მთავარი,სიახლეები

ჩემს შვილს საბავშვო ბაღში სცემეს, ხელმძღვანელობა მის უსაფრთხოებას ვერ იცავს – მშობელი

09.06.2022 • 4881
ჩემს შვილს საბავშვო ბაღში სცემეს, ხელმძღვანელობა მის უსაფრთხოებას ვერ იცავს – მშობელი

5 წლის ბიჭის დედა, მარი გ. „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ მის შვილს, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში სწავლობს, თანატოლებმა სცემეს. მან ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც გამოგვიგზავნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს რამდენიმე ბავშვი ერთს.

დედა ამბობს, რომ ვიდეო გუშინ დღის მეორე ნახევარშია გადაღებული.

„მე იტალიაში ვარ, თუმცა საბავშვო ბაღის ვიდეოთვალთან მაქვს წვდომა და ასე ვაკვირდები ხოლმე ბავშვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რამდენჯერმე კიდევ სცემეს ჩემს შვილს ბავშვებმა. ძიძები აუდიტორიას ტოვებენ ხოლმე უყურადღებოდ და ასეთ დროს ხდება ეს ფაქტები“, – გვეუბნება დედა.

ის ამბობს, რომ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით არაერთხელ ესაუბრა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობას, თუმცა მათ ბავშვზე ძალადობის ფაქტები ვერ აღკვეთეს.

„მე ამ შემთხვევას აღარ ვაპატიებ ბაღს, ძალიან მინდა ყველა კომპეტენტური პირი გვერდით დამიდგეს, რომ შევძლო ჩემი შვილის უსაფრთხოების დაცვა“, – ამბობს დედა.

მას ვკითხეთ, მის შვილზე ერთი და იგივე ბავშვები ძალადობენ თუ სხვებიც, რაზეც დედა ამბობს, რომ ვიდეოში ასეთ დეტალებს ნათლად ვერ არჩევს. „კამერაში ძნელია ყველა ბავშვის სახე დააფიქსირო. წინა კადრებშიც ჩანდა ბიჭი, თუმცა არ ვიცი, სხვა დღეებშიც მონაწილეობდა თუ არა ჩხუბში. მანამდე, თებერვალში, გოგო ჩანდა კადრებში.

ჩემი შვილი თავს ვერ იცავს, ყოველდღე ორი საათით გადის ფსიქოლოგთან და ლოგოპედთან, სჭირდება დახმარება, უფრო მეტად რომ შევიდეს კონტაქტში ბავშვებთან. აქედან გამომდინარე, უფრო იჩაგრება.

ეს ყველაფერი არის ძიძების და დირექტორის ბრალი: ისინი უყურადღებოდ ტოვებენ ბავშვებს და ჩემს შვილს აჩაგვრინებენ. მეუბნებიან, რომ ბავშვებმა იხუმრეს. რაიმე დაზიანება რომ მიეღო ჩემს შვილს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?“ – გვეუბნება ბავშვის დედა.

მისი თქმით, ის საბავშვო ბაღში 300 ლარს იხდის, თუმცა ბავშვის უსაფრთხოებას ბაღი ვერ უზრუნველყოფს.

„აქამდეც ვაპირებდი ბავშვის გადაყვანას, მაგრამ შემაჩერეს, მითხრეს, რომ მოაგვარებდნენ პრობლემას. ვერ მოაგვარეს. ძალიან მეშინია, რადგან მე არ ვარ საქართველოში. პირველი ორი შემთხვევის შესახებ არავის გავაგებინე. ვფიქრობ, ახლა უნდა ჩაერთონ შესაბამისი უწყებები ამ საქმეში, რადგან შესაძლოა იმ ბავშვებსაც სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება. ჩემმა შვილმა დიდი სტრესი მიიღო“, – ამბობს მარი გ..

„ბათუმელები“ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს, ნინო ბ.-საც დაუკავშირდა. ის უარყოფს ბავშვის ცემის სხვა შემთხვევებს და ამბობს, რომ „ესეც შემთხვევით მოხდა“.

„პირველი შემთხვევაა ეს, როგორც მე ვიცი. სხვა შემთხვევა არ გვქონია. გუშინ საღამოს მოხდა ძალიან ცუდი ინციდენტი, რა თქმა უნდა, მივიღეთ შესაბამისი ზომები. უბრალოდ, ჯგუფის პედაგოგი გახდა შეუძლოდ, გამოვიყვანეთ ჯგუფიდან და შვიდის ოცი წუთი იყო უკვე, ბავშვების გაყვანის დრო და პედაგოგის თანაშემწემ გამოუყვანა ბავშვი ერთ-ერთ მშობელს და ამ ერთი წუთის შუალედში მოხდა ეს“, – გვეუბნება დირექტორი.

მას ვკითხეთ, როცა მასწავლებელი ხდება შეუძლოდ, ჰყავთ თუ არა სხვა პერსონალი, ვინც პედაგოგს ჩაენაცვლება და ბავშვები არ დარჩებიან მარტო? ბაღის დირექტორის თქმით, მეორე პედაგოგი ჩაანაცვლეს, თუმცა ინციდენტი ამ შუალედში მოხდა.

დირექტორს ასევე ვკითხეთ, ჰყავთ თუ არა ფსიქოლოგი ბაღში და იმ ბავშვებს, რომლებიც თანატოლს სცემენ, სჭირდებათ თუ არა ფსიქოლოგის მომსახურება? ნინო ბ.-ის თქმით, ბაღს ფსიქოლოგი არ ჰყავს, „მასწავლებლებს აქვთ აქ ადგილზე გავლილი კურსი და სერტიფიცირებულიც არიან“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, ინციდენტში მონაწილე ყველა ბავშვის მშობელი დაბარებული ჰყავთ და დაელაპარაკებიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: