მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

საქართველოში ექვს წელში C ჰეპატიტი 96 000 ადამიანს დაუდასტურდა, იმკურნალა – 78 000-მა

10.06.2022
საქართველოში ექვს წელში C ჰეპატიტი 96 000 ადამიანს დაუდასტურდა, იმკურნალა – 78 000-მა

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ამოქმედებიდან [2015 წელი] დღემდე C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდა 2.3 მილიონზე მეტ ადამიანს. მათგან 96 000-ზე მეტს ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა. თუმცა მონაცემების მიხედვით მკურნალობა ჩაიტარა 78 000-მა ადამიანმა. პროგრამის ანგარიშის მიხედვით განკურნების მაჩვენებელმა 98.8% შეადგინა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა და დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად“-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო და ხელმისაწვდომია დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. პროგრამა მოიცავს პრევენციის კომპონენტსაც.

რამდენიმე დღის წინ „საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წლიური ანგარიში 2020-2021“ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშში წერია, რომ 6 წლის მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა (5.4% -2015 წელს და 1.8% – 2021 წელს).

„კვლევამ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა B ჰეპატიტის მხრივაც – ბავშვებში B ჰეპატიტის გავრცელება მნიშვნელოვნად დაბალია მოზრდილებთან შედარებით, რაც ვაქცინაციის პროგრამის წარმატებულ მიმდინარეობაზე მიუთითებს,“ – წერია ანგარიშში.

ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შეფასების, ასევე, B და C ჰეპატიტების გავრცელებისა და რისკფაქტორების შესწავლის მიზნით, CDC-ის მხარდაჭერით, 2021 წელს საქართველოში ჩატარდა ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციური კვლევა. კვლევის მონაცემებით, მოზრდილ მოსახლეობაში C ჰეპატიტის აქტიური შემთხვევების გავრცელება 1.8%-ს შეადგენს, ხოლო ბავშვებში შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, COVID-19 პანდემიის დაწყებამდე, ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციით დაავადებული სავარაუდო 150 000 ადამიანიდან 53% იდენტიფიცირდა, მათგან 78%-მა დაიწყო მკურნალობა.

CDC: 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 1000 ადამიანი იწყებდა პროგრამით მკურნალობას, რაც შეამცირებდა დაავადების გავრცელებას 51%-ით და ინციდენტობას 51%-ით 2024 წლის ბოლოსთვის.

მოსალოდნელია, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2025 წლამდე გაგრძელდება. ამას ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის 2021-2025 წლების სტრატეგიული გეგმაც მოწმობს, რომელიც ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის 2019 წლის რეკომენდაციებს ეფუძვნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: