მთავარი,სიახლეები

უფრო მეტ ადამიანს მოუსმენენ – თვალთვალის ახალი წესი „სუს-ის ფაილების“ სკანდალის შემდეგ

10.06.2022 • 1329
უფრო მეტ ადამიანს მოუსმენენ – თვალთვალის ახალი წესი „სუს-ის ფაილების“ სკანდალის შემდეგ

„…სულაც არ გამოვრიცხავ, იქ, სადაც ადამიანებს უსმენენ, იგივე „სუს-ის ფაილების“ სკანდალის შემდეგ, ყოფილიყო პროტესტი, რომ უკანონოდ აღარ მოუსმენდნენ, ამ ცვლილებით კი, მასშტაბი ფართოვდება – უფრო მეტ ადამიანს მოუსმენენ და თან კანონის სახელით“, – ამბობს ლონდა თოლორაია. ის ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორია, რომელიც იმის გამო, რომ უკანონოდ ფარულ მოსმენებსაც ხშირად აპროტესტებდა, დღეს აქვს სტატუსი  – „ყოფილი“.

ლონდა თოლორაიას ვესაუბრეთ, რატომ დასჭირდა „ოცნების“ ხელისუფლებას ახალი საკანონმდებლო ცვლილება ფარულ მოსმენებზე, რომლის მიხედვითაც 27 მუხლით მეტ სისხლის სამართლის საქმეზე შეიძლება მოუსმინონ ფარულად ადამიანებს, მოსმენის ვადა 6-დან 9 თვემდე გაიზარდა და მოგვისმინონ ისე, რომ ჩვენ 30 წელი ვერც ვერაფერი გავიგოთ.

  • ქალბატონო ლონდა, თქვენი აზრით, რა არის მთავარი საფრთხე, რასაც ითვალისწინებს ახალი საკანონმდებლო ცვლილება ფარულ მოსმენებზე, რაზეც სამოქალაქო სექტორი ვეტოს დადებას პრეზიდენტს სთხოვს? 

ამ კანონის მიღებამდეც კი, პრობლემა იყო, მაგალითად, ადამიანებისთვის შეტყობინების გაგზავნა, რომ მას ფარულად უსმენდნენ. კანონმდებლობით პროკურორი იყო ვალდებული, მოსმენის დასრულებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ მოსმენის ობიექტისთვის გაეგზავნა შეტყობინება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მანამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მოგეხსნებათ, ჰქონდა ამ მიმართულებით მონიტორინგის ფუნქცია – ვაკონტროლებდით, რამდენად ასრულებდა პროკურატურა კანონიერად თავის უფლებამოსილებას. მუდმივად ფიქსირდებოდა პრობლემა: დაგვიანებით უგზავნიდნენ ადამიანებს შეტყობინებას, ან მას შემდეგ, როცა იგებდნენ, რომ შემოწმება დავიწყეთ. პროკურატურას გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა შეტყობინების გაგზავნა, რადგან ზოგჯერ ამას თან სდევდა პროტესტი: რატომ მისმენდნენ? პროტესტის საგანი იყო ისიც, რომ ზოგჯერ მოსმენის საგანი იყო არა ის საუბარი, რომელიც სისხლის სამართლის საქმესთან იყო შემხებლობაში, არამედ პირადი და პერსონალური ინფორმაცია.

  • მიყურადების რა მოდელი გვექნება, თუ ეს საკანონმდებლო ცვლილება შევა ძალაში? 

ზოგადად, უფრო კომფორტული მოცემულობა იქმნება იმისთვის, ვინც მოსმენას ახორციელებს, რადგან კანონისმიერი საფუძველი ექნება მოსმენას. როგორც იცით, გაიზარდა მუხლების რაოდენობა და პროკურატურას არც იმ კუთხით დასჭირდება მანევრი, რომ კვალიფიკაცია ცვალოს – ზოგჯერ სპეციალურად იმ მუხლით იწყებოდა გამოძიება, რაც ითვალისწინებდა ფარულ მოსმენას.

ამ ჩამონათვალს დაუმატეს ისეთი მუხლები, რაც არარელევანტურია, ჩემი აზრით, მაგალითად, 405-ე მუხლი, რაც გულისხმობს „საქვეყნოდ მოწოდებას აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ“, ან 239-ე პრიმა მუხლი – „ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება“, გაუგებარია, საქვეყნოდ და საჯაროდ როცა ხდება ამ დანაშაულის ჩადენა, ფარული მოსმენა რატომ არის საჭირო?

შეიძლება, ზოგიერთი მუხლის დამატება ამ ჩამონათვალში ლოგიკურია, რომ პროკურატურას სჭირდება მტკიცებულების მოპოვება, მაგრამ ისეთი ფონია, სახელმწიფო უწყებებისთვის უფლებამოსილების გაფართოება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი დაუცველობის განცდას აჩენს ქვეყანაში.

ევროსასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ ფარული მოსმენა არის ყველაზე უხეში ფორმით ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში და მისი გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა ხდებოდეს, მაღალი საშიშროების მქონე თუა, ანუ საუბარია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე მუხლებზე. პარლამენტმა კი, ჩამონათვალი გაზარდა ზოგიერთი იმ მუხლით, სადაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულია. სისხლის სამართლის კოდექსი ამბობს, რომ მუხლი ნაკლებად მძიმე დანაშაულია და შენ, სახელმწიფოს, ყველაზე უხეში ფორმით გინდა ჩაერიო ადამიანის პირად ცხოვრებაში.

  • საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მოსმენის პერიოდი გრძელდება 9 თვემდე, ხოლო შეტყობინება შესაძლოა 30 წელი არ გაუგზავნონ ადამიანს, ვისაც უსმენდნენ. ეს რა შემთხვევაშია შესაძლებელი? 

დიახ, კანონმდებლობა ითვალისწინებს შეტყობინების ვალდებულებას ისევ, თუმცა უკვე გათვალისწინებულია მისი განუსაზღვრელი ვადით გადაწევის შესაძლებლობა, თუკი პროკურატურა შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სასამართლოს და ახსნის, რატომ არ უნდა გაუგზავნოს შეტყობინება მოქალაქეს… ზოგიერთ დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა 30 წელია. შეტყობინების ვადაც შესაძლოა ამ ვადით გადაიწიოს.

6-დან 9 თვემდე მოსმენის ვადის გახანგრძლივებაც გაუგებარია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება: თუ 6 თვეში ღირებული ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, შეუძლებელია 3 თვით გახანგრძლივებამ შეცვალოს მდგომარეობა. მიმუშავია ბევრი წელი საგამოძიებო უწყებაში და ვიცი, რომ ამის შანსი ნაკლებია.

  • ფარულ მოსმენებზე ამ დრომდე აჭიანურებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას იმის მიუხედავად, რომ 4 წლის წინ დაასრულა კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში მომზადებული სარჩელის განხილვა. რატომ დასჭირდა ეს საკანონმდებლო ცვლილება ხელისუფლებას? 

ამ ცვლილებით იზრდება ადამიანთა წრე, ვისაც შეიძლება მოუსმინონ… აქამდეც შეიძლებოდა მოესმინათ ამ ადამიანებისთვის იმ მუხლებით, რაც ახლა დაამატეს, მაგრამ ახლა ეს კანონის სახელით და სასამართლოს ჩართულობით გაფართოვდა. ამჯერად, მსგავსი ჩანაწერების გამოყენება შესაძლებელი იქნება უფრო მარტივად ადამიანების წინააღმდეგ იგივე სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებების სახით, ასევე პროკურატურას შეუძლია განსაიდუმლოება მოახდინოს უკვე სასამართლოს განჩინების გზით მოპოვებული მტკიცებულების და დისკრედიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენოს.

ჩვენ ვნახეთ „სუს-ის ფაილების საქმე“ და ვიცით, რომ გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა… სულაც არ გამოვრიცხავ, იქ, სადაც ადამიანებს უსმენენ, იგივე „სუს-ის ფაილების“ სკანდალის შემდეგ, ყოფილიყო პროტესტი, რომ უკანონოდ აღარ მოუსმენდნენ, ამ ცვლილებით მასშტაბი ფართოვდება.

  • ამ გზით უფრო იოლად აპირებს ხელისუფლება ავტორიტარული მიდგომების გაძლიერებას, ასე ჩანს? 

ბოლო პერიოდში ისე განიხილავს საქართველოს პარლამენტი კანონპროექტებს, რომ ამას დემოკრატიის პროცესს ნამდვილად ვერ დავუძახებთ, არავის აზრი არ აინტერესებთ, მხოლოდ რამდენიმე თვინიერ უწყებას ჰკითხავენ აზრს და იღებენ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში კი, საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება ფარული მოსმენის მარეგულირებელი ნორმების შესახებ.

კითხვებს აჩენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა, რატომ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება 4 წელი, როცა ცნობილია, რომ საქმის განხილვა დასრულებულია. უფრო გვიან დაწყებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები გვინახავს. ეს აჩენს კითხვებს და არის საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხისმგებლობის საკითხი.

  • სამართლებრივი ბერკეტი არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გადაწყვეტილებას არ იღებს ფარულ მოსმენებზე. თქვენს საქმეზეც, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა პარლამენტმა, საკონსტიტუციო არ წავიდა პარლამენტის წინააღმდეგ. რა შანსი რჩება დემოკრატიის სასარგებლოდ? 

ახლა მნიშვნელოვანი როლი აქვს პრეზიდენტს, თუმცა შესაძლოა პარლამენტმა დაძლიოს ვეტო. შესაბამისად, ამ სიტუაციაში გამოსავლის პოვნა რთულია, როცა სახელმწიფო უწყებები ერთ ხმაში მოქმედებენ.

გააჩნია, რა პრაქტიკას გამოიყენებს სასამართლო, თუ ეს საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდება, სასამართლოს როლი იქნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია გავლენის მოხდენა, თუკი დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებაზეც სავარაუდოდ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა 4 წელი წინა საქმეზე ვერ მიიღეს გადაწყვეტილება. ამ მოცემულობაში დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: