მთავარი,სიახლეები

„თუ გამამტყუნებს სასამართლო, დავანგრევ“ – ყოვლისშემძლე „ორბის“ გავლენები

09.06.2022 • 15823
„თუ გამამტყუნებს სასამართლო, დავანგრევ“ – ყოვლისშემძლე „ორბის“ გავლენები

„ურთულესი სიტუაციააა….! წუხელ მთელი ღამე ცემენტს ამუშავებენ ამ შუა ქალაქში. მხოლოდ იმას ვითხოვთ 12 საათის მერე მაინც შეწყდეს. არა ვართ არც მშენებლობის და არც განვითარების წინააღმდეგი. მხოლოდ შუა ღამისას შეწყდეს ეს ხმაური. არ აღვწერ დანარჩენს რასაც განვიცდით. დაგვეხმარეთ, გთხოვთ!!!!!“ – ამ სიტყვების ავტორი წუხანდელ, 6 ივნისის ვითარებას აღწერს „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ შეტყობინებაში. ის კომპანია „ორბის“ ქარხნის მეზობლად ცხოვრობს.

ქარხანა, რომელიც გვერდით მცხოვრებ ადამიანებში სასოწარკვეთას იწვევს, 5 წელია უკანონოდ მუშაობს ბათუმის ცენტრში. მისი დაჯარიმების საკითხზე სასამართლოში სარჩელი 2019 წელს შევიდა. მარტივი წესით ძებნის შედეგად ბათუმის საქალაქო სასამართლოში მხოლოდ მოსამზადებელი სხდომის გამართვაზე იძებნება ინფორმაცია. ერთი პროცესიც 7 ივნისს გაიმართა. „ორბში“ ამბობენ, რომ ბეტონის ქარხანა 2023 წელს ისედაც წყვეტს მუშაობას, რადგან იქ არსებულ მშენებლობას ასრულებენ.

რა სქემით მუშაობს უკვე ხუთი წელი უკანონოდ ბეტონის ქარხანა შუა ქალაქში, ზღვისპირას, ტურისტულ ზონაში ისე, რომ რეაგირებას არავინ ახდენს? – „ბათუმელები“ ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ორი კვირის განმავლობაში ცდილობდა.

ბათუმში ბეტონის ქარხნის ირგვლივ ჰაერის დაბინძურებაზე ბოლო ვიდეო 28 მაისს გავრცელდა.

ამ დღეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში წინა წლების მსგავსად გაგვიმეორეს, რომ ბეტონის ქარხანა უნებართვოა, მისი შეჩერება 2018 წელს მოითხოვეს და მეხუთე წელია სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან.

სასამართლოს ჯერ არც 28 მაისს დაფიქსირებული სავარაუდო სამართალდარღვევის საქმე განუხილავს –  გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის ინფორმაციით, „ორბი ჯგუფი“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 78-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა დაჯარიმებული. ეს გულისხმობს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევას, ან ამ მოწყობილობების გაუმართაობას, ასევე, აღნიშნული მოწყობილობების გამოუყენებლობას ან უქონლობას.

„მიმდინარე წლის 28 მაისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე განთავსებული „ორბი ჯგუფი ბათუმის“ სასაქონლო ბეტონის საწარმოს დათვალიერება განხორციელდა. დადგინდა, რომ ტერიტორიაზე განთავსებული ცემენტის სილოსებიდან ერთ-ერთი არ იყო აღჭურვილი აირმტვერდამჭერი მოწყობილობით“, – მოგვწერეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან 5 ივნისს.

„ეს დამტვერიანება არ იყო ქარხნიდან“, – გვითხრა კომპანია „ორბის“ იურისტმა, გელა მახარაძემ. მისი თქმით, სამართალდარღვევის ოქმიც ადასტურებს იმას, რომ დამტვერიანება „ორბის“ ბეტონის ქარხანას არ უკავშირდება, ხოლო ტექნიკური პრობლემა, რაც გარემოსდამცველებმა ქარხანაში დააფიქსირეს, უკვე მოგვარებულია.

„მოგეხსენებათ, დამტვერიანებაზე სხვა მუხლია და ხუთჯერ მეტი საურავია გათვალისწინებული… ეს იყო სამშენებლო მტვერი, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ სპორტსკოლა არის იქ, ხელშემწყობი პირობები გაჩნდა, ეს იყო სამშენებლო ნარჩენები… მოვიდა გარემოს დაცვა და შეამოწმა. ნახეს, რომ საწარმოდან არ მომხდარა დამტვერიანება, მაგრამ მიაყოლეს შემოწმება. აღმოჩნდა, რომ ერთ სილოსზე არის დაზიანებული ფილტრი… ეს დაზიანებული იყო, შეკვეთილი გვქონდა და ველოდებოდით ჩამოსვლას, დროში დაემთხვა ამას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ორბის“ იურისტმა, გელა მახარაძემ.

რა დაადგინა კონკრეტულად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მტვრის ბუღზე, უკავშირდებოდა თუ არა იგი დაზიანებას ბეტონის ქარხანაში? – დეპარტამენტში ჩვენს დამატებით კითხვებს აღარ უპასუხეს.

კომპანია „ორბში“ ასევე განმარტეს, რომ ბეტონის ქარხანას გარემოს ზემოქმედების შეფასებას ან სკრინინგის ჩატარებას კანონი არ ავალდებულებს.

ამ უწყებამ „ორბის“ უკანონო ბეტონის ქარხნის დაჯარიმება 2020 წელსაც გადაწყვიტა. მაშინაც „ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები გარემოს დაბინძურების შესახებ, თუმცა 2020 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა გოცირიძე კომპანია „ორბისთვის“ მხოლოდ შენიშვნის მიცემით შემოიფარგლა.

2022 წლის 28 მაისის შემთხვევის შესახებ გაფორმებული სამართალდარღვევის ოქმიც ამ მოსამართლეს, კობა გოცირიძეს დააწერეს. ის „ორბის“ წინააღმდეგ საქმის განხილვას 20 ივნისს აპირებს და გადაწყვეტს, სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში კომპანიას დააჯარიმებს თუ არა. კანონი მსგავს შემთხვევაში 10-დან 20 ათასამდე ლარ ჯარიმას ითვალისწინებს.

რა მოითხოვა ბათუმის მერიამ 2018 წელს და რა თქვა სასამართლომ? 

„ორბის“ ბეტონის ქარხანა ბათუმში, ზღვისპირას, 2017 წლიდან მუშაობს. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ქარხანა უკანონოა.

„2018 წლის 23 ივლისს გაიცა მითითება #38 შპს „ორბი ჯგუფი ბათუმზე“ ფიროსმანის ქ. 14 ა-ში უნებართვოდ განხორციელებული ბეტონის ქარხნის მშენებლობის გამო. 2018 წლის 5 დეკემბერს გამოიცა დადგენილება #231 შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ დაჯარიმების თაობაზე, რომელიც შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში. 2018 წლის 24 ივლისს აგრეთვე გამოცემულია დადგენილება #77 მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე, რომელიც იძულებით აღსრულების მიზნით გადაგზავნილია აჭარისა და გურიის აღსრულების ბიუროში. 2018 წლის 5 დეკემბერს გამოცემულია დადგენილება მშენებლობის შეუჩერებლობის გამო #77 დადგენილების შეუსრულებლობაზე, რომელიც შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში,“ – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრიდან.

კომპანია „ორბშიც“ სასამართლოსკენ იშვერენ ხელს, რომელმაც 2018 წლიდან დღემდე შუა ქალაქში ბეტონის ქარხნის კანონიერების საქმის შესწავლისთვის ვერ მოიცალა.

„თუ გამამტყუნებს სასამართლო, დავანგრევ. მე საქმის განმხილველი მოსამართლე ხომ არ ვარ?“ – კითხულობს გელა მახარაძე, კომპანია „ორბის“ იურისტი და ჩვენთან საუბრის დროს ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბეტონის ქარხანა 2023 წელს მუშაობას ისედაც შეწყვეტს, სასამართლომ რომც არ დაადგინოს რამე.

„ეს არ არის წარმოება და არ არის ქარხანა. წარმოება ნიშნავს იმას, რომ ბეტონს ვამზადებთ და ვყიდით, ასე არ არის, ეს ბეტონი სჭირდება თავად იქ მიმდინარე მშენებლობას,“ – განმარტავს გელა მახარაძე. – „ე.წ. ბეტონის ქარხანაც გათვალისწინებულია მშენებლობის ორგანიზების პროექტით, ის ემსახურება ამ კონკრეტულ მშენებლობას, რომლის ნებართვაც ჩვენ ავიღეთ 2017 წელს და ვადა იწურება 2023 წელს. ეს არის ერთიანი ნებართვის ქვეშ… რა თქმა უნდა, შემდეგ აღარ იქნება [ბეტონის ქარხანა],“ – აღნიშნა გელა მახარაძემ „ბათუმელებთან“.

იურისტმა მოგვაწოდა 2017 წელს მომზადებული მშენებლობის ორგანიზების დოკუმენტიც, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ კომპანიას დროებით ბეტონის ქარხნის მოწყობის ნებართვა მართლაც აქვს, თუმცა ეს ნებართვა ეხება ხიმშიაშვილს 7-ს და არა ფიროსმანის 14-ს, სადაც ახლა არის განთავსებული ბეტონის ქარხანა.

ფიროსმანის 14-ში კი „ორბი“ ახალ კორპუსებს აშენებს ცალკე პროექტით.

„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მშენებლობა ფიროსმანის 14-ში / 8.06.2022

„ინსპექცია გვეუბნება, გჭირდებოდათ ნებართვაო. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არ გვჭირდებოდა, რადგან ეს არის მომიჯნავე მიწა, მე ხომ სხვის მიწაში არ გადავსულვარ? ერთი სამშენებლო მოედანია. ეს [ბეტონის ქარხანა] არ არის ძირითადი შენობა, დროებითი ნაგებობაა და მისი ადგილმონაცვლეობა არსებითი არ იყო,“ – განმარტავს გელა მახარაძე, კომპანია „ორბის“ იურისტი.

მიუხედავად იურისტის ამ განმარტებისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს, როცა ბეტონის ქარხანა ხიმშიაშვილის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩაზე გადაიტანეს, ეს ტერიტორია „ორბის“ საკუთრებაში არ იყო, ანუ ქარხანა სახელმწიფო მიწაზე განათავსეს და არა კომპანიის საკუთრებაში არსებულ „მომიჯნავე მიწაზე“. იმ დროს ეს ტერიტორია არც „ერთ სამშენებლო მოედანს“ არ წარმოადგენდა.

ფიროსმანის ქუჩაზე ნაკვეთი, სადაც ახლა ქარხანა დგას, „ორბს“ მხოლოდ 2020 წლის ივლისში მიყიდეს.

მანამდე კი, ამ ტერიტორიას „ორბი“ უკანონოდ სარგებლობდა [სადაც „სამეურნეო ეზო“ ჰქონდა მოწყობილი ბეტონის ქარხნით]; მოგვიანებით, ვიდრე მიყიდდნენ, ეს ნაკვეთი კომპანიას იჯარითაც ჰქონდა გადაცემული.

ბეტონის ქარხანა 2018 წელს ხიმშიაშვილის ქუჩაზე [მარცხნივ] და იგივე ქარხანა 2022 წელს ფიროსმანის ქუჩაზე [მარჯვნივ]

კომპანიის იურისტი ადასტურებს, რომ ფიროსმანის 14 ა-ში მშენებარე კორპუსი ცალკე სამშენებლო პროექტია, თუმცა ბეტონის ქარხანა, იურისტის თქმით,  „ძირითადად“ ისევ ხიმშიაშვილის 7-ში მშენებარე კორპუსებს ემსახურება.

„არ ვიცი, ემსახურება თუ არა, ხიმშიაშვილის 7 ბ-ს ემსახურება ძირითადად,“ – აღნიშნა გელა მახარაძემ.

„უკანონო ბეტონის ქარხნის საქმე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს 2019 წლიდან აწერია. სასამართლომ საქმეზე სხდომა გუშინ, 7 ივნისს, ჩაატარა, თუმცა სასამართლოს მენეჯერის თქმით, იგი გადაიდო და ჯერ არ არის განსაზღვრული სხდომის მორიგი თარიღი.

საია: „აუცილებელია, სასამართლომ იმოქმედოს“ 

„სამწუხაროა, მაგრამ არ მიკვირს სასამართლოს ასეთი დამოკიდებულება… აუცილებელია, რომ სასამართლომ იმოქმედოს, სხვა გზა სამართლებრივ სახელმწიფოში ვერ იარსებებს,“ – ამბობს მზია გოჩელაშვილი, საია-ს იურისტი. მას ეს საქმე „ნამახვანჰესზე“ სასამართლოში შეტანილ სარჩელს ახსენებს:

„ისე გადის ნამახვანჰესზე კომპანია ქვეყნიდან, რომ ამ საქმეზე მოსამზადებელი სხდომაც არ ჩაუტარებია თბილისის საქალაქო სასამართლოს. არადა, ერთ წელზე მეტი დროა გასული მას შემდეგ, რაც სასამართლოს მივმართეთ… ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებით გარემოსდაცვით საკითხებზე მართლმსაჯულება არაეფექტურია,“ – გვითხრა მზია გოჩელაშვილმა.

„მთავარი პრინციპი, რომელიც დღეს არის აღიარებული, ეს არის ნულოვანი გაფრქვევა მილზე, მით უმეტეს, როცა დასახლებულ პუნქტშია ქარხანა… ასეთი ქარხანა რეკრეაციულ ზონაში საერთოდ არ უნდა იყოს, ცხადია,“ – ამბობს ნინო ჩხობაძე, ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი. მას 90-იან წლებს ახსენებს ბათუმში, ზღვისპირას, ტურისტულ ზონაში ბეტონის ქარხნის არსებობა. „90-იანებში ხდებოდა მსგავსი ამბები,“ – იხსენებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი.

„1999 წელს გვქონდა შემთხვევა, როცა უკანონოდ საქმიანობდა საწარმო, აბინძურებდა ჰაერს და დაბინძურების გამო მივმართეთ სასამართლოს,“ – გვიყვება ნინო ჩხობაძე. – „მაგრამ სასამართლომ გვითხრა, რომ ვერ დააჯარიმებდნენ კომპანიას, რადგან მას ზოგადად საქმიანობის ნებართვა არ ჰქონდა… შემდეგ ზემდგომმა ინსტანციამ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და დახურეს ის საწარმო.

დღეს ჩვენ გვაქვს რამდენიმე კანონი, მათ შორის, ატმოსფერული დაცვის შესახებ კანონი, ასევე, გასულ წელს მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში კანონი წარმოების ვალდებულებების შესახებ, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსგავს საწარმოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.

დღეს რაც ბათუმში ხდება, ეს არის აბსურდი – გამოდის, სასამართლო ახალისებს უკანონობას… განსაკუთრებული პრობლემაა მსგავსი ქარხანა, რადგან სადაც ცემენტი მუშავდება, იქ თუ არ არის შესაბამისი, ულტრათანამედროვე დანადგარები, ეს უკვე ქიმიური დაბინძურება იქნება,“ – მიიჩნევს ნინო ჩხობაძე.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: