მთავარი,სიახლეები

ოზთურქის ექსტრადაციის მოთხოვნა ძალაშია – თურქეთის ელჩი საქართველოში

10.06.2022
ოზთურქის ექსტრადაციის მოთხოვნა ძალაშია – თურქეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის თურქეთში ექსტრადაციის მოთხოვნა ისევ ძალაშია.

„გალიპ ოზთურქი თურქეთის მოქალაქეა, რომელსაც თურქეთის სასამართლომ მიუსაჯა პატიმრობა. იგი საქართველოში 2014 წელს ჩამოვიდა, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

შემდეგ თურქეთის უზენაესმა სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა განაჩენი, რის საფუძველზეც თურქეთმა მოითხოვა საქართველოდან მისი ექსტრადიცია.

ეს მოთხოვნა ახლაც ძალაშია,“ – ამბობს საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა სერენ იაზგანი.

მისი კომენტარი თურქეთის საელჩომ „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა.

მილიონერი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს დააკავეს.

ბიზნესმენის დასაკავებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 9-საათიანი სპეცოპერაცია დასჭირდა.

საგამოძიებო სამსახურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალიფ ოზთურქის კუთვნილ კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები „განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“ განხორციელდა. საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, სპეცოპერაციის დროს გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ მისამართზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

თუმცა 2 ივნისს ოზთურქს ბრალი მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს, რაც გულისხმობს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას“.

გალიფ ოზთურქს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – საქართველოს და თურქეთის. ის ბიზნესს საქართველოში 2011 წლიდან ეწევა. 2011 წელს,  ბათუმის მერიამ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გალიფ ოზთურქის კომპანია ბათუმში ავტოსადგურს აშენებდა.

„ახალი ავტოსადგურის ტერიტორია 109 000 კვ.მ ფართობს მოიცავს, სადაც 60000 კვ.მ-ს 3-სართულიანი მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრი დაიკავებს. ავტოსადგურის მფლობელი ქართულ-თურქული კომპანია „ავრასია-ჯორჯია“ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 20 მლნ. დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო“, – ეწერა გავრცელებულ რელიზში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: