ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის აზრით, ალიანსი შეცდა, როცა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას „წევრობის სამოქმედო გეგმა“ (MAP) არ მიანიჭა.
ამ და სხვა საკითხებზე რასმუსენი გამოცემა „ფორინ პოლისის“ ესაუბრა.
„შეცდომა“
რასმუსენის აზრით, 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინისთვის „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) არმინიჭების შესახებ შეცდომა და „არასწორი გზავნილი“ იყო.
„რეტროსპექტივაში, პირველი შეცდომა მრავალი წლის წინ დავუშვით. ეს 2008 წელს მოხდა, ბუქარესტის სამიტზე, როცა გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებოდნენ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას მათთვის „წევრობის სამოქმედო გეგმის“ მინიჭებაზე.
ამ დაყოფამ ნატოს რიგებში არასწორი გზავნილი გაუგზავნა პუტინს, რომელიც იმავე წლის აგვისტოში საქართველოში შეიჭრა. ვფიქრობ, პირველი შეცდომა 2008 წელს დავუშვით, როცა არ განვსაზღვრეთ მკაფიო გზა საქართველოსა და უკრაინისთვის“, – ამბობს რასმუსენი.
მან ხაზი გაუსვა, რომ თავად ემხრობოდა MAP-ის მინიჭებას საქართველოსა და უკრაინისთვის.
შვედეთი და ფინეთი ნატოში
რასმუსენმა ასევე ისაუბრა ფინეთისა და შვედეთის გაწევრებაზე ნატოში. მან აღნიშნა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრობისას „იმედი ჰქონდა“, თუმცა „არ ელოდა“, რომ ორი მეზობელი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას მოისურვებდა.
რასმუსენის თქმითვე, თურქეთი სკანდინავიური ქვეყნების წევრობას აშშ-სთან მოლაპარაკებებში ბერკეტად იყენებს.
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანდებიან. ერდოღანი [თურქეთის პოზიციას] აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში ბერკეტად იყენებს. ვფიქრობ, საქმე გვაქვს თურქეთი-აშშ-ის ურთიერთობასთან და არა თურქეთისა და შვედეთ-ფინეთის“, – ხსნის რასმუსენი.
„ჩვენ ზედმეტად შევაფასეთ რუსეთის სამხედრო სიძლიერე“
რასმუსენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები აქამდე ნატოს ბევრად ძლიერად მიაჩნდა.
„ჩვენ ზედმეტად შევაფასეთ რუსეთის სამხედრო სიძლიერე. მიუხედავად უზარმაზარი ინვესტიციებისა და საბჭოთა ბაზების ხელახლა გახსნის, ვუყურებთ ძალიან სუსტ სამხედრო ძალებს.
ჯერ კიდევ უცნობია ამის მიზეზი. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება კორუფცია იყოს.
კიდევ ერთი არასწორი რამ ის იყო, რომ ვერ შევაფასეთ ვლადიმერ პუტინის სისასტიკე და ამბიციები“.
„პუტინი არ შეჩერდება, თუკი წარმატებას მიაღწევს“
რასმუსენს ასევე ჰკითხეს აზრი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ „არცერთი მხარე არ იქნება დამცირებული“:
„აბსოლუტურად არ ვეთანხმები. პუტინს დამცირებისგან ვერ ვიხსნით. პუტინისთვის სახის შენარჩუნების ფასი ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე უკრაინაში რუსული ჯარის პირდაპირი მარცხი.
ჩემი აზრით, უკრაინამ ამ ომში უნდა იმარჯვოს, რადგანაც პუტინი არ შეჩერდება, თუკი წარმატებას მიაღწევს. შემდეგი იქნება მოლდოვა, საქართველო და საბოლოო ჯამში, ბალტიის სამი სახელმწიფო“.