მთავარი,სიახლეები

გადადგით ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად – მედიის ადვოკატირების კოალიცია

10.06.2022 • 894
გადადგით ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად – მედიის ადვოკატირების კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირის  წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.

კოალიცია ეხმიანება 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღების ფაქტს.

„როცა ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში ეფექტურად გამოიყენოს დარჩენილი დრო, რომ გაზარდოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსი.

მომავალი ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ყველა შტოსთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით:

დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ამისათვის გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი ან სხვა სამართლებრივი გზები;

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა შეწყვიტონ თავდასხმები და ბოიკოტის რეჟიმი კრიტიკული მედიის მიმართ.

დაჩქარდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შემთხვევების გამოძიება, მათ შორის , 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ფაქტების სრულფასოვანი შესწავლის და ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის პროცესი;

ევროკავშირის პრაქტიკის მსგავსად, საქართველოში აიკრძალოს რუსული ტელეარხების ტრანზიტი;

საჯარო სამსახურებმა ჯეროვნად აღასრულონ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებები“ – აცხადებს მედიის ადვოკატირების კოალიცია.

გუშინ, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია.

______________

ფოტო: EPA-EFE/JULIEN WARNAND

გადაბეჭდვის წესი


ასევე: