მთავარი,სიახლეები

რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია რას ედავებიან – კობახიძე

09.06.2022 • 1475
რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია რას ედავებიან – კობახიძე

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

რეზოლუციას დღეს, 9 ივნისს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ბრიფინგით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მედიის თავისუფლებამ ფუნდამენტური პროგრესი განიცადა.

„როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, რომც დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია, რას ედავებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს კეთილმოსურნეებს უწოდებენ.

ფაქტია და სინამდვილეში მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველომ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით, მხოლოდ პროგრესი, თანაც ფუნდამენტური პროგრესი განიცადა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ერთადერთი, რასაც ივანიშვილს შესაძლოა „საქართველოს კეთილმოსურნე“ ედავებოდეს,  შეიძლება იყოს ის, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და „ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა,“- ამბობს კობახიძე.

„საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ ალბათ აღიზიანებს ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოში არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოში 10 პროცენტზე მეტი მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა,“ – განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და მიუთითებს მის კონტროლზე მთავრობაზე, მათ შორის, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში.

„ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის პერსონალური და ბიზნესკავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ,“ – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: