუცებს, მათ, ვინც ამ ომში ყველაზე უმწეო და დაუცველია.

ხარკოვში გარიზონტის, პატიხატას, პიტიხატას რაიონი, ჩრდილოეთ სალტაკი, პრაქტიკულად სრულადაა განადგურებული. ახლა იქ მხოლოდ ნანგრევებია. კასეტური ბომბებით გაანადგურეს ყველაფერი.

ხარკოვის ახლომახლო მდებარე გარეუბნები ძალიან დაზარალდა. ბომბების ნაწილი ცვივა და არ ფეთქდება. განადგურებულია ქალაქის შემოგარენში თითქმის ყველა სახლი. თითქმის ვერ ნახავთ დაუნგრეველ სახლს და აქედან ხალხი ევაკუირებულია.

არ გვაქვს არც ერთი დილა, საღამო და შუადღე, როცა არ გვბომბავენ. სულ თვითმფრინავების გრგვინვის ხმა ისმის. ვერტმფრენები და ბომბდამშენები დაფრინავენ ყოველდღე ბელარუსისა და რუსეთის, კერძოდ, ბელგოროდის მხრიდან.

ძალიან იტანჯება ქალაქგარეთ მდებარე სოფლების მოსახლეობა. ცერკუნის, ლიცის და კაზაჩელოპანის სოფლები, მათ არც ჰუმანიტარული დახმარება აქვთ, საკვების და წყლის გარეშე არიან. უმრავლესობა სარდაფებში იმალება და ეს სოფლები რუსების მიერაა ოკუპირებული, მათ გასათავისუფლებლად ბრძოლები მიდის.

ხალხი ძალიან იტანჯება. სარდაფებში მშივრები, გაყინულები და შეშინებულები სხედან, მათ შორის ბევრი ბავშვი და მოხუცია.

მათი ნაწილი რუსებს რუსეთში, ბელგოროდში გადაჰყავთ, მაგრამ იქ არ ტოვებენ. მიჰყავთ მრავალსაათიან დაკითხვებზე ფილტრაციის ბანაკებში და მერე სახალინზე, ჩრდილოეთში უშვებენ.

აქ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან ჯარისკაცები არ ჩამოსულან. ჩამოვიდნენ დაქირავებული მკვლელები, რომლებიც აუპატიურებენ და კლავენ ბავშვებსა და ქალებს, მოროდიორობენ და მოპარულ ნივთებს რუსეთში ეზიდებიან. ჯარისკაცები ასე არ იქცევიან. ჯარისკაცებმა საკუთარი ქვეყანა და მიწა უნდა დაიცვან. ეს დაქირავებული მკვლელები კი ძალიან კარგად აცნობიერებენ, რასაც აკეთებენ.

ჩემი ქმარი ეროვნებით რუსია, მე უკრაინელი ვარ. ჩემი შვილებიც ნახევრად რუსები არიან. ჩემი ქმრის ნათესავების ნახევარზე მეტი რუსეთში, ბელგოროდში ცხოვრობენ და მხარს არ გვიჭერენ, არ თანაგვიგრძნობენ, რუსული ტელევიზიებისგან არიან ზომბირებულები.

ხარკოვში მცხოვრებმა რუსების ძალიან დიდმა ნაწილმა, მათ შორის, ჩემმა ქმარმაც, ვინც ადრე რუსეთის მხარდამჭერი იყო, აზრი რადიკალურად შეიცვალა.

ხარკოვის რუსულენოვანი მოსახლეობა გაოგნებულია, ისინი ამას არ ელოდნენ – არ ესმით, როგორ შეიძლება რუსეთი ასე მზაკვრულად დასხმოდა თავს ხარკოვს, უკრაინას, სადაც მათი ნათესავები, მეგობრები, ახლობლები ცხოვრობენ. ყველა უკრაინის მხარესაა. რუსეთის ვერაგობას ყველასთვის აეხადა ფარდა.

ხარკოვის შემოგარენში, რუსების მიერ ოკუპირებული სოფლების მცხოვრებლები უარს ამბობენ რუსულ ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებაზე და წვავენ პროდუქტებს. ისინი რუსებისგან ნებისმიერი სახის დახმარებასა და რუსეთში გადასვლაზე უარს ამბობენ. ვინც მიჰყავთ, მიჰყავთ ძალით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 16-ჯერ დაგვბომბეს, ზანზარებს სახლები, ფანჯრები, მთელი ქალაქი.

სახლში ახლა შვიდნი ვართ: მე, ჩემი შვილები, მეუღლე. ჩემი ბიჭი შშმ პირია, მყავს 15 წლის გოგო, 78 წლის ინსულინდამოკიდებული დედა.

ჩვენთანაა ჩემი დაც მეუღლესთან ერთად, მათი უბანი სრულად განადგურდა და ჩვენთან გადმოვიდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: