საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის თურქეთში ექსტრადაციის მოთხოვნა ისევ ძალაშია.
„გალიპ ოზთურქი თურქეთის მოქალაქეა, რომელსაც თურქეთის სასამართლომ მიუსაჯა პატიმრობა. იგი საქართველოში 2014 წელს ჩამოვიდა, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.
შემდეგ თურქეთის უზენაესმა სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა განაჩენი, რის საფუძველზეც თურქეთმა მოითხოვა საქართველოდან მისი ექსტრადიცია.
ეს მოთხოვნა ახლაც ძალაშია,“ – ამბობს საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა სერენ იაზგანი.
მისი კომენტარი თურქეთის საელჩომ „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა.
მილიონერი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს დააკავეს.
ბიზნესმენის დასაკავებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 9-საათიანი სპეცოპერაცია დასჭირდა.
საგამოძიებო სამსახურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალიფ ოზთურქის კუთვნილ კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები „განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“ განხორციელდა. საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, სპეცოპერაციის დროს გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ მისამართზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
თუმცა 2 ივნისს ოზთურქს ბრალი მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს, რაც გულისხმობს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას“.
გალიფ ოზთურქს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – საქართველოს და თურქეთის. ის ბიზნესს საქართველოში 2011 წლიდან ეწევა. 2011 წელს, ბათუმის მერიამ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გალიფ ოზთურქის კომპანია ბათუმში ავტოსადგურს აშენებდა.
„ახალი ავტოსადგურის ტერიტორია 109 000 კვ.მ ფართობს მოიცავს, სადაც 60000 კვ.მ-ს 3-სართულიანი მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრი დაიკავებს. ავტოსადგურის მფლობელი ქართულ-თურქული კომპანია „ავრასია-ჯორჯია“ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 20 მლნ. დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო“, – ეწერა გავრცელებულ რელიზში.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
კოალიცია ეხმიანება 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუციისმიღების ფაქტს.
„როცა ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში ეფექტურად გამოიყენოს დარჩენილი დრო, რომ გაზარდოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსი.
მომავალი ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ყველა შტოსთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით:
დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ამისათვის გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი ან სხვა სამართლებრივი გზები;
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა შეწყვიტონ თავდასხმები და ბოიკოტის რეჟიმი კრიტიკული მედიის მიმართ.
დაჩქარდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შემთხვევების გამოძიება, მათ შორის , 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ფაქტების სრულფასოვანი შესწავლის და ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის პროცესი;
ევროკავშირის პრაქტიკის მსგავსად, საქართველოში აიკრძალოს რუსული ტელეარხების ტრანზიტი;
საჯარო სამსახურებმა ჯეროვნად აღასრულონ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებები“ – აცხადებს მედიის ადვოკატირების კოალიცია.
გუშინ, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია.
საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე, მისი კოლეგის, „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა ფეისბუქში. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა დეპუტატმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვალდებულებებით მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ სტატუსზე უარი უნდა თქვას.
„დღეს დიმიტრი ხუნდაძის აბსურდულმა განცხადებამ ცხადყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის წევრობა არ სურს. ადრეც იყო კულუარული საუბრები, რომ [ირაკლი] კობახიძის ფრთას განსაკუთრებით არ სურდა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა, რასაც კობახიძის მაშინდელი განცხადებებიც ადასტურებდა.
თუმცა ქართველი ხალხის შემართებამ და ბრძოლამ „გადაღუნა“ ქართული ოცნება და შეიტანა განაცხადი. და თუ მართლა იმ სისულელეს, რასაც ხუნდაძე გაიძახის, ჩაიდენს ეს ხელისუფლება, აი, მაშინ დაგატყდებათ ქართველი ხალხის რისხვა.
„ქართული ოცნება“, რა ხდება, ომი გინდათ? თუ ასეა, გექნებათ, ქართველი ხალხი უმოკლეს დროში დაგასამარებთ“, – წერს ტარიელ ნაკაიძე.
—–
ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში
თავი მეთერთმეტე. გარდამავალი დებულებები მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს „უსამართლო ვალდებულებებით” მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ სტატუსზე უარი უნდა თქვას, საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ეხმიანება ფეისბუქზე.
„გუშინ ეთერში ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილს მძევლად ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მათი და სახელმწიფოს მომავლით ვაჭრობს საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
დღეს, მისი მსტოვრები, უკვე ტოლობას სვამენ, ევროპის მიერ რუს ოლიგარქად აღიარებულ ბიძინა ივანიშვილსა და სახელმწიფოს, საქართველოს შორის!
იანუკოვიჩს სხვა არაფერი გაუკეთებია უკრაინისთვის და მოქალაქეებმაც გასცეს პასუხი!
არ დავუთმოთ საკუთარი მომავალი რუს ოლიგარქს!
პ.ს. შეგახსენებთ პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების არ შესრულება, დიმიტრი ხუნდაძის მიერ გახმოვანდა, ახლაც ის ახმოვანებს ბ. ივანიშვილის გეგმას“ – წერს თამარ კორძაია.
ხუნდაძის განცხადებას დღეს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
„რას ბედავთ თქვენ?! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?“ – წერსნინო ლომჯარი სოციალურ ქსელში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სპინალურ – კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა პაციენტი ძვირადღირებულ პრეპარატს უფასოდ მიღებს.
„ბენეფიციარების უმეტესობისთვის დაავადების მედიკამენტური მკურნალობა, მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო. სპინალურ – კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს.
მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას” – წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მედიკამენტის უფასოდ მიღება „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შედეგად გახდა შესაძლებელი.
მედიკამენტის მისაღებად, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბენეფიციარის წარმომადგენელი, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, აფთიაქში წამალს უფასოდ იღებს.
სპინალური კუნთოვანი ატროფია (სკა) მძიმე გენეტიკური, პროგრესირებადი ნეიროკუნთოვანი დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების ატროფიას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს. ანადგურებს მოტორიკის ნეირონებს, ისინი აკონტროლებენ ისეთ აქტივობებს, როგორიცაა საუბარი, სიარული, სუნთქვა და ყლაპვა.
იგი იშვიათი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება. უმეტესად დიაგნოსტირდება ბავშვთა ასაკში.
პირი, რომელიც დღეს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალში შეიჭრა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია.
ოფიციალური ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო 179-ე ყაჩაღობის მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დაკავებულ პირს ბრალის დადასტურების შემთხვევაში ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შს. სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით დაკავებული 1989 წელს დაბადებული მამაკაცია.
მას კიდევ ერთი – 236-ე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რომლის პირველი ნაწილი გულისხმობს „სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.
შემთხვევა დღეს, 10 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე მოხდა, „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში.
თვითმხილველის მონათხრობის თანახმად, თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა.
„წინააღმდეგობის შემდეგ თავდამსხმელმა ერთხელ გაისროლა ჰაერში. სროლის ხმაზე ბანკის თანამშრომლები გარეთ გაცვივდნენ. შენობაში დარჩა მხოლოდ თავდამსხმელი, როცა მიხვდა სალაროს ვერ გახსნიდა, თავადაც გაიქცა“, – გვიყვება თვითმხილველი.
მისი თქმით, თავდამსხმელი დაახლოებით 20-25 წლის კაცია. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა.
ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება და ღონისძიება 20 ივნისამდე გაგრძელდება. ღონისძიებებისთვის მთლიანობაში 328 535 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, 90 ათასი ლარი ბათუმის, ხოლო 238 535 ლარი აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
თანხა ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით, დაიხარჯება. დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება. აღნიშნული თანხებით გათვალისწინებულია საზაფხულო დეკორაციების – კერძოდ, ფერადი ტილოების, ყვავილების, ტოფოკუთხეების და ტოფოლოკაციების მოწყობა.
კვების ბლოკები და კვების კონსტრუქციები
მოწვეული ბენდები და DJ
საგამოფენო სივრცეები
ღამის დეკორაციები
საბავშვო გასართობი ლოკაციები და აქტივობები
ანიმატორები
ფეიერვერკი
ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, 90 ათასი ლარი გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებებისთვის:
ფრანების შოუ, დრამერების შოუ, მუსიკალური ბენედების და დიჯეის საკონცერტო პროგრამა
ბანერების ბეჭდვა
ვიდეოგადაღება
ფეირვერკის გაშვების უზრუნველყოფა
„აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიმდინარე წლის მთავარი სტრატეგია 2019 წლის ტურისტული ნაკადების აღდგენაა. დაგეგმილია 500 ჟურნალისტისა და ტუროპერატორის ვიზიტი რეგიონში, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების აღდგენასა და დამატებაზე.
ბათუმის აეროპორტში მაისის თვისთვის უკვე დაგეგმილია 250-ზე მეტი საერთაშორისო ფრენა 10 ქვეყნიდან, განახლდა ფრენები გალფის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე, წელს პირველად შესრულდება რეისები რიგიდან და ტაშკენტიდან, განახლდება რეისები ტალინიდან და ვილნიუსიდან და ა.შ“, – ნათქვამია შესყიდვების პორტალზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტურისტული სეზონის გახსნის მთავარი მიზანი საზოგადოებაში საზაფხულო განწყობის შექმნაა, „მეორე მხრივ, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა და მოწოდება, რომ აჭარა მზად არის ვიზიტორების მისაღებად“.
ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლების აყვანა სცადა. შემთხვევა დღეს, 10 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე მოხდა, „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში.
თვითმხილველის მონათხრობის თანახმად, თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა. მან სცადა მძევლის აყვანაც იარაღის მუქარით, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ბანკის სხვა თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.
„წინააღმდეგობის შემდეგ თავდამსხმელმა პისტოლეტის მსგავსი იარაღიდან ერთხელ გაისროლა ჰაერში. სროლის ხმაზე ბანკის თანამშრომლები გარეთ გამოიქცნენ. შენობაში დარჩა მხოლოდ მძარცველი და როცა მიხვდა, რომ სალაროს ვერ გახსნიდა, თავადაც გაიქცა“, – გვიყვება ბანკის თანამშრომელი.
მისი თქმით, თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.
რაც შეეხება მის მონაცემებს, ის იყო 20-25 წლის კაცი, რომელსაც ყვითელი ჰუდი ეცვა და სათვალე ეკეთა.
ბანკის თანამშრომლის თქმით, თავდამსხმელს პოლიცია დაედევნა.
ბანკში ამ ეტაპზე კრიმინალისტებიც მუშაობენ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს. ოფიციალურ ინფორმაციას მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.
____
მთავარი ფოტო: ბანკის ფილიალში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ამოქმედებიდან [2015 წელი] დღემდე C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდა 2.3 მილიონზე მეტ ადამიანს. მათგან 96 000-ზე მეტს ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა. თუმცა მონაცემების მიხედვით მკურნალობა ჩაიტარა 78 000-მა ადამიანმა. პროგრამის ანგარიშის მიხედვით განკურნების მაჩვენებელმა 98.8% შეადგინა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა და დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად“-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო და ხელმისაწვდომია დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. პროგრამა მოიცავს პრევენციის კომპონენტსაც.
რამდენიმე დღის წინ „საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წლიური ანგარიში 2020-2021“ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშში წერია, რომ 6 წლის მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა (5.4% -2015 წელს და 1.8% – 2021 წელს).
„კვლევამ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა B ჰეპატიტის მხრივაც – ბავშვებში B ჰეპატიტის გავრცელება მნიშვნელოვნად დაბალია მოზრდილებთან შედარებით, რაც ვაქცინაციის პროგრამის წარმატებულ მიმდინარეობაზე მიუთითებს,“ – წერია ანგარიშში.
ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შეფასების, ასევე, B და C ჰეპატიტების გავრცელებისა და რისკფაქტორების შესწავლის მიზნით, CDC-ის მხარდაჭერით, 2021 წელს საქართველოში ჩატარდა ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციური კვლევა. კვლევის მონაცემებით, მოზრდილ მოსახლეობაში C ჰეპატიტის აქტიური შემთხვევების გავრცელება 1.8%-ს შეადგენს, ხოლო ბავშვებში შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, COVID-19 პანდემიის დაწყებამდე, ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციით დაავადებული სავარაუდო 150 000 ადამიანიდან 53% იდენტიფიცირდა, მათგან 78%-მა დაიწყო მკურნალობა.
CDC: 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 1000 ადამიანი იწყებდა პროგრამით მკურნალობას, რაც შეამცირებდა დაავადების გავრცელებას 51%-ით და ინციდენტობას 51%-ით 2024 წლის ბოლოსთვის.
მოსალოდნელია, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2025 წლამდე გაგრძელდება. ამას ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის 2021-2025 წლების სტრატეგიული გეგმაც მოწმობს, რომელიც ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის 2019 წლის რეკომენდაციებს ეფუძვნება.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ივნისის 21 საათიდან 11 ივნისის 21 საათამდე, ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 13-18, დღისით 23-28 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 23-28 გრადუსი სითბო
მაღალ მთაში – ღამით 5-10, დღისით 15-20 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირას, 12 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. მომდევნო ორ დღეს – 13 და 14 ივნისს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
„…სულაც არ გამოვრიცხავ, იქ, სადაც ადამიანებს უსმენენ, იგივე „სუს-ის ფაილების“ სკანდალის შემდეგ, ყოფილიყო პროტესტი, რომ უკანონოდ აღარ მოუსმენდნენ, ამ ცვლილებით კი, მასშტაბი ფართოვდება – უფრო მეტ ადამიანს მოუსმენენ და თან კანონის სახელით“, – ამბობს ლონდა თოლორაია. ის ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორია, რომელიც იმის გამო, რომ უკანონოდ ფარულ მოსმენებსაც ხშირად აპროტესტებდა, დღეს აქვს სტატუსი – „ყოფილი“.
ლონდა თოლორაიას ვესაუბრეთ, რატომ დასჭირდა „ოცნების“ ხელისუფლებას ახალი საკანონმდებლო ცვლილება ფარულ მოსმენებზე, რომლის მიხედვითაც 27 მუხლით მეტ სისხლის სამართლის საქმეზე შეიძლება მოუსმინონ ფარულად ადამიანებს, მოსმენის ვადა 6-დან 9 თვემდე გაიზარდა და მოგვისმინონ ისე, რომ ჩვენ 30 წელი ვერც ვერაფერი გავიგოთ.
ქალბატონო ლონდა, თქვენი აზრით, რა არის მთავარი საფრთხე, რასაც ითვალისწინებს ახალი საკანონმდებლო ცვლილება ფარულ მოსმენებზე, რაზეც სამოქალაქო სექტორი ვეტოს დადებას პრეზიდენტს სთხოვს?
ამ კანონის მიღებამდეც კი, პრობლემა იყო, მაგალითად, ადამიანებისთვის შეტყობინების გაგზავნა, რომ მას ფარულად უსმენდნენ. კანონმდებლობით პროკურორი იყო ვალდებული, მოსმენის დასრულებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ მოსმენის ობიექტისთვის გაეგზავნა შეტყობინება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მანამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მოგეხსნებათ, ჰქონდა ამ მიმართულებით მონიტორინგის ფუნქცია – ვაკონტროლებდით, რამდენად ასრულებდა პროკურატურა კანონიერად თავის უფლებამოსილებას. მუდმივად ფიქსირდებოდა პრობლემა: დაგვიანებით უგზავნიდნენ ადამიანებს შეტყობინებას, ან მას შემდეგ, როცა იგებდნენ, რომ შემოწმება დავიწყეთ. პროკურატურას გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა შეტყობინების გაგზავნა, რადგან ზოგჯერ ამას თან სდევდა პროტესტი: რატომ მისმენდნენ? პროტესტის საგანი იყო ისიც, რომ ზოგჯერ მოსმენის საგანი იყო არა ის საუბარი, რომელიც სისხლის სამართლის საქმესთან იყო შემხებლობაში, არამედ პირადი და პერსონალური ინფორმაცია.
მიყურადების რა მოდელი გვექნება, თუ ეს საკანონმდებლო ცვლილება შევა ძალაში?
ზოგადად, უფრო კომფორტული მოცემულობა იქმნება იმისთვის, ვინც მოსმენას ახორციელებს, რადგან კანონისმიერი საფუძველი ექნება მოსმენას. როგორც იცით, გაიზარდა მუხლების რაოდენობა და პროკურატურას არც იმ კუთხით დასჭირდება მანევრი, რომ კვალიფიკაცია ცვალოს – ზოგჯერ სპეციალურად იმ მუხლით იწყებოდა გამოძიება, რაც ითვალისწინებდა ფარულ მოსმენას.
ამ ჩამონათვალს დაუმატეს ისეთი მუხლები, რაც არარელევანტურია, ჩემი აზრით, მაგალითად, 405-ე მუხლი, რაც გულისხმობს „საქვეყნოდ მოწოდებას აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ“, ან 239-ე პრიმა მუხლი – „ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება“, გაუგებარია, საქვეყნოდ და საჯაროდ როცა ხდება ამ დანაშაულის ჩადენა, ფარული მოსმენა რატომ არის საჭირო?
შეიძლება, ზოგიერთი მუხლის დამატება ამ ჩამონათვალში ლოგიკურია, რომ პროკურატურას სჭირდება მტკიცებულების მოპოვება, მაგრამ ისეთი ფონია, სახელმწიფო უწყებებისთვის უფლებამოსილების გაფართოება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი დაუცველობის განცდას აჩენს ქვეყანაში.
ევროსასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ ფარული მოსმენა არის ყველაზე უხეში ფორმით ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში და მისი გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა ხდებოდეს, მაღალი საშიშროების მქონე თუა, ანუ საუბარია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე მუხლებზე. პარლამენტმა კი, ჩამონათვალი გაზარდა ზოგიერთი იმ მუხლით, სადაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულია. სისხლის სამართლის კოდექსი ამბობს, რომ მუხლი ნაკლებად მძიმე დანაშაულია და შენ, სახელმწიფოს, ყველაზე უხეში ფორმით გინდა ჩაერიო ადამიანის პირად ცხოვრებაში.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მოსმენის პერიოდი გრძელდება 9 თვემდე, ხოლო შეტყობინება შესაძლოა 30 წელი არ გაუგზავნონ ადამიანს, ვისაც უსმენდნენ. ეს რა შემთხვევაშია შესაძლებელი?
დიახ, კანონმდებლობა ითვალისწინებს შეტყობინების ვალდებულებას ისევ, თუმცა უკვე გათვალისწინებულია მისი განუსაზღვრელი ვადით გადაწევის შესაძლებლობა, თუკი პროკურატურა შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სასამართლოს და ახსნის, რატომ არ უნდა გაუგზავნოს შეტყობინება მოქალაქეს… ზოგიერთ დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა 30 წელია. შეტყობინების ვადაც შესაძლოა ამ ვადით გადაიწიოს.
6-დან 9 თვემდე მოსმენის ვადის გახანგრძლივებაც გაუგებარია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება: თუ 6 თვეში ღირებული ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, შეუძლებელია 3 თვით გახანგრძლივებამ შეცვალოს მდგომარეობა. მიმუშავია ბევრი წელი საგამოძიებო უწყებაში და ვიცი, რომ ამის შანსი ნაკლებია.
ფარულ მოსმენებზე ამ დრომდე აჭიანურებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას იმის მიუხედავად, რომ 4 წლის წინ დაასრულა კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში მომზადებული სარჩელის განხილვა. რატომ დასჭირდა ეს საკანონმდებლო ცვლილება ხელისუფლებას?
ამ ცვლილებით იზრდება ადამიანთა წრე, ვისაც შეიძლება მოუსმინონ… აქამდეც შეიძლებოდა მოესმინათ ამ ადამიანებისთვის იმ მუხლებით, რაც ახლა დაამატეს, მაგრამ ახლა ეს კანონის სახელით და სასამართლოს ჩართულობით გაფართოვდა. ამჯერად, მსგავსი ჩანაწერების გამოყენება შესაძლებელი იქნება უფრო მარტივად ადამიანების წინააღმდეგ იგივე სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებების სახით, ასევე პროკურატურას შეუძლია განსაიდუმლოება მოახდინოს უკვე სასამართლოს განჩინების გზით მოპოვებული მტკიცებულების და დისკრედიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენოს.
ჩვენ ვნახეთ „სუს-ის ფაილების საქმე“ და ვიცით, რომ გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა… სულაც არ გამოვრიცხავ, იქ, სადაც ადამიანებს უსმენენ, იგივე „სუს-ის ფაილების“ სკანდალის შემდეგ, ყოფილიყო პროტესტი, რომ უკანონოდ აღარ მოუსმენდნენ, ამ ცვლილებით მასშტაბი ფართოვდება.
ამ გზით უფრო იოლად აპირებს ხელისუფლება ავტორიტარული მიდგომების გაძლიერებას, ასე ჩანს?
ბოლო პერიოდში ისე განიხილავს საქართველოს პარლამენტი კანონპროექტებს, რომ ამას დემოკრატიის პროცესს ნამდვილად ვერ დავუძახებთ, არავის აზრი არ აინტერესებთ, მხოლოდ რამდენიმე თვინიერ უწყებას ჰკითხავენ აზრს და იღებენ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში კი, საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება ფარული მოსმენის მარეგულირებელი ნორმების შესახებ.
კითხვებს აჩენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა, რატომ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება 4 წელი, როცა ცნობილია, რომ საქმის განხილვა დასრულებულია. უფრო გვიან დაწყებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები გვინახავს. ეს აჩენს კითხვებს და არის საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხისმგებლობის საკითხი.
სამართლებრივი ბერკეტი არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გადაწყვეტილებას არ იღებს ფარულ მოსმენებზე. თქვენს საქმეზეც, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა პარლამენტმა, საკონსტიტუციო არ წავიდა პარლამენტის წინააღმდეგ. რა შანსი რჩება დემოკრატიის სასარგებლოდ?
ახლა მნიშვნელოვანი როლი აქვს პრეზიდენტს, თუმცა შესაძლოა პარლამენტმა დაძლიოს ვეტო. შესაბამისად, ამ სიტუაციაში გამოსავლის პოვნა რთულია, როცა სახელმწიფო უწყებები ერთ ხმაში მოქმედებენ.
გააჩნია, რა პრაქტიკას გამოიყენებს სასამართლო, თუ ეს საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდება, სასამართლოს როლი იქნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია გავლენის მოხდენა, თუკი დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებაზეც სავარაუდოდ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა 4 წელი წინა საქმეზე ვერ მიიღეს გადაწყვეტილება. ამ მოცემულობაში დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
ბათუმის დელფინარიუმის შენობას რამდენიმე ადგილზე პუტინის ომის სიმბოლო – „Z“-ი დაახატეს. როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაციაში გვითხრეს, შენობა აღჭურვილია ვიდეოსათვალთვალო კამერებით. შესაბამისად, პოლიციამ უნდა შეძლოს იმ პირის თუ პირთა ჯგუფის დადგენა, ვინც რაშიზმის სიმბოლო დახატა დელფინარიუმის კედელზე.
როგორც „ბათუმელებს“ ადმინისტრაციაში უთხრეს, ამ დროისთვის დელფინარიუმის კედელი გადაღებილია და მიმდინარეობს მოკვლევა.
„ინფორმაცია გადავეცით შს სამინისტროს, ამოღებულია მასალები. სხვა დეტალების მოწოდება ამ დროისთვის არ შეგვიძლია. რადგან ტურისტული ობიექტია დელფინარიუმი, რომ არ გამოიწვიოს ამ ფაქტმა რაიმე პროცესების პროვოცირება, ამიტომ მივმართეთ პოლიციას“, – გვითხრეს დელფინარიუმის ადმინისტრაციაში.
დელფინარიუმის შენობაზე გამოსახული რაშიზმის სიმბოლო
სიმბოლო „Z“-ი, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, 2022 წლის თებერვლიდანვე გამოჩნდა. სიმბოლო გამოსახულია რუსულ საბრძოლო ტექნიკაზე. ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ „Z“-ი, როგორც ომის სიმბოლო, აკრძალეს. ასევე აკრძალულია ეს სიმბოლოები გერმანიის ზოგიერთ მიწაზე.
რაც შეეხება საქართველოს, რაშიზმის სიმბოლოები ჩვენთან აკრძალული არ არის. შესაბამისად, ამ სიმბოლოების შენობაზე მიხატვა შეიძლება ჩაითვალოს იერ-სახის დამახინჯებად, რითვისაც მაქსიმალური ჯარიმა 500 ლარია.
როგორც „Z“-ს, ისე ლათინური ანბანის კიდევ ერთ ასოს,„V“-ს მრავალგზის გამოსახავენ რუსულ ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე. ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ჩანდა რუსული ტექნიკა აღნიშნული სიმბოლოებით, ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოჩნდა სოცქსელებში.
კედელი მემედ აბაშიძის ქუჩაზე ომის დაწყების შემდეგ უკარინის დროშის ფერებში იყო მოხატული
გარდა ამისა, დღეს დილით უკრაინის დროშის ფერებში მოხატულ კედელს ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ფაშიზმის სიმბოლო გადაახატეს.
ბათუმელი მირანდა ვერულაშვილის თქმით, მან დაინახა კაცი, რომელმაც დელფინარიუმის მხრიდან ჩამოიარა და მისი კორპუსის მოპირდაპირე კედელზეც ფაშისტური სიმბოლიკა მიახატა. მირანდა ამბობს, რომ კაცი გამართული ქართულით მოსაუბრეა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის 10 ივნისის სადაზვერვო ცნობარი, ძირითადად, მარიუპოლსა და ხერსონში შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ეძღვნება.
ტვიტერზე გამოქვეყნებულ განახლებაში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთი ელემენტარული საზოგადოებრივი სერვისების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს – პრობლემაა ხელმისაწვდომობა უსაფრთხო სასმელ წყალზე, სატელეფონო და ინტერნეტკავშირი კი მუდმივად წყდება.
„სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული ნაკლებობაა ხერსონში, მარიუპოლი კი ქოლერის ეპიდემიის აფეთქების წინაშეა. ქოლერის ცალკეული შემთხვევები აქ ჯერ კიდევ მაისში გამოჩნდა“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
უწყება აღნიშნავს, რომ ქოლერის ეპიდემია უკრაინამ ჯერ კიდევ 1995 წელს გადაიტანა. მას შემდეგ მცირე აფეთქებები შეიმჩნეოდა აზოვის ზღვის სანაპიროზე, მათ შორის, მარიუპოლში.
დაზვერვა შიშობს, რომ იმ ფონზე, როდესაც მარიუპოლში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს სამედიცინო მომსახურება, ქოლერის აფეთქება ჰუმანიტარულ მდგომარეობას სერიოზულად გაართულებს.
უწყება, ასევე, მოკლედ მიმოიხილავს ფრონტზე არსებულ ვითარებას. დაზვერვის ცნობით, „სევეროდონეცკის გარშემო ბრძოლები გრძელდება. რუსეთი კვლავაც ინარჩუნებს კონტროლს ქალაქის დიდ ნაწილზე, თუმცა უფრო დიდი ტერიტორიის ალყაში მოქცევა მისმა ძალებმა ვერ მოახერხეს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. 9 ივნისის პოსტში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავდა, რომ კიევზე წარუმატებელი თავდასხმისა და სერიოზული დანაკარგების შემდეგ, რუსეთმა ძალების აღდგენა სცადა, თუმცა მისი დანაყოფები კვლავაც დაუკომპლექტებელია.
მთავარი ფოტო: დაკრძალვა მარიუპოლის შემოგარენში მდებარე სოფელ სტარი კრიმში. 21 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ALESSANDRO GUERRA
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 31 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
ტანკი – 1 409 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 3 450 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 712 ერთეული [+1]
MLRS – 222 ერთეული [+9]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 212 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 178 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 572 ერთეული [+10]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 438 ერთეული [+17]
სპეცტექნიკა – 54 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
195 თვითმფრინავი
130 ვერტმფრენი
1 168 უპილოტო საფრენი აპარატი
336 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 484 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
499 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 843 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 528 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, 20 წლის ნანა გვარიშვილისა და 22 წლის მარიკა ბროლაძის პროექტი – Gather2gather „ბსუს სტუდენტური იდეები 2022“-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
პროექტის მიზანია უნივერსიტეტის ქართველი და ინდოელი სტუდენტების უფრო მეტად დაახლოება.
ავტორების თქმით, პროექტი ინგლისურენოვანი იქნება და თვე-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. ბიუჯეტი დაახლოებით 3500 ლარია.
Gather2gather-ი ჯამში 40 მონაწილეს გააერთიანებს, რომელთაგან 20 ქართველი, 20 კი – ინდოელი სტუდენტი იქნება.
როგორც ნანა გვარიშვილმა გვითხრა, შესარჩევ სარეგისტრაციო ფორმას 15 ივნისს გამოაქვეყნებენ და მოტივაციის მიხედვით შეარჩევენ პროექტის მონაწილეებს.
მონაწილეობისთვის აუცილებელი იქნება ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა, რადგან, როგორც პროექტის ავტორები მიიჩნევენ, თუ მონაწილეები ერთმანეთთან კომუნიკაციას თავისუფლად ვერ შეძლებენ, პროექტი ისეთი შედეგიანი ვერ იქნება, როგორც ჩაიფიქრეს.
რატომ გადაწყვიტეს ამ პროექტის მომზადება? – პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მართალია, ინდოელი სტუდენტები ქართულს ერთი წლის განმავლობაში სწავლობენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ შეძლონ სხვადასხვა აქტივობაში თავისუფლად ჩართვა.
„სამწუხაროდ, ინდოელ სტუდენტებს, ამ ეტაპზე, ერთადერთი, რაშიც ინტელექტუალური კუთხით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ბსუ-ს სამეცნიერო კონფერენციაა, რომელიც ინგლისურად ტარდება. ისინი სხვა ღონისძიებებში ვერ ერთვებიან, რადგან ყველაფერი ძირითადად ქართულ ენაზე მიმდინარეობს.
გვინდოდა ისეთი პროექტი გაგვეკეთებინა, რომ ინდოელ და ქართველ სტუდენტებს ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების საშუალება ჰქონოდათ.
უნივერსიტეტში არ ყოფილა აქამდე მსგავსი ინგლისურენოვანი პროექტი.
პროექტის განმავლობაში გვექნება გასვლითი ღონისძიებებიც. მოვაწყობთ სახალისო თამაშებს; იქნება ესეების კონკურსი, ფოტოკონკურსი და კიდევ ბევრი რამ. მაქსიმალურად შევეცადეთ ისეთი აქტივობები დაგვეგეგმა, რაც მათ ახლო კონტაქტს ხელს შეუწყობს. გვინდა, რომ საბოლოოდ ქართველმა და ინდოელმა სტუდენტებმა ერთად შექმნან მსგავსი პროექტები,“ – გვითხრა ნანამ.
მარიკა ბროლაძე ამბობს, იმედი აქვთ, პროექტით ინდოელი სტუდენტები დაინტერესდებიან, თუნდაც იმიტომ, რომ ინდოელი სტუდენტები სამეცნიერო კონფერენციაში ყოველთვის აქტიურად ერთვებიან.
„ინდოელი სტუდენტები არიან კონტაქტში ქართველ სტუდენტებთან, მაგრამ ერთეულებთან. ვფიქრობ, იმიტომ, რომ სასწავლო პროცესის გარეთ აქტივობები, სადაც ინდოელი და ქართველი სტუდენტები ერთად შეძლებენ ჩართვას, იშვიათად იმართება.
ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ინდოელ სტუდენტებთან, გვყავს მეგობრებიც და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პროექტით დაინტერესდებიან,“ – გვითხრა მარიკამ.
მარიკასა და ნანას თქმით, პროექტის შემდეგ მონაწილეები კლუბს შექმნიან, რომელიც მინიმუმ რამდენიმე წელი იმუშავებს და სხვა ინდოელ და უცხოელ სტუდენტებს დაეხმარება უნივერსიტეტში მარტივად ინტეგრაციაში.
დღეს, 9 ივნისს, გაეროს ასოციაციისა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, აჭარაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LINKS პროექტის ფარგლებში.
LINKS -ი ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების პროექტია. შეხვედრის მიზანი აჭარის რეგიონში შრომის ბაზრის ვითარების მიმოხილვა იყო.
გაეროს ასოციაციის, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, 9 ივნისს, აჭარაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LINKS პროექტის ფარგლებში
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლებმა: თეონა ლებანიძემ და ზურა სამარღანიშვილმა, ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დირექტორმა, ასლან ჭანიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგი სურმანიძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა, თემურ კახიძემ რეგიონულ შრომის ბაზარზე დასაქმების სერვისებისა და მხარდამჭერი პროგრამების შესახებ ისაუბრა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ რეგიონულ შრომის ბაზარზე დასაქმების სერვისებისა და მხარდამჭერი პროგრამების შესახებ ისაუბრა
შეხვედრაზე გამოყენებითი კვლევის კომპანიის (ARC) წარმომადგენელმა, ხათუნა ნაჭყებიამ, საზოგადოებას აჭარის რეგიონის შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგები გააცნო.
მკვლევარმა აღნიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი მომატებულია და სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე რიცხვებით ჩანს – დასაქმებულების მაჩვენებელიც თვითდასაქმებულების ხარჯზეა გაზრდილი:
„აჭარის რეგიონში ბიზნესსექტორში 74 800 ადამიანია დასაქმებული. გენდერული ბალანსის თვალსაზრისით კი, სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში დასაქმებულები გაცილებით უფრო თანაბრად არიან გადანაწილებულები.
თუმცა მონიტორინგმა აჭარაში საინტერესო რამ აჩვენა: კაცების შემთხვევაში, რაც უფრო დაბალია კაცების განათლების საფეხური, მით უფრო მაღალია მათი დასაქმების მაჩვენებელი და პირიქით: განათლების რაც უფრო მაღალ საფეხურს აღწევენ ქალები, მით უფრო დაბალია მათი დასაქმების მაჩვენებელი. ეს ბევრი, სხვადასხვა რამით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგალითად, შესაძლებელია იმით, რომ საქართველოში ქალს გაცილებით მეტი რამ მოეთხოვება, ვიდრე კაცს. თუმცა ეს ვარაუდია და კვლევით დასადასტურებელი მოსაზრებაა,“ – ამბობს კვლევის კომპანიის (ARC) წარმომადგენელი, ხათუნა ნაჭყებია.
გამოყენებითი კვლევის კომპანიის (ARC) წარმომადგენელი, ხათუნა ნაჭყებია
საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელმა, ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტის ოფიცერმა ზურაბ სამარღანიშვილმა დღევანდელი სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარედგინათ:
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საზოგადოებისთვის ადგილობრივი კონტექსტი კარგად არის ნაცნობი, მონიტორინგის შედეგად გამოჩნდა ტენდენციები, რომლებიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლის ყურადღებასა და მათ შორის თანამშრომლობას მოითხოვს.
დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობაა საჭირო, თუ აქტორებს შორის, ეფექტური კომუნიკაცია არ არსებობს, როგორი აქტორებიც არიან, მაგალითად, ადგილობრივი სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო სექტორი და საგანმანათლებლო სერვისების პროვაიდერები, ცალკეული ორგანიზაციები ეკონომიკური ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ვერ შეძლებენ. სწორედ ამ კომუნიკაციას უწყობს ხელს დღევანდელი შეხვედრა.
ერთმანეთს იდეები გავუზიარეთ, სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა დიდი პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ სხვადასხვა ბიზნეს-კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, კერძოდ დასაქმების პროექტის ფარგლებში. LINKS პროექტი ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომლობით, ევროკავშირის დაფინანსებით. აჭარაში პროექტის პარტნიორი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი გახლავთ.“, – ამბობს ზურაბ სამარღანიშვილი.
საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი, ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტის ოფიცერი ზურაბ სამარღანიშვილი
დღევანდელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლების წარმომადგენლებმა.
გაეროს ასოციაციის, ღია საზოგადოების ფონდისა და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით, 9 ივნისს აჭარაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LINKS პროექტის ფარგლებში
რეგიონული სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ოთხ რეგიონში (აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი) იმართება პროექტის ფარგლებში – „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS). მათი მიზანია, კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესება ინფორმაციის მუდმივი გაზიარების გზით. ეს, თავის მხრივ, სამუშაოს მაძიებელთა უნარ-ჩვევების განვითარებასა და დასაქმების მომსახურების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
გაეროს ასოციაციის, ღია საზოგადოების ფონდისა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, 9 ივნისს აჭარაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LINKS პროექტის ფარგლებში
გაეროს ასოციაციის, ღია საზოგადოების ფონდისა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, 9 ივნისს აჭარაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LINKS პროექტის ფარგლებში
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“ (IJH)
„ქართული ოცნება“ ჭირვეული ბავშვივით იქცევა… ასეთი ტონით საუბარი არ შეიძლება,“ – ასეთია პოლიტოლოგის და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას შეფასება ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე. პოლიტოლოგის დაკვირვებით, ევროკავშირის რეზოლუციიდან მკაფიოდ ჩანს კონკრეტული პრობლემები, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ კი ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ თუკი კანდიდატის სტატუსზე უარს გვეტყვიან, ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი არ იქნება.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები აძლიერებს ეჭვს დასავლეთში: რამდენად გულწრფელად სურს საქართველოს ევროკავშირის წევრობა?
„ეს აძლიერებს ეჭვს დასავლეთში, რამდენად გულწრფელად სურს საქართველოს კანდიდატის სტატუსი?… მაგალითად, იგივე ნიკა გვარამიას დაკავებაზე, ხელისუფლებას რომ სდომებოდა, შესაძლოა, გამოეჩინა სტრატეგიული მოთმინება, ან მოლდოვის პრემიერის მსგავსად, საქართველოს პრემიერიც გამოსულიყო ევროკავშირში და ეთქვა, რომ ბევრ რამეში შეცდა, მაგრამ გამოასწორებს. ეს წაადგებოდა ქვეყნის იმიჯს, რომელიც ყველაზე ძლიერად არის დაზიანებული,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.
რატომ დასჭირდა ირაკლი კობახიძეს და, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ გზავნილი, რომ ევროკავშირი საქართველოს სჯის რუსეთისთვის სანქციების არდაწესებისთვის, ანუ „დასავლეთმა ომი დააწყებინა უკრაინას, მაგრამ ვერ ჩართო ამ ომში საქართველო? როგორაა ეს მოცემული „ოცნების“ პროპაგანდაში? – პოლიტოლოგის აზრით, ეს გზავნილი საქართველოში ვერ იმუშავებს, რადგან ყველა კარგად აცნობიერებს, რომ საქართველოს ომში ჩართვას არავის სთხოვს. ამ მიდგომით მხოლოდ ძლიერდება პრორუსული გზავნილები.
„ყველა კარგად აცნობიერებს საქართველოში, რომ ომში ჩართვას საქართველოს არავის სთხოვს. საქართველოს სთხოვენ ღირებულებების ერთგულებას…
ევროკავშირის რეზოლუცია არ არის აუცილებლად განსახორციელებელი, სარეკომენდაციო ხასიათისაა. მაგრამ ამას რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ადასტურებს „ქართული ოცნების“ გამოხმაურებაც. მსგავსი კონფრონტაციული განცხადებები კი, არა მგონია, ხელს უწყობდეს საქართველოს საკითხის დადებით კონტექსტში განხილვას… ეს აგრესიული რიტორიკა, „ჩალის ფასი“ აქვს და ასე შემდეგ, ხელს არ უწყობს საქართველოს იმიჯის გაუმჯობესებას, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ახლა საქართველოს – ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებას და დასავლეთს შორის ისედაც დაძაბულია და გაცივებული რიგი მიზეზების გამო.
საქართველოს ჰქონდა რეპუტაციული ზიანი რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს პოზიციონირების გამოც. შესაბამისად, არ მესმის, რას ემსახურებოდა ირაკლი კობახიძის ეს მწვავე განცხადებები. ბუნებრივია, ევროკავშირი უკან არ დაიხევს და პირიქით, მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს ქვეყნის შემდგომ იზოლაციას,“ – აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.
პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ აქტიურ მცდელობაზე, დაიცვან ბიძინა ივანიშვილი, რითაც კიდევ უფრო მკაფიო ხდება არაფორმალური მმართველობა კანონის უზენაესობის ნაცვლად.
„თუ სანქციები შეეხება ივანიშვილს, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მის ქონებას, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის „ქართულ ოცნებასაც“, რომელიც ახლა უფრო დაკავებულია მისი ვექილობით იმის საპირისპიროდ, რასაც ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი არაა პოლიტიკაში… თუ ეს ასეა, მაშინ ამას უნდა ამბობდეს მისი ადვოკატი და არა მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები, რომლებიც გააფთრებით იცავენ მას,“ – აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ „ბათუმელებთან“.
ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის აზრით, ალიანსი შეცდა, როცა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას „წევრობის სამოქმედო გეგმა“ (MAP) არ მიანიჭა.
ამ და სხვა საკითხებზე რასმუსენი გამოცემა „ფორინ პოლისის“ ესაუბრა.
„შეცდომა“
რასმუსენის აზრით, 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინისთვის „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) არმინიჭების შესახებ შეცდომა და „არასწორი გზავნილი“ იყო.
„რეტროსპექტივაში, პირველი შეცდომა მრავალი წლის წინ დავუშვით. ეს 2008 წელს მოხდა, ბუქარესტის სამიტზე, როცა გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებოდნენ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას მათთვის „წევრობის სამოქმედო გეგმის“ მინიჭებაზე.
ამ დაყოფამ ნატოს რიგებში არასწორი გზავნილი გაუგზავნა პუტინს, რომელიც იმავე წლის აგვისტოში საქართველოში შეიჭრა. ვფიქრობ, პირველი შეცდომა 2008 წელს დავუშვით, როცა არ განვსაზღვრეთ მკაფიო გზა საქართველოსა და უკრაინისთვის“, – ამბობს რასმუსენი.
მან ხაზი გაუსვა, რომ თავად ემხრობოდა MAP-ის მინიჭებას საქართველოსა და უკრაინისთვის.
შვედეთი და ფინეთი ნატოში
რასმუსენმა ასევე ისაუბრა ფინეთისა და შვედეთის გაწევრებაზე ნატოში. მან აღნიშნა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრობისას „იმედი ჰქონდა“, თუმცა „არ ელოდა“, რომ ორი მეზობელი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას მოისურვებდა.
რასმუსენის თქმითვე, თურქეთი სკანდინავიური ქვეყნების წევრობას აშშ-სთან მოლაპარაკებებში ბერკეტად იყენებს.
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანდებიან. ერდოღანი [თურქეთის პოზიციას] აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში ბერკეტად იყენებს. ვფიქრობ, საქმე გვაქვს თურქეთი-აშშ-ის ურთიერთობასთან და არა თურქეთისა და შვედეთ-ფინეთის“, – ხსნის რასმუსენი.
„ჩვენ ზედმეტად შევაფასეთ რუსეთის სამხედრო სიძლიერე“
რასმუსენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები აქამდე ნატოს ბევრად ძლიერად მიაჩნდა.
„ჩვენ ზედმეტად შევაფასეთ რუსეთის სამხედრო სიძლიერე. მიუხედავად უზარმაზარი ინვესტიციებისა და საბჭოთა ბაზების ხელახლა გახსნის, ვუყურებთ ძალიან სუსტ სამხედრო ძალებს.
ჯერ კიდევ უცნობია ამის მიზეზი. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება კორუფცია იყოს.
კიდევ ერთი არასწორი რამ ის იყო, რომ ვერ შევაფასეთ ვლადიმერ პუტინის სისასტიკე და ამბიციები“.
„პუტინი არ შეჩერდება, თუკი წარმატებას მიაღწევს“
რასმუსენს ასევე ჰკითხეს აზრი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ „არცერთი მხარე არ იქნება დამცირებული“:
„აბსოლუტურად არ ვეთანხმები. პუტინს დამცირებისგან ვერ ვიხსნით. პუტინისთვის სახის შენარჩუნების ფასი ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე უკრაინაში რუსული ჯარის პირდაპირი მარცხი.
ჩემი აზრით, უკრაინამ ამ ომში უნდა იმარჯვოს, რადგანაც პუტინი არ შეჩერდება, თუკი წარმატებას მიაღწევს. შემდეგი იქნება მოლდოვა, საქართველო და საბოლოო ჯამში, ბალტიის სამი სახელმწიფო“.
სილქნეტმა ახალი ინდექსით sim ბარათების შეთავაზება დაიწყო. ყველა მსურველს შეუძლია შეარჩიოს და შეიძინოს 550 პრეფიქსით დაწყებული ნომრები მხოლოდ ონლაინ. საქართველოს ერთადერთ 4.9G LTE ქსელში ჩასართავად მხოლოდ 3 წუთია საჭირო.
sim ბარათის ონლაინ შეკვეთა მარტივია!
ვებგვერდზე www.silknet.com სტანდარტული ნომრების ბაზაა განთავსებული, სადაც მომხმარებელი თავად ირჩევს ინდექსს, კომბინაციას და თბილისის მასშტაბით სრულიად უფასოდ იღებს სასურველ ნომერს. ნებისმიერ დასახლებულ პუნქტამდე მიტანის სერვისის საფასური კი დამოკიდებულია მანძილზე.
აირჩიე ნომრის გამორჩეული პრეფიქსი 550 ონლაინ, მიიღე თბილისის მასშტაბით უფასოდ sim ბარათი, ისარგებლე ყოველკვირეულად სილქნეტის განსაკუთრებული შეთავაზებებით და ფასდაკლებებით!
სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ დღეს, 9 ივნისს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა უკრაინის მხარეს მებრძოლ 3 პირს – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ბრიტანეთის მოქალაქეებს, შონ პინერსა და ეიდენ ასლინს, ასევე, მაროკოელ საადუნ ბრაჰიმს, ბრალად ედებათ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, როგორც დაქირავებულ მებრძოლებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.
მედიის ცნობით, ბრალდებულები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
სამივე მათგანი აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან იქნა გაყვანილი ტყვედ ჩაბარების შემდეგ.
„ბიბისი“ წერს, რომ ბრიტანელი ეიდენ ასლინი 2018 წელს გადავიდან დიდი ბრიტანეთიდან უკრაინაში თავის შეყვარებულთან საცხოვრებლად, მალევე მიიღო მოქალაქეობა და უკრაინის საზღვაო ქვეითი გახდა.
მაროკოელი საადუნ ბრაჰიმი 21 წლისაა. მან 2021 წელს მოაწერა ხელი სამწლიან კონტრაქტს საზღვაო ქვეითებში.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრიტანელს, შონ პინერს, „ბიბისის“ ცნობით, იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა უკრაინაში და ჯარში მსახურობდა.
დედაჩემი გამხდარი, 42 წლის ქალია თავსაფრის ქვეშ შემალული წაბლისფერი თმით. გაცილებით მეტი ქალი, ვიდრე მხოლოდ 4 შვილის დედა.
დედაჩემის დაბადების დღეს ვერ ვიტან. 29 მაისს, როცა 15 წლის ხდებოდა, ის ქორწილში იყო. დედაჩემს თეთრი, გრძელი კაბა ეცვა. დედაჩემი საკუთარ ქორწილში გახდა 15 წლის, როცა პატარძლობა დაევალა.
არც მაშინ, არც იქამდე და არც მას შემდეგ არასდროს აღნიშნულა მისი დაბადების დღე. იმიტომ არა, რომ დაბადების დღის აღნიშვნა ან ტორტი არ უყვარს. იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა არასდროს მიეცა და ვერავინ ვერასდროს მოიცალა მისთვის.
მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წლის წინ უყიდა ჩემმა უფროსმა დამ ტორტი, რაზეც გაბრაზდა. წელს, 29 მაისს გაიხსენა ეს ამბავი და აღსარებაც თქვა. გაბრაზდა იმიტომ, რომ ვერ მიხვდა, როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა. დედაჩემს გახარებია, მაგრამ ვერ გამოხატა. იგრძნო, მაგრამ ვერ თქვა.
ხანდახან ძალიან მინდა, არ ვიცოდე რამდენი წლისაა დედაჩემი. მას თვალების ქვეშ უფრო მეტი ნაოჭი აქვს, ვიდრე 42 წლის ქალებს. მისი ხელები მოხუცდა. ხმა ხრინწიანი გაუხდა.
დედაჩემს გამუდმებით სტკივა ზურგი. ამბობს, რომ ხელებში გაუნელებლად გრძნობს დაჭინჭვრის მსგავს შეგრძნებებს. ფეხებზე ვენები ამობურცული აქვს და კოჭები ხშირად უსივდება. არასდროს ტოვებს ძლიერი თავის ტკივილებიც.
დედაჩემი ვერ მიდის ექიმთან, ამის დრო არასდროსაა.
არასდროს პაუზდება ძროხების მოვლის საჭიროება. სახლში საჭმლისა და პურის ქონის მოვალეობა. სოფელში დაუსრულებელი შემოდგომაა თითქოს, როცა შედარებით ბევრი საქმე აქვს ხალხს. კი, დაუსრულებელი შემოდგომა, რადგან იქ ბევრი საქმეა ზამთარშიც, წვიმიანი გაზაფხულის და ძალიან მზიანი ზაფხულის დღეებშიც.
დედაჩემი დაახლოებით 1 მეტრი და 65 სანტიმეტრის სიმაღლისაა, მაგრამ მოხრილია. შრომამ ხერხემალში გადრიკა. ძირითადად მუქი ფერის ტანსაცმელს იცვამს და ფიქრობს, რომ ხალისიანი ფერების დრო მისთვის უკვე წავიდა. გახსოვთ ხომ, დედაჩემი ჯერ მხოლოდ 42 წლისაა.
რა გვკლავს? არ ვიცი. მაგრამ მხოლოდ სიკვდილი არ გვკლავს.
მე ვიცნობ ქალებს, რომლებიც დედაჩემის ტოლები არიან. სულ ვფიქრობ, რომ წესით დედაჩემზე სამჯერ პატარები უნდა იყვნენ. შეიძლება მეშლება და დედაჩემი უნდა იყოს მათზე სამჯერ უფროსი. ერთი ასაკის ვერ იქნებიან. შეუძლებელია.
დედაჩემს ბევრი ჭორფლი აქვს. მიფიქრია, იქნებ ეს ჭორფლი კი არა, შემხმარი ცრემლებია-მეთქი. ჭორფლი სახეზე, მთელს ტანსა და ხელებზე. ხელებზე, რომლებიც მოძრაობას ყოველდღე, დილის 5 საათზე იწყებენ და ვერ ჩერდებიან. გაჩერების დრო არასდროსაა.
დედაჩემს 4 შვილი ჰყავს და ძალიან ამაყია, რომ ჩემი უფროსი და პირველი იყო ჩვენს უბანში, რომელმაც უნივერსიტეტში ჩააბარა. ეს ნამდვილად მისი დამსახურებაა.
დედაჩემი საოცარი ქალია, მაგრამ მისი ისტორია განსაკუთრებული არ არის, რის გამოც ღმერთზე ძალიან გაბრაზებული ვარ.
დედაჩემის სახელით გაბრაზებული ვარ ყველა იმ ქალის ამბის გამოც, რომლებიც მის ბედს იზიარებენ ან კიდევ უფრო უარეს დღეში არიან.
ბევრი ქალის კისერზე ბრუნავს ოჯახის წლიური შემოსავალი, თუმცა მათ ამ ფულთან შეხების საშუალება არასდროს მისცემიათ. ბევრ ქალს 42 წლის მანძილზე არც ერთხელ ჰქონია 2 ახალი ზედატანი ან „კალგოტკა“. არასდროს წასულან საყიდლებზე. არასდროს უფიქრიათ – „ეს ნამდვილად დავიმსახურე“ და საკუთარი თავისთვის 50 ლარამდე დაუხარჯავთ. იქნებ უკვე 42 წელია უნდათ გამომშრალი სახის კანისთვის კრემი იყიდონ, რადგან მთელი დღე ყანაში მზისგულზე ტრიალით კანი ეჭიმებათ, სტკივათ.
დედაჩემი და სხვა 42 წლის ქალები ხვალ ან რამდენიმე დღეში მთაში წავლენ მემთეურებად.
მძულს მთა. მძულს სიტყვა „მემთეური“ და მძულს ყველა ის საქმე, რომელიც მთელი სამი თვე შეუწყვეტლად, ყოველ დღე უნდა აკეთონ. ეს უწყვეტობა აჭკნობთ.
ეს ქალები თითქოს პიანინოები არიან და ყოველ ახალ დღეს მათ ერთ, ახალ კლავიშს უწყდება ხმა.
მეზიზღება კაცები, რომლებიც ამბობენ – „მემთეურობას რა უნდა. დილით და საღამოს მოწველი საქონელს და ეგაა“. ის კაცები, კვირაში ერთხელ სამეზობლოში დალეულ ყავას რომ ამოანთხევინებენ ქალს.
მეზიზღება სახალხო ზეიმი „შუამთობა“. ყველაფერში რომანტიკის მაძიებელი ხალხი მოკოხტავებულ ხის სახლებს რომ მიაწყდება, მოანაგვიანებენ, კაიმაღით გამოძღებიან და გაიფანტებიან, მემთეური ქალები კი მთელი დღე „ფეჩთან“ ტრიალებენ მათთვის დღეში სამჯერ მაგიდის გასაშლელად.
ისინი ღრეობენ, მემთეური ქალები კი წელზე ფეხს იდგამენ.
დე, მაპატიე, რომ ხვალ მემთეურად გიწევს წასვლა. ძალიან არ მინდა ასე იყოს.
რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების 27 წლის ოფიცერი, ვიქტორ ბულატოვი, არხანგელსკიდან იყო. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია, რუსული მედიის ცნობით, ოლქის გუბერნატორმაც დაადასტურა.
ბულატოვის გარდაცვალების შესახებ 29 მაისს გახდა ცნობილი. რუსულ მედიაში არ დაწერილა კონკრეტული ინფორმაცია, გავრცელდა მხოლოდ ის, რომ ოფიცერი „სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს“ დაიღუპა.
ბულატოვი, სიკვდილის შემდეგ, სიმამაცის ორდენით დააჯილდოვეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვიქტორ ბულატოვი ის სამხედროა, რომელმაც 18 მაისს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
„აწყობ ბუჩას ხოხ***ების ყველა ქალაქში ხარკოვიდან ლვოვამდე!
სტატუსს თან ახლდა ავტომანქანაში გადაღებული მისი და მისი მეგობრის ფოტო.
პოსტის გამოქვეყნებიდან 11 დღის შემდეგ ვიქტორ ბულატოვი უკრაინელმა მებრძოლებმა მოკლეს.
ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მხარდაჭერით, საქართველოს ნავსადგურებში პორტების გაერთიანებული სისტემის (PCS) განვითარების მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა.
პორტების გაერთიანებული სისტემა (PCS) წარმოადგენს ელექტრონული პლატფორმას, რომელიც პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას აკავშირებს, რითიც უზრუნველყოფს ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციას, მართვასა და ავტომატიზაციას ერთიანი მონაცემების საფუძველზე.
PCS კონცეფციის სახელმძღვანელო პრინციპები მოიცავს გაციფროვნების ეტაპს, რაც გულისხმობს მინიმალური ფუნციებიდან დაწყებას და წინასწარ განსაზღვრული ფუნქციების პაკეტების ეტაპობრივად დამატებას. გაციფროვნება თამაშობს საკვანძო როლს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაძლიერებისა და ახალ ეპოქაში გადაყვანის პროცესში. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტა უფრო ეფექტურს, ეკონომიურს და მდგრადს გახდის საქართველოზე გამავალ ლოგისტიკურ და მიწოდების ჯაჭვებს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საპორტე სექტორში მიმდინარე პროექტები, მათ შორის PCS სისტემასთან გაერთიანება, მნიშვნელოვანია მსოფლიო გლობალურ ჯაჭვში ჰარმონიზაციის პროცესში წარმატების მისაღწევად.
„საზღვაო გადაზიდვების, ლოგისტიკური პროცესების გაციფროვნება და მართვა საკვანძო როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაძლიერებისა და სატრანსპორტო ჰაბების ახალ ეპოქაში გადაყვანის პროცესში. კარგად გვესმის, რომ არსებულ გამოწვევებთან წარმატებით გამკლავება და დღეს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ე.წ. შუა კორიდორის და შესაბამისად, საქართველოს მომავალზეც. ჰარმონიზაცია, ინოვაცია, გაციფროვნება და მწვანე გადაზიდვის ხელშეწყობა – ეს არის იმ წარმატების გასაღები, სადაც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე აისახება“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
შავი ზღვისა და ევროპის რეგიონში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ესტონურ-გერმანულმა კონსორციუმმა გააანალიზა ის სარგებელი, რასაც საქართველო პორტების გაერთიანებული სისტემის წარმატებით განვითარების შემდგომ მიიღებს. კონტრაქტორმა შეისწავლა ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობები და შეიმუშავა საქართველოში PCS -ის დანერგვის სტრატეგია და სახელმძღვანელო პრინციპები.
კვლევის შედეგების თანახმად, პორტების გაერთიანებული სისტემასთან ქართული ნავსადგურების გაერთიანება გააუმჯობესებს პორტებისა და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, ასევე უწყებათაშორის კოორდინაციას, მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ მოთხოვნებსა და ბიუროკრატიულ ტვირთს, ხელს შეუწყობს საპორტე პროცესების გაციფროვნებას, სტანდარტიზაციას და ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთის გადატანის დროს. კვლევისვე თანახმად, PCS სისტემის დანერგვის პროცესში კრიტიკული მნიშვნელობა ექნება თაამშრომლობას, ჩართულობას და კომუნიკაციას სხვადასხვა დაინტერესებულ სუბიექტებს შორის, მათ შორის საჯარო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის.
ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.
რეზოლუციასდღეს, 9 ივნისს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ბრიფინგით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მედიის თავისუფლებამ ფუნდამენტური პროგრესი განიცადა.
„როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, რომც დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია, რას ედავებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს კეთილმოსურნეებს უწოდებენ.
ფაქტია და სინამდვილეში მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველომ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით, მხოლოდ პროგრესი, თანაც ფუნდამენტური პროგრესი განიცადა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ერთადერთი, რასაც ივანიშვილს შესაძლოა „საქართველოს კეთილმოსურნე“ ედავებოდეს, შეიძლება იყოს ის, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და „ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა,“- ამბობს კობახიძე.
„საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ ალბათ აღიზიანებს ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოში არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოში 10 პროცენტზე მეტი მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა,“ – განაცხადა კობახიძემ.
ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და მიუთითებს მის კონტროლზე მთავრობაზე, მათ შორის, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში.
„ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის პერსონალური და ბიზნესკავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ,“ – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ტვიტერზე წერს, რომ რუსეთმა ევროპის სისხლი ერთხელ უკვე გასინჯა და ეცდება ბოლომდე დალიოს ის. პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ამიტომ გამარჯვებისთვის აუცილებელია იარაღის ქონა:
„რუსეთი, რომელსაც ერთხელ უკვე გასინჯული აქვს ევროპის სისხლი, ეცდება მის ბოლომდე დალევას. დაშინებით, დამცირებითა და ძარცვით.
ერთადერთი ენა, რომლისაც რუსეთს ესმის, არის ძალის ენა. მათი უდიდესი შიში ჩვენი ერთიანობაა. გამარჯვების ერთადერთი გზა შეიარაღების ქონაა. კარგს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა,“ – წერსმიხაილო პოდოლიაკი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი გუშინ, 8 ივნისს, რუსეთის დუმის მიერ ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე მსჯელობის დაანონსებასაცგამოეხმაურა.
პოდოლიაკის თქმით, რუსეთის დუმის განზრახვა „გააუქმოს“ ლიეტუვის დამოუკიდებლობა, იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ იმპერიის მადა უსაზღვროა. შესაბამისად, იგი აღნიშნავს, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობა რუსეთისთვის „სახის შენარჩუნების“ გზით თავის მოტყუებაა და ევროკავშირს მხოლოდ ომს მოუტანს.
„რუსეთის დუმის განზრახვა „გააუქმოს“ ლიეტუვის დამოუკიდებლობა, იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ იმპერიის მადა უსაზღვროა. ნებისმიერი საუბარი რუსეთის ბარბაროსული სახის შენარჩუნებით მშვიდობის დამყარებაზე თავის მოტყუებაა, რომელიც ევროკავშირს ომს მოუტანს. მშვიდობისკენ მიმავალი გზა მძიმე შეიარაღებაზე გადის,“ – წერდაუკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.
8 ივნისს რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დუმაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ დეპუტატი ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას ითხოვს.
5 წლის ბიჭის დედა, მარი გ. „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ მის შვილს, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში სწავლობს, თანატოლებმა სცემეს. მან ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც გამოგვიგზავნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს რამდენიმე ბავშვი ერთს.
დედა ამბობს, რომ ვიდეო გუშინ დღის მეორე ნახევარშია გადაღებული.
„მე იტალიაში ვარ, თუმცა საბავშვო ბაღის ვიდეოთვალთან მაქვს წვდომა და ასე ვაკვირდები ხოლმე ბავშვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რამდენჯერმე კიდევ სცემეს ჩემს შვილს ბავშვებმა. ძიძები აუდიტორიას ტოვებენ ხოლმე უყურადღებოდ და ასეთ დროს ხდება ეს ფაქტები“, – გვეუბნება დედა.
ის ამბობს, რომ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით არაერთხელ ესაუბრა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობას, თუმცა მათ ბავშვზე ძალადობის ფაქტები ვერ აღკვეთეს.
„მე ამ შემთხვევას აღარ ვაპატიებ ბაღს, ძალიან მინდა ყველა კომპეტენტური პირი გვერდით დამიდგეს, რომ შევძლო ჩემი შვილის უსაფრთხოების დაცვა“, – ამბობს დედა.
მას ვკითხეთ, მის შვილზე ერთი და იგივე ბავშვები ძალადობენ თუ სხვებიც, რაზეც დედა ამბობს, რომ ვიდეოში ასეთ დეტალებს ნათლად ვერ არჩევს. „კამერაში ძნელია ყველა ბავშვის სახე დააფიქსირო. წინა კადრებშიც ჩანდა ბიჭი, თუმცა არ ვიცი, სხვა დღეებშიც მონაწილეობდა თუ არა ჩხუბში. მანამდე, თებერვალში, გოგო ჩანდა კადრებში.
ჩემი შვილი თავს ვერ იცავს, ყოველდღე ორი საათით გადის ფსიქოლოგთან და ლოგოპედთან, სჭირდება დახმარება, უფრო მეტად რომ შევიდეს კონტაქტში ბავშვებთან. აქედან გამომდინარე, უფრო იჩაგრება.
ეს ყველაფერი არის ძიძების და დირექტორის ბრალი: ისინი უყურადღებოდ ტოვებენ ბავშვებს და ჩემს შვილს აჩაგვრინებენ. მეუბნებიან, რომ ბავშვებმა იხუმრეს. რაიმე დაზიანება რომ მიეღო ჩემს შვილს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?“ – გვეუბნება ბავშვის დედა.
მისი თქმით, ის საბავშვო ბაღში 300 ლარს იხდის, თუმცა ბავშვის უსაფრთხოებას ბაღი ვერ უზრუნველყოფს.
„აქამდეც ვაპირებდი ბავშვის გადაყვანას, მაგრამ შემაჩერეს, მითხრეს, რომ მოაგვარებდნენ პრობლემას. ვერ მოაგვარეს. ძალიან მეშინია, რადგან მე არ ვარ საქართველოში. პირველი ორი შემთხვევის შესახებ არავის გავაგებინე. ვფიქრობ, ახლა უნდა ჩაერთონ შესაბამისი უწყებები ამ საქმეში, რადგან შესაძლოა იმ ბავშვებსაც სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება. ჩემმა შვილმა დიდი სტრესი მიიღო“, – ამბობს მარი გ..
„ბათუმელები“ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს, ნინო ბ.-საც დაუკავშირდა. ის უარყოფს ბავშვის ცემის სხვა შემთხვევებს და ამბობს, რომ „ესეც შემთხვევით მოხდა“.
„პირველი შემთხვევაა ეს, როგორც მე ვიცი. სხვა შემთხვევა არ გვქონია. გუშინ საღამოს მოხდა ძალიან ცუდი ინციდენტი, რა თქმა უნდა, მივიღეთ შესაბამისი ზომები. უბრალოდ, ჯგუფის პედაგოგი გახდა შეუძლოდ, გამოვიყვანეთ ჯგუფიდან და შვიდის ოცი წუთი იყო უკვე, ბავშვების გაყვანის დრო და პედაგოგის თანაშემწემ გამოუყვანა ბავშვი ერთ-ერთ მშობელს და ამ ერთი წუთის შუალედში მოხდა ეს“, – გვეუბნება დირექტორი.
მას ვკითხეთ, როცა მასწავლებელი ხდება შეუძლოდ, ჰყავთ თუ არა სხვა პერსონალი, ვინც პედაგოგს ჩაენაცვლება და ბავშვები არ დარჩებიან მარტო? ბაღის დირექტორის თქმით, მეორე პედაგოგი ჩაანაცვლეს, თუმცა ინციდენტი ამ შუალედში მოხდა.
დირექტორს ასევე ვკითხეთ, ჰყავთ თუ არა ფსიქოლოგი ბაღში და იმ ბავშვებს, რომლებიც თანატოლს სცემენ, სჭირდებათ თუ არა ფსიქოლოგის მომსახურება? ნინო ბ.-ის თქმით, ბაღს ფსიქოლოგი არ ჰყავს, „მასწავლებლებს აქვთ აქ ადგილზე გავლილი კურსი და სერტიფიცირებულიც არიან“, – გვითხრა მან.
მისი თქმით, ინციდენტში მონაწილე ყველა ბავშვის მშობელი დაბარებული ჰყავთ და დაელაპარაკებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთა – სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღო და 3 პირი დააკავა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.მ. დიდი ოდენობით ნარკოტიკის არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკი ამოიღო. ამასთანავე, დაბა ჩაქვში, ი.მ.-ის მითითებით ამოღებულია მის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული ნარკოტიკი.
ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ჯგუფურად მომზადება ედება ბრალად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში დაკავებულ 2 პირს: 1998 დაბადებული ს.ც. და 1995 წელს დაბადებული ნ.მ. -ს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ბრალდებულების მითითებით, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 1988 წელს დაბადებული ზ.ღ. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში, დიდი ოდენობით „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მის მიერ კულტივირებული 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ასევე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული თ.ტ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 1 შეკვრა გამომშრალი „მარიხუანა“, „მდმა“-ს შემცველი 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 39 ძირი კანაფი.<
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, სსკ-ის 19-260-ე, სსკ-ის 265-ე, სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლით, სსკ-ის 18-273 -ე პრიმა მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.“ – აცხადებს შსს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებს მიმართა. მათ, ვინც ჟურნალ Time-ის წლევანდელი გამოკითხვით, 100 გავლენიანი პიროვნების სიაში მოხვდა, განსაკუთრებით კი, პირველ ხუთეულს, რომლის სათავეშიც თავად ზელენსკია.
“ბათუმელები” გთავაზობთ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვის სრულ თარგმანს.
__________
ქალბატონებო და ბატონებო!
მოგესალმებით უკრაინიდან!
მადლობელი ვარ, რომ შემიძლია მოგმართოთ.
როდესაც შევიტყვე, რომ წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დამასახელეს, ეს ჩემი ხალხის აღიარებად მივიღე – იმის, რასაც თითოეული უკრაინელი აკეთებს – იცავს თავისუფლებას და ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ჩემთვის პატივია, ვიყო ლიდერი – პირველ რიგში, სწორედ ამ ხალხის.
გავლენიანთა პირველ ხუთეულში წელს ასევე შედიან – ილონ მასკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, მედიცინის მუშაკები, რომლებიც კოვიდს ებრძოდნენ და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი.
ეს ხუთეული შეიქმნა იმ დროში, როდესაც ევროპაში, ბოლო 77 წლის განმავლობაში, ყველაზე საშინელი ომია. ომი, რომლის შეჩერებასაც ჩვენ ჯერ ვერ ვახერხებთ. რატომ ხდება ასე? რატომ არ შეგვიძლია შევაჩეროთ სისხლისღვრა? რატომ არ მუშაობს ჩვენი გავლენა სრულად? და რატომაა, რომ ადამიანს, რომელიც სულაც არაა ჩვენს სიაში, მძევლად ჰყავს მილიონობით ადამიანი? დამეთანხმეთ, რომ ეს შეკითხვები ახლა, პირდაპირი მნიშვნელობით, ჰაერშია გამოკიდებული.
მაგრამ გაქვთ კი მათზე პასუხები?
ჩვენს ხუთეულში, ყველაზე გავლენიანთა ხუთეულში, მეორე ადგილას ილონ მასკია. ადამიანი, რომელიც კოსმოსში უშვებს რაკეტებს და მსოფლიოს აოცებს. ადამიანი, რომელიც გონებისა და ტექნოლოგიებისთვის შესაძლებლობების ახალ სივრცეებს ხსნის.
მაგრამ მსოფლიო ლიდერთა ფიქრები ილონისკენ სულაც არაა მიმართული და არც მისი რაკეტებისკენ, რომლებსაც ცხოვრებაში პროგრესი მოაქვს.
მსოფლიო ლიდერთა ფიქრები მიმართულია იმისკენ, ვინც რაკეტებს უშენს მშვიდობიან მოქალაქეებს და სპობს სიცოცხლეს.
სრულმასშტაბიანი ომის 105 დღის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ დაახლოებით 2 600 სხვადასხვანაირი რაკეტა გამოიყენა. მათი უმრავლესობა – სამოქალაქო ობიექტების, საწარმოების, რკინიგზების, ხიდების, უნივერსიტეტებისა და ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსების წინააღმდეგაც კი.
ერთმა ასეთმა რაკეტამ ჩვენს ქალაქში, ოდესაში, ერთდროულად სამი ადამიანი მოკლა – სამი თვის გოგონა – კირა, დედამისი და ბებიამისი. ერთი ოჯახის სამი თაობა. როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, კირა სულ ერთი თვის იყო. რის ნახვა მოასწრო მან ცხოვრებაში? და რა შეჰმატა მისმა სიკვდილმა რუსეთის გავლენას?
ომის დასაწყისში მე ველაპარაკე ილონს. მკითხა, რით შეეძლო დახმარება და დაგვეხმარა კიდეც. მისი ტექნოლოგიების დამსახურებით, ჩვენს ხალხს აქვს სტაბილური კავშირი მაშინაც კი, როდესაც რუსული რაკეტები ჩვენს ინფრასტრუქტურას ანგრევს.
მაგრამ არსებობენ კი მსოფლიო ლიდერები, რომლებსაც აღელვებთ, უპასუხებს თუ არა ილონი მათ ზარს? ან ისეთები, რომლებიც ინერვიულებენ, მიიღებს თუ არა შეხვედრაზე? არიან ლიდერები, რომლებიც იმაზე იფიქრებენ, რამხელა იქნება მაგიდა, რომელთანაც ილონ მასკი მათთან სალაპარაკოდ დაჯდება? მაშ, რეალურად, რას იძლევა გავლენა? როგორ რაკეტებს? იმათ, რომლებიც მეცნიერებას ემსახურება? თუ იმათ, რომლებიც ემსახურება სიკვდილს?
რაღაც ნამდვილად გაგვისხლტა ხელიდან – ან ჩვენი საკუთარი გავლენა, რომელიც სწორად ვერ შევაფასეთ, ან ჩვენი დამოკიდებულება ლიდერობისადმი. დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ რას ნიშნავს, იყო ლიდერი.
მე ძალიან დიდი პატივს ვცემ ბორის ჯონსონს – ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი და თავისუფლების მხურვალე დამცველია. მაგრამ სამწუხაროდ, მასზე არაა დამოკიდებული, ექნება თუ არა საკვები მილიონობით ადამიანს აფრიკაში, აზიასა თუ ლათინურ ამერიკაში.
ეს რუსეთის ფლოტია და არა ბრიტანეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის, რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტებს ბლოკავს და მსოფლიოს სურსათის საშინელი კრიზისის წინაშე აყენებს. და ეს მხოლოდ ფასების კრიზისი არაა.
ჩვენ არ შეგვიძლია ექსპორტზე გავუშვათ ჩვენი ხორბალი, სიმინდი, ზეთი და სხვა პროდუქტები, რომლებიც გლობალურ ბაზარზე სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ეს კი ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, მსოფლიოს ათობით ქვეყანაში შეიძლება გაჩნდეს პროდუქტის დეფიციტი და თუ შავი ზღვის რუსული ბლოკადა გაგრძელდება, დაიწყოს შიმშილი მილიონობით ადამიანისთვის.
ჩვენ სულ ვლაპარაკობდით ბორისთან და სხვა ლიდერებთან, როგორ მოვხსნათ რუსული ბლოკადა ჩვენი პორტებიდან და როგორ აღვადგინოთ სანაოსნო თავისუფლება – კაცობრიობის ერთ-ერთი ძირითადი თავისუფლებათაგანი.
მაგრამ ვიდრე ჩვენ ვეძებთ გზებს, როგორ დავიცვათ თავისუფლება, სხვა ადამიანი მას ანგრევს. სხვა ადამიანი განაგრძობს მსოფლიოს შიმშილით შანტაჟს. სხვა – ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით. მათ შორის იმითაც, თუ როგორ იბრძვის ეს ადამიანი გავლენებისთვის.
და მე ვსვამ კითხვას: რატომაა, რომ ეს „არამსგავსი“ დღემდე მისაღებია ზოგიერთი ლიდერისა და ქვეყნისთვის?
ამ შეკითხვას თქვენ დაგიტოვებთ, რადგან სინამდვილეში, თითოეულმა ადამიანმა უნდა უპასუხოს მას – პირველ რიგში, საკუთარ თავისთვის. რათა საკუთარ თავში იგრძნოს ის, რასაც ღირებულებები ჰქვია. არსებობს კი ღირებულებები?
ნამდვილად სამართლიანია, რომ მედიცინის მუშაკები, რომლებიც კოვიდს ებრძოდნენ Time-ის გამოკითხვაში მოხვდნენ. ისინი ნამდვილად ჩვენი დროის გმირები არიან. თავისი კეთილსინდისიერი შრომით, ისინი უბიძგებდნენ მსოფლიოს გაერთიანებისკენ – როგორც იქნა, გაერთიანებისკენ.
თავიდან ბევრ ქვეყანაში ერთნაირად ფიქრობდნენ, რომ საკმარისი იყო უბრალოდ დაეკეტათ საზღვრები და თავი გადაერჩინათ – პირველ რიგში საკუთარი თავი – ვაქცინით. მაგრამ შემდეგ, ცხადი გახდა, რომ COVID 19-ს საზღვრები არ აქვს და მისგან თავის დაცვა მხოლოდ ეროვნულ საზღვრებში შეუძლებელია.
შედარებით განვითარებული სამედიცინო სისტემებიც კი ვერ აღმოჩნდა მზად ამ ვირუსისთვის და, სამწუხაროდ, ყველას მოგვიწია უდიდეს უსამართლობასთან შეხვედრა, COVID 19-თან ბრძოლაში, რომ ვაქცინა გვეპოვა; რომ მოგველაპარაკა რეაგირების საერთო წესებზე – ვაქცინის განაწილების გლობალურ მექანიზმზე.
რატომ მეორდება ახლა იგივე? რატომაა კვლავაც ასე რთული? იარაღი და სანქციები – ესეც ვაქცინაა. ვაქცინა COVID 22-ისთვის, რომელიც რუსეთმა მოიტანა. სიძულვილი – ეს ვირუსია და ის კიდევ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე COVID 19. ის პროპაგანდის დახმარებით ვრცელდება. მკვლელთა დაუსჯელობის დახმარებით. რუსეთის ნავთობის დახმარებით, რომელიც კვლავაც გლობალურ ბაზარზეა. იმ ფულის დახმარებით, რომელიც ჯერ კიდევ მოძრაობს გლობალურ ფინანსურ სისტემებსა და რუსეთის ბანკებს შორის. იმ მსხვილი კომპანიების დახმარებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსული ბაზრის ფულზე ცოტა სისხლია. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
როდესაც სიძულვილი თქვენს კარზე დააკაკუნებს, იქნებით კი მზად? ნუთუ სახეზე აფარებულმა ნიღაბმა შეიძლება დაგიცვათ რუსული COVID 22-სგან? და რატომაა, რომ ვაქცინა მის წინააღმდეგ – იარაღი და სანქციები – ასე რთულად მოსაპოვებელია საკმარისი რაოდენობით?
რატომაა, რომ ზოგიერთი ქვეყნისთვის COVID 22 ისევე არ არსებობს, როგორც კონსპიროლოგებისთვის არ არსებობდა COVID 19?
რატომაა, რომ ზოგიერთი ადამიანი სისხლისა და სიკვდილისგანაც ვერაფერს სწავლობს?
მე მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, რადგან როდესაც რუსული საფრთხე გაჩნდა, მან თავისუფალი სამყაროს გაერთიანება შეძლო.
რეაგირებისთვის დღეს სხვადასხვა ინსტრუმენტი არსებობს – მხარდაჭერა თავდაცვაში, ფინანსები, პოლიტიკური კოორდინაცია ბევრ ქვეყანას შორის.
არსებობს ასევე ლენდ-ლიზი, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლას აზრს უბრუნებს და რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო აქტუალური – რადგან საფრთხე დღესაც იმავე მასშტაბისაა.
მაგრამ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება და სწორედ ახლა, ამ წუთებში, როდესაც თქვენ ჩემს მიმართვას უსმენთ, ბრძოლის ველზე უკრაინელი სამხედროები იღუპებიან. რუსული არმიის არტილერია და ავიაცია ბომბავს ჩვენს ქალაქებს. რუსეთის თავდასხმების შედეგად, 24 თებერვლის შემდეგ, დაღუპული ბავშვების სიაში უკვე 260-ზე მეტი გვარია. და როდის დასრულდება ეს? როდის? სინამდვილეში, სწორედ ესაა მთავარი შეკითხვა.
მაგრამ ამ დრომდე რატომ არ არსებობს მასზე პასუხი?
რატომ არაა ჩვენი გავლენა ამისთვის საკმარისი? ნუთუ მხდალები ვართ? არა. იქნებ, რაღაცას ვერ ვხედავთ ჩვენს რეალურ ძალაში? იქნებ, სრულად ვერ ვიყენებთ ჩვენი გავლენისა და ლიდერობის პოტენციალს? და ესაა ჩემი შეკითხვა შეერთებულ შტატებთან – პარტიებთან, საზოგადოებასთან, დემოკრატებთან და რესპუბლიკელებთან, კონგრესთან და პრეზიდენტთან.
დროა, ვიყოთ 100 პროცენტით გავლენიანები.
ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ტირანია. ჩვენ, ყველამ, ჩვენი დროის ყველა ლიდერმა. ჩვენ საიმედოდ შეგვიძლია დავიცვათ თავისუფლება. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ იმ ადამიანის შანტაჟი, რომელსაც არ აქვს ადგილი ჩვენს სიაში.
და თუ შეგვიძლია, ესე იგი, ვალდებულნიც ვართ, ეს გავაკეთოთ, რადგან გავლენა გვავალდებულებს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციის მეშვეობით 700 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ომში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად დედის სახსოვარ ოქროს ბეჭედს და იმ ოქროს მონეტას ყიდდა, რომელიც მას მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე გადასცეს.
„უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად გადავწყვიტე გავყიდო დედის მიერ დატოვებული ოქროს რგოლის ბეჭედი და ჩემი ჯილდოს მონეტა. ალბათ, 2500 ლარი საკმარისია“, – დაწერა ლადო აფხაზავამ 4 მარტს ფეისბუქზე.
„როდესაც მე ვარკის ფონდის ელჩის დამადასტურებელი მონეტა გამოვფინე სოციალურ ქსელში და გაყიდვა დავაანონსე, ამის შემდეგ 39 ქვეყანაში ჩემი სტატუსი გადათარგმნეს, გავრცელდა ეს სტატუსი და შემდეგ დაიწყო პროცესი. უცხოეთიდან ადვილად რომ გადაერიცხათ, ისეთი ანგარიში მივაწოდეთ. რადგან დედის ბეჭედს და ჯილდოს ვყიდდი, ამიტომ შეგროვდა ეს თანხები.
მასწავლებლებმა 39 ქვეყნიდან დაიწყეს უკრაინის დასახმარებლად თანხების შეგროვება და ჩვენს მითითებულ ანგარიშზე ირიცხებოდა ეს თანხები. ბოლოს როცა შევამოწმეთ ანგარიში, 700 ათასი დოლარი იყო შეგროვილი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლადო აფხაზავა.
ვარკის ფონდის მონეტა და დედის სახსოვარი ბეჭედი, რომელსაც ლადო აფხაზავა ქველმოქმედებისთვის ყიდდა.
მისი თქმით, ბეჭედი და მონეტა ქართველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ შეიძინა და შემდეგ ორივე უკან დაუბრუნა. შეგროვილი თანხები გადაეცა პოლონურ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ამ თანხებით პროდუქტების და სხვა საჭიროებების მიწოდებას ლტოლვილებისთვის თავშესაფრებში.
ლადო აფხაზავას თქმით, მას საქართველოში საქველმოქმედო აქციისთვის საკუთარი ანგარიში ჰქონდა მითითებული, სადაც სულ 3 000 ლარი შეგროვდა, რომელიც ასევე უკრაინელი ლტოლვილი ოჯახების დახმარებას მოხმარდა.
„ამაზეც ისეთი ამბავი ატყდა, რომ ვითომ პოპულისტად ჩამთვალეს და სიკეთეს რომ აკეთებ, მარჯვენა ხელმა არ უნდა იცოდესო, მაგრამ თუ სიკეთეს სხვა ადამიანები შეუერთდებიან, რა სჯობს ამას“, – გვითხრა ლადო აფხაზავამ.
„ურთულესი სიტუაციააა….! წუხელ მთელი ღამე ცემენტს ამუშავებენ ამ შუა ქალაქში. მხოლოდ იმას ვითხოვთ 12 საათის მერე მაინც შეწყდეს. არა ვართ არც მშენებლობის და არც განვითარების წინააღმდეგი. მხოლოდ შუა ღამისას შეწყდეს ეს ხმაური. არ აღვწერ დანარჩენს რასაც განვიცდით. დაგვეხმარეთ, გთხოვთ!!!!!“ – ამ სიტყვების ავტორი წუხანდელ, 6 ივნისის ვითარებას აღწერს „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ შეტყობინებაში. ის კომპანია „ორბის“ ქარხნის მეზობლად ცხოვრობს.
ქარხანა, რომელიც გვერდით მცხოვრებ ადამიანებში სასოწარკვეთას იწვევს, 5 წელია უკანონოდ მუშაობს ბათუმის ცენტრში. მისი დაჯარიმების საკითხზე სასამართლოში სარჩელი 2019 წელს შევიდა. მარტივი წესით ძებნის შედეგად ბათუმის საქალაქო სასამართლოში მხოლოდ მოსამზადებელი სხდომის გამართვაზე იძებნება ინფორმაცია. ერთი პროცესიც 7 ივნისს გაიმართა. „ორბში“ ამბობენ, რომ ბეტონის ქარხანა 2023 წელს ისედაც წყვეტს მუშაობას, რადგან იქ არსებულ მშენებლობას ასრულებენ.
რა სქემით მუშაობს უკვე ხუთი წელი უკანონოდ ბეტონის ქარხანა შუა ქალაქში, ზღვისპირას, ტურისტულ ზონაში ისე, რომ რეაგირებას არავინ ახდენს? – „ბათუმელები“ ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ორი კვირის განმავლობაში ცდილობდა.
ბათუმში ბეტონის ქარხნის ირგვლივ ჰაერის დაბინძურებაზე ბოლო ვიდეო 28 მაისს გავრცელდა.
ამ დღეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში წინა წლების მსგავსად გაგვიმეორეს, რომ ბეტონის ქარხანა უნებართვოა, მისი შეჩერება 2018 წელს მოითხოვეს და მეხუთე წელია სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან.
სასამართლოს ჯერ არც 28 მაისს დაფიქსირებული სავარაუდო სამართალდარღვევის საქმე განუხილავს – გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის ინფორმაციით, „ორბი ჯგუფი“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 78-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა დაჯარიმებული. ეს გულისხმობს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევას, ან ამ მოწყობილობების გაუმართაობას, ასევე, აღნიშნული მოწყობილობების გამოუყენებლობას ან უქონლობას.
„მიმდინარე წლის 28 მაისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე განთავსებული „ორბი ჯგუფი ბათუმის“ სასაქონლო ბეტონის საწარმოს დათვალიერება განხორციელდა. დადგინდა, რომ ტერიტორიაზე განთავსებული ცემენტის სილოსებიდან ერთ-ერთი არ იყო აღჭურვილი აირმტვერდამჭერი მოწყობილობით“, – მოგვწერეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან 5 ივნისს.
„ეს დამტვერიანება არ იყო ქარხნიდან“, – გვითხრა კომპანია „ორბის“ იურისტმა, გელა მახარაძემ. მისი თქმით, სამართალდარღვევის ოქმიც ადასტურებს იმას, რომ დამტვერიანება „ორბის“ ბეტონის ქარხანას არ უკავშირდება, ხოლო ტექნიკური პრობლემა, რაც გარემოსდამცველებმა ქარხანაში დააფიქსირეს, უკვე მოგვარებულია.
„მოგეხსენებათ, დამტვერიანებაზე სხვა მუხლია და ხუთჯერ მეტი საურავია გათვალისწინებული… ეს იყო სამშენებლო მტვერი, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ სპორტსკოლა არის იქ, ხელშემწყობი პირობები გაჩნდა, ეს იყო სამშენებლო ნარჩენები… მოვიდა გარემოს დაცვა და შეამოწმა. ნახეს, რომ საწარმოდან არ მომხდარა დამტვერიანება, მაგრამ მიაყოლეს შემოწმება. აღმოჩნდა, რომ ერთ სილოსზე არის დაზიანებული ფილტრი… ეს დაზიანებული იყო, შეკვეთილი გვქონდა და ველოდებოდით ჩამოსვლას, დროში დაემთხვა ამას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ორბის“ იურისტმა, გელა მახარაძემ.
რა დაადგინა კონკრეტულად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მტვრის ბუღზე, უკავშირდებოდა თუ არა იგი დაზიანებას ბეტონის ქარხანაში? – დეპარტამენტში ჩვენს დამატებით კითხვებს აღარ უპასუხეს.
კომპანია „ორბში“ ასევე განმარტეს, რომ ბეტონის ქარხანას გარემოს ზემოქმედების შეფასებას ან სკრინინგის ჩატარებას კანონი არ ავალდებულებს.
ამ უწყებამ „ორბის“ უკანონო ბეტონის ქარხნის დაჯარიმება 2020 წელსაც გადაწყვიტა. მაშინაც „ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები გარემოს დაბინძურების შესახებ, თუმცა 2020 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა გოცირიძე კომპანია „ორბისთვის“ მხოლოდ შენიშვნის მიცემით შემოიფარგლა.
2022 წლის 28 მაისის შემთხვევის შესახებ გაფორმებული სამართალდარღვევის ოქმიც ამ მოსამართლეს, კობა გოცირიძეს დააწერეს. ის „ორბის“ წინააღმდეგ საქმის განხილვას 20 ივნისს აპირებს და გადაწყვეტს, სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში კომპანიას დააჯარიმებს თუ არა. კანონი მსგავს შემთხვევაში 10-დან 20 ათასამდე ლარ ჯარიმას ითვალისწინებს.
რა მოითხოვა ბათუმის მერიამ 2018 წელს და რა თქვა სასამართლომ?
„ორბის“ ბეტონის ქარხანა ბათუმში, ზღვისპირას, 2017 წლიდან მუშაობს. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ქარხანა უკანონოა.
„2018 წლის 23 ივლისს გაიცა მითითება #38 შპს „ორბი ჯგუფი ბათუმზე“ ფიროსმანის ქ. 14 ა-ში უნებართვოდ განხორციელებული ბეტონის ქარხნის მშენებლობის გამო. 2018 წლის 5 დეკემბერს გამოიცა დადგენილება #231 შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ დაჯარიმების თაობაზე, რომელიც შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში. 2018 წლის 24 ივლისს აგრეთვე გამოცემულია დადგენილება #77 მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე, რომელიც იძულებით აღსრულების მიზნით გადაგზავნილია აჭარისა და გურიის აღსრულების ბიუროში. 2018 წლის 5 დეკემბერს გამოცემულია დადგენილება მშენებლობის შეუჩერებლობის გამო #77 დადგენილების შეუსრულებლობაზე, რომელიც შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში,“ – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრიდან.
კომპანია „ორბშიც“ სასამართლოსკენ იშვერენ ხელს, რომელმაც 2018 წლიდან დღემდე შუა ქალაქში ბეტონის ქარხნის კანონიერების საქმის შესწავლისთვის ვერ მოიცალა.
„თუ გამამტყუნებს სასამართლო, დავანგრევ. მე საქმის განმხილველი მოსამართლე ხომ არ ვარ?“ – კითხულობს გელა მახარაძე, კომპანია „ორბის“ იურისტი და ჩვენთან საუბრის დროს ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბეტონის ქარხანა 2023 წელს მუშაობას ისედაც შეწყვეტს, სასამართლომ რომც არ დაადგინოს რამე.
„ეს არ არის წარმოება და არ არის ქარხანა. წარმოება ნიშნავს იმას, რომ ბეტონს ვამზადებთ და ვყიდით, ასე არ არის, ეს ბეტონი სჭირდება თავად იქ მიმდინარე მშენებლობას,“ – განმარტავს გელა მახარაძე. – „ე.წ. ბეტონის ქარხანაც გათვალისწინებულია მშენებლობის ორგანიზების პროექტით, ის ემსახურება ამ კონკრეტულ მშენებლობას, რომლის ნებართვაც ჩვენ ავიღეთ 2017 წელს და ვადა იწურება 2023 წელს. ეს არის ერთიანი ნებართვის ქვეშ… რა თქმა უნდა, შემდეგ აღარ იქნება [ბეტონის ქარხანა],“ – აღნიშნა გელა მახარაძემ „ბათუმელებთან“.
იურისტმა მოგვაწოდა 2017 წელს მომზადებული მშენებლობის ორგანიზების დოკუმენტიც, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ კომპანიას დროებით ბეტონის ქარხნის მოწყობის ნებართვა მართლაც აქვს, თუმცა ეს ნებართვა ეხება ხიმშიაშვილს 7-ს და არა ფიროსმანის 14-ს, სადაც ახლა არის განთავსებული ბეტონის ქარხანა.
„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მშენებლობა ფიროსმანის 14-ში / 8.06.2022
„ინსპექცია გვეუბნება, გჭირდებოდათ ნებართვაო. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არ გვჭირდებოდა, რადგან ეს არის მომიჯნავე მიწა, მე ხომ სხვის მიწაში არ გადავსულვარ? ერთი სამშენებლო მოედანია. ეს [ბეტონის ქარხანა] არ არის ძირითადი შენობა, დროებითი ნაგებობაა და მისი ადგილმონაცვლეობა არსებითი არ იყო,“ – განმარტავს გელა მახარაძე, კომპანია „ორბის“ იურისტი.
მიუხედავად იურისტის ამ განმარტებისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს, როცა ბეტონის ქარხანა ხიმშიაშვილის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩაზე გადაიტანეს, ეს ტერიტორია „ორბის“ საკუთრებაში არ იყო, ანუ ქარხანა სახელმწიფო მიწაზე განათავსეს და არა კომპანიის საკუთრებაში არსებულ „მომიჯნავე მიწაზე“. იმ დროს ეს ტერიტორია არც „ერთ სამშენებლო მოედანს“ არ წარმოადგენდა.
მანამდე კი, ამ ტერიტორიას „ორბი“ უკანონოდ სარგებლობდა [სადაც „სამეურნეო ეზო“ ჰქონდა მოწყობილი ბეტონის ქარხნით]; მოგვიანებით, ვიდრე მიყიდდნენ, ეს ნაკვეთი კომპანიას იჯარითაც ჰქონდა გადაცემული.
ბეტონის ქარხანა 2018 წელს ხიმშიაშვილის ქუჩაზე [მარცხნივ] და იგივე ქარხანა 2022 წელს ფიროსმანის ქუჩაზე [მარჯვნივ]კომპანიის იურისტი ადასტურებს, რომ ფიროსმანის 14 ა-ში მშენებარე კორპუსი ცალკე სამშენებლო პროექტია, თუმცა ბეტონის ქარხანა, იურისტის თქმით, „ძირითადად“ ისევ ხიმშიაშვილის 7-ში მშენებარე კორპუსებს ემსახურება.
„არ ვიცი, ემსახურება თუ არა, ხიმშიაშვილის 7 ბ-ს ემსახურება ძირითადად,“ – აღნიშნა გელა მახარაძემ.
„უკანონო ბეტონის ქარხნის საქმე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს 2019 წლიდან აწერია. სასამართლომ საქმეზე სხდომა გუშინ, 7 ივნისს, ჩაატარა, თუმცა სასამართლოს მენეჯერის თქმით, იგი გადაიდო და ჯერ არ არის განსაზღვრული სხდომის მორიგი თარიღი.
საია: „აუცილებელია, სასამართლომ იმოქმედოს“
„სამწუხაროა, მაგრამ არ მიკვირს სასამართლოს ასეთი დამოკიდებულება… აუცილებელია, რომ სასამართლომ იმოქმედოს, სხვა გზა სამართლებრივ სახელმწიფოში ვერ იარსებებს,“ – ამბობს მზია გოჩელაშვილი, საია-ს იურისტი. მას ეს საქმე „ნამახვანჰესზე“ სასამართლოში შეტანილ სარჩელს ახსენებს:
„ისე გადის ნამახვანჰესზე კომპანია ქვეყნიდან, რომ ამ საქმეზე მოსამზადებელი სხდომაც არ ჩაუტარებია თბილისის საქალაქო სასამართლოს. არადა, ერთ წელზე მეტი დროა გასული მას შემდეგ, რაც სასამართლოს მივმართეთ… ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებით გარემოსდაცვით საკითხებზე მართლმსაჯულება არაეფექტურია,“ – გვითხრა მზია გოჩელაშვილმა.
„მთავარი პრინციპი, რომელიც დღეს არის აღიარებული, ეს არის ნულოვანი გაფრქვევა მილზე, მით უმეტეს, როცა დასახლებულ პუნქტშია ქარხანა… ასეთი ქარხანა რეკრეაციულ ზონაში საერთოდ არ უნდა იყოს, ცხადია,“ – ამბობს ნინო ჩხობაძე, ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი. მას 90-იან წლებს ახსენებს ბათუმში, ზღვისპირას, ტურისტულ ზონაში ბეტონის ქარხნის არსებობა. „90-იანებში ხდებოდა მსგავსი ამბები,“ – იხსენებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი.
„1999 წელს გვქონდა შემთხვევა, როცა უკანონოდ საქმიანობდა საწარმო, აბინძურებდა ჰაერს და დაბინძურების გამო მივმართეთ სასამართლოს,“ – გვიყვება ნინო ჩხობაძე. – „მაგრამ სასამართლომ გვითხრა, რომ ვერ დააჯარიმებდნენ კომპანიას, რადგან მას ზოგადად საქმიანობის ნებართვა არ ჰქონდა… შემდეგ ზემდგომმა ინსტანციამ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და დახურეს ის საწარმო.
დღეს ჩვენ გვაქვს რამდენიმე კანონი, მათ შორის, ატმოსფერული დაცვის შესახებ კანონი, ასევე, გასულ წელს მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში კანონი წარმოების ვალდებულებების შესახებ, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსგავს საწარმოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.
დღეს რაც ბათუმში ხდება, ეს არის აბსურდი – გამოდის, სასამართლო ახალისებს უკანონობას… განსაკუთრებული პრობლემაა მსგავსი ქარხანა, რადგან სადაც ცემენტი მუშავდება, იქ თუ არ არის შესაბამისი, ულტრათანამედროვე დანადგარები, ეს უკვე ქიმიური დაბინძურება იქნება,“ – მიიჩნევს ნინო ჩხობაძე.
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არისაუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდესდონორიორგანიზაციისშეხედულებებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკში. ამავე დროს, რუსეთის აღმოსავლეთ ჯგუფები, უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში, ასევე აქტიურად ცდილობენ წინსვლას იზიუმის სამხრეთით.
„რუსეთის პროგრესი იზიუმის მიმართულებაზე აპრილიდან შენელდა, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა მოხერხებულად გამოიყენეს ადგილობრივი რელიეფი რუსეთის შეტევის შესაფერხებლად,“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა 9 ივნისს, ტვიტერზე გამოქვეყნებულ რელიზში.
უწყების ცნობით, კიევზე წარუმატებელი თავდასხმისა და სერიოზული დანაკარგების შემდეგ, რუსეთმა ძალების აღდგენა სცადა, თუმცა მისი დანაყოფები კვლავაც დაუკომპლექტებელია.
„რუსეთი, სავარაუდოდ, რეგიონში უპირატესობის დაბრუნებას ცდილობს, რათა განაგრძოს შეტევები სევეროდენცკში და მოახერხოს წინსვლა დონეცკის ოლქის სიღრმეში“, – მიუთითებს დაზვერვა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. 8 ივნისის პოსტში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავდა, რომ დაპყრობილ ხერსონში უკრაინამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 31 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
ტანკი – 1 398 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 3 438 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 711 ერთეული [+8]
MLRS – 213 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 96 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 212 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 178 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 562 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 421 ერთეული [+15]
სპეცტექნიკა – 53 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
193 თვითმფრინავი
130 ვერტმფრენი
1 163 უპილოტო საფრენი აპარატი
336 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 471 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
493 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 834 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 512 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
გაზაფხულზე ხარკოვის დასახლებული პუნქტები – იუზუმი და ბარვენკოვო – მსოფლიოს სამხედრო ექსპერტთა ყურადღების ცენტრში მოექცა. იზიუმის დაკავების შემდეგ რუსეთის ძალები სლავიანსკში, კრამატორსკსა და ბახმუტში უკრაინელ სამხედროთა დანაყოფის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლეს – ისინი უკრაინელმა მებრძოლებმა შეაჩერეს. ერთ-ერთ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის, უკრაინის გმირის წოდება მიიღო მესამე სატანკო ბრიგადის ასეულის მეთაურმა, სერგეი პონომარენკომ. ის თავის ისტორიას Hromadske-ს უყვება.
6 ტანკი 20-ის პირისპირ
ბრძოლები, რომელთა შემდეგაც დამაჯილდოვეს, ჩემთვის რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა. თითოეულ ბრძოლაში, აბსოლუტურად თითოეულში, შენ შენი მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობ. ცდილობ, რაც გაქვს და იცი, ყველაფერი გამოიყენო.
მაშინ ჩვენი დანაყოფი, 25-ე ცალკეულ საჰაერო-სადესანტო ბრიგადასთან ერთად, ცდილობდა შტურმით აეღო ტოპოლსკოე, სოფელი იზიუმთან. დაზვერვის მონაცემებით, იქ მტრის დიდი ძალა არ უნდა ყოფილიყო განლაგებული, თუმცა როგორც კი ბრძოლა დავიწყეთ, მაშინვე მივხვდით, რომ მათი ძალები ჩვენსას ბევრად აღემატებოდა.
უფრო გასაგები რომ იყოს, ჩვენს 6 ტანკზე მათი 20 მოდიოდა. არტილერიაც ეხმარებოდა. ბრძოლამდე ამ ყველაფრის გათვლა შეუძლებელი იყო, რადგან ყველაფერი შენიღბული ჰქონდათ.
ჩვენ ორი მიმართულებით მივიწევდით წინ. მივუშვით ცეცხლი და მერე უკან დავიხიეთ, რომ საბრძოლო კომპლექტები გადაგვეტენა. ამ მომენტში მტერმა სხვადასხვა კალიბრის არტილერიის გამოყენება დაიწყო და საცეცხლე პოზიციაზე გასვლის საშუალებას არ გვაძლევდა. მაინც გადავწყვიტეთ, ხელახლა შეგვეტია.
სერგეი პონომარენკო ტანკზე/ფოტო: Hromadske.ua
პირად დამსახურებებს არ ვითვლი, ვითვლი მხოლოდ ასეულის მიღწევებს. ამ ბრძოლაში ჩვენმა ასეულმა მტრის 9 ტანკი გაანადგურა – რაც დანამდვილებით დავინახეთ, რომ იწვოდა. თუმცა იყო ისეთებიც, რომლებსაც ვარტყამდით, თუმცა არ დამწვარა.
მტრის განადგურებული ტანკების ზუსტი რაოდენობის თქმა რთულია. ჩვენი უპილოტო აპარატები არ დაფრინავდნენ იქ და რაიმე ვიზუალური მტკიცებულება არ გვქონია.
ამდენი ტექნიკის განადგურებისა და დაზიანების მიუხედავადაც არ წყვეტდნენ წინააღმდეგობას. სავარაუდოდ, სადღაც, იქვე, დასახლებული პუნქტის იქით, ტყეში რეზერვები ჰქონდათ და გამოჰყავდათ. ერთ ტანკს რომ ვანადგურებდით, მის ადგილას ორი ჩნდებოდა.
ძალიან რთული იყო მტრის ძალების დათვლა. ბრძოლის დროს, როცა ყველაფერი ცეცხლსა და კვამლშია გახვეული, ძნელია ახალი სამიზნეების დანახვა. ძირითადად სინათლე რომ გაიელვებდა, იმ სამიზნეებზე ვმუშაობდით, თუმცა იმის მიხედვით, თუ რა შუალედით ხდებოდა აფეთქებები, შეიძლება იმის მიხვედრა, თუ რამდენი ტყვიამფრქვევი მუშაობდა ჩვენ წინააღმდეგ.
დაახლოებით შემიძლია დავასკვნა, რომ 20 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. ეს მხოლოდ ტანკი. ჯავშანმანქანებს ვერც დაითვლიდი, რადგან როდესაც ტანკები ისვრიან, ნაკლებ კალიბრს უკვე ვეღარ ამჩნევ. გესმის ტკაცუნის ხმა, მაგრამ აღარც აქცევ ყურადღებას, რადგან ის ტანკისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.
პირველი, ვინც შემატყობინა, რომ უკრაინის გმირის წოდება მივიღე, ჩემი ყოფილი მეთაური იყო, პიოტრ პავლოვიჩი. ის მუდმივად თვალს ადევნებს თავისი ბიჭების ცხოვრებას და კარიერას. მან პირველმა მომილოცა.
თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ შემდეგ ბრძანების ნომერი და თარიღი მითხრა. შევედი, გადავამოწმე და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.
ტანკისტი აგრარული უნივერსიტეტიდან
ტანკისტი ჯერ კიდევ სტუდენტობისას გავხდი. აგრარულ უნივერსიტეტში სამხედრო კათედრა იყო. მაშინ დავდიოდით მეგობრები და ვხუმრობდით – „სამხედრო კათედრა. ტანკისტები. თანამედროვე სამყაროში რაღა დროს ტანკებით ომია? ვიდრე ჩვენ ინსტიტუტს დავამთავრებთ, უკვე კოსმოსური ჯარები იქნება“. მაგრამ ისე მოხდა, რომ დრო კი მიდის წინ, მაგრამ ომის წარმოების საშუალებები კვლავაც იგივე რჩება.
2014-ში ოფიცრის წოდება რომ მივიღე და უკრაინელ ხალხს ერთგულება შევფიცე, ზუსტად მაშინ დაიწყო ომი. არ შემეძლო გვერდზე დგომა და წავედი სამხედრო კომისარიატში. თავდაპირველად მოწვევა არ მიმიღია. მაშინაც მეხუმრებოდნენ მეგობრები, მოხალისედ წადიო, თუმცა მეორე დღეს გამომიძახეს. ასე აღმოვჩნდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
მესამე ცალკეულ სატანკო ბატალიონში მოვხვდი. საკმაოდ გრძელი გზა გავიარეთ: დავიწყეთ მარიუპოლში და დავამთავრეთ ლისიჩანსკში, პოპასნაიაში.
2015 წლის 3 ივნისს რუსებმა მარინკას აღება სცადეს. მაშინ ოცეულის მეთაური ვიყავი და ჩემი ოცეული მარინკას იცავდა, 28-ე მექანიზებულ ბრიგადასთან ერთად.
სერგეი პონომარენკო მარინკაში/ ფოტო: Hromadske.ua
მაშინ, როგორც ვხვდები, შტაბის მეთაურს ჩვენი მონაწილეობა სამხედრო მოქმედებების ჟურნალში არ შეუტანია, ამიტომაც ანგარიშებისა და დოკუმენტების მიხედვით, ჩემი ოცეული მარინკაში არ ყოფილა. თუმცა არსებობს ვიდეო და ფოტომტკიცებულებები. ჩვენს ტექნიკასთან გადავიღეთ ფოტოები, მას შემდეგ, რაც ბრძოლა დასრულდა და რუსების იერიში მოვიგერიეთ, თუმცა ამაზე ისტორიამ არაფერი იცის.
2021 წლის ნოემბერში უკრაინის შეიარაღებული ძალები დავტოვე და სამოქალაქო ცხოვრებას დავუბრუნდი. ზუსტად თვე-ნახევარი ვიმუშავე და უკვე ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამჯერადაც არ შემეძლო გვერდზე დგომა.
დაბრუნება ფრონტზე
მესამე სატანკო ბრიგადაში ჩემი ნაცნობი მუშაობდა. მას გამოვკითხე, აპირებდნენ თუ არა ოფიცრების დამატებას და ჩემი და ჩემი 2014-2015 წლების ფრონტის მეგობრების ადგილი თუ იქნებოდა. თანხმობა მივიღე.
24 თებერვალს აფეთქების ხმამ გამაღვიძა. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მეორე აფეთქებამ უკვე ყველაფერს მიმახვედრა. ჩემებს ჯერ კიდევ ეძინათ, მე უკვე გარეთ ვიყავი და ვრეკავდი. კიევიდან დამირეკეს და ჩემი ვარაუდი დაადასტურეს – ომი დაიწყო.
ვფიქრობდით, რომ რუსები პირველივე დღეებში ჩაახშობდნენ ყველანაირ კავშირს, ამიტომ მეგობრებს უკვე წინასწარ გვქონდა დათქმული ადგილი, სად უნდა შევხვედროდით. 26 თებერვალს მე და ჩემი თანამებრძოლები არმიაში ვიყავით, 12 მარტს კი – ბარვენკოვოში.
რით განსხვავდება 2022 წლის ომი 2014 წლის ომისგან
იმით, რომ მტერი ახლა ბევრად დიდ ძალას და საბრძოლო აღჭურვილობას იყენებს. თუკი მანამდე სადღაც-სადღაც ინიღბებოდნენ და ასეთი მსხვილი და ძლიერი დანაყოფები არ გამოჰყავდათ ბრძოლაში, ახლა ყველაფერი ხელისგულზეა.
მათი ოფიცრები და ჯარისკაცებიც უკეთ მომზადებულები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც 2014-ში ვებრძოდით. ესენი, ძირითადად, იყვნენ ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. „ოპოლჩენცები“, რომლებიც დიდ საფრთხეს ვერ ქმნიდნენ. მაშინაც იყო განსხვავება მათსა და რუსეთის ფედერაციის დანაყოფებს შორის.
პროფესიონალს იმის მიხედვით გამოარჩევ, როგორ იბრძვის, როგორ ირჩევს საცეცხლე პოზიციებს, როგორ ახორციელებენ დარტყმებს. აი, მაგალითად, იზიუმის ერთ-ერთ სოფელში ვიყავით: პირველ დღეს ჩვენი ერთი ტანკით გამოვუხტით მათ ორ ტანკს, რომლებიც მინდორზე დასეირნობდნენ. ერთი გავანადგურეთ, მეორე კი გაიქცა. ფაქტობრივად, წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია.
მეორე დღეს, როცა ისევ ჩვენი ერთი ტანკით უკვე მათ სამ ტანკზე დავიწყეთ შეტევა, რეაქცია ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა. ესენი რუსები იყვნენ. კარგად შეარჩიეს პოზიცია, სწორად დამალეს კორპუსი, მუშაობდნენ მიზანმიმართული ცეცხლით, მხოლოდ – კოშკურით.
კოშკურით მუშაობა ნიშნავს, რომ კორპუსი მთლიანად დამალულია, ჩანს მხოლოდ ლულა და ტანკის კოშკურა, რომელსაც ძლიერი ჯავშანი აქვს.
ჩვენი და მათი ტანკები
ტანკები რომ შევადაროთ – რუსული Т 80-ები, Т 90-ები და Т 72-ები, რომლებსაც ახლა ვებრძვით – რაღაც თვალსაზრისით, მათ აქვთ უპირატესობა.
ისეთივე Т 72-ები აქვთ, როგორებიც ჩვენ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე აქვს Т-80, Т-64, რომლებიც არაფრით ჩამორჩება რუსულებს. ერთადერთი Т 90-ია, გაუმჯობესებული ღამის სამიზნეებით, დანარჩენ შემთხვევაში, ტექნიკით რუსები არანაირი უპირატესობას არ ფლობენ.
მე არ მიცდია „ლეოპარდებზე“ ან „აბრამსებზე“ მუშაობა, ამიტომაც ვერ ვიტყვი, რამდენად უკეთესები ან უარესებია ისინი, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ Т 64-იც კი, თუ ის სწორად მართავ, შესანიშნავი მანქანაა. ასე ვიტყოდი – სნაიპერის იარაღი, უბრალოდ, უფრო დიდი კალიბრის.
რომ გაიგოთ ამ ტანკის სიზუსტის ხარისხი, გეტყვით – 2014 წელს ჩემი მანქანის ნომერი იყო 334 (აქედან მოდის საბრძოლო სახელი 34) და 1 900 მეტრში ასანთის კოლოფს არტყამდა.
ბარვენკოვო, ბრძოლაში მოპოვებული რუსული T 90/ ფოტო: Hromadske.ua
ბრძოლაში ყველაფერი ეკიპაჟის მოტივაციასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ მებრძოლები მზად არიან, თუ სწორად არიან მომართული, მაშინაც კი თუ ტექნიკა ვერ „ქაჩავს“, „ქაჩავს“ მათი მოტივაცია და პროფესიონალიზმი.
ჩვენი დანაყოფის სამხედროების მოტივაცია მაშინ, დონბასში და ახლა რადიკალურად განსხვავდება. 2014-2015 წლებში იმ ხალხის მობილიზაცია მოხდა, ვისაც ბრძოლა დიდად არ უნდოდა. ისმოდა შეკითხვები – რას ვაკეთებთ აქ? რისთვისაა ეს ყველაფერი? ახლა კი ყველას ცხადად ესმის, რატომ არიან აქ, რატომ დგანან და რას ცვლის მათი ბრძოლა.
ჩემი 30 შვილი
მე მანამდე სამი შვილი მყავდა, ახლა კი 30 მყავს. ჩემს თანამებრძოლებს სულ ვეხუმრები – თქვენ ჩემი შვილები ხართ და თქვენზე პასუხისმგებლობა მაკისრია. როდესაც შევდივარ საომარი მოქმედებების ზონაში, თვალებში ვუყურებ და სრულიად გულწრფელად ვეუბნები – მე თქვენთან ერთად შევდივარ და თქვენთან ერთად გამოვალ, იქ არავის დავტოვებთ.
და ამ დაპირების შესრულებას ვცდილობ. დღეისთვის, სამწუხაროდ, ერთი გვყავს უგზო-უკვლოდ დაკარგული. მისი სხეული ვერ ვნახეთ, ამიტომაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც ტყვეობაშია, ვიპოვით და გავცვლით.
რას ვფიქრობ რუსებზე? მე ჯერ კიდევ 2014 წლიდან ასეთი დამოკიდებულება მაქვს: რუსეთი აგრესორია და არავითარი დანდობა, არანაირი თანამშრომლობა, არაფერზე ლაპარაკი მათთან არ შეიძლება. მათ უნდა ვებრძოლოთ და გავყაროთ ჩვენი მიწიდან, აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. როდესაც ჩვენს საზღვრებზე გავალთ, შემდეგ შეიძლება რამეზე ველაპარაკოთ.
მაგრამ ვიდრე ერთი რუსი ჯარისკაციც კი დადის უკრაინის მიწაზე – სალაპარაკო არაფერია.
ომი – ეს არის შანსი, დავეხსნათ რუსეთს
ჩემთვის, პირადად, გამარჯვება – ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლის საკითხია. საკმარისია სხვაგან სიარული და „წილის“ ძებნა, დროა სახელოები ავიკეცოთ და ავაშენოთ ლამაზი და აყვავებული ქვეყანა.
ეს ომი – ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ქვეყნისთვის. შესაძლებლობა, რომ ჩავეხსნათ ღუზას – რუსეთის ფედერაციას, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ჩვენს განვითარებას აფერხებდა.
ომში მთავარი ცნობიერებაზე გამარჯვებაა – უნდა გავიგოთ, რომ არანაირი ძმები ჩვენ არ ვართ, არანაირი ძმური ხალხები არ ვართ.
შეიძლება სადღაც 10-15-20 წლის მერე რაიმეს გამო მადლობაც კი ვუთხრათ რუსებს – კი, იყო დიდი მსხვერპლი, მაგრამ ჩვენ, როგორც იქნა, ჩამოვიხსენით ეს ღუზა, რომელიც გვაფერხებდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ი და USAID-ი ქართულ საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების ახალ, ხუთწლიან პროგრამას იწყებს. პროგრამის მიზანია სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარება, სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს სკოლებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას.
საქართველოს მასშტაბით პროექტში 650 სკოლაა ჩართული. აქედან 70 სკოლა აჭარიდანაა.
პროგრამა ითვალისწინებს VII-XII კლასის მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების აქტიურ ჩართვას როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამოქალაქო და სოციალურ პროექტებში.
აჭარიდან პროექტში ჩართულ სკოლებს შორისაა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლაც. „ბათუმელები“ ამ სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, იამზე მემარნეს ესაუბრა, რომელიც პროგრამის პრეზენტაციასაც დაესწრო თბილისში.
იამზე მემარნე – სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებელი
„მსგავსი პროგრამა 2013 წელსაც იყო, თუმცა ახალ პროგრამაში ახალი კომპონენტებია, მათ შორის ბიზნესისა და სკოლის თანამშრომლობის ნაწილი.
პროგრამა საინტერესოა იმითაც, რომ ითვალისწინებს როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების მხარდაჭერას სასწავლო პროცესის უკეთ განსახორციელებლად.
ამ პროცესს სჭირდება ტექნოლოგიები, ამიტომ პროგრამა საშუალებას გვაძლევს მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი პროექტებით სხვადასხვა კონკურსში და მოვიპოვოთ ტექნიკური მხარდაჭერაც. მე, პირადად, ამ პროექტის ფარგლებში ადრე მივიღე კომპიუტერი, თუმცა ბევრი წელი გავიდა და ბუნებრივია, საჭიროა ტექნიკის განახლება.
მაგალითად, სკოლაში პროექტორი, ფოტოკამერა გვჭირდება და კარგი იქნება, თუ ჩვენი პროექტებით გავიმარჯვებთ რომელიმე კონკურსში და მივიღებთ ამ მხარდაჭერას. პროექტორი ძალიან მნიშვნელოვანია კლასში სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად“ – გვეუბნება იამზე მემარნე.
მისი თქმით, ახალი პროგრამა წინა წლებისგან ასევე იმით განსხვავდება, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებლების გარდა სხვა საგნის მასწავლებლებსაც აქვთ პროექტების განხორციელების და კონკურსებში მონაწილეობის უფლება.
„წელს ორი მიმართულებაა აღებული, ერთი ნაწილია აქტიური მასწავლებლების და მოსწავლეების გამოვლენა და მეორეა დემოკრატიული ღირებულებებით გამორჩეული სკოლების გამოვლენა“- ამბობს იამზე მემარნე.
მისი თქმით, სამოქალაქო განათლება ხელს უწყობს ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ფიქრობს, რომ ამ თემების ირგვლივაც იმუშავებს ბავშვებთან ერთად.
„ასევე, ვფიქრობ ისეთ პროექტებზე, რომელიც სასკოლო სივრცის განახლებაზე იქნება ორიენტირებული. მინდა როგორც საკლასო, უშუალოდ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება, ასევე სოციალური პროექტებისაც, რომელსაც საკლასოსგან განსხვავებით ბიუჯეტი სჭირდება და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კომპონენტშია საჭირო სკოლის და ბიზნესის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი.
გამარჯვებული სკოლებისთვის იგეგმება ორი ბანაკი, ასევე მოეწყობა წლის საუკეთესო მასწავლებლებისთვის კონფერენციები და დაიგეგმება საუკეთესო სკოლების გამოვლენა. მე, პირადად, ძალიან შემიწყო ხელი ჩემმა დაგეგმილმა აქტივობებმა ჩემს კარიერულ წინსვლაშიც“ – ამბობს იამზე მემარნე.
პროგრამის შესახებ ყველა შერჩეული სკოლა მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, პროგრამის განხორციელება კი სექტემბერში დაიწყება.
„დიახ, მე ვფიქრობ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოდან უნდა დაახვიოს“, – ასე დაასრულა აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა, ტიტე აროშიძემ ბრიფინგი და დატოვა ტრიბუნა იმის ნიშნად, რომ კითხვებს აღარ უპასუხებდა. მას არ უთქვამს, რა უნდა ქნას 29 065 ამომრჩეველმა ბათუმში, რომელმაც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცა – უნდა „დაახვიონ“, თუ დარჩენა შეუძლიათ.
ტიტე აროშიძემ დღეს, 8 ივნისს, „ოცნების“ ოფისში ბრიფინგი მოაწყო, სადაც განმარტა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის რიტორიკა ოპოზიციის მიმართ გუშინ, ანგარიშის წარდგენისას, ადეკვატური რეაქცია იყო იმ შეურაცხყოფაზე, რასაც მას „უგონებენ“ და „დიდი ხანია ითმენს.“
ვიცე-სპიკერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობდა პროვოკაციებს, რომ მწყობრიდან გამოეყვანათ მთავრობის თავმჯდომარე და მათივე კოლეგებიც, „მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.“
ტიტე აროშიძემ არ უპასუხა კითხვას, რა ტიპის გამონათქვამია თორნიკე რიჟვაძის წამოძახება – „არავის გადაუღუნოთ“. მან თქვა, რომ არ იცის და არც გაუგონია.
მანამდე მან გაიმეორა, გუშინ, 7 ივნისს, თორნიკე რიჟვაძის მიერ გაჟღერებული რეპლიკები, რომ ელგუჯა ბაგრატიონი [უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“] ნასამართლევია და რომ აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი, გია აბულაძე ეთანხმებოდა მოზარდის დაკავებას, რომელმაც „ბურთი მოიპარა.“
ამის დასადასტურებლად მან სპეციალურად გამზადებულ ეკრანზე გვაჩვენა სიუჟეტი გია აბულაძის კომენტარით, სადაც ის ფაქტს უარყოფითად აფასებდა და ამბობდა, რომ „ასეთი გადაცდომებით უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ადამიანი“. კომენტარში ის არ ამბობს, ეთანხმება თუ არა მოაზრდის დაკავებას.
„ვასაჯაროებთ ფაქტებს, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით ჩვენ არ ვჭორაობთ… მე როგორც მახსოვს, ბატონმა გია აბულაძემ გუშინ განაცხადა, რომ ეს არის მონტაჟი… ასევე გუშინ საუბარი იყო გალიფ ოზთურქთან თორნიკე რიჟვაძის ნაცნობობაზე, მეგობრობაზე და ახლობლობაზე. დააბრალეს „ოცნებას“ თითქოს გალიფ ოზთურქი შემოიყვანა თავისი კომპანიით.“
ტიტე აროშიძემ ბრიფინგზე წარმოადგინა ლევან ვარშალომიძის ბრძანება ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ნაკვეთის პირდაპირი წესით გადაცემასთან დაკავშირებით მიყიდვასთან დაკავშირებით.
თუმცა, გუშინ უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს ნამდვილად არ უთქვამთ, რომ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, „ოცნებამ“ შემოიყვანა. ოპოზიციის კითხვა უკავშირდებოდა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ 9 კორპუსს, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში აშენდა.
ვიცე-სპიკერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა ასევე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნარკომანიისკენაა მიდრეკილი. მისი მტკიცებით ამას ადასტურებს ის, რომ მთავრობის სახლის წინ აქციაზე დაკავებულ დეპუტატებს მარიხუანა აღმოაჩნდათ.
თუმცა, სასამართლო პროცესებზე [„ბათუმელები“ ამ პროცესებს აშუქებდა] მსგავსი ბრალდება პოლიციას არც ერთი დეპუტატის მიმართ არ ჰქონდა წარდგენილი.
ტიტე აროშიძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ოპოზიციამ გუშინ 25 -ჯერ გააჩერა:
„ამასთან, შეურაცხყოფას აყენებდნენ მას, მისი ოჯახის წევრებს და, რა თქმა უნდა, რეაქცია იყო ადეკვატური.“
ტიტე აროშიძის აზრით, „ყველა შეურაცხყოფას უნდა ჰქონდეს ადეკვატური პასუხი და თორნიკე რიჟვაძე გუშინ იყო ადეკვატური“.
ლიმფედემა ნიშნავს ცილებით მდიდარი სითხის დაგროვებით გამოწვეულ შეშუპებას, რომელიც ჩვეულებრივ გაედინება სხეულის ლიმფური სისტემის მეშვეობით.
ლიმფედემა ყველაზე ხშირად ქვედა კიდურებს აზიანებს. დაავადების მძიმე შემთხვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაზიანებული კიდურის გადაადგილების უნარზე, გაზარდოს კანის ინფექციებისა და სეფსისის რისკი და გამოიწვიოს კანის ქსოვილის ცვლილებები და რღვევაც კი.
ბათუმის სამედიცინო ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგის, თემურ რუაძის თქმით, ვინაიდან ლიმფედემა პროგრესირებადი დაავადება და ბევრი სერიოზული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობის დროულად დაწყებას.
ბატონო თემურ, რა არის ლიმფედემა, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?
ლიმფედემა არის შეშუპება, ძირითადად გვხვდება ქვემო კიდურებზე, თუმცა არსებობს ზემო კიდურებზეც. ასევე, შეიძლება განვითარდეს გულმკერდის კედელში, მუცელში, კისერზე… არსებობს შინაგანი ორგანოების ლიმფედემაც.
ლიმფური სისტემა წარმოადგენს სადინარების ქსელს, რომლებიც ატარებენ ცილებით და მიკროელემენტებით მდიდარ ლიმფურ სითხეს მთელ სხეულში. ლიმფური სადინარი გაცილებით წვრილია, ვიდრე ვენა, თუმცა მათაც, ვენების მსგავსად, აქვთ სარქვლები.
ლიმფედემა ვითარდება მაშინ, როდესაც ლიმფურ ჭურჭელს არ შეუძლია ლიმფური სითხის ადეკვატურად გადინება, რის გამოც ლიმფური მასა ლაგდება ერთგან, ძირითადად ეს არის წვივი და ტერფი. ამ დროს მისი დრენაჟი ანუ უკან დაბრუნება (ჩართვა) ვეღარ ხდება სისხლის საერთო მიმოქცევის წრეში, ეს კი რიგ ცვლილებებს იწვევს იმ ქსოვილებში, სადაც ის გროვდება.
განასხვავებენ ლიმფედემის თანდაყოლილ და შეძენილ ვარიანტებს, თუმცა ჩვენს პოპულაციაში ყველაზე გავრცელებული მაინც შეძენილი ვარიანტია, რომელიც 35 წლის ასაკიდან ვითარდება.
შესაძლოა განვითარდეს უნილატერალური – როცა ლიმფედემა ერთ კიდურზე ვითარდება და ბილატერალური – ორივე კიდურზე როცაა გამოხატული. უნილატერალურის შემთხვევაში ეჭვი მიგვაქვს ლიმფური გზებისა და კიდურის ლიმფური ძარღვების პათოლოგიებზე, ხოლო როცა ორმხრივია – იქ გამოსარიცხია გულის ფაქტორი, მარჯვენა გულის უკმარისობას ხშირად თან ახლავს ორივე ქვემო კიდურის შეშუპება და, შესაბამისად, ლიმფის დაგროვება. ეს იმიტომ, რომ გული, როგორც „ტუმბო“, შეიძლება ვერ მოქმედებდეს კარგად.
ლიმფა – ბიოლოგიურად აქტიური სითხეა ორგანიზმში, რომელიც წარმოიქმნება ლიმფურ პრეკაპილარებში, ქსოვილთაშორის სივრცეებიდან წყლის, ცილის და სხვადასხვა მოლეკულის შეწოვის შედეგად. იგი წამყვან როლს ასრულებს იმუნურ პროცესებში, ასევე, აუტოიმუნურ, ანთებით, კარდიო-ვასკულურ და მეტაბოლურ პათოლოგიებსა და სიმსივნის მეტასტაზირების პროცესში. ლიმფური კვანძები მოქმედებს როგორც ფილტრები და შეიცავს უჯრედებს, რომლებიც ებრძვიან ინფექციას და კიბოს.
რატომ შუპდება ყველაზე ხშირად ქვედა კიდურები?
ქვედა კიდურები უფრო მასიური ანატომიური ერთეულია, აქ გაცილებით მეტი სისხლი მიედინება, ვიდრე, მაგალითად, ზედა კიდურებში. გარდა ამისა, ზედა კიდურს უფრო დიდი დიაპაზონი აქვს მოძრაობის, ქვედა კიდური კი ძირითადად (დროის დაახლოებით 90%) დაშვებულია/მიმართულია ქვემოთ. იქ ჩასული სისხლი და ლიმფური სითხე გულში ბრუნდება მხოლოდ სარქვლების ხარჯზე. სარქვლების დაზიანება ერთ-ერთი განმაპირობებელია იმისა, რომ ლიმფა გროვდება ერთგან და არ მიდის უკან.
ხშირია ვენური სტაზით გამოწვეული ლიმფედემა. როცა ვენებში ვენური სისხლი ვერ მიდის უკან კარგად, ეს იწვევს მის გაჩერებას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ლიმფური ძარღვები არ იყოს გაფუჭებული, ვენური სტაზი ანუ ვენური სისხლის დგომა ამას განაპირობებს.
კიდურების ელევაცია ანუ მაღლა აწევა ძალიან სასარგებლოა, ეს არის საშუალება, რომ დედამიწის მიზიდულობის ძალა გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ და არა პირიქით. ტერფი თუ ასცილდება მიწის დონეს, სისხლი უკან უკეთ დაბრუნდება, სითხეს უფრო მეტი ტენდენცია ექნება გულისკენ მიმართულების და კიდურში არ გაჩერდება.
როგორია ამ დაავადების ნიშნები?
ეს ძალიან ადვილად ამოსაცნობია პაციენტის მიერ, რადგან ლიმფოსტაზი და ლიმფედემა ძალიან თვალშისაცემია, ვლინდება სხეულის სხვადასხვა მიდამოს შეშუპებით, სიმძიმის, კანის დაჭიმვის შეგრძნებებით. შეიძლება შენიშნოთ, რომ წინდის რეზინმა მოგიჭირათ, ფეხსაცმელმა, საათმა, სამაჯურმა.
საწყის ეტაპზე, როცა ადამიანს ლიმფედემა შეაწუხებს, შესივება დიდი არ არის, მაგრამ კანი ოდნავ გადაჭიმულია. როცა დაავადების ხარისხი მეორე-მესამე საფეხურზე ადის, უკვე ხდება ცვლილებები კანშიც, კანი ისეთი ნაზი აღარ არის, როგორც ადრე, მიდის კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების გადაგვარება, კვების მოშლა (ლიპოდერმატოსკლეროზი) და შესაბამისად ხდება კანის გასქელება, გაუხეშება, პიგმენტაციის ჩალაგება, ყავისფრდება კანი.
რა იწვევს შეშუპებას და როდის მივმართოთ ექიმს?
საქმე ის არის, რომ ლიმფედემია შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით. მათგან ზოგიერთი ძალიან საყურადღებოა, ამიტომ ფეხების შეშუპების მოხშირების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია, რათა სპეციალისტმა განსაზღვროს, ხომ არ არის ეს შეშუპება კარდიული ანუ გულისმიერი წარმოშობის.
შეიძლება საქმე გვქონდეს ღვიძლის დისფუნქციასთან, თირკმლის დისფუნქციასთან. უნდა დადგინდეს, ხომ არ მიმდინარეობს ორგანიზმში ჰიპოპროტეინემია [ცილის დაკლება], ანუ როცა თირკმელი ვეღარ იწოვს ცილას და კარგავს მას შარდის სახით. ამ შემთხვევაში ეს შეშუპება უფრო მანიფესტირებულია, იგი ვითარდება ზედა კიდურებზე, სახეზეც.
ასევე, შეშუპება შეიძლება იყოს ალერგიის ან ზოგიერთი მედიკამენტის ბრალი, რომელსაც ჰიპერტონიკები იღებენ, თუ საქმე გვაქვს ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან.
ასეთ დროს სასურველია მიმართოთ ანგიოლოგს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ლიმფედემა აღენიშნება 250 მილიონ ადამიანს მსოფლიოში, მათგან 120 მილიონზე მეტს – ლიმფური ფილარიაზის გამო, ხოლო, სიმსივნურ დაავადებებთან ასოცირებული მეორადი ლიმფედემა აღენიშნება ავადმყოფთა 15%-ს, მათ შორის: 12-35% ძუძუს კიბოს, 40-47% გინეკოლოგიური სიმსივნეების, 75 % თავ-კისრის სიმსივნეების მკურნალობის შემდეგ.
როცა ადამიანი დიდ ხანს ზის და კიდური დაშვებულია, მაგალითად, მგზავრობის დროს, შესაძლოა ფეხები შეშუპდეს (თუმცა იქაც გააჩნია ხარისხს), პრევენციის სახით მგზავრობის დროს შესაძლებელია ტერფების მოძრაობები აკეთოს ადამიანმა.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ შინ?
დავისვენოთ წამოწოლით და კიდურები რაც შეიძლება ხშირად შემოვაწყოთ სიმაღლეზე, როცა კი ამის საშუალება არსებობს.
არსებობს ლიმფოდრენაჟული მასაჟები, რომელთა გაკეთებაც ადამიანს თავადაც შეუძლია საწოლში საღამოს, ან დაიხმაროს ოჯახის წევრი. ლიმფოდრენაჟული მასაჟი გულისხმობს ტერფიდან და კოჭიდან ხელის წასმას წვივისკენ – მაღლა და არა პირიქით.
მონიტორინგის საშუალებაც არის, რომ გაიზომო საღამოს დაწოლისას რამხელაა დიამეტრში შეშუპებული კიდური და როგორაა დილას დამცხრალი. არის საშუალება შევინარჩუნოთ დამცხრალი ტერფი მექანიკური საშუალების – ელასტიკური ბინტის დახვევით აწეულ ფეხზე. ან კიდევ სპეციალური, კომპრესიული პირველი კლასის წინდის ტარებით. ამ დროს გარეგანი ჩონჩხი იქმნება, კანი აღარ იწევა, თვალშისაცემია ლიმფის ქვევიდან ზევით გადაადგილება და შეშუპება, როგორც წესი, იხსნება.
ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინი: ლიმფედემით პაციენტებისთვის ლიმფოდრენაჟული ვარჯიშების და ფიზიკური აქტივობის ეფექტურობა დადასტურებულია, თუმცა ფიზიკური აქტივობის პროგრამა მორგებული უნდა იყოს პაციენტის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე. სამკურნალო ვარჯიშები და მოძრაობები უნდა მიესადაგებოდეს პაციენტის და დაავადების სტატუსს. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ვარჯიშის დროს სავალდებულოა კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება.
როგორ მკურნალობენ?
ყველაზე ეფექტიანი მკურნალობა არის კონსერვატიული და არა ქირურგიული.
არსებობს ვენოტონური პრეპარატებიც, თუმცა არა შორსწასული შემთხვევების დროს პრობლემის 70%-ს ხსნის კომპრესიული თერაპია (დახვევა, ჩაცმა, ან კიდურის აწევა), დაახლოებით 30% არის მედიკამენტზე დამოკიდებული.
ქირურგიული მკურნალობა საჭირო ხდება მაშინ, როცა მკურნალობის ყველა გზა ნაცადი და ამოწურულია. ეს მაშინ ხდება, როცა ლიმფედემიის შორსწასული ფორმებია და როცა ლიმფურ ქსოვილში სითხის ჩალაგება იმდენად ინტენსიურია, რომ ჭყლეტს დანარჩენ ნერვულ ქსოვილს და იწვევს ტრავმას. ქირურგიული ჩარევა მოიცავს კანქვეშ არსებული ფიბროზული ქსოვილების მოცილებას და ზოგჯერ კანის ფრაგმენტების მოცილებაც ხდება საჭირო. თუმცა ძირითადად ხდება კონსერვატიული მკურნალობა.
ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინი: შეშუპებული კიდურის ელევაცია მოვლის ფუნდამენტური საკითხია, კიდურის განტვირთვის მნიშვნელობიდან გამომდინარე. ზედა კიდური არ უნდა ასცდეს მხარს და კომფორტულად, მთელ სიგრძეზე უნდა განთავსდეს ბალიშებზე. ქვედა კიდურის სწორი ელევაცია ნიშნავს მწოლიარე მდგომარეობაში მთლიანი კიდურის აწევას მენჯ-ბარძაყის სახსარზე მაღლა, მუხლში მსუბუქი მოხრით და ფეხის ქვეშ ბალიშების განთავსებას.