მთავარი,სიახლეები

Gather2gather – პროექტი, რომლის მიზანიც ბსუ-ს ინდოელი სტუდენტების ინტეგრაციაა

09.06.2022 • 1534
Gather2gather – პროექტი, რომლის მიზანიც ბსუ-ს ინდოელი სტუდენტების ინტეგრაციაა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, 20 წლის ნანა გვარიშვილისა და 22 წლის მარიკა ბროლაძის პროექტი – Gather2gather „ბსუს სტუდენტური იდეები 2022“-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

პროექტის მიზანია უნივერსიტეტის ქართველი და ინდოელი სტუდენტების უფრო მეტად დაახლოება.

ავტორების თქმით, პროექტი ინგლისურენოვანი იქნება და თვე-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. ბიუჯეტი დაახლოებით 3500 ლარია.

Gather2gather-ი ჯამში 40 მონაწილეს გააერთიანებს, რომელთაგან 20 ქართველი, 20 კი – ინდოელი სტუდენტი იქნება.

როგორც ნანა გვარიშვილმა გვითხრა, შესარჩევ სარეგისტრაციო ფორმას 15 ივნისს გამოაქვეყნებენ და მოტივაციის მიხედვით შეარჩევენ პროექტის მონაწილეებს.

მონაწილეობისთვის აუცილებელი იქნება ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა, რადგან, როგორც პროექტის ავტორები მიიჩნევენ, თუ მონაწილეები ერთმანეთთან კომუნიკაციას თავისუფლად ვერ შეძლებენ, პროექტი ისეთი შედეგიანი ვერ იქნება, როგორც ჩაიფიქრეს.

რატომ გადაწყვიტეს ამ პროექტის მომზადება? – პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მართალია, ინდოელი სტუდენტები ქართულს ერთი წლის განმავლობაში სწავლობენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ შეძლონ სხვადასხვა აქტივობაში თავისუფლად ჩართვა.

„სამწუხაროდ, ინდოელ სტუდენტებს, ამ ეტაპზე, ერთადერთი, რაშიც ინტელექტუალური კუთხით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ბსუ-ს სამეცნიერო კონფერენციაა, რომელიც ინგლისურად ტარდება. ისინი სხვა ღონისძიებებში ვერ ერთვებიან, რადგან ყველაფერი ძირითადად ქართულ ენაზე მიმდინარეობს.

გვინდოდა ისეთი პროექტი გაგვეკეთებინა, რომ ინდოელ და ქართველ სტუდენტებს ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების საშუალება ჰქონოდათ.

უნივერსიტეტში არ ყოფილა აქამდე მსგავსი ინგლისურენოვანი პროექტი.

პროექტის განმავლობაში გვექნება გასვლითი ღონისძიებებიც. მოვაწყობთ სახალისო თამაშებს; იქნება ესეების კონკურსი, ფოტოკონკურსი და კიდევ ბევრი რამ. მაქსიმალურად შევეცადეთ ისეთი აქტივობები დაგვეგეგმა, რაც მათ ახლო კონტაქტს ხელს შეუწყობს. გვინდა, რომ საბოლოოდ ქართველმა და ინდოელმა სტუდენტებმა ერთად შექმნან მსგავსი პროექტები,“ – გვითხრა ნანამ.

მარიკა ბროლაძე ამბობს, იმედი აქვთ, პროექტით ინდოელი სტუდენტები დაინტერესდებიან, თუნდაც იმიტომ, რომ ინდოელი სტუდენტები სამეცნიერო კონფერენციაში ყოველთვის აქტიურად ერთვებიან.

„ინდოელი სტუდენტები არიან კონტაქტში ქართველ სტუდენტებთან, მაგრამ ერთეულებთან. ვფიქრობ, იმიტომ, რომ სასწავლო პროცესის გარეთ აქტივობები, სადაც ინდოელი და ქართველი სტუდენტები ერთად შეძლებენ ჩართვას, იშვიათად იმართება.

ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ინდოელ სტუდენტებთან, გვყავს მეგობრებიც და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პროექტით დაინტერესდებიან,“ – გვითხრა მარიკამ.

მარიკასა და ნანას თქმით, პროექტის შემდეგ მონაწილეები კლუბს შექმნიან, რომელიც მინიმუმ რამდენიმე წელი იმუშავებს და სხვა ინდოელ და უცხოელ სტუდენტებს დაეხმარება უნივერსიტეტში მარტივად ინტეგრაციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: