მთავარი,სიახლეები

ბათუმში დელფინარიუმს პუტინის ომის სიმბოლო – Z დააწერეს

10.06.2022 • 6918
ბათუმში დელფინარიუმს პუტინის ომის სიმბოლო – Z დააწერეს

ბათუმის დელფინარიუმის შენობას რამდენიმე ადგილზე პუტინის ომის სიმბოლო – „Z“-ი დაახატეს. როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაციაში გვითხრეს, შენობა აღჭურვილია ვიდეოსათვალთვალო კამერებით. შესაბამისად, პოლიციამ უნდა შეძლოს იმ პირის თუ პირთა ჯგუფის დადგენა, ვინც რაშიზმის სიმბოლო დახატა დელფინარიუმის კედელზე.

როგორც „ბათუმელებს“ ადმინისტრაციაში უთხრეს, ამ დროისთვის დელფინარიუმის კედელი გადაღებილია და მიმდინარეობს მოკვლევა.

„ინფორმაცია გადავეცით შს სამინისტროს, ამოღებულია მასალები. სხვა დეტალების მოწოდება ამ დროისთვის არ შეგვიძლია. რადგან ტურისტული ობიექტია დელფინარიუმი, რომ არ გამოიწვიოს ამ ფაქტმა რაიმე პროცესების პროვოცირება, ამიტომ მივმართეთ პოლიციას“, – გვითხრეს დელფინარიუმის ადმინისტრაციაში.

დელფინარიუმის შენობაზე გამოსახული რაშიზმის სიმბოლო

სიმბოლო „Z“-ი, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, 2022 წლის თებერვლიდანვე გამოჩნდა. სიმბოლო გამოსახულია რუსულ საბრძოლო ტექნიკაზე. ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ „Z“-ი, როგორც ომის სიმბოლო, აკრძალეს. ასევე აკრძალულია ეს სიმბოლოები გერმანიის ზოგიერთ მიწაზე.

რაც შეეხება საქართველოს, რაშიზმის სიმბოლოები ჩვენთან აკრძალული არ არის. შესაბამისად, ამ სიმბოლოების შენობაზე მიხატვა  შეიძლება ჩაითვალოს იერ-სახის დამახინჯებად, რითვისაც მაქსიმალური ჯარიმა 500 ლარია.

როგორც „Z“-ს, ისე ლათინური ანბანის კიდევ ერთ ასოს,„V“-ს მრავალგზის გამოსახავენ რუსულ ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე. ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ჩანდა რუსული ტექნიკა აღნიშნული სიმბოლოებით, ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოჩნდა სოცქსელებში.

კედელი მემედ აბაშიძის ქუჩაზე ომის დაწყების შემდეგ უკარინის დროშის ფერებში იყო მოხატული

გარდა ამისა, დღეს დილით უკრაინის დროშის ფერებში მოხატულ კედელს ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ფაშიზმის სიმბოლო გადაახატეს.

ბათუმელი მირანდა ვერულაშვილის თქმით, მან დაინახა კაცი, რომელმაც დელფინარიუმის მხრიდან ჩამოიარა და მისი კორპუსის მოპირდაპირე კედელზეც ფაშისტური სიმბოლიკა მიახატა. მირანდა ამბობს, რომ კაცი გამართული ქართულით მოსაუბრეა.

ბათუმი, თაყაიშვილის ქუჩა

___

მთავარი ფოტო: ნათია კაპანაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: