მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა იწვევს კიდურების შეშუპებას და როგორ ავიცილოთ ლიმფედემა

08.06.2022 •
რა იწვევს კიდურების შეშუპებას და როგორ ავიცილოთ ლიმფედემა

ლიმფედემა ნიშნავს ცილებით მდიდარი სითხის დაგროვებით გამოწვეულ შეშუპებას, რომელიც ჩვეულებრივ გაედინება სხეულის ლიმფური სისტემის მეშვეობით.

ლიმფედემა ყველაზე ხშირად ქვედა კიდურებს აზიანებს. დაავადების მძიმე შემთხვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაზიანებული კიდურის გადაადგილების უნარზე, გაზარდოს კანის ინფექციებისა და სეფსისის რისკი და გამოიწვიოს კანის ქსოვილის ცვლილებები და რღვევაც კი. 

ბათუმის სამედიცინო ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგის, თემურ რუაძის თქმით, ვინაიდან ლიმფედემა პროგრესირებადი დაავადება და ბევრი სერიოზული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობის დროულად დაწყებას.

  • ბატონო თემურ, რა არის ლიმფედემა, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

ლიმფედემა არის შეშუპება, ძირითადად გვხვდება ქვემო კიდურებზე, თუმცა არსებობს ზემო კიდურებზეც. ასევე, შეიძლება განვითარდეს გულმკერდის კედელში, მუცელში, კისერზე… არსებობს შინაგანი ორგანოების ლიმფედემაც.

ლიმფური სისტემა წარმოადგენს სადინარების ქსელს, რომლებიც ატარებენ ცილებით და მიკროელემენტებით მდიდარ ლიმფურ სითხეს მთელ სხეულში. ლიმფური სადინარი გაცილებით წვრილია, ვიდრე ვენა, თუმცა მათაც, ვენების მსგავსად, აქვთ სარქვლები.

ლიმფედემა ვითარდება მაშინ, როდესაც ლიმფურ ჭურჭელს არ შეუძლია ლიმფური სითხის ადეკვატურად გადინება, რის გამოც ლიმფური მასა ლაგდება ერთგან, ძირითადად ეს არის წვივი და ტერფი. ამ დროს მისი დრენაჟი ანუ უკან დაბრუნება (ჩართვა) ვეღარ ხდება სისხლის საერთო მიმოქცევის წრეში, ეს კი რიგ ცვლილებებს იწვევს იმ ქსოვილებში, სადაც ის გროვდება. 

განასხვავებენ ლიმფედემის თანდაყოლილ და შეძენილ ვარიანტებს, თუმცა ჩვენს პოპულაციაში ყველაზე გავრცელებული მაინც შეძენილი ვარიანტია, რომელიც 35 წლის ასაკიდან ვითარდება. 

შესაძლოა განვითარდეს უნილატერალური – როცა ლიმფედემა ერთ კიდურზე ვითარდება და ბილატერალური – ორივე კიდურზე როცაა გამოხატული. უნილატერალურის შემთხვევაში ეჭვი მიგვაქვს ლიმფური გზებისა და კიდურის ლიმფური ძარღვების პათოლოგიებზე, ხოლო როცა ორმხრივია – იქ გამოსარიცხია გულის ფაქტორი, მარჯვენა გულის უკმარისობას ხშირად თან ახლავს ორივე ქვემო კიდურის შეშუპება და, შესაბამისად, ლიმფის დაგროვება. ეს იმიტომ, რომ გული, როგორც „ტუმბო“, შეიძლება ვერ მოქმედებდეს კარგად.

ლიმფა – ბიოლოგიურად აქტიური სითხეა ორგანიზმში, რომელიც წარმოიქმნება ლიმფურ პრეკაპილარებში, ქსოვილთაშორის სივრცეებიდან წყლის, ცილის და სხვადასხვა მოლეკულის შეწოვის შედეგად. იგი წამყვან როლს ასრულებს იმუნურ პროცესებში, ასევე, აუტოიმუნურ, ანთებით, კარდიო-ვასკულურ და მეტაბოლურ პათოლოგიებსა და სიმსივნის მეტასტაზირების პროცესში. ლიმფური კვანძები მოქმედებს როგორც ფილტრები და შეიცავს უჯრედებს, რომლებიც ებრძვიან ინფექციას და კიბოს.

  • რატომ შუპდება ყველაზე ხშირად ქვედა კიდურები?

ქვედა კიდურები უფრო მასიური ანატომიური ერთეულია, აქ გაცილებით მეტი სისხლი მიედინება, ვიდრე, მაგალითად, ზედა კიდურებში. გარდა ამისა, ზედა კიდურს უფრო დიდი დიაპაზონი აქვს მოძრაობის, ქვედა კიდური კი ძირითადად (დროის დაახლოებით 90%) დაშვებულია/მიმართულია ქვემოთ. იქ ჩასული სისხლი და ლიმფური სითხე გულში ბრუნდება მხოლოდ სარქვლების ხარჯზე. სარქვლების დაზიანება ერთ-ერთი განმაპირობებელია იმისა, რომ ლიმფა გროვდება ერთგან და არ მიდის უკან. 

ხშირია ვენური სტაზით გამოწვეული ლიმფედემა. როცა ვენებში ვენური სისხლი ვერ მიდის უკან კარგად, ეს იწვევს მის გაჩერებას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ლიმფური ძარღვები არ იყოს გაფუჭებული, ვენური სტაზი ანუ ვენური სისხლის დგომა ამას განაპირობებს.

კიდურების ელევაცია ანუ მაღლა აწევა ძალიან სასარგებლოა, ეს არის საშუალება, რომ დედამიწის მიზიდულობის ძალა გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ და არა პირიქით. ტერფი თუ ასცილდება მიწის დონეს, სისხლი უკან უკეთ დაბრუნდება, სითხეს უფრო მეტი ტენდენცია ექნება გულისკენ მიმართულების და კიდურში არ გაჩერდება.

  • როგორია ამ დაავადების ნიშნები?

ეს ძალიან ადვილად ამოსაცნობია პაციენტის მიერ, რადგან ლიმფოსტაზი და ლიმფედემა ძალიან თვალშისაცემია, ვლინდება სხეულის სხვადასხვა მიდამოს შეშუპებით, სიმძიმის, კანის დაჭიმვის შეგრძნებებით. შეიძლება შენიშნოთ, რომ წინდის რეზინმა მოგიჭირათ, ფეხსაცმელმა, საათმა, სამაჯურმა.

საწყის ეტაპზე, როცა ადამიანს ლიმფედემა შეაწუხებს, შესივება დიდი არ არის, მაგრამ კანი ოდნავ გადაჭიმულია. როცა დაავადების ხარისხი მეორე-მესამე საფეხურზე ადის, უკვე ხდება ცვლილებები კანშიც, კანი ისეთი ნაზი აღარ არის, როგორც ადრე, მიდის კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების გადაგვარება, კვების მოშლა (ლიპოდერმატოსკლეროზი) და შესაბამისად ხდება კანის გასქელება, გაუხეშება, პიგმენტაციის ჩალაგება, ყავისფრდება კანი. 

  • რა იწვევს შეშუპებას და როდის მივმრთოთ ექიმს?

საქმე ის არის, რომ ლიმფედემია შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით. მათგან ზოგიერთი ძალიან საყურადღებოა, ამიტომ ფეხების შეშუპების მოხშირების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია, რათა სპეციალისტმა განსაზღვროს, ხომ არ არის ეს შეშუპება კარდიული ანუ გულისმიერი წარმოშობის.

შეიძლება საქმე გვქონდეს ღვიძლის დისფუნქციასთან, თირკმლის დისფუნქციასთან. უნდა დადგინდეს, ხომ არ მიმდინარეობს ორგანიზმში ჰიპოპროტეინემია [ცილის დაკლება], ანუ როცა თირკმელი ვეღარ იწოვს ცილას და კარგავს მას შარდის სახით. ამ შემთხვევაში ეს შეშუპება უფრო მანიფესტირებულია, იგი ვითარდება ზედა კიდურებზე, სახეზეც.

ასევე, შეშუპება შეიძლება იყოს ალერგიის ან ზოგიერთი მედიკამენტის ბრალი, რომელსაც ჰიპერტონიკები იღებენ, თუ საქმე გვაქვს ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან.

ასეთ დროს სასურველია მიმართოთ ანგიოლოგს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ლიმფედემა აღენიშნება 250 მილიონ ადამიანს მსოფლიოში, მათგან 120 მილიონზე მეტს – ლიმფური ფილარიაზის გამო, ხოლო, სიმსივნურ დაავადებებთან ასოცირებული მეორადი ლიმფედემა აღენიშნება ავადმყოფთა 15%-ს, მათ შორის: 12-35% ძუძუს კიბოს, 40-47% გინეკოლოგიური სიმსივნეების, 75 % თავ-კისრის სიმსივნეების მკურნალობის შემდეგ. 

როცა ადამიანი დიდ ხანს ზის და კიდური დაშვებულია, მაგალითად, მგზავრობის დროს, შესაძლოა ფეხები შეშუპდეს (თუმცა იქაც გააჩნია ხარისხს), პრევენციის სახით მგზავრობის დროს შესაძლებელია ტერფების მოძრაობები აკეთოს ადამიანმა.

  • რა შეგვიძლია გავაკეთოთ შინ?

დავისვენოთ წამოწოლით და კიდურები რაც შეიძლება ხშირად შემოვაწყოთ სიმაღლეზე, როცა კი ამის საშუალება არსებობს.

არსებობს ლიმფოდრენაჟული მასაჟები, რომელთა გაკეთებაც ადამიანს თავადაც შეუძლია საწოლში საღამოს, ან დაიხმაროს ოჯახის წევრი. ლიმფოდრენაჟული მასაჟი გულისხმობს ტერფიდან და კოჭიდან ხელის წასმას წვივისკენ – მაღლა და არა პირიქით.

მონიტორინგის საშუალებაც არის, რომ გაიზომო საღამოს დაწოლისას რამხელაა დიამეტრში შეშუპებული კიდური და როგორაა დილას დამცხრალი. არის საშუალება შევინარჩუნოთ დამცხრალი ტერფი მექანიკური საშუალების – ელასტიკური ბინტის დახვევით აწეულ ფეხზე. ან კიდევ სპეციალური, კომპრესიული პირველი კლასის წინდის ტარებით. ამ დროს გარეგანი ჩონჩხი იქმნება, კანი აღარ იწევა, თვალშისაცემია ლიმფის ქვევიდან ზევით გადაადგილება და შეშუპება, როგორც წესი, იხსნება.

ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინი: ლიმფედემით პაციენტებისთვის ლიმფოდრენაჟული ვარჯიშების და ფიზიკური აქტივობის ეფექტურობა დადასტურებულია, თუმცა ფიზიკური აქტივობის პროგრამა მორგებული უნდა იყოს პაციენტის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე. სამკურნალო ვარჯიშები და მოძრაობები უნდა მიესადაგებოდეს პაციენტის და დაავადების სტატუსს. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ვარჯიშის დროს სავალდებულოა კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება.

  • როგორ მკურნალობენ?

ყველაზე ეფექტიანი მკურნალობა არის კონსერვატიული და არა ქირურგიული.

არსებობს ვენოტონური პრეპარატებიც, თუმცა არა შორსწასული შემთხვევების დროს პრობლემის 70%-ს ხსნის კომპრესიული თერაპია (დახვევა, ჩაცმა, ან კიდურის აწევა), დაახლოებით 30% არის მედიკამენტზე დამოკიდებული.

ქირურგიული მკურნალობა საჭირო ხდება მაშინ, როცა მკურნალობის ყველა გზა ნაცადი და ამოწურულია. ეს მაშინ ხდება, როცა ლიმფედემიის შორსწასული ფორმებია და როცა ლიმფურ ქსოვილში სითხის ჩალაგება იმდენად ინტენსიურია, რომ ჭყლეტს დანარჩენ ნერვულ ქსოვილს და იწვევს ტრავმას. ქირურგიული ჩარევა მოიცავს კანქვეშ არსებული ფიბროზული ქსოვილების მოცილებას და ზოგჯერ კანის ფრაგმენტების მოცილებაც ხდება საჭირო. თუმცა ძირითადად ხდება კონსერვატიული მკურნალობა.

ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინი: შეშუპებული კიდურის ელევაცია მოვლის ფუნდამენტური საკითხია, კიდურის განტვირთვის მნიშვნელობიდან გამომდინარე. ზედა კიდური არ უნდა ასცდეს მხარს და კომფორტულად, მთელ სიგრძეზე უნდა განთავსდეს ბალიშებზე. ქვედა კიდურის სწორი ელევაცია ნიშნავს მწოლიარე მდგომარეობაში მთლიანი კიდურის აწევას მენჯ-ბარძაყის სახსარზე მაღლა, მუხლში მსუბუქი მოხრით და ფეხის ქვეშ ბალიშების განთავსებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: