მთავარი,სიახლეები

ოკუპირებულ მარიუპოლს ქოლერის ეპიდემია ემუქრება – ბრიტანეთის დაზვერვა

10.06.2022
ოკუპირებულ მარიუპოლს ქოლერის ეპიდემია ემუქრება – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის 10 ივნისის სადაზვერვო ცნობარი, ძირითადად, მარიუპოლსა და ხერსონში შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ეძღვნება.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ განახლებაში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთი ელემენტარული საზოგადოებრივი სერვისების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს – პრობლემაა ხელმისაწვდომობა უსაფრთხო სასმელ წყალზე, სატელეფონო და ინტერნეტკავშირი კი მუდმივად წყდება.

„სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული ნაკლებობაა ხერსონში, მარიუპოლი კი ქოლერის ეპიდემიის აფეთქების წინაშეა. ქოლერის ცალკეული შემთხვევები აქ ჯერ კიდევ მაისში გამოჩნდა“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება აღნიშნავს, რომ ქოლერის ეპიდემია უკრაინამ ჯერ კიდევ 1995 წელს გადაიტანა. მას შემდეგ მცირე აფეთქებები შეიმჩნეოდა აზოვის ზღვის სანაპიროზე, მათ შორის, მარიუპოლში.

დაზვერვა შიშობს, რომ იმ ფონზე, როდესაც მარიუპოლში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს სამედიცინო მომსახურება, ქოლერის აფეთქება ჰუმანიტარულ მდგომარეობას სერიოზულად გაართულებს.

უწყება, ასევე, მოკლედ მიმოიხილავს ფრონტზე არსებულ ვითარებას. დაზვერვის ცნობით, „სევეროდონეცკის გარშემო ბრძოლები გრძელდება. რუსეთი კვლავაც ინარჩუნებს კონტროლს ქალაქის დიდ ნაწილზე, თუმცა უფრო დიდი ტერიტორიის ალყაში მოქცევა მისმა ძალებმა ვერ მოახერხეს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. 9 ივნისის პოსტში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავდა, რომ კიევზე წარუმატებელი თავდასხმისა და სერიოზული დანაკარგების შემდეგ, რუსეთმა ძალების აღდგენა სცადა, თუმცა მისი დანაყოფები კვლავაც დაუკომპლექტებელია.

მთავარი ფოტო: დაკრძალვა მარიუპოლის შემოგარენში მდებარე სოფელ სტარი კრიმში. 21 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ALESSANDRO GUERRA

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: