განათლება,მთავარი,სიახლეები

რას მისცემს სკოლებს სამოქალაქო განათლების ახალი, ხუთწლიანი პროგრამა

08.06.2022 • 1577
რას მისცემს სკოლებს სამოქალაქო განათლების ახალი, ხუთწლიანი პროგრამა

საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ი და USAID-ი ქართულ საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების ახალ, ხუთწლიან პროგრამას იწყებს. პროგრამის მიზანია სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარება, სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს სკოლებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას.

საქართველოს მასშტაბით პროექტში 650 სკოლაა ჩართული. აქედან 70 სკოლა აჭარიდანაა.

პროგრამა ითვალისწინებს VII-XII კლასის მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების აქტიურ ჩართვას როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამოქალაქო და სოციალურ პროექტებში.

აჭარიდან პროექტში ჩართულ სკოლებს შორისაა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლაც. „ბათუმელები“ ამ სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, იამზე მემარნეს ესაუბრა, რომელიც პროგრამის პრეზენტაციასაც დაესწრო თბილისში.

იამზე მემარნე – სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებელი

„მსგავსი პროგრამა 2013 წელსაც იყო, თუმცა ახალ პროგრამაში ახალი კომპონენტებია, მათ შორის ბიზნესისა და სკოლის თანამშრომლობის ნაწილი.

პროგრამა საინტერესოა იმითაც, რომ ითვალისწინებს როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების მხარდაჭერას სასწავლო პროცესის უკეთ განსახორციელებლად.

ამ პროცესს სჭირდება ტექნოლოგიები, ამიტომ პროგრამა საშუალებას გვაძლევს მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი პროექტებით სხვადასხვა კონკურსში და მოვიპოვოთ ტექნიკური მხარდაჭერაც. მე, პირადად, ამ პროექტის ფარგლებში ადრე მივიღე კომპიუტერი, თუმცა ბევრი წელი გავიდა და ბუნებრივია, საჭიროა ტექნიკის განახლება.

მაგალითად, სკოლაში პროექტორი, ფოტოკამერა გვჭირდება და კარგი იქნება, თუ ჩვენი პროექტებით გავიმარჯვებთ რომელიმე კონკურსში და მივიღებთ ამ მხარდაჭერას. პროექტორი ძალიან მნიშვნელოვანია კლასში სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად“ – გვეუბნება იამზე მემარნე.

მისი თქმით, ახალი პროგრამა წინა წლებისგან ასევე იმით განსხვავდება, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებლების გარდა სხვა საგნის მასწავლებლებსაც აქვთ პროექტების განხორციელების და კონკურსებში მონაწილეობის უფლება.

„წელს ორი მიმართულებაა აღებული, ერთი ნაწილია აქტიური მასწავლებლების და მოსწავლეების გამოვლენა და მეორეა დემოკრატიული ღირებულებებით გამორჩეული სკოლების გამოვლენა“- ამბობს იამზე მემარნე.

მისი თქმით, სამოქალაქო განათლება ხელს უწყობს ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ფიქრობს, რომ ამ თემების ირგვლივაც იმუშავებს ბავშვებთან ერთად.

„ასევე, ვფიქრობ ისეთ პროექტებზე, რომელიც სასკოლო სივრცის განახლებაზე იქნება ორიენტირებული. მინდა როგორც საკლასო, უშუალოდ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება, ასევე სოციალური პროექტებისაც, რომელსაც საკლასოსგან განსხვავებით ბიუჯეტი სჭირდება და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კომპონენტშია საჭირო სკოლის და ბიზნესის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი.

გამარჯვებული სკოლებისთვის იგეგმება ორი ბანაკი, ასევე მოეწყობა წლის საუკეთესო მასწავლებლებისთვის კონფერენციები და დაიგეგმება საუკეთესო სკოლების გამოვლენა.  მე, პირადად, ძალიან შემიწყო ხელი ჩემმა დაგეგმილმა აქტივობებმა ჩემს კარიერულ წინსვლაშიც“ – ამბობს იამზე მემარნე.

პროგრამის შესახებ ყველა შერჩეული სკოლა მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, პროგრამის განხორციელება კი სექტემბერში დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: