მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ამბავი დედაჩემზე და სხვა მემთეურ ქალებზე

09.06.2022 • 19437
ამბავი დედაჩემზე და სხვა მემთეურ ქალებზე

დედაჩემი გამხდარი, 42 წლის ქალია თავსაფრის ქვეშ შემალული წაბლისფერი თმით. გაცილებით მეტი ქალი, ვიდრე მხოლოდ 4 შვილის დედა.

დედაჩემის დაბადების დღეს ვერ ვიტან. 29 მაისს, როცა 15 წლის ხდებოდა, ის ქორწილში იყო. დედაჩემს თეთრი, გრძელი კაბა ეცვა. დედაჩემი საკუთარ ქორწილში გახდა 15 წლის, როცა პატარძლობა დაევალა.

არც მაშინ, არც იქამდე და არც მას შემდეგ არასდროს აღნიშნულა მისი დაბადების დღე. იმიტომ არა, რომ დაბადების დღის აღნიშვნა ან ტორტი არ უყვარს. იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა არასდროს მიეცა და ვერავინ ვერასდროს მოიცალა მისთვის.

მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წლის წინ უყიდა ჩემმა უფროსმა დამ ტორტი, რაზეც გაბრაზდა. წელს, 29 მაისს გაიხსენა ეს ამბავი და აღსარებაც თქვა. გაბრაზდა იმიტომ, რომ ვერ მიხვდა, როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა. დედაჩემს გახარებია, მაგრამ ვერ გამოხატა. იგრძნო, მაგრამ ვერ თქვა.

ხანდახან ძალიან მინდა, არ ვიცოდე რამდენი წლისაა დედაჩემი. მას თვალების ქვეშ უფრო მეტი ნაოჭი აქვს, ვიდრე 42 წლის ქალებს. მისი ხელები მოხუცდა. ხმა ხრინწიანი გაუხდა.

დედაჩემს გამუდმებით სტკივა ზურგი. ამბობს, რომ ხელებში გაუნელებლად გრძნობს დაჭინჭვრის მსგავს შეგრძნებებს. ფეხებზე ვენები ამობურცული აქვს და კოჭები ხშირად უსივდება. არასდროს ტოვებს ძლიერი თავის ტკივილებიც.

დედაჩემი ვერ მიდის ექიმთან, ამის დრო არასდროსაა.

არასდროს პაუზდება ძროხების მოვლის საჭიროება. სახლში საჭმლისა და პურის ქონის მოვალეობა. სოფელში დაუსრულებელი შემოდგომაა თითქოს, როცა შედარებით ბევრი საქმე აქვს ხალხს. კი, დაუსრულებელი შემოდგომა, რადგან იქ ბევრი საქმეა ზამთარშიც, წვიმიანი გაზაფხულის და ძალიან მზიანი ზაფხულის დღეებშიც.

დედაჩემი დაახლოებით 1 მეტრი და 65 სანტიმეტრის სიმაღლისაა, მაგრამ მოხრილია. შრომამ ხერხემალში გადრიკა. ძირითადად მუქი ფერის ტანსაცმელს იცვამს და ფიქრობს, რომ ხალისიანი ფერების დრო მისთვის უკვე წავიდა. გახსოვთ ხომ, დედაჩემი ჯერ მხოლოდ 42 წლისაა.

რა გვკლავს? არ ვიცი. მაგრამ მხოლოდ სიკვდილი არ გვკლავს.

მე ვიცნობ ქალებს, რომლებიც დედაჩემის ტოლები არიან. სულ ვფიქრობ, რომ წესით დედაჩემზე სამჯერ პატარები უნდა იყვნენ. შეიძლება მეშლება და დედაჩემი უნდა იყოს მათზე სამჯერ უფროსი. ერთი ასაკის ვერ იქნებიან. შეუძლებელია.

დედაჩემს ბევრი ჭორფლი აქვს. მიფიქრია, იქნებ ეს ჭორფლი კი არა, შემხმარი ცრემლებია-მეთქი. ჭორფლი სახეზე, მთელს ტანსა და ხელებზე. ხელებზე, რომლებიც მოძრაობას ყოველდღე, დილის 5 საათზე იწყებენ და ვერ ჩერდებიან. გაჩერების დრო არასდროსაა.

დედაჩემს 4 შვილი ჰყავს და ძალიან ამაყია, რომ ჩემი უფროსი და პირველი იყო ჩვენს უბანში, რომელმაც უნივერსიტეტში ჩააბარა. ეს ნამდვილად მისი დამსახურებაა.

დედაჩემი საოცარი ქალია, მაგრამ მისი ისტორია განსაკუთრებული არ არის, რის გამოც ღმერთზე ძალიან გაბრაზებული ვარ.

დედაჩემის სახელით გაბრაზებული ვარ ყველა იმ ქალის ამბის გამოც, რომლებიც მის ბედს იზიარებენ ან კიდევ უფრო უარეს დღეში არიან.

ბევრი ქალის კისერზე ბრუნავს ოჯახის წლიური შემოსავალი, თუმცა მათ ამ ფულთან შეხების საშუალება არასდროს მისცემიათ. ბევრ ქალს 42 წლის მანძილზე არც ერთხელ ჰქონია 2 ახალი ზედატანი ან „კალგოტკა“. არასდროს წასულან საყიდლებზე. არასდროს უფიქრიათ – „ეს ნამდვილად დავიმსახურე“ და საკუთარი თავისთვის 50 ლარამდე დაუხარჯავთ. იქნებ უკვე 42 წელია უნდათ გამომშრალი სახის კანისთვის კრემი იყიდონ, რადგან მთელი დღე ყანაში მზისგულზე ტრიალით კანი ეჭიმებათ, სტკივათ.

დედაჩემი და სხვა 42 წლის ქალები ხვალ ან რამდენიმე დღეში მთაში წავლენ მემთეურებად.

მძულს მთა. მძულს სიტყვა „მემთეური“ და მძულს ყველა ის საქმე, რომელიც მთელი სამი თვე შეუწყვეტლად, ყოველ დღე უნდა აკეთონ. ეს უწყვეტობა აჭკნობთ.

ეს ქალები თითქოს პიანინოები არიან და ყოველ ახალ დღეს მათ ერთ, ახალ კლავიშს უწყდება ხმა.

მეზიზღება კაცები, რომლებიც ამბობენ – „მემთეურობას რა უნდა. დილით და საღამოს მოწველი საქონელს და ეგაა“. ის კაცები, კვირაში ერთხელ სამეზობლოში დალეულ ყავას რომ ამოანთხევინებენ ქალს.

მეზიზღება სახალხო ზეიმი „შუამთობა“. ყველაფერში რომანტიკის მაძიებელი ხალხი მოკოხტავებულ ხის სახლებს რომ მიაწყდება, მოანაგვიანებენ, კაიმაღით გამოძღებიან და გაიფანტებიან, მემთეური ქალები კი მთელი დღე „ფეჩთან“ ტრიალებენ მათთვის დღეში სამჯერ მაგიდის გასაშლელად.

ისინი ღრეობენ, მემთეური ქალები კი წელზე ფეხს იდგამენ.

დე, მაპატიე, რომ ხვალ მემთეურად გიწევს წასვლა. ძალიან არ მინდა ასე იყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: