მთავარი,სიახლეები

ბათუმში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა – კომენტარები

16.05.2022 • 2041
ბათუმში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა – კომენტარები

დღეს, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა განაჩენი, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამჟამად ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელს, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. 

განაჩენის გამოცხადებიდან მოკლე ხანში ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გაიმართა ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად, რომელსაც ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„მხარდაჭერა მთავარ არხს“, „ეს არის ზეწოლა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე“ – ეს იყო აქციის მთავარი გზავნილები ბათუმში.

„ჩვენ გამოვაქვეყნეთ საქმის შესწავლის შედეგად მომზადებული დოკუმენტი, სადაც ცალსახად ვთქვით, რომ გვარამიას სისხლისსამართლებრივი დევნის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ასე ფიქრობდა, განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც.

იურისტები, რომლებიც დეტალურად იცნობენ ამ საქმეს, ამბობენ, რომ ეს არის პრაქტიკულად საფუძველსმოკლებული საქმე, პოლიტიკური მოტივაციის დონე ძალიან მაღალია ამ საქმეში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო არის პოლიტიკურად მოტივირებული, სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ მიდის ხელისუფლების მაღალი ეშელონების პირებამდე, მათ არ აძლევდათ ხელს გვარამიას აქტიურობა.

შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს მთავარი არხის სარედაქციო პოლიტიკა, ეს არ არის მთავარი.

ეს არის საქმე, რომელიც უნდა დავინახოთ იმ პრიზმიდან, რომ ხელისუფლება პირდაპირ ებრძვის ოპოზიციურ ხმას, ოპოზიციურ მედიას, რომ გაიმყაროს საკუთარი პოზიციები. გვარამიას საქმე არ ეხება მხოლოდ პრესას, არ ეხება მხოლოდ მედიის თავისუფლებას, აქ, ზოგადად, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ წარმოებული რეპრესიების ჯაჭვზეა საუბარი, რაც, სამწუხაროდ, ცუდად მოუბრუნდება ქვეყანას, რომელიც ელოდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ამბავი არის პოლიტიკურად მოტივირებული. შესაძლოა არსებობდეს პრეტენზიები სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ისმოდეს ბრალდებები, რომ ეს [„მთავარი“ არხი] არის მიკერძოებული… კერძო მაუწყებლის გადაწყვეტილებაა, როგორი სარედაქციო პოლიტიკა ექნება. ვფიქრობ, ასეთი მიდგომებით ქვეყანა წინ ვერ წავა და მუდმივად ვიქნებით ერთსა და იმავე ადგილას.

ერთი ხელით ევროკავშირში აკეთებდე განაცხადს, მეორე ხელით – პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს, არ ჯდება ლოგიკაში“ – აღნიშნა სულხან მესხიძემ, 25-ე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

„ის პროცესები, რასაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, საერთო ჯამში აისახება კრიტიკულ მედიაზე, ეს არის ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება დანარჩენი კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის. მე მგონია, თუ ასე გაგრძელდება ეს პროცესები და ჩვენ არ გვექნება პროტესტი და ვერ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას, მერე სად აღმოვჩნდებით, ამაზე კითხვის დასმაც აღარ არის საჭირო.

თუ ვადევნებთ თვალყურს იმ კვლევებსა და შეფასებებს, რომლებიც იდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ვხედავთ, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი თანდათან უფრო უარესდება ჩვენს ქვეყანაში.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ხელისუფლებასთან აფილირებული მედიები, მათ შორის, „ალტ-ინფო“, ღიად აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს და ჩვენ არ გვახსენდება შემთხვევა, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი გამოსულიყო და ამის საწინააღმდეგოდ რაიმე განცხადება გაეკეთებინათ.

არის გონივრული ეჭვი, რომ ჩვენ თანდათან ვცილდებით დასავლურ ორბიტას და ჩრდილოელი მეზობლისკენ უფრო სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჟურნალისტმა ნაზიბროლა რეხვიაშვილმა.

ნახეთ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან: 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: