მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება უკრაინის გმირი ტანკისტი თავის „30 შვილსა“ და რუსებთან შეტაკებაზე

09.06.2022 • 25608
რას ჰყვება უკრაინის გმირი ტანკისტი თავის „30 შვილსა“ და რუსებთან შეტაკებაზე

გაზაფხულზე ხარკოვის დასახლებული პუნქტები – იუზუმი და ბარვენკოვო – მსოფლიოს სამხედრო ექსპერტთა ყურადღების ცენტრში მოექცა. იზიუმის დაკავების შემდეგ რუსეთის ძალები სლავიანსკში, კრამატორსკსა და ბახმუტში უკრაინელ სამხედროთა დანაყოფის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლეს – ისინი უკრაინელმა მებრძოლებმა შეაჩერეს. ერთ-ერთ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის, უკრაინის გმირის წოდება მიიღო მესამე სატანკო ბრიგადის ასეულის მეთაურმა, სერგეი პონომარენკომ. ის თავის ისტორიას Hromadske-ს უყვება.

6 ტანკი 20-ის პირისპირ

ბრძოლები, რომელთა შემდეგაც დამაჯილდოვეს, ჩემთვის რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა. თითოეულ ბრძოლაში, აბსოლუტურად თითოეულში, შენ შენი მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობ. ცდილობ, რაც გაქვს და იცი, ყველაფერი გამოიყენო.

მაშინ ჩვენი დანაყოფი, 25-ე ცალკეულ საჰაერო-სადესანტო ბრიგადასთან ერთად, ცდილობდა შტურმით აეღო ტოპოლსკოე, სოფელი იზიუმთან. დაზვერვის მონაცემებით, იქ მტრის დიდი ძალა არ უნდა ყოფილიყო განლაგებული, თუმცა როგორც კი ბრძოლა დავიწყეთ, მაშინვე მივხვდით, რომ მათი ძალები ჩვენსას ბევრად აღემატებოდა.

უფრო გასაგები რომ იყოს, ჩვენს 6 ტანკზე მათი 20 მოდიოდა. არტილერიაც ეხმარებოდა. ბრძოლამდე ამ ყველაფრის გათვლა შეუძლებელი იყო, რადგან ყველაფერი შენიღბული ჰქონდათ.

ჩვენ ორი მიმართულებით მივიწევდით წინ. მივუშვით ცეცხლი და მერე უკან დავიხიეთ, რომ საბრძოლო კომპლექტები გადაგვეტენა. ამ მომენტში მტერმა სხვადასხვა კალიბრის არტილერიის გამოყენება დაიწყო და საცეცხლე პოზიციაზე გასვლის საშუალებას არ გვაძლევდა. მაინც გადავწყვიტეთ, ხელახლა შეგვეტია.

სერგეი პონომარენკო ტანკზე/ფოტო: Hromadske.ua

პირად დამსახურებებს არ ვითვლი, ვითვლი მხოლოდ ასეულის მიღწევებს. ამ ბრძოლაში ჩვენმა ასეულმა მტრის 9 ტანკი გაანადგურა – რაც დანამდვილებით დავინახეთ, რომ იწვოდა. თუმცა იყო ისეთებიც, რომლებსაც ვარტყამდით, თუმცა არ დამწვარა.

მტრის განადგურებული ტანკების ზუსტი რაოდენობის თქმა რთულია. ჩვენი უპილოტო აპარატები არ დაფრინავდნენ იქ და რაიმე ვიზუალური მტკიცებულება არ გვქონია.

ამდენი ტექნიკის განადგურებისა და დაზიანების მიუხედავადაც არ წყვეტდნენ წინააღმდეგობას. სავარაუდოდ, სადღაც, იქვე, დასახლებული პუნქტის იქით, ტყეში რეზერვები ჰქონდათ და გამოჰყავდათ. ერთ ტანკს რომ ვანადგურებდით, მის ადგილას ორი ჩნდებოდა.

ძალიან რთული იყო მტრის ძალების დათვლა. ბრძოლის დროს, როცა ყველაფერი ცეცხლსა და კვამლშია გახვეული, ძნელია ახალი სამიზნეების დანახვა. ძირითადად სინათლე რომ გაიელვებდა, იმ სამიზნეებზე ვმუშაობდით, თუმცა იმის მიხედვით, თუ რა შუალედით ხდებოდა აფეთქებები, შეიძლება იმის მიხვედრა, თუ რამდენი ტყვიამფრქვევი მუშაობდა ჩვენ წინააღმდეგ.

დაახლოებით შემიძლია დავასკვნა, რომ 20 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. ეს მხოლოდ ტანკი. ჯავშანმანქანებს ვერც დაითვლიდი, რადგან როდესაც ტანკები ისვრიან, ნაკლებ კალიბრს უკვე ვეღარ ამჩნევ. გესმის ტკაცუნის ხმა, მაგრამ აღარც აქცევ ყურადღებას, რადგან ის ტანკისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.

პირველი, ვინც შემატყობინა, რომ უკრაინის გმირის წოდება მივიღე, ჩემი ყოფილი მეთაური იყო, პიოტრ პავლოვიჩი. ის მუდმივად თვალს ადევნებს თავისი ბიჭების ცხოვრებას და კარიერას. მან პირველმა მომილოცა.

თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ შემდეგ ბრძანების ნომერი და თარიღი მითხრა. შევედი, გადავამოწმე და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.

ტანკისტი აგრარული უნივერსიტეტიდან

ტანკისტი ჯერ კიდევ სტუდენტობისას გავხდი. აგრარულ უნივერსიტეტში სამხედრო კათედრა იყო. მაშინ დავდიოდით მეგობრები და ვხუმრობდით – „სამხედრო კათედრა. ტანკისტები. თანამედროვე სამყაროში რაღა დროს ტანკებით ომია? ვიდრე ჩვენ ინსტიტუტს დავამთავრებთ, უკვე კოსმოსური ჯარები იქნება“. მაგრამ ისე მოხდა, რომ დრო კი მიდის წინ, მაგრამ ომის წარმოების საშუალებები კვლავაც იგივე რჩება.

2014-ში ოფიცრის წოდება რომ მივიღე და უკრაინელ ხალხს ერთგულება შევფიცე, ზუსტად მაშინ დაიწყო ომი. არ შემეძლო გვერდზე დგომა და წავედი სამხედრო კომისარიატში. თავდაპირველად მოწვევა არ მიმიღია. მაშინაც მეხუმრებოდნენ მეგობრები, მოხალისედ წადიო, თუმცა მეორე დღეს გამომიძახეს. ასე აღმოვჩნდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

მესამე ცალკეულ სატანკო ბატალიონში მოვხვდი. საკმაოდ გრძელი გზა გავიარეთ: დავიწყეთ მარიუპოლში და დავამთავრეთ ლისიჩანსკში, პოპასნაიაში.

2015 წლის 3 ივნისს რუსებმა მარინკას აღება სცადეს. მაშინ ოცეულის მეთაური ვიყავი და ჩემი ოცეული მარინკას იცავდა, 28-ე მექანიზებულ ბრიგადასთან ერთად.

სერგეი პონომარენკო მარინკაში/ ფოტო: Hromadske.ua

მაშინ, როგორც ვხვდები, შტაბის მეთაურს ჩვენი მონაწილეობა სამხედრო მოქმედებების ჟურნალში არ შეუტანია, ამიტომაც ანგარიშებისა და დოკუმენტების მიხედვით, ჩემი ოცეული მარინკაში არ ყოფილა. თუმცა არსებობს ვიდეო და ფოტომტკიცებულებები. ჩვენს ტექნიკასთან გადავიღეთ ფოტოები, მას შემდეგ, რაც ბრძოლა დასრულდა და რუსების იერიში მოვიგერიეთ, თუმცა ამაზე ისტორიამ არაფერი იცის.

2021 წლის ნოემბერში უკრაინის შეიარაღებული ძალები დავტოვე და სამოქალაქო ცხოვრებას დავუბრუნდი. ზუსტად თვე-ნახევარი ვიმუშავე და უკვე ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამჯერადაც არ შემეძლო გვერდზე დგომა.

დაბრუნება ფრონტზე

მესამე სატანკო ბრიგადაში ჩემი ნაცნობი მუშაობდა. მას გამოვკითხე, აპირებდნენ თუ არა ოფიცრების დამატებას და ჩემი და ჩემი 2014-2015 წლების ფრონტის მეგობრების ადგილი თუ იქნებოდა. თანხმობა მივიღე.

24 თებერვალს აფეთქების ხმამ გამაღვიძა. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მეორე აფეთქებამ უკვე ყველაფერს მიმახვედრა. ჩემებს ჯერ კიდევ ეძინათ, მე უკვე გარეთ ვიყავი და ვრეკავდი. კიევიდან დამირეკეს და ჩემი ვარაუდი დაადასტურეს – ომი დაიწყო.

ვფიქრობდით, რომ რუსები პირველივე დღეებში ჩაახშობდნენ ყველანაირ კავშირს, ამიტომ მეგობრებს უკვე წინასწარ გვქონდა დათქმული ადგილი, სად უნდა შევხვედროდით. 26 თებერვალს მე და ჩემი თანამებრძოლები არმიაში ვიყავით, 12 მარტს კი – ბარვენკოვოში.

რით განსხვავდება 2022 წლის ომი 2014 წლის ომისგან

იმით, რომ მტერი ახლა ბევრად დიდ ძალას და საბრძოლო აღჭურვილობას იყენებს. თუკი მანამდე სადღაც-სადღაც ინიღბებოდნენ და ასეთი მსხვილი და ძლიერი დანაყოფები არ გამოჰყავდათ ბრძოლაში, ახლა ყველაფერი ხელისგულზეა.

მათი ოფიცრები და ჯარისკაცებიც უკეთ მომზადებულები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც 2014-ში ვებრძოდით. ესენი, ძირითადად, იყვნენ ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. „ოპოლჩენცები“, რომლებიც დიდ საფრთხეს ვერ ქმნიდნენ. მაშინაც იყო განსხვავება მათსა და რუსეთის ფედერაციის დანაყოფებს შორის.

პროფესიონალს იმის მიხედვით გამოარჩევ, როგორ იბრძვის, როგორ ირჩევს საცეცხლე პოზიციებს, როგორ ახორციელებენ დარტყმებს. აი, მაგალითად, იზიუმის ერთ-ერთ სოფელში ვიყავით: პირველ დღეს ჩვენი ერთი ტანკით გამოვუხტით მათ ორ ტანკს, რომლებიც მინდორზე დასეირნობდნენ. ერთი გავანადგურეთ, მეორე კი გაიქცა. ფაქტობრივად, წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია.

მეორე დღეს, როცა ისევ ჩვენი ერთი ტანკით უკვე მათ სამ ტანკზე დავიწყეთ შეტევა, რეაქცია ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა. ესენი რუსები იყვნენ. კარგად შეარჩიეს პოზიცია, სწორად დამალეს კორპუსი, მუშაობდნენ მიზანმიმართული ცეცხლით, მხოლოდ – კოშკურით.

კოშკურით მუშაობა ნიშნავს, რომ კორპუსი მთლიანად დამალულია, ჩანს მხოლოდ ლულა და ტანკის კოშკურა, რომელსაც ძლიერი ჯავშანი აქვს.

ჩვენი და მათი ტანკები

ტანკები რომ შევადაროთ – რუსული Т 80-ები, Т 90-ები და Т 72-ები, რომლებსაც ახლა ვებრძვით – რაღაც თვალსაზრისით, მათ აქვთ უპირატესობა.

ისეთივე Т 72-ები აქვთ, როგორებიც ჩვენ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე აქვს Т-80, Т-64, რომლებიც არაფრით ჩამორჩება რუსულებს. ერთადერთი Т 90-ია, გაუმჯობესებული ღამის სამიზნეებით, დანარჩენ შემთხვევაში, ტექნიკით რუსები არანაირი უპირატესობას არ ფლობენ.

მე არ მიცდია „ლეოპარდებზე“ ან „აბრამსებზე“ მუშაობა, ამიტომაც ვერ ვიტყვი, რამდენად უკეთესები ან უარესებია ისინი, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ Т 64-იც კი, თუ ის სწორად მართავ, შესანიშნავი მანქანაა. ასე ვიტყოდი – სნაიპერის იარაღი, უბრალოდ, უფრო დიდი კალიბრის.

რომ გაიგოთ ამ ტანკის სიზუსტის ხარისხი, გეტყვით – 2014 წელს ჩემი მანქანის ნომერი იყო 334 (აქედან მოდის საბრძოლო სახელი 34) და 1 900 მეტრში ასანთის კოლოფს არტყამდა.

ბარვენკოვო, ბრძოლაში მოპოვებული რუსული T 90/ ფოტო: Hromadske.ua

ბრძოლაში ყველაფერი ეკიპაჟის მოტივაციასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ მებრძოლები მზად არიან, თუ სწორად არიან მომართული, მაშინაც კი თუ ტექნიკა ვერ „ქაჩავს“, „ქაჩავს“ მათი მოტივაცია და პროფესიონალიზმი.

ჩვენი დანაყოფის სამხედროების მოტივაცია მაშინ, დონბასში და ახლა რადიკალურად განსხვავდება. 2014-2015 წლებში იმ ხალხის მობილიზაცია მოხდა, ვისაც ბრძოლა დიდად არ უნდოდა. ისმოდა შეკითხვები – რას ვაკეთებთ აქ? რისთვისაა ეს ყველაფერი? ახლა კი ყველას ცხადად ესმის, რატომ არიან აქ, რატომ დგანან და რას ცვლის მათი ბრძოლა.

ჩემი 30 შვილი

მე მანამდე სამი შვილი მყავდა, ახლა კი 30 მყავს. ჩემს თანამებრძოლებს სულ ვეხუმრები – თქვენ ჩემი შვილები ხართ და თქვენზე პასუხისმგებლობა მაკისრია. როდესაც შევდივარ საომარი მოქმედებების ზონაში, თვალებში ვუყურებ და სრულიად გულწრფელად ვეუბნები – მე თქვენთან ერთად შევდივარ და თქვენთან ერთად გამოვალ, იქ არავის დავტოვებთ.

და ამ დაპირების შესრულებას ვცდილობ. დღეისთვის, სამწუხაროდ, ერთი გვყავს უგზო-უკვლოდ დაკარგული. მისი სხეული ვერ ვნახეთ, ამიტომაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც ტყვეობაშია, ვიპოვით და გავცვლით.

რას ვფიქრობ რუსებზე? მე ჯერ კიდევ 2014 წლიდან ასეთი დამოკიდებულება მაქვს: რუსეთი აგრესორია და არავითარი დანდობა, არანაირი თანამშრომლობა, არაფერზე ლაპარაკი მათთან არ შეიძლება. მათ უნდა ვებრძოლოთ და გავყაროთ ჩვენი მიწიდან, აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. როდესაც ჩვენს საზღვრებზე გავალთ, შემდეგ შეიძლება რამეზე ველაპარაკოთ.

მაგრამ ვიდრე ერთი რუსი ჯარისკაციც კი დადის უკრაინის მიწაზე – სალაპარაკო არაფერია.

ომი – ეს არის შანსი, დავეხსნათ რუსეთს

ჩემთვის, პირადად, გამარჯვება – ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლის საკითხია. საკმარისია სხვაგან სიარული და „წილის“ ძებნა, დროა სახელოები ავიკეცოთ და ავაშენოთ ლამაზი და აყვავებული ქვეყანა.

ეს ომი – ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ქვეყნისთვის. შესაძლებლობა, რომ ჩავეხსნათ ღუზას – რუსეთის ფედერაციას, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ჩვენს განვითარებას აფერხებდა.

ომში მთავარი ცნობიერებაზე გამარჯვებაა – უნდა გავიგოთ, რომ არანაირი ძმები ჩვენ არ ვართ, არანაირი ძმური ხალხები არ ვართ.

შეიძლება სადღაც 10-15-20 წლის მერე რაიმეს გამო მადლობაც კი ვუთხრათ რუსებს – კი, იყო დიდი მსხვერპლი, მაგრამ ჩვენ, როგორც იქნა, ჩამოვიხსენით ეს ღუზა, რომელიც გვაფერხებდა.

წყარო: Hromadske.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: