მთავარი,სიახლეები

როგორ ამართლებს ტიტე აროშიძე რიჟვაძეს – „დიახ, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დაახვიოს“

08.06.2022 • 2441
როგორ ამართლებს ტიტე აროშიძე რიჟვაძეს – „დიახ, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დაახვიოს“

„დიახ, მე ვფიქრობ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოდან უნდა დაახვიოს“, – ასე დაასრულა აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა, ტიტე აროშიძემ ბრიფინგი და დატოვა ტრიბუნა იმის ნიშნად, რომ კითხვებს აღარ უპასუხებდა. მას არ უთქვამს, რა უნდა ქნას 29 065 ამომრჩეველმა ბათუმში, რომელმაც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცა – უნდა „დაახვიონ“, თუ დარჩენა შეუძლიათ.

ტიტე აროშიძემ დღეს, 8 ივნისს, „ოცნების“ ოფისში ბრიფინგი მოაწყო, სადაც განმარტა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის რიტორიკა ოპოზიციის მიმართ გუშინ, ანგარიშის წარდგენისას, ადეკვატური რეაქცია იყო იმ შეურაცხყოფაზე, რასაც მას „უგონებენ“ და „დიდი ხანია ითმენს.“

ვიცე-სპიკერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობდა პროვოკაციებს, რომ მწყობრიდან გამოეყვანათ მთავრობის თავმჯდომარე და მათივე კოლეგებიც, „მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.“

ტიტე აროშიძემ არ უპასუხა კითხვას, რა ტიპის გამონათქვამია თორნიკე რიჟვაძის წამოძახება – „არავის გადაუღუნოთ“. მან თქვა, რომ არ იცის და არც გაუგონია.

მანამდე მან გაიმეორა, გუშინ, 7 ივნისს, თორნიკე რიჟვაძის მიერ გაჟღერებული რეპლიკები, რომ ელგუჯა ბაგრატიონი [უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“] ნასამართლევია და რომ აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი, გია აბულაძე ეთანხმებოდა მოზარდის დაკავებას, რომელმაც „ბურთი მოიპარა.“

ამის დასადასტურებლად მან სპეციალურად გამზადებულ ეკრანზე გვაჩვენა სიუჟეტი გია აბულაძის კომენტარით, სადაც ის ფაქტს უარყოფითად აფასებდა და ამბობდა, რომ „ასეთი გადაცდომებით უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ადამიანი“. კომენტარში ის არ ამბობს, ეთანხმება თუ არა მოაზრდის დაკავებას.

„ვასაჯაროებთ ფაქტებს, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით ჩვენ არ ვჭორაობთ… მე როგორც მახსოვს, ბატონმა გია აბულაძემ გუშინ განაცხადა, რომ ეს არის მონტაჟი… ასევე გუშინ საუბარი იყო გალიფ ოზთურქთან თორნიკე რიჟვაძის ნაცნობობაზე, მეგობრობაზე და ახლობლობაზე. დააბრალეს „ოცნებას“ თითქოს გალიფ ოზთურქი შემოიყვანა თავისი კომპანიით.“

ტიტე აროშიძემ ბრიფინგზე წარმოადგინა ლევან ვარშალომიძის ბრძანება ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ნაკვეთის პირდაპირი წესით გადაცემასთან დაკავშირებით მიყიდვასთან დაკავშირებით.

თუმცა, გუშინ უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს ნამდვილად არ უთქვამთ, რომ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, „ოცნებამ“ შემოიყვანა. ოპოზიციის კითხვა უკავშირდებოდა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ 9 კორპუსს, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში აშენდა.

ვიცე-სპიკერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა ასევე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნარკომანიისკენაა მიდრეკილი. მისი მტკიცებით ამას ადასტურებს ის, რომ მთავრობის სახლის წინ აქციაზე დაკავებულ დეპუტატებს მარიხუანა აღმოაჩნდათ.

თუმცა, სასამართლო პროცესებზე [„ბათუმელები“ ამ პროცესებს აშუქებდა] მსგავსი ბრალდება პოლიციას არც ერთი დეპუტატის მიმართ არ ჰქონდა წარდგენილი.

ტიტე აროშიძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ოპოზიციამ გუშინ 25 -ჯერ გააჩერა:

„ამასთან, შეურაცხყოფას აყენებდნენ მას, მისი ოჯახის წევრებს და, რა თქმა უნდა, რეაქცია იყო ადეკვატური.“

ტიტე აროშიძის აზრით, „ყველა შეურაცხყოფას უნდა ჰქონდეს ადეკვატური პასუხი და თორნიკე რიჟვაძე გუშინ იყო ადეკვატური“.

____

გუშინდელი სხდომის დეტალებზე სტატია წაიკითხეთ აქ:

 

„დავაი, დაახვიეთ… თქვე ჭორიკნებო“ – თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: