დაახლოებით ერთთვიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ რუსეთის არმია სევეროდენცკის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, ინდუსტრიული ზონის გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე კი, ქიმიური ქარხანა „აზოტის“ მიწისქვეშა ბუნკერებს აფარებენ თავს.
ასეთ ინფორმაციას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე 15 ივნისს გამოქვეყნებულ რელიზში.
უწყება ვარაუდობს, რომ რუსეთის ძალები „აზოტის“ გარშემო გამაგრდებიან, რაც დროებით ხელს შეუშლის არმიის ხელმძღვანელობას, ეს დანაყოფები სხვა ადგილებში, სხვა მისიებისთვის გამოიყენოს.
„ქალაქებში ბრძოლის რუსულმა საომარმა ტაქტიკამ, რომელიც არტილერიის ინტენსიურ გამოყენებას ეფუძნება, უმნიშვნელოვანესი ზიანი და მსხვერპლი გამოიწვია“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ დიდი ალბათობით, არც აგრესიის დაგეგმვისას და არც მისი დაწყებისას, რუსეთი ასეთ ძლიერ წინააღმდეგობას და კონფლიქტის ასეთ ნელ განვითარებას არ ელოდა“.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დაზვერვის ცნობებს ყოველდღიურად აახლებს. ტვიტერზე გამოქვეყნებულ გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ რუსეთი თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის, თუმცა დასავლეთის სანქციებისა და გამოუცდელობის გამო მას ახალი სამხედრო ტექნიკის წარმოება და უკრაინაში დაკარგული შეიარაღების ჩანაცვლება გაუჭირდება.
მთავარი ფოტო: “აზოტის” ქიმიური ქარხანა სევეროდენცკში
21 წლის ზოია ფარტენაძე ქედიდან, სოფელ აბუქეთადან, სხვადასხვა მცენარის ნერგს ამრავლებს და ინტერნეტით ყიდის.
ზოიას მცენარეები ბავშვობიდან უყვარს. გვიყვება, რომ ბებო და დედა ყოველთვის უვლიდნენ ქოთნის თუ ეზოს ბევრ მცენარეს. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში ეხმარებოდა დედას მცენარეების გადარგვასა თუ მორწყვაში.
ზოია რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა. უნდოდა საკუთარი საქმე ჰქონდა. სცადა ბევრი რამ, საბოლოოდ კი ბევრი წინაღობის მიუხედავად, შეძლო, შემოსავლის წყაროდ მცენარეებზე ზრუნვა ექცია.
მისი დღე დილით ადრე მცენარეებზე ზრუნვით იწყება. გვიყვება, რომ საღამოს, სამეურნეო და სახლის საქმეების დასრულების შემდეგ ისევ მცენარეებს უბრუნდება და მხოლოდ მათი მოვლის შემდეგ იძინებს.
ზოიას პირველი გაყიდული მცენარე დეკორატიული წიწაკა იყო.
ზოია, როდის და როგორ გადაწყვიტეთ მცენარეების ნერგები გამოგეყვანათ, ეს საქმე თქვენი შემოსავლის წყარო გაგეხადათ?
ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როცა დეკორატიული წიწაკის ნერგი მაჩუქეს.
ზამთარში ფანჯრის რაფაზე გავზარდე ეს ნერგი და შემდეგ ერთჯერად ჭიქებში გადავამრავლე. შვილივით ვუვლიდი.
მოგვიანებით, სრულიად შემთხვევით, ინტერნეტში ვნახე, რომ ამ მცენარეს ძალიან ძვირად ჰყიდდნენ. გადავწყვიტე, მეც გამეყიდა. მე შედარებით იაფად დავიწყე დეკორატიული წიწაკის გაყიდვა ინტერნეტით. მალევე ძალიან კარგი შეფასებები დავიმსახურე ჩემი მომხმარებლებისგან.
მაშინვე არ გამჩენია მოტივაცია სხვადასხვა ჯიშის ყვავილის ნერგების გამოყვანა და მათი გაყიდვაც დამეწყო. დეკორატიულ წიწაკებს მივუბრუნდი და უფრო მეტი ნერგის გამოყვანას შევეცადე.
მოგვიანებით მეგობარმა მირჩია, რომ დრო იყო, სხვადასხვა ყვავილის ნერგებიც გამომეყვანა.
დასაწყისში 25-მდე განსხვავებული ჯიშის ქოთნის მცენარე შევიძინე გასამრავლებლად. მათი მოვლა არ ვიცოდი. ყველას ერთნაირად ვუვლიდი, რაც, ცხადია, არ იყო სწორი.
2019 წლამდე გქონდათ მცენარეებთან შეხება?
ყვავილები ბავშვობიდან მიყვარდა, რადგან ბებო და დედა ყოველთვის ამრავლებდნენ ქოთნის თუ ეზოს მცენარეებს. ჩვენს ეზოში ყოველთვის იყო ვარდები, გეორგინები, გვირილები და სხვა, უამრავი ყვავილი.
როცა პატარა ვიყავი, ვუყურებდი როგორ უვლიდნენ დედა და ბებო ქოთნის მცენარეებს და მეც ვერთვებოდი ამ საქმეში, მცენარეების გადარგვაში, მორწყვაში და ა.შ. ამიტომ, მცენარეების სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მომდევს.
თუმცა მარტოს არასდროს გამჩენია სურვილი ყვავილების მოვლა აქტიურად დამეწყო. ამას ვერც წარმოვიდგენდი. ახლა კი უკვე მესამე წელია, რაც ქოთნის მცენარეები სეზონური შემოსავლის წყაროა ჩემთვის.
მხოლოდ ქოთნის მცენარეებს უვლით, თუ სხვა სახის გამოცდილებაც გაქვთ?
ძირითადად ყოველთვის ქოთნის ყვავილებს ვუვლიდი. თანაც სახლის გარემოს მიხალისებს. ჩემს სახლს დიდი კიბე აქვს, პატარა აივნები და იქ ვალაგებდი ხოლმე ქოთნებს ან ფანჯრის რაფებზე, რადგან სხვაგან მზე არ ჰყოფნიდათ.
ეზოს ყვავილებიც მაქვს. როცა სტუმრად მოდიან, ბევრ კომპლიმენტს მეუბნებიან ხოლმე.
სათბური არ გაქვთ?
სათბურის ქონას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება. შარშან გვინდოდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. წელსაც ძალიან მინდა, რომ გავაკეთო.
არ მიხაროდა ზამთრის დადგომა, უამრავი მცენარე მქონდა, ვამრავლებდი და უცებ, შემოდგომას მიწევდა ამ მცენარეების გაჩუქება, ან გაყიდვა იმაზე ბევრად იაფად, რაც ღირდა, რომ არ გაფუჭებულიყვნენ და სიცოცხლე შეენარჩუნებინათ თუნდაც სხვაგან.
ალბათ, წელსაც მომიწევს, რომ მხოლოდ 1-2 მცენარის ამარა დავრჩე, შემდეგ წელს ისევ გადავამრავლო მათგან ახალი ნერგები და ყველაფერი თავიდან დავიწყო.
მცენარეების შეძენა ჩემთვის რთულია, რადგან ხშირად ვერ ვახერხებ ბათუმში ჩასვლას.
სათბური რომ მქონდეს, შესაძლებლობა მექნება, ზამთარშიც გავახარო მცენარეები. სათბურის ქონა ხელს შემიწყობდა განვითარებაში, მაგრამ არ მაქვს. თანაც ახლა ყველაფრის ფასი გაიზარდა.
ქედის ზამთრის კლიმატს ვერც ერთი მცენარე ვერ უძლებს?
წლების განმავლობაში უამრავი ყვავილის გახარება და გამრავლება ვცადე. აქაური ზამთრის ძლიერი სიცივე ყველა მათგანს აფუჭებდა.
საბოლოოდ, სოციალურ ქსელში მცენარეების გვერდს მივაგენი და სუკულენტების შესახებ გავიგე.
ეს ყინვაგამძლე მცენარეებია. თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან დეკორატიულია და არ ყვავის.
სუკულენტების რამდენიმე სახეობა შევიძინე გასულ წელს. ცოტა ხანში კიდევ ვიყიდე რამდენიმე ახალი სახეობა და სერიოზულად მივუდექი მათ მოვლასა და გამრავლებას. მალევე გამიტაცა მათზე ზრუნვამ, თანაც მარტივია მათი მოვლა და სხვა მცენარეებთან შედარებით მარტივად ხარობენ და მრავლდებიან.
დღეს უკვე ძირითადად სუკულენტებს ვუვლი. მათ ზამთარშიც შეუძლიათ საკუთარი თავის შენახვა. ოთახის ტემპერატურაზე თუ იქნებიან, გაზაფხულამდე ძლებენ.
ზოია ფარტენაძის მცენარეები
მცენარეების ნერგებს მხოლოდ ინტერნეტით ყიდით?
ავტომანქანა არ გვაქვს, სახლიდან ხშირად ვერ გავდივარ საქმეების გამო, ამიტომ, ყვავილებს ძირითადად ინტერნეტით ვყიდი.
ჩემს მცენარეებს ვუღებ ფოტოებს, ვაქვეყნებ სხვადასხვა ფეისბუქჯგუფში და ასე მიკავშირდებიან მომხმარებლები.
უხეშად რომ ვთქვა, ვაგროვებ ადამიანებს, ვისაც მცენარეების ყიდვა უნდათ, შემდეგ რამდენიმე დღით ადრე ვაფრთხილებ, როდის ჩავალ ქალაქში და მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიმაქვს ნერგები, პატარა ყუთებში ჩაწყობილი, ერთდროულად.
როცა ყვავილები გასაყიდად მიმქონდა ქალაქში, უცხო ადამიანები მეუბნებოდნენ ყოჩაღო და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა.
მცენარეებს ფოსტითაც ვაგზავნი ხოლმე, თუ მყიდველს უღირს დამატებით ფოსტის თანხის გადახდა.
მცენარეების გაყიდვაში ახლა ოჯახის წევრებიც მეხმარებიან.
ყვავილების მაღაზიებთან არ ვთანამშრომლობ. სუკულენტების გამრავლებას თვეები სჭირდება და იმდენი, რომ ყვავილების მაღაზიები მოვამარაგო, არ მაქვს.
რამდენიმე შემოთავაზება მქონდა ყვავილების მაღაზიებისგან, რომ თუ სათბური მექნებოდა და ბევრი ნერგის გამოყვანას შევძლებდი, ისინი ყოველთვის ჩემგან შეიძენდნენ.
რა ღირს თქვენი გამოყვანილი მცენარეების ნერგები?
ჩემი მცენარეების ფასი 5 ლარიდან იწყება და 15 ლარამდეა. ფასი დამოკიდებულია მცენარეების სახეობაზე.
ვინც ჩემსავით დამწყებია და უნდა, რომ შეიძინოს მცენარეები და გაამრავლოს, მათთვის ჩემი მცენარეების ფასი კიდევ უფრო დაბალია, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ძალიან მნდომებია მცენარის შეძენა, მაგრამ ვერ შემიძენია ფინანსების არქონის გამო.
ასევე, ძალიან ბევრ მცენარეს ვჩუქნი ადამიანებს და მეც ვიღებ საჩუქრად სხვადასხვა სახეობის მცენარეს მათგან.
მცენარეების მოვლა რომ გესწავლათ, რა გზებს მიმართეთ?
თავიდან ინტერნეტით არ ვსარგებლობდი აქტიურად. ყველას იმას ვეკითხებოდი, თუ როგორ მომევლო მცენარეებისთვის. ხშირად არასწორ რჩევებს ვიღებდი. საბოლოოდ, ყველაფერი საკუთარი გამოცდილების მაგალითზე ვისწავლე.
მცენარეების მოვლა მისი ადგილმდებარეობის, ჰავის, განათების და კიდევ სხვა უამრავი ფაქტორის მიხედვით განისაზღვრება.
ახლა ინფორმაციას მცენარეების შესახებ ძირითადად ინტერნეტში ვკითხულობ და საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციასაც ვიღებ. თუმცა ყველაზე კარგ ცოდნას მცენარეების მოვლაზე ჩემი პრაქტიკა მაძლევს.
აი, მაგალითად, სუკულენტები ძალიან მრავალფეროვანია და თითოეულ მათგანს განსხვავებული მოვლა სჭირდება. თავიდან ვფიქრობდი, რომ ყველაზე ერთნაირად უნდა მეზრუნა და ამიტომ, რამდენიმე სახეობის სუკულენტი გამიფუჭდა.
რა არის თქვენთვის მცენარეები?
ჩემთვის მცენარეები სიმშვიდის წყაროა. მათთან ურთიერთობა მამშვიდებს.
ყვავილები ადამიანის ფსიქოლოგიაზე დადებითად მოქმედებს. თუ რამე ნეგატიური გაგაჩნია, მათი მოვლის დროს გიქრება. საკუთარი მაგალითით ვამბობ, ყვავილებთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ გადამატანინა.
თქვენს წამოწყებას როგორ შეხვდნენ გარშემომყოფები?
დასაწყისში ყველა წინააღმდეგი იყო, რომ მცენარეები გამემრავლებინა, რადგან მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვიცოდი მათი მოვლა.
ჩემი და უფრო ოჯახის ფინანსები მიდიოდა ყვავილებში, რომელიც ზამთარში ხმებოდა, ფუჭდებოდა. მეკითხებოდნენ „რატომ იხდი ამდენ ფულს მცენარეებში, როცა ფუჭდება?“ მაინც არ დავნებდი. ყვავილების სიყვარულმა გამაძლებინა.
ბევრი ადამიანი, ახლობლები თუ ნაცნობები, მეუბნებოდა – „მაგით არაფერი არ გამოვა“, „უი, მერე რა, ყვავილები გაქვს, გგონია მაგით რამე გამოვა?“
რა თქმა უნდა, მწყინდა, მაგრამ ეს ჩემთვის მოტივაცია იყო. მინდოდა მათთვის დამემტკიცებინა, რომ შეგიძლია მიაღწიო რაღაცას.
ახლა ჩემი ოჯახის წევრებიც ჩაერთნენ [მცენარეების მოვლაში], მათაც მოაქვთ ჩემთვის ყვავილები და აღარ უყურებენ სკეპტიკურად. უკვე ყველა შეეჩვია, რომ მცენარეები ჩემი შემოსავლის წყაროდ იქცა, მაგრამ ბევრი ისევ ალმაცერად უყურებს ჩემს საქმეს, ფიქრობენ – „ბავშვია, ეს რას მიაღწევს“.
ყველას არ შეუძლია კაბინეტში იჯდეს, განათლება მიიღოს.
ძალიან მინდოდა ადამიანებისთვის დამემტკიცებინა, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა, თუნდაც ის, რაზეც სხვები იძახდნენ, რომ არ გამოვა.
ეს იყო ჩემთვის გამარჯვება და მით უფრო, მათი აზრის შეცვალა, რომ შეუძლებელი არაფერია.
პროფესიის ქონაზე არ გიფიქრიათ?
კი. ვოცნებობდი მქონდა პროფესია. ძალიან მინდოდა, რომ ექიმი გავმხდარიყავი. პირველივე კლასიდან მინდოდა ექიმობა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვეღარ გავაგრძელე სწავლა. ადრე გავთხოვდი, რაც ახლა არასწორი მგონია და ჩემს თანატოლებს ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ.
ოჯახის შექმნას ხელი არ შეუშლია ვიკითხო წიგნები, მაგრამ ახლა შეუძლებლად მეჩვენება პროფესიის შეძენა. ის, რომ ექიმი გავხდე, ამას ბევრი ფინანსები, სხვა რაღაცები სჭირდება, რაც ფიზიკურად არ გამაჩნია. ამიტომ, ამ სფეროში [მცენარეებზე ზრუნვა] ვხედავ უფრო რეალურად ჩემს თავს.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
სამომავლოდ მინდა, რომ გავაფართოო ჩემი წამოწყება და მცენარეებისთვის სათბური გავაკეთო. მინდა, მქონდეს ეზოში პატარა დასასვენებელი კუთხეც, სადაც ადამიანებს ვუმასპინძლებ.
იყვნენ მომხმარებლები, რომლებსაც უნდოდათ მოსულიყვნენ ჩემთან და ადგილზე ენახათ ჩემი მცენარეები. როცა სათბური გაქვს, შეგიძლია მიიღო ადამიანებიც, მაგრამ ახლა ეს შეუძლებლად მეჩვენება.
გარდა სუკულენტისა და სხვა მცენარეების ნერგების გამოყვანისა, კიდევ რით ხართ დაკავებული?
როცა დავქორწინდი, ჩემი ქმრის ოჯახს მარწყვი არ ჰქონდა. ვყიდულობდით ხოლმე.
მინდოდა, ჩვენი მარწყვის ნარგავი გვქონოდა.
მეზობელს ჰქონდა მარწყვის ნერგები, რომლებსაც ძალიან დიდი და ტკბილი ნაყოფი აქვს. ვთხოვე რამდენიმე ნერგი მოეცა და მეც დავრგე.
გასულ წელს ბევრი ნერგი მქონდა მარწყვის, მაშინ არ მინდოდა გამრავლება და ვიფიქრე გავყიდი ამ ნერგებს-მეთქი და ინტერნეტით მათი გაყიდვაც დავიწყე.
მარწყვის ერთ ნერგს 1 ლარად ვყიდი და ჩემს ყველა მყიდველს დამატებით 10 ნერგს ვჩუქნი.
მეორე წელია, რაც მარწყვის ჩემი ნარგავისგან ნაყოფსაც ვიღებ. წელს დაახლოებით 30 კილოგრამი მარწყვი გავყიდეთ კიდეც. მინდა, რომ მარწყვის ნარგავები კიდევ უფრო გავაფართოო. თანაც, მარწყვი არ არის პრეტენზიული მცენარე, მხოლოდ მორწყვა და გამარგვლა სჭირდება.
დღეს, 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ბათუმში მსვლელობა გაიმართა.
მსვლელობაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, მათმა მხარდაჭერებმა და ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებმა მიიღეს.
„ერთად შევცვალოთ“ – ასე ერქვა აქციას, რომელიც დღის ოთხ საათზე, ევროპის მოედანზე დაიწყო და ბათუმის ცენტრალურ პარკში დასრულდა.
აქცია ორგანიზაციების – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” ინიციატივით გაიმართა, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, 14 წლის ეტლით მოსარგებლე ანიტა ტაკიძის თქმით, მისი მთავარი გამოწვევა თავისუფლად გადაადგილებაა.
მან გვითხრა, რომ აქციას შეუერთდა, რადგან სურს ბათუმში ქუჩები ადაპტირებული იყოს და ეტლით მოსარგებლეებსა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ.
„ჩვენი უფლებები მინდა შევახსენო ხალხს. ჩვენც ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ და ადაპტირებული გარემო გვჭირდება საცხოვრებლად.
ავტობუსის მძღოლები ხშირად არ წევენ ავტობუსის პანდუსებს. ეზარებათ, ეტლით მოსარგებლეებს როცა ხედავენ, არ სიამოვნებთ და არ ჩამოდიან საჭიდან.
დამხმარის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ავტობუსში ასვლას. წესით, დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება ყველას აქვს, ჩვენ ამ უფლების გამოყენება გვინდა, რისთვისაც სხვების ხელშეწყობა გვჭირდება“.
ანიტა ფსიქოლოგობას აპირებს. ამბობს, რომ სკოლა, სადაც სწავლობს, ადაპტირებულია, მაგრამ საქართველოს ბევრ სკოლა დღემდე არაადაპტირებულია და აუცილებელია, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს, რათა ყველა შშმ პირს მიეცეს განათლების მიღების საშუალება.
ანიტა ტაკიძე, აქციის მონაწილე
„გარემო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ზღუდავს გადაადგილებაში, ინფორმაციის მიღებაში, განათლებაში, დასაქმებაში და მათ შორის, ამ გარემოებებში შედის საზოგადოების დამოკიდებულებები, რომელიც არ არის ჯანსაღი და სტერეოტიპებითაა გაჯერებული, უნდა შეცვალოს.
გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ კამპანიაში. მთელი ივნისი ჩვენი უფლებების დაცვისაა“, – ამბობს თომა კაკაბაძე, ორგანიზაციის – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე.
თომას თქმით, ორგანიზაცია ივლისის განმავლობაში 7 ვიდეოს გამოაქვეყნებს და საზოგადოებას გააცნობს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებს, რომლებიც იმ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრებენ, რასაც თავიანთ მუნიციპალიტეტებში ხვდებიან.
ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უმთავრეს გამოწვევად თომა კაკაბაძე ინფრასტრუქტურულ მიუწვდომლობას ასახელებს. მისი თქმით, ეტაპობრივად გვარდება რაღაც საკითხები, თუმცა ეს არ არის საკმარისი.
„ჩვენ არ უნდა გვიწევდეს კონკრეტული ლოკაციების არჩევა, რათა სერვისებით სარგებლობა შევძლოთ. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ნებისმიერ ადგილზე მისვლა და ის სიკეთეები, რაც საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი, ჩვენთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი“.
აქციის მსვლელობისას, როცა მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან ბათუმის ცენტრალურ პარკში გადაწყვიტეს გადანაცვლება, თომა არაადაპტირებულ გადასასვლელთან გაჩერდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისინი სწორედ ამ სიტუაციის შეცვლას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები არაადაპტირებულ გადასასვლელთან
აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ნატალი სხალთელმა გვითხრა, რომ ის სმენის არმქონე 18 წლის გოგოს დედაა.
მათ აქცია ნახევარი საათით ადრე საქართველოს ყრუთა კავშირის ფილიალის, აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციის შენობიდან დაიწყეს ევროპის მოედნის მიმართულებით.
ნატალი ამბობს, რომ სურდათ გზად უფრო მეტ ადამიანს ენახა მათი ტრანსპარანტები და მოთხოვნები.
„მართალია, მსვლელობის მონაწილეები ჟესტურად აჟღერებდნენ მოთხოვნებს, თუმცა მე ვცდილობდი, მათი სათქმელი ხმამაღლაც გამეჟღერებინა.
ნატალია საქართველოს განათლების სამინისტროსგან ჟესტური ენის გაკვეთილების დაფინანსებას ითხოვს სმენის არმქონეების მშობლებისთვის და სხვა მსურველთათვის, რათა მშობლებს შვილებთან სრულყოფილი ურთიერთობის საშუალება მიეცეთ.
„ჩვენ არ გვაქვს შემდგარი დედაშვილური, მამაშვილური ურთიერთობები საკუთარ შვილებთან, რაც ყოვლად მიუღებელი და ძალიან სამწუხაროა“ – ამბობს ნატალი.
მისი თქმით, მის შვილს განათლების მიღება საკუთარი ქალაქისგან შორს, ქუთაისის სპეცსკოლაში მოუწია, ახლა უკვე ზრდასრულია და სჭირდება მეტი კომუნიკაციის საშუალება ადამიანებთან.
ნატალი სხალთელიშშმ პირების აქცია ბათუმშიშშმ პირების აქცია ბათუმშიშშმ პირების აქცია ბათუმშიშშმ პირების აქცია ბათუმშიშშმ პირების აქცია ბათუმშიშშმ პირების აქცია ბათუმში
კომპანიას, რომელიც საქართველოში სატელევიზიო არხების სიგნალს ექსკლუზიურად ავრცელებს და, მათ შორის, რუსულ პროპაგანდისტულ არხებს, კიდევ ერთი რუსი მესაკუთრე ეყოლება. კომპანია „სტერეო +“-ის წილის 15 პროცენტის მესაკუთრე ელენა ხახალევა ხდება, ის წინა წლებში რუსეთის ფედერაციაში მოსამართლე იყო.
ამ წილის შეძენაზე თანხმობის საკითხს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია 16 ივნისის სხდომაზე განიხილავს.
ელენა ხახალევა ბიზნესმენ რობერტ ხახალევის ცოლია, რომელიც დღეისთვის კომპანიაში „სტერეო +“ წილების 25 პროცენტს ფლობს. რობერტ ხახალევს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – რუსეთის და საქართველოს. ამ კომპანიაში წილების 50 პროცენტს კი, დავით ზილფიმიანი ფლობს – პარლამენტის წევრი „ევროპელი სოციალისტებიდან“.
„არავითარი ყიდვა-გაყიდვა არ ხდება, ოჯახის ფარგლებში რჩება ეს ყველაფერი,“ – გვითხრა დავით ზილფიმიანმა. მან დაგვიდასტურა, რომ რობერტ ხახალევი მისი ძმაა და მას შემდეგ შეიცვალა გვარი, როცა საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და გარკვეული წლების შემდეგ გვარის გამო დევნის ობიექტი გახდა.
„დევნა დაუწყეს ჩემს რძალსაც, ელენესაც… მას დიდი რუსეთი სდევნიდა და რუსეთზე დიდად შეყვარებული არ არის. მოსამართლე ადრე იყო,“ – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა. ჩვენს კითხვაზე, აქვს თუ არა ელენას საქართველოს მოქალაქეობაც, პასუხობს, რომ ეს „ზუსტად არ იცის“.
„ქმარი და შვილი ქართველი ჰყავს, მას აქვს თუ ახლა იღებს, ზუსტად არ ვიცი… ჩემმა შვილმა, ლაშამ, დაუთმო თავისი 15 პროცენტი ელენას, ალალმა ბიძიამ და ძმისშვილმა ერთმანეთში რა მოილაპარაკეს, ეს მათი საქმეა,“ – გვითხრა დავით ზილფიმიანმა. კომპანიაში „სტერეო +“ წილის 25 პროცენტს ფლობს დავით ზილფიმიანის შვილი – ლაშა ზილფიმიანი.
კომპანიაში კიდევ ერთი რუსეთის მოქალაქის შემოსვლის შემდეგ რამდენად იზრდება რისკი, რომ მან რუსული პროპაგანდისტული არხები არ შეზღუდოს? – 10 ივნისის მიმართვაშიც „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ ერთ-ერთ მოთხოვნად ეს დაასახელა: „ევროკავშირის პრაქტიკის მსგავსად, საქართველოში აიკრძალოს რუსული ტელეარხების ტრანზიტი“.
„სანქცია რასაც შეეხო, ჩვენ ეს არხები ამოვიღეთ მაშინვე,“ – რუსული პროპაგანდისტული არსების ამოღებაზეც დავუსვით კითხვა პარლამენტის წევრ დავით ზილფიმიანს. „სანქცია შეეხო იმ რუსულ არხებს, რომლებიც განკუთვნილი იყო მესამე ქვეყნებში გავრცელებისთვის, მაგალითად, „რაშა თუდეი“ და სხვები. რაც შეეხება იმ არხებს, რომლებიც არ არის გათვლილი სხვა ქვეყნებში გავრცელებაზე, მათი შეზღუდვა არ იქნება სწორი ქმედება, იმიტომ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ არხებს უყურებენ. იმის გამო შეზღუდო არხი, რომ ის რუსულენოვანია, არ არის სწორი“, – გვითხრა პარლამენტის წევრმა.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ რუსეთთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების დაბლოკვას ითხოვს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. პირველ მარტს გავრცელებულ განცხადებაში კოალიციამ მიუთითა საკანონმდებლო ნორმაზეც, რომლის გამოყენებაც იქნება სამართლიანი რუსული, პროპაგანდისტული არხების დაბლოკვის შემთხვევაში.
„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კომუნიკაციების კომისიას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს მიიღონ ეფექტიანი ზომები საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის სხვა პროპაგანდისტული მედიების შეჩერებისთვის.
კომუნიკაციების კომისიამ და ინტერნეტსერვის პროვაიდერებმა გამოიყენონ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დაბლოკონ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის პროპაგანდისტული ვებგვერდები,“ – აღნიშნულია „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ 2022 წლის პირველ მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
მთავარი ფოტო: „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევიდან „რუსეთის ინფორმაციული ომი“
„მოკლედ, წარმატებებზე იზიუმის მიმართულებით – ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, აქ გადიოდა ფრონტის ხაზი, აქ გაჩერება და ფოტოს გადაღება ცოტა არ იყოს საშიში იყო. ახლა ეს უკვე ზურგია და გასვლამდე ენერგეტიკულის დალევაც კი შეიძლება“, – წერდა 3 ივნისს ტვიტერზე, უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი რომან რატუშნი.
24 წლის რომანს კიევში ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი იცნობდა, რადგან „ღირსების რევოლუციიდან“ მოყოლებული, დედაქალაქში, თითქმის არ ყოფილა აქცია, რომელზეც ის არ მდგარა.
დღეს რომან რატუშნის თითქმის ყველა უკრაინული გამოცემა იხსენებს. ის იზიუმთან ბრძოლაში 8 ივნისს დაიღუპა, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში, ბრძოლის ველიდან მისი სხეულის გამოტანას ვერ ახერხებდნენ. რომანის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს, რამდენიმე საათის წინ დადასტურდა.
„მაპატიეთ, მაგრამ ახლა არც ლაპარაკი შემიძლია და არც წერა. როდესაც რომა ბრძოლიდან არ დაბრუნდა, მაშინ მისი სიკვდილი ვერ დავიჯერე. ცნობები უერთიერთსაწინააღმდეგო იყო. მინდა მადლობა ვუთხრა, სასწაულია, რომ ჩვენებმა რომას გამოყვანა მოახერხეს და ახლა ის კიევში ბრუნდება“, – დაწერა მამამისმა, ჟურნალისტმა და უფლებადამცველმა ტარას რატუშნიმ ფეისბუქში.
რომან რატუშნი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე/ფოტო: სააგენტო “უნიანი”
უკრაინული მედია იხსენებს, რომ 17 წლის რომან რატუშნი, კიევის კოლეჯის პირველკურსელი, იმ სტუდენტებს შორის იყო, რომლებიც მაშინ, 2013 წელს, მაიდანზე „ბერკუტმა“ დაარბია. “ღირსების რევოლუციის” შემდეგ, რომანმა იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ცოტა ხანს ჟურნალისტადაც მუშაობდა, პოლიტიკაშიც სცადა ბედი, თუმცა ძირითადად სამოქალაქო სექტორში საქმიანობდა.
რომან რატუშნი ომის დაწყებისთანავე კიევის ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ჩაეწერა, მოგვიანებით კი 93-ე მექანიზირებულ ბრიგადას, „ცივ იარს“, შეუერთდა. იბრძოდა სუმის ოლქში, ხარკოვის მიმართულებაზე იზიუმთან.
ონლაინტელევიზია Hromadske იხსენებს, რომ ბოლოს რომან რატუშნის ბარვენკოვოში შეხვდნენ, როდესაც იქ რეპორტაჟის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ.
27 წლის ექიმი-თერაპევტი ქეთი ლეშკაშელი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, დაჭრილებსა და დაშავებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს.
24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, იგი გერმანიაში, ბერლინში, იმყოფებოდა და სოციალური ქსელით შეიტყო ომის დაწყების შესახებ. ამ დროს ქეთი ბერლინის ინფექციურ კლინიკაში ინტერნი იყო და კოვიდპაციენტებთან მუშაობდა.
მანამდე ქეთი ლეშკაშელმა სამკურნალო საქმის ფაკულტეტი დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტში.
ქეთიმ ომის პირველი დღეებიდანვე გადაწყვიტა ყველაფრისთვის დაენებებინა თავი და საკუთარი პროფესიით უკრაინელი ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო.
იგი უკვე სამი თვეა უკრაინის ფრონტზეა. სოციალურ ქსელებსა და ბატალიონში, რომელსაც ის საბრძოლო ოპერაციებისას ახლავს თან, ქეთი ლეშკაშელს უკრაინისთვის მებრძოლ „დეინერის ტარგარიენს“ ეძახიან, პოპულარული ამერიკული სერიალის – „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელს.
ფრონტზე მყოფი 27 წლის ექიმის მონათხრობს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:
ქეთი ლეშკაშელი, ექიმი:
რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინის მიწაზე ისევე იმოქმედა ჩემზე, როგორც ყველა ქართველზე. ეს იყო დრო, როცა ჩემი პროფესია უკრაინელი ხალხის სამსახურში უნდა ჩამეყენებინა. ვფიქრობდი, რომ ერთი ადამიანიც რომ გადამერჩინა, მაინც უნდა წამოვსულიყავი.
დიდი დაბრკოლებების გადალახვა მომიწია უკრაინაში ჩამოსასვლელად. დავრეკე უკრაინის საელჩოში საქართველოში, რახან საბრძოლო გამოცდილება არ მქონდა, არავის უნდოდა ჩემი აქ წამოყვანა. ამიტომ ჯერ საქართველოში ჩამოვედი, მოვემზადე, ვიყიდე ინვენტარი საკუთარი სახსრებით და გადავწყვიტე, ჩემი გზით წამოვსულიყავი უკრაინაში.
ქეთი ლეშკაშელი/facebook
თბილისიდან მიუნხენში გადავფრინდი, მიუნხენიდან – ვარშავაში, ვარშავიდან ავტომობილით გადავკვეთე უკრაინის საზღვარი, ამაში ჩემი ახლა უკვე მეგობარი და მაშინ ნაცნობი დომენიკ მანგო დამეხმარა, სწორედ მან დამაკავშირა უკრაინის ქართულ ლეგიონს.
ჩავედი და ქართულ ლეგიონთან გავიარე წვრთნა, გავიარე საბრძოლო მედიცინის დამატებითი კურსები და პარამედიკიც გავხდი. ახლა საველე ექიმი ვარ და ჯარისკაცებს ტრანსპორტირებასა და გადარჩენაში ვეხმარები, ვუწევ პირველად დახმარებას. აქამდე ვცდილობდი მაქსიმალურად ამერიდებინა თავი საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისგან, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, აქ ყველას უწევს იარაღის გამოყენება და ომში ჩართვა.
სამი თვის წინ ჩამოვედი პირველად, მაშინ იყო ბუჩა, ირპენი, ჩვეულებრივი გენოციდი იყო, ხვრეტდნენ ხალხს.
ახლა ბრძოლის სტრატეგია შეიცვალა, საარტილერიო თავდასხმებია, გრადებით და მძიმე ტექნიკით. პატარ-პატარა შეტაკებები ცეცხლსასროლი იარაღით იშვიათადაა.
ერთმანეთის ასეთი მხარდაჭერა და გვერდით დგომა, რასაც უკრაინის ფრონტზე ვხედავ, სხვაგან არსად მინახავს. ტერიტორიებზე, სადაც რუსები არიან განლაგებული, უკრაინელები კბილებით, სისხლის ფასად იცავენ სამშობლოს. ყველა ვეხმარებით. მთელი მსოფლიოდან არიან აქ ადამიანები ჩამოსული.
ჩემ თვალწინ ებრაელები, ქრისტიანები და მუსლიმები ერთ ბატალიონში იბრძვიან რუსების წინააღმდეგ.
ახლა იმდენად გააერთიანა რუსეთის სისასტიკემ მსოფლიოში სხვადასხვანაირი ადამიანები, რომ ყველამ დაივიწყა ძველი შუღლი სხვებთან.
ყოველდღე ჩამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალისტები ამ არაადამიანურ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შესატანად.
ქეთი ლეშკაშელი/facebook
რაც ამ სამ თვეში საკუთარი თვალით ვნახე, არასდროს ამოვა ჩემი გონებიდან. დანგრეული ქალაქები, მიწასთან გასწორებული სოფლები. ვერ გადმოგცემთ, რისი ჩადენა შეუძლია რუსეთს. მათ ყველგან ნგრევა და ხოცვა-ჟლეტა შეაქვთ. ოკუპირებულ ტერიტორიებს ასე თუ ისე უფრთხილდებიან, გენოციდს არ აწყობენ და დანარჩენებს აუბედურებენ, ხოცავენ და აუპატიურებენ. რა გრძნობა გეუფლება ამ ყველაფრის ყურებისგან, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ.
აქამდე ჩვენი ლეგიონის გოგოებზე რუსები აცხადებდნენ, რომ დახოცილები ვიყავით, ხანაც მოგვიგონეს, რომ დაგვატყვევეს. ახლა ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აქ მყოფი გოგოები საიდუმლო კლანის წევრები ვართ, რომლებსაც თითქოს სპეციალურად ზრდიდნენ რუსებთან საბრძოლველად.
აქ არავინაა ტყუილად ჩამოსული, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, თუ რატომ იბრძვის უკრაინისთვის, ყველა გეტყვით საკუთარ მიზეზს. ბევრი აქ მყოფი ქართველი მებრძოლია სამაჩაბლოდან. ბევრია ისეთი, ვინც სოფელი დაკარგა, დაეხოცა ახლობლები ან აფხაზეთიდან არიან. ეს ლოგიკურიცაა.
ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავდება. შეიძლება იმდენი საქმე იყოს, რომ საერთოდ ვერ დაიძინო. ასეთ შემთხვევაში სპეციალურ, გამოსაფხიზლებელ პრეპარატებს ვიღებთ – თუ 24-საათიანი მუშაობაა საჭირო.
არის დღეები, როცა მხოლოდ რამდენიმე საათი გძინავს, ზოგჯერ შეიძლება მოგიწიოს სასტუმროში დაძინება ან მიწის თხრილში.
ყოველდღიური შეტაკებები ახლა არ არის, ოპერაციებზე როცა გადიან სამხედროები, მივყვებით და დაჭრის, დაზიანების შემთხვევაში პირველად დახმარებას ვუწევთ.
ქეთი ლეშკაშელი/facebook
სროლა ბავშვობიდანვე ვიცოდი, მაგრამ პროფესიონალურად აქ ავითვისე. ძალიან კარგად ვისვრი, სამედიცინო ინვენტარი და მედიკამენტები მაქვს. ამის დეფიციტი არ არის.
რეანიმობილად გადაკეთებულ ერთ-ერთ მანქანასაც მე ვმართავ, რადგან ისეც პატარა ჯგუფი გვაქვს და ვერავინ იცლის მძღოლობისთვის.
ერთადერთი, რისი დეფიციტიცაა, ეს არის ატროპინი, რაც გამოიყენება ქიმიური იარაღის, ზარინის წინააღმდეგ, ეს მხოლოდ სამხედროებს აქვთ ახლა, რადგან აფთიაქებიდან სრულიად გაქრა.
25 დეკემბერს გავხდები 28 წლის. იმედია, ამ დროს ომი დამთავრდება და საქართველოში ვიქნები.
„განათლების კოალიცია“, „გაეროს ბავშვთა ფონდი“ და „საერთაშორისო პლატფორმა CK-12“ სკოლებისთვის ახალ ინიციატივას იწყებენ.
უნდა შეიქმნას „საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელი“, რომლის მიზანი CK-12-ის რესურსების პოპულარიზაცია და ინტეგრირებაა სწავლა-სწავლების პროცესში.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 60 საჯარო სკოლა და პროექტის დასკვნით ეტაპზე გამორჩეული პრაქტიკის მქონე 10 მათგანი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.
„განათლების კოალიციის“ ინფორმაციით, ამ ქსელში ის სკოლები ჩაერთვებიან, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე კარგ მაგალითებს აჩვენებენ.
როგორც „განათლების კოალიციის“ წარმომადგენელი, ირინა ხანთაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ck-12-ის ქსელში VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის ელექტრონული სახელმძღვანელოები, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, ხელი მიუწვდებოდეთ მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე, რომლებიც ასევე საშუალებას აძლევს მათ, რომ ისწავლონ ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში.
„ამ პლატფორმაზე განთავსებული რესურსები ფარავს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებს, სადაც ძალიან მარტივად, გასაგებად, ბევრი პრაქტიკული მაგალითისა და სხვა სავარჯიშოების გამოყენებით გადაიცემა ამ საგნების შინაარსი.
ჩვენია მიზანია, მასწავლებლებს დაინტერესებულ სკოლებში ვასწავლოთ, როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს სახელმძღვანელოები, სავარჯიშოები და სიმულაციები, რაც ჩაშენებულია სწავლების პროცესში და გაუმარტივონ ბავშვებს სხვადასხვა თეორიის, კონცეფციის გააზრება და გაგება.
ვფიქრობ, ეს მასალები საკმაოდ პრაქტიკული და საინტერესო ენითაა გადმოცემული და დაეხმარება მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც რთული კონცეფციების მარტივად გააზრებაში“, – გვითხრა ირინა ხანთაძემ, „განათლების კოალიციის“ წარმომადგენელმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ck-12-ის ინგლისურენოვანი მასალები ადაპტირებულია ქართულ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და თემებიც კლასების მიხედვითაა დალაგებული.
„ასე, რომ თამამად შეუძლიათ იხელმძღვანელონ სკოლებმა ამ წიგნებით, ნახავენ ყველა იმ საკითხს, რაც სჭირდებათ. წელს ჩვენ კიდევ გავამდიდრებთ ამ მასალებს და დაემატება ძალიან საინტერესო სიმულაციები, რაც თვალსაჩინოებების თვალსაზრისით ბევრი თეორიის, პრაქტიკულად ახსნის და განმარტების შესაძლებლობას მისცემს მასწავლებლებს.
თუ მასწავლებელი ფიქრობს, რომ რომელიმე თემა, მასალა განსხვავებულად მიაწოდოს მოსწავლეს, ამის შესაძლებლობას ეს პლატფორმა იძლევა. მასწავლებლებს ასევე შეუძლიათ წაახალისონ მოსწავლეები, რომ ეს მასალები დამოუკიდებლადაც გამოიყენონ თემის უკეთ გააზრებისთვის: ისეა ეს წიგნები აწყობილი, რომ მოსწავლეს თავადაც შეუძლია შევიდეს და იქ ბევრი საკითხი ნახოს, გააკეთოს, ივარჯიშოს, გაიაზროს“, – ამბობს ირინა ხანთაძე.
მისი თქმით, CK-12 დაახლოებით ერთი წლის დაიწყო და 200-მდე მასწავლებელია ქსელში ჩართული. სურთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.
„კონკურსის მიზანია, მეტი მასწავლებელი მოვიზიდოთ, უფრო სისტემურად რომ დაიწყონ ამ მასალების გამოყენება. კონკურსში მონაწილე სკოლებმა უნდა დაგვიდასტურონ მოტივაცია, რომ სკოლას, როგორც ინსტიტუციას, ექნება მზაობა, ჩაერთოს ამ პროცესში“, – ამბობს ირინა ხანთაძე.
საკონკურსო განაცხადების მიღება დასრულდება 15 ივლისს. გამარჯვებული სკოლები, საჭიროების მიხედვით, დაჯილდოვდებიან ტექნიკით.
„განათლების კოალიციის“ ინფორმაციით, ახალ ინიციატივას აფინანსებს ნორვეგიის მთავრობა. პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმის“ მეტოქე ბრატისლავას საფეხბურთო კლუბი „სლოვანი“ იქნება.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5-6 ივლისს გაიმართება, საპასუხო მატჩები კი – 12-13 ივლისს.
ისტორიაში პირველად „დინამო ბათუმი“ საქართველოს 2021 წლის ჩემპიონია.
„დინამო ბათუმის“ შემადგენლობაში აღარ იქნება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაპოლში მიდის. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მონაწილეობას მიიღებს ზურიკო დავითაშვილი, რომელიც „დინამო ბათუმში“ ტულის “არსენალიდან” გადმოვიდა.
„დინამო ბათუმის“ მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისია, ის 2016-2020 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო.
ამავე კლუბში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები – საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა.
წილისყრა დღეს, 14 ივნისს, ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა.
ბათუმის საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომლის, გია აბულაძის სამსახურში აღდგენაზე სასამართლომ გადაწყვეტილება 19 აპრილს მიიღო, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება უმუშევრად დარჩენილ პირს დღემდე არ ჩააბარა. გია აბულაძემ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მოთხოვნით ისევ ბათუმის სასამართლოს მიმართა. „გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია“, – ამბობენ ბათუმის საკრებულოშიც.
იმ გარემოებით, რომ „გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებიათ“, საკრებულოში ისარგებლეს და თანამდებობაზე, რომელიც გია აბულაძის გათავისუფლების შემდეგ ვაკანტური იყო, კონკურსი გამოაცხადეს.
გია აბულაძე ბათუმის საკრებულოს აპარატის ჯანდაცვის და სოციალური საკითხების კომისიის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა. ის 2021 წლის 25 მაისს გაათავისუფლეს სამსახურიდან, მას შემდეგ, რაც მან ფეისბუქზე გიორგი გახარიას მხარდასაჭერი პოსტი გაავრცელა.
„სასამართლომ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება და არავითარი სხვა საფუძველი არ არსებობდა,“ – ამბობდა გია აბულაძე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში გია აბულაძის წინააღმდეგ იურისტი ირაკლი თავართქილაძე იცავდა. კითხვაზე, მოიგო თუ არა გია აბულაძემ სასამართლოში დავა, მანაც გვიპასუხა, რომ გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებიათ, თავად კი ბოლო სხდომას არ ესწრებოდა.
ირაკლი თავართქილაძის განმარტებით, საკრებულოს კანონი არ დაურღვევია, როცა გია აბულაძის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აქ კარგად იციან, გადაწყვეტილება მათ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაჰბარდეთ.
კითხვაზე, თუ დაარღვევდა კანონს საკრებულო, სასამართლო გადაწყვეტილებას რომ დალოდებოდა, იურისტი ირაკლი თავართქილაძე ისევ იმეორებს, რომ კანონი არ დაურღვევიათ.
გია აბულაძის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა. იურისტი მარიამ შაინიძე ამბობს, რომ სასამართლოს განმარტებით მოსამართლემ გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ მოამზადა, მიზეზად კი სასამართლოს გადატვირთულობას ასახელებენ.
ბათუმში, ახალ ბულვარში, შტორმის დროს ჩამონგრეული პირსი მოქალაქეებისთვის სახიფათოა. ამის მიუხედავად ბავშვები დაზიანებულ პირსს ზღვაში ჩასახტომად იყენებენ.
ჩამონგრეული პირსი
პირსი კერძო მოიჯარის მფლობელობაშია, თუმცა მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ზრუნვა ევალება როგორც მოიჯარეს, ისე ბათუმის მერიას და ბათუმის ბულვარს.
„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პირსთან დაამაგრეს საინფორმაციო ბანერები, ასევე, ადგილი შემოსაზღვრეს ლენტით, თუმცა ეს ლენტი ხალხმა მოგლიჯა.
„ასევე პირსს ფლობს კერძო მოიჯარე, შესაბამისად, იქ დაცვის თანამშრომელი ჰყავთ. იყო ლენტები არაერთხელ გაკრული. მაგრამ თვითონ მოქალაქეების მხრიდან არ ხდება დაცვა უსაფრთხოების ზომების. რამდენჯერმე ჩამოგლიჯეს, იყო ასეთი შემთხვევა.
თან ეს ბავშვები პრომენადიდან კი არ შედიან, ზღვიდან ადიან. ჩვენი მხრიდანაც სამაშველო სამსახურიც გაფრთხილებულია და სხვა ბერკეტი ამ ეტაპზე არ გვაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბულვარის დირექტორის მოადგილემ, სოფო გუჯაბიძემ.
„ბათუმელებმა“ ბათუმის მერიას ჰკითხა, როდის მოხდება დანგრეული პირსის დემონტაჟი ან აღდგენა.
„საკითხის თაობაზე მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან. გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული,“ – გვიპასუხეს ბათუმის მერიაში.
„ბათუმის ბულვარში“ კი გვითხრეს, რომ დამატებით გააფრთხილებენ სამაშველო სამსახურს, რომ პირსს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.
14 ნარკორეალიზატორი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში.
დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენას, შენახვას და გასაღებას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელით.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ჰყიდდნენ. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „ჰეროინი“, „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, „ალფა პვპ“ და „ბუპრენორფინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შშმ პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება.
სახალხო დამცველი ამ დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ დაძლია სახელმწიფომ შშმ პირთა უფლებების სრული და ეფექტიანი დაცვისთვის. მისი თქმით, კვლავ პრობლემაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ფიზიკური გარემოს, ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებისა და სხვადასხვა მომსახურების მისაწვდომობა, ასევე, სერვისებისა და დამხმარე საშუალებების ნაკლებობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის სიმწირეა.
„აქტუალური რჩება შშმ ბავშვთა საგანმანათლებლო პროცესში სათანადო ჩართვა. დღის წესრიგში დგას სასწავლო დაწესებულებების სივრცის, სასწავლო რესურსებისა და პროცესის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ეფექტური ზომების მიღების აუცილებლობა. ასევე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების დროულად და საჭირო რაოდენობით მობილიზება, მათ შორის, სკოლამდელი აღზრდის საფეხურზე.
სირთულეებთანაა დაკავშირებული შშმ პირთა შრომისა და დასაქმების უფლების რეალიზება. მათ დასაქმებაში ხელშემშლელი ბარიერებია მიუწვდომელი გარემო და სერვისები, ფორმალური განათლების არქონა და თავად დამსაქმებლების დისკრიმინაციული დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ“, – წერს სახალხო დამცველი.
ის ასევე ყურადღებას ამახვილებს შშმ პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებაზე და ამბობს, რომ „სახელმწიფოს არასაკმარისი მცდელობების გამო, ქვეყანაში არსებულ სოციალური საცხოვრისების აბსოლუტურ უმრავლესობაში სრულად ან ნაწილობრივ უგულებელყოფილია შშმ პირების საჭიროებები. მათ შორის, იკვეთება საცხოვრისების ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობა, გადატვირთულობა, მხარდამჭერი სერვისების არარსებობა.
მუნიციპალურ დონეზე გამოწვევას წარმოადგენს საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული სერვისების დანერგვა/გაძლიერება, ასევე, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ საბჭოებში სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირთა მონაწილეობა და სათათბირო ორგანოების ეფექტიანი ფუნქციონირება.
საკმარისი არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გატარებული ღონისძიებები. არსებითად არ გაზრდილა სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი. ჯერ კიდევ არ შექმნილა სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია.
ასევე გამოწვევად რჩება შშმ პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი“, – ამბობს სახალხო დამცველი.
მისი თქმით, გადაუჭრელია სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე გადასვლის საკითხიც, „მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა არ არის მორგებული შშმ პირების ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს მათ დაკმაყოფილებას“.
მისი თქმით, კვლავ დაბალია საზოგადოების ცნობიერება შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც გამოიხატება მათ მიერ გამოყენებულ არასწორ ტერმინებსა და სტერეოტიპულ ხედვებში. აღნიშნული ხელს უწყობს ჯგუფის სტიგმატიზაციას, ქმნის ბარიერებს და აფერხებს შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას.
„თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი,“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი ბოლო ცნობილი კომენტარი, რომელშიც იგი 23-24 ივნისს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან მისაღები გადაწყვეტილების შესახებ იმუქრება, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე 200-299 დოლარითაა დასპონსორებული.
ასევე დასპონსორებულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ პრემიერის ერთ-ერთი პირველი განცხადება – „ამ ომით მხოლოდ უკრაინა დაზარალდება“. ამ განცხადების რეკლამირებისთვის 25 თებერვალს, ომის მეორე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქგვერდზე 300-ზე მეტი დოლარია გადახდილი.
25 თებერვალი – ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი რუსეთ-უკრაინის ომზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ გვერდებზე რეკლამებში, ბოლო ორ წლის განმავლობაში, 139 436 დოლარი აქვს გადახდილი.
მათ შორის, ბოლო სამ თვეში, რაც რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში – 14 მარტიდან 11 ივნისამდე პერიოდში – 19 373 დოლარი.
„ბათუმელები“ დაინტერესდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდსა“ „ინსტაგრამგვერდზე“ რეკლამირებისთვის დახარჯული თანხებით, მათი წარმომავლობითა და ამ რეკლამების შინაარსით.
Meta Ad Library Report – შესაძლებლობას იძლევა ვნახოთ მონაცემები სოციალურ საკითხებთან, არჩევნებთან ან პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკლამების შესახებ „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და „მესენჯერის“ და „აუდიენს ნეთქვორქის“ პლატფორმებზე. ხარჯები მოცემულია კონკრეტული რეკლამის დამკვეთების და თარიღების შესახებ გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. საქართველოში აღნიშნული მონაცემები 2020 წლის აგვისტოდანაა ხელმისაწვდომი.
ღია მონაცემების მიხედვით, აღნიშნული თანხიდან, საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა გვერდმა – საქართველოს მთავრობა, დააფინანსა 66 069 დოლარით 578 რეკლამა. თავად საქართველოს მთავრობის გვერდზე რეკლამაში კი, ამავე პერიოდში, 32 688 დოლარია დახარჯული, 868 რეკლამის დასასპონსორებლად.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდების [ფეისბუქი და ინსტაგრამი] რეკლამებიდან 20 258 დოლარით დაასპონსორა 71 რეკლამა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების ოფიციალურმა გვერდმა – თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი. თავად აღნიშნულ გვერდზე კი სტრატკომს 1 895 დოლარი აქვს დახარჯული 36 რეკლამისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 195 რეკლამისთვის გამოყენებული დაფინანსების წყაროს შესახებ განაცხადში [disclaimer] თავად გვერდი Irakli Garibashvili გვხვდება და მონაცემების მიხედვით, სულ, 2020 წლის 4 აგვისტოდან ამ დრომდე, დახარჯული აქვს 33 428 დოლარი.
ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე რეკლამებისთვის 14 367 დოლარის გადამხდელად მითითებულია Georgian Dream [„ქართული ოცნება“]. კიდევ ერთ გადამხდელად მითითებულია ფიზიკური პირი პაატა გამჯაშვილი – Paata Gamjashvili. მის სახელთან დაკავშირებულია 5 314 დოლარის ოდენობის 79 რეკლამა.
ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდებზე განთავსებულ რეკლამაში გადახდილი საფასურის რაოდენობა დაფინანსების წყაროების მიხედვით, 2020 წლის 4 აგვისტოდან 2022 წლის 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში. დაფინანსების წყაროს მითითების გარეშე გაშვებულ რეკლამებს „მეტა“ ქსელიდან ხსნის.
პაატა გამჯაშვილი მოხვდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ჩატარებული სოციალური მედიის მონიტორინგის 2021 წლის 26 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში – ფარული საინფორმაციო კამპანიის კავშირი სამთავრობო უწყებებთან.
ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ გამჯაშვილის პირადი პროფილი მართავდა ფეისბუქჯგუფს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები. ამავე ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ
გამჯაშვილის ფეისბუქპროფილზე, აპრილის დასაწყისში, სამუშაო ადგილად თავდაცვის სამინისტრო იყო მითითებული, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია წაიშალა. ამასთან, 2020 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე რეკლამების განმთავსებლად მისი სახელი და ელფოსტა იყო მითითებული. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით კი, როდესაც გვერდზე რეკლამები თავად ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის სახელით (disclaimer) ქვეყნდებოდა, კვლავ გამჯაშვილის საკონტაქტო ინფორმაცია იყო მითითებული.
ამ დროისთვის [14 ივნისი, 2022] პაატა გამჯაშვილის პირადი პროფილი აღარ არის აღნიშნული ჯგუფის ადმინისტრატორების სიაში და არც პირად პროფილზე განთავსებულ ინფორმაციაში აქვს მითითებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის შესახებ.
პაატა გამჯაშვილს „ბათუმელები“ ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდა და ჰკითხა, იმ პერიოდში, როდესაც პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდებზე რეკლამაში გადამხდელად იყო მითითებული, რა თანამდებობას იკავებდა, ახლაც თუ მუშაობს იმავე პოზიციაზე და მისი სახელით გადახდილი თანხა თავისი იყო თუ ბიუჯეტიდან გამოყოფილი.
პაატა გამჯაშვილმა გვიპასუხა, რომ არ სურდა ინტერვიუს მოცემა ან კონკრეტულად ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. რის შემდეგაც პროფილი, რომლითაც „ბათუმელების” რეპორტიორი ეკონტაქტებოდა, დაბლოკა.
2021 წლის 21 თებერვლიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, დღემდე საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის სტრატკომის მიერ ღარიბაშვილის გვერდისთვის დაფინანსდა დაახლოებით 600 რეკლამა. მათ შორის 100-ზე მეტი პოსტი არის ტელეკომპანია „იმედის“ ვიდეოპროდუქტი – პირდაპირი ჩართვა, სიუჟეტი, რეპორტაჟი ან გადაცემა, რომელიც ბრენდირებულია. რეკლამები ეთმობა ასევე „მაესტროსა“ და „რუსთავი 2“-ს მასალებსაც. ასევე, ვხვდებით ვიდეომასალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, პრემიერის პრესსამსახურის მიერაა მომზადებული და არ არის ბრენდირებული.
ზოგადად, პრემიერის ოფიციალურ გვერდზე დასპონსორებული რეკლამები სხვადასხვა სახისაა – კომენტარი, ფოტო, მილოცვა, ღია წერილი და ა.შ. მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გვერდის ანგარიშიდანაა დასპონსორებული და 5, 6 და 7 ოქტომბერს დაახლოებით 200-ზე მეტი დოლარია დახარჯული. ასევე, თავად ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები ოჯახთან, სასულიერო პირებთან ან დიპლომატებთან ერთად.
24 თებერვლიდან 13 ივნისამდე პერიოდში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე დაახლოებით 94 რეკლამას ეძებს „მეტას“ სისტემა. ამ პერიოდში ყველა გადახდა ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური გვერდიდან განხორციელდა.
ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური გვერდი ინსტაგრამზე, ვიდეო, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი „ყველაფრისთვის ფარდის ახდით“ იმუქრება, თუ 23-24 ივნისს „გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვერდზე დარეკლამებულია პოსტები და სატელევიზიო კომენტარები, რომლებიც ისედაც შუქდება მედიაში, ისევე, როგორც მოწოდებები გვერდის გამოწერასთან დაკავშირებით. ამ კატეგორიაში ბოლო დროს დასპონსორებულ რეკლამებში იორდანიაში მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემის ცერემონიაზე გადაღებული ფოტოა წარმოდგენილი.
ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური „ფეისბუქგვერდი“ შეიქმნა 2012 წლის 4 ნოემბერს სახელწოდებით – Irakli Garibashvili Official. 2015 წლის 26 იანვარს სახელი შეიცვალა და დღემდე წარმოდგენილია, როგორც Irakli Garibashvili. გვერდი ვერიფიცირებულია და 377 200-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამ გვერდზე მიმაგრებულ „ინსტაგრამგვერდს“ კი 3 800-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
გამოიწერეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდი – რეკლამა 10 ივნისიდანაა განთავსებული და ამ დროისთვის [13 ივნისი] 1000 დოლარზე მეტია დახარჯული„ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს მიმართა იმის გასარკვევად, იმ რეკლამებისთვის, რომელთა დაფინანსების წყაროდაც ირაკლი ღარიბაშვილია მითითებული, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი, თუ თავად პრემიერ-მინისტრი იხდის ფულს პირადი სახსრებით.
უწყების პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში რუსულ დეზინფორმაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. საელჩოს მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ.
ფაქტები კი ასეთია:
1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში
2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში
2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში
2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში
ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა.
დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა“, – წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში ფეისბუქის თავის გვერდზე.
ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, გუშინ, 13 ივნისს, ბათუმში ყოფნისას ასევე თქვა: „განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ჩათრევა ომში ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე“.
___
მთავარი ფოტო: აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს თან ერთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადაღებული რუსული ტანკის ფოტო, რომელზეც მოპარული უნიტაზი დევს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურა აზარაშვილის 13 ივნისის ბრძანებით, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე ბუსტერდოზით აცრა ჩაუტარდება 50 წლის და უფროსი ასაკის ყველა მსურველს.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებული რეკომენდაციაა“ ამ ასაკის იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების, ასევე ხანგრძლივი მოვლის თავშესაფარში მცხოვრები პირების აცრა მეორე ბუსტერდოზით.
მეორე ბუსტერდოზით აცრა ჩაუტარდება ასევე 12-49 წლის ასაკის იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. ამასთან, 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში მეორე ბუსტერდოზა ტარდება ამცრელი დაწესებულებისთვის ექიმის მიმართვის წარდგენის საფუძველზე, ხოლო 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში – დაავადების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში;
მეორე ბუსტერდოზით აიცრება სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალიც.
„ვაქცინის მეორე ბუსტერდოზის ჩატარება 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებია სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, მიმღები ქვეყნის რეგულაციების შესაბამისად. მოგზაურობის მიზნებისთვის მეორე ბუსტერდოზის ჩასატარებლად, მოქალაქემ ამცრელ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ბილეთის ჯავშანი.
ვაქცინის მეორე ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს პირველი ბუსტერდოზით ვაქცინაციის დასრულებიდან მინიმუმ 4 თვის შემდეგ. მე-2 ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.“ – აღნიშნულია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.
ოკუპირებული მარიუპოლის დრამატულ თეატრში ახალი სეზონის დაწყებას ქალაქის ადმინისტრაცია სექტემბერში აპირებს.
ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პიოტრ ანდრიუშენკომ ტელეგრამ არხზე დაწერა. მან ასევე გამოაქვეყნა საოკუპაციო ადმინისტრაციის ოფიციალურ შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მარიუპოლის დრამატული თეატრი 10 სექტემბერს გაიხსნება. ახალი სეზონი საცეკვაო და საესტრადო ნომრებითა და თეატრალური წარმოდგენით დაიწყება.
„ცეკვა ძვლებზე, სპექტაკლი სასაფლაოზე. ამ ყველაფერს აწყობენ რუსები კოლაბორაციონისტებთან ერთად. როდესაც ცინიკური რუსეთი კიდევ რაიმეს იტყვის ჰუმანიზმზე, უბრალოდ ეს შეტყობინება გაიხსენეთ“, – წერს პიოტრ ანდრიუშენკო.
მარიუპოლის თეატრი რუსეთის ავიაციამ 16 მარტს დაბომბა. იმ დროს შენობას მოქალაქეები აფარებდნენ თავს, შენობის წინა და უკანა ფასადზე კი ავიაციის პილოტებისთვის დიდი ასოებით ეწერა „ბავშვები“, თუმცა ამ წარწერას რუსული რაკეტები არ შეუჩერებია.
აპრილში ცნობილი გახდა, რომ რუსებმა თეატრის ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ თეატრის დაბომბვისამ დაახლოებით 300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა Associated Press-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის თავდასხმას მარიუპოლის თეატრზე ბევრად დიდი მსხვერპლი მოჰყვა – დაიღუპა 600 ადამიანი.
მთავარი ფოტო: მარიუპოლის დაბომბილი თეატრი/ფოტო: პიოტრ ანდრიუშენკოს ტელეგრამი
უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდენცკში, გრძელდება ბრძოლა ქალაქისთვის.
ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი, რომელიც ყოველ დღე ავრცელებს ინფორმაციას სევეროდონეცკში მიმდინარე სიტუაციის შესახებ, ტელეგრამში წერს, რომ სევეროდენცკში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია.
„ქალაქზე შტურმი რამდენიმე დღეა გრძელდება. მტერი არტილერიით ანადგურებს მაღალსართულიან შენობებს და სამრეწველო ობიექტებს,“ – წერს გაიდაი.
მისივე განცხადებით, რუსეთის არმია მიზანმიმართულად ესვრის სევეროდენცკში ქარხნებს: „აზოტსა“ და „სტეკლოპლასტიკას“, დაბომბეს მიმდებარე სოფლები – სინეცკი და პავლოგრადი.
გაიდაი ასევე წერს, რომ ყოველდღე ხდება ცნობილი დაღუპულების შესახებ, რომელთანაც დაბომბვის გამო მისვლა ვერ ხერხდება. სევეროდონეცკის ძველ რაიონებში ბევრია დაზიანებული მაღალსართულიანი შენობა, რომელთაგან ზოგიერთი რუსულმა არმიამ ისე დაბომბა, რომ მათგან მხოლოდ საძირკველი დარჩა.
ბრძოლა სევეროდონეცკისთვის ბოლო თვეა განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ იბრძვის ქალაქის ყოველი სანტიმეტრისთვის.
_______________
ფოტოზე: დაბომბილი კორპუსები სევეროდონეცკში. ფოტო სერგეი გაიდაის ტელეგრამ არხიდან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან კოვიდის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში.
ამავე პერიოდში კოვიდის დიაგნოზით გარდაიცვალა 3 პაციენტი.
გასულ 7 დღეში ჩატარდა 100 232 კვლევა ტესტით. დადებითობის 7-დღიანი მაჩვენებელი 0.51 პროცენტია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს ომიკრონის B.A.2 შტამი.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე – „აჭარაბეთ არენაზე“ მდებარე კომერციული დანიშნულების ფართები, მათ შორის პანორამული რესტორანი, საპარკინგე სივრცეები და ლედ მონიტორი იჯარით გაიცემა. კერძოდ, ვებ-გვერდზე Eauction.ge გამოცხადებულია რვა ელექტრონული აუქციონი სხვადასხვა ზომის კომერციულ ფართზე.
,,აჭარაბეთ არენაზე“ კომერციული ფართები 20%-იანი ფასდაკლებით გაიცემა
ასევე, საფასური 20%-ით არის შემცირებული რამდენიმე ლოტზე.
თითოეულ აუქციონთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
„მოხალისეობრივად არავინ დგება რუსული რაკეტებისგან სიკვდილისთვის რიგში, ირაკლი ღარიბაშვილო. უკრაინა ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის საშინელ ფასს იხდის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება [ფინანსური]. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.
No one voluntarily queues for the death from 🇷🇺 missiles, @GharibashviliGe. 🇺🇦 pays a terrible price choosing to be a European democracy. 🇪🇺 pays a high price protecting its civilization. Values are more important than profit. What is important for you? Application queue number?
„ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 90 მილიარდი დოლარი შევიდა იმ ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან და ჩვენთან რა ხდება? ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები?!“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 13 ივნისს, მთავრობის სხდომაზე.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი შავ ზღვაში მდებარე საკარიას გაზის საბადოდან ყოველდღიურად 10 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსფერს დაიწყებს ქვეყნის ეროვნულ გაზგამანაწილებელ სისტემაში.
საბადოდან გაზის გადატანა 2023 წლის პირველ კვარტალში დაიწყება.
„საკარიას გაზის საბადოზე წარმოება, იმედია, პიკს 2026 წელს მიაღწევს,“ – თქვა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა 13 ივნისს, შავი ზღვის ბუნებრივი გაზის გადამზიდავი პირველი ოფშორული მილსადენის გაყვანის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე. პრეზიდენტის კომენტარს „ანადოლუ“ ავრცელებს.
პირველ ეტაპზე გაზის მიწოდება იგეგმება 150 კილომეტრი სიგრძის წყალქვეშა მილსადენით, რომელსაც თურქეთი ააშენებს. მილსადენი ზღვაში მდებარე საბადოს ხმელეთს დააკავშირებს, შემდეგ კი – ეროვნულ გაზგამანაწილებელ ქსელს.
„თურქეთი ხედავს ენერგეტიკას, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს და არა დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას ყველა მხრივ, სანამ არ ვიქცევით ქვეყნად, რომელმაც მთლიანად გადაჭრა ენერგომომარაგების უსაფრთხოების პრობლემა,“ – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთის მეოთხე საბურღ ხომალდს ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი სულთნის, აბდულჰამიდ ჰანის სახელი ეწოდება.
თურქეთს ამჟამად სამი საბურღი ხომალდი აქვს – ფატიჰი, ქანუნი და იავუზი. ხომალდები შავ და ხმელთაშუა ზღვებში მუშაობენ.
დღეის მონაცემებით, შავ ზღვაში მდებარე გაზის საბადოზე 540 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მარაგია.
„ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ასევე მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ორკესტრირებულად იმეორებენ, რომ „ასეთი“ ანუ ივანიშვილის დამსანქცირებელი ევროპა არ უნდათ. ამ უარს კი ისინი „ქართველი ხალხის“ სახელით იტყვიან. არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველო და ქართველი ხალხი? – ამ თემაზე საბჭოთა წარსულის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ესაუბრა „ბათუმელებს“.
ბატონო ირაკლი, თქვენ, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, მიიჩნევთ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ქართველი ხალხის დასანქცირებაა. ეთანხმებით ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას?
ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. „ქართული ოცნების“ სპიკერები იმდენად გასული არიან ლოგიკის, ეთიკის ფარგლებიდან, რომ აღარც გვიკვირს და თითქოს მივეჩვიეთ კიდეც, მხოლოდ სპორტული ინტერესით შეიძლება ვუყურებდეთ, თუ სადამდე შეიძლება დაეშვან.
დარჩა მხოლოდ თავიანთი ელექტორატის რაღაც ნაწილი, რომელიც უკრიტიკოდ მიიღებს და გადაყლაპავს ყველა აბსურდს, რითაც დიდი ხანია კვებავს „ქართული ოცნება“. ეს განცხადებებიც მათზეა გათვლილი, თორემ ოდნავ მოაზროვნე ადამიანშიც კი უკვე ფიზიოლოგიურ რეაქციას იწვევს.
მსგავსი განცხადებები არის ძალიან მახინჯი და კარიკატურული ფორმა იმის, რაც წინა თაობებს ახსოვთ და უნახავთ. ბელადომანიის, პიროვნების კულტის კარიკატურული ფორმა, რომ თურმე ბიძინაა ყველაფერი – ერის ღირსება ივანიშვილია, მთავარი ღირებულება ივანიშვილია. ახლა აღმოჩნდა, რომ თუ სანქციები შეეხება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უწესებენ სანქციებს. დიდი ხანია ამ პოლიტიკურ ძალას ამ რიტორიკის გარდა არაფერი აქვს შესათავაზებელი მოქალაქეებისთვის.
რას ნიშნავს ეს, როცა მთელ ერსა და ერთ პიროვნებას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ?
ეს რაღაცნაირად ამ პოლიტიკური რეჟიმის ჩიხური მდგომარეობის ამსახველია, რომელსაც მართლა არაფერი დარჩა, ვერაფრით ვერ შეცვლის ამ პროპაგანდას, რადგან მთელი ხელისუფლება ეს არის ერთი ადამიანის, ამ კონკრეტული ოლიგარქის მოსამსახურეთა ვერტიკალი, რომელმაც, ფაქტობრივად, მიიტაცა სახელმწიფო. მთელი „ქართული ოცნება“ ივანიშვილის პირადი კომპანიაა, რომელმაც მიისაკუთრა სახელმწიფო ინსტიტუციები და ამის იქეთ არც რაიმე ამოცანა, რაიმე იდეა არ დგას.
ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, ძალიან ცხადად ჩანს, რომ მათ უწევთ არჩევანის გაკეთება – ან უნდა წარმოჩინდნენ ღიად პრორუსულ ძალად, რაზეც დგას მათი ფინანსური ძალაუფლება, ან რაღაც ურთიერთობის ენა უნდა გამონახონ დასავლეთთან. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ მათ შეექმნებათ ამ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე, რადგან დასავლური სამყაროსთვის ამ ტიპის ურთიერთობა ძირეულად მიუღებელია.
აი, ამის ფონზე „ქართული ოცნება“ განწირული სიჯიუტით აგრძელებს ტოტალურად დამამცირებელ რიტორიკას, რომ თურმე ამ ქვეყნის წარსული, აწმყოც და მომავალიც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივაა კონცენტრირებული და მისი ფინანსური კეთილდღეობა და უსაფრთხოება არის მთავარი ღირებულება, რომლის გარშემოც უნდა იყოს მთელი საზოგადოება. რეალურად, ჩვენი მომავალი ამ ყველაფერს უნდა შეეწიროს.
მთავრობას ხომ ჩვენ, მოქალაქეები ვქირაობთ. დღეს, როცა მთავრობის წევრების განცხადებებს უსმენთ, რა განცდა გაქვთ – ივანიშვილის სამსახურშია მთავრობა და თუ ხალხის?
როგორც უკვე ვთქვი, დღეს მთელი სახელმწიფო სისტემა ერთი კონკრეტული ადამიანის და მისი მოსამსახურე კლერკების მიერაა მიტაცებული. სწორედ ეს ტერმინი მიესადაგება ამ ტიპის რეჟიმის და კონკრეტულად „ქართული ოცნების“ მმართველებს, რადგან ეს არის სახელმწიფოს მიტაცება.
ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, მოქალაქეებთან ანგარიშვალდებული ინსტიტუტები და თუ რამე ჯერ კიდევ განგვასხვავებს რუსეთისგან, ბელარუსისგან ან სხვა მსგავსი ავტორიტარული და დიქტატორული ქვეყნებისგან არის ის, რომ ჯერ კიდევ დარჩენილია გარკვეული თავისუფლების კუნძულები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების გავლენისგან დარჩენილი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახით. სხვა ყველაფერს აკონტროლებს ამ ერთი ადამიანის მოსამსახურეთა ფენა. გასაგებია, რომ ისინი არ გამოხატავენ საერთო ინტერესებს და სასაცილოდ არ ჰყოფნით, მართლა ვერ იგებენ, ორგანულად ვერ აღიქვამენ, როდესაც მოქალაქე მათგან ანგარიშვალდებულებას ითხოვს.
იქნება ეს პარლამენტარი, მინისტრი, ბიუროკრატიის მოხელე, პოლიციელი თუ სკოლის დირექტორი, ვერ იაზრებს, რომ ისინი ჩვენ დავიქირავეთ, ჩვენი, მოქალაქეების ხარჯზე არსებობენ, დროებითი მოხელეები არიან და ჩვენს ინტერესებზე უნდა მუშაობდნენ.
კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილი თავისი შემოსავლის 90 პროცენტს ქველმოქმედებაში ხარჯავს. თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქე, გრძნობთ ივანიშვილის ქველმოქმედების სიკეთეებს?
ესეც არის ძველი, გაცვეთილი რიტორიკა, რითაც 2012 წელში უზრუნველყო ამ პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებში გამარჯვება. ქველმოქმედება არის ის, რომელზეც შემდეგ ანგარიშებს აღარ უყენებენ ადამიანებს. აღარ უყენებენ პირობებს, რომ რადგან გაგიკეთე, ახლა ჩემი ერთგული უნდა იყო.
ახლა ბევრად ნათლად გამოჩნდა, რომ ეს „ქველმოქმედება“ არ იყო კლასიკური გაგებით ქველმოქმედება, არამედ იყო კაპიტალდაბანდება გარკვეულ ჯგუფებში, საზოგადოების გარკვეულ ფენებში, ე.წ. ძველი, საბჭოური ყაიდის ინტელიგენციაში და აი, ამ პიარის ნაწილი იყო.
შემდეგ ამ მაფიოზური პრინციპით ორგანიზებულ და მასზე დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა ფენით ივანიშვილმა მთელი სახელმწიფო მიიტაცა და გაცილებით მეტი მიითვისა და ამოიღო ეს კაპიტალდაბანდება, ვიდრე ე.წ. ქველმოქმედებაში დახარჯა.
ყველა გონიერ მოქალაქეს სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს და იცის, ხვდება, რომ რუსული ოლიგარქიული ფორმით წარმოებულ „ქველმოქმედებას“ ვერ ექნება კეთილშობილური მიზნები, რადგან დღეს მთელი ქვეყანა ივანიშვილის კერძო კომპანიადაა გადაქცეული.
საქართველოს მოქალაქის სახელით „ოცნება“, ფაქტობრივად, ევროკავშირისკენ მიმავალ გზას კეტავს ქვეყნისთვის. როგორი უნდა იყოს მოქალაქეების პასუხი ამ განცხადებებზე, რას უპასუხებდით ირაკლი კობახიძეს?
ევროპის გზას რაც შეეხება, დღეს არის კრიტიკული მომენტი, დიდი გადალაგების, შესაძლებლობის და პერსპექტივის გაჩენის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იშვიათად ხდება და რომლის გამოყენებაც აუცილებელია. ამიტომ მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული ამისკენ და ჩანს კიდევაც ეს განწყობები საზოგადოებაში.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის, რუსული აგრესიის ფონზე, რუსეთის რეალური სახის ფონზე ხდება ეს ყველაფერი და ჩვენთვისაც ეს არის საუკეთესო შანსი ევროპასთან ინტეგრაციის.
როგორც უკრაინა ურთიერთობს დასავლეთთან დღეს, ახსენებს წარსულში დაშვებულ შეცდომებს და ფაქტობრივად, შეტევის დიპლომატია აქვს, ახსენებს მის პასუხისმგებლობას და გულგრილობას წარსულში ამ თემის მიმართ, ამის ფონზე კი განიმტკიცებს როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ გარანტიებს, რომ იქნება ინტეგრირებული ძლიერი დასავლური ქოლგის ქვეშ.
ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ამ მმართველი რეჟიმის მიერ ანესთეზირებულია, რომ უბრალოდ ვერ ამოძრავდეს და ვერ გამოიყენოს ეს შანსი.
ცხადად ჩანს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სხვა განზომილებაშია, სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ესმის, თუ რა ხდება ამ კონტინენტზე, ამ სამყაროში, სად უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა მომავალში და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, სახელმწიფო ინსტიტუტები და მათი ხელმძღვანელები იდენტიფიცირდებიან პრორუსულ ბანაკში. აი, ეს არის რეალური განხეთქილება, აცდენა და პარალელური რეალობები.
მესმის, მმართველი პოლიტიკური რეჟიმის რიტორიკა და ეს განწირული მცდელობა, რომ რაღაცნაირად აჩვენონ თითქოს მათ არაფერი აშინებთ და სტაბილურად არიან. მაგრამ დიდი ალბათობით მათ მოუწევთ რეალობას ჩახედონ თვალებში და რაღაც ფორმით, დათმონ ძალაუფლება.
ეს პოლიტიკური ძალა, ფაქტობრივად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპულ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია არ რეალიზდეს, ეს მათთვის თვითმკვლელობას უდრის, რადგან ავტორიტარული რეჟიმი ვერაფრით იქნება ევროპული სივრცის ნაწილი. ისინი აცნობიერებენ, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ შანსის ჩაშლის შემთხვევაში, ამას საზოგადოება ჩუმად არ შეხვდება. კიდეც რომ შეხვდეს, არც რუსულ ბანაკში დარჩენა ნიშნავს „ოცნებისთვის“ გარანტიებს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსული ბანაკი არ არის უსაფრთხო და პოლიტიკური ძალის თუ პირადი კომფორტის უზრუნველმყოფელი.
შიდა კრიზისი და ჩამოშლის საფრთხე – ორმხრივად წამგებიან მდგომარეობაში იმყოფება „ოცნება“ და აქედან გამომდინარე აიხსნება ეს უკიდურესად აგრესიული, უხეში, ბრიყვული და შეურაცხმყოფელი გამოხტომები, რომელიც ამ რეჟიმის წარმომადგენლებს აქვთ.
ამ პოლიტიკის მთავარი სუბიექტი კი არსად ჩანს, თითქოს ივანიშვილი არ არსებობს. მისი პირით გველაპარაკებიან ნულოვანი პოლიტიკური წარსულის თუ ავტორიტეტის მქონე ივანიშვილის კომპანიის კლერკები – ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე თუ ვოლსკი.
ივანიშვილთან გაქვთ კითხვები? რას ეტყოდით მას, როგორც საქართველოს მოქალაქე?
არანაირი კითხვა არ მაქვს ივანიშვილთან. დიდი ხანია გასაგებია, რას წარმოადგენს, რა ამოძრავებს ამ ადამიანს. ვფიქრობ, მას ახალ რეალობაში უნდა დაუსვან კითხვები დამოუკიდებელმა საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებმა იმაზე, თუ როგორ მიიტაცა და მიითვისა ამ ადამიანმა მთელი ქვეყნის და საზოგადოების რესურსები. ფაქტობრივად, თავისი პირადი უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გამო მთელი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მას აუცილებლად მოუწევს.
საქართველოს ისტორიაში გეგულებათ ისეთი პიროვნება, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა მასა და ერს შორის?
ჩვენ, მოქალაქეებს, რასთანაც გვინდა რომ ვასოცირდებოდეთ, ამ ქვეყნებს მსგავსი რამ არ ახასიათებთ. ეს ახასიათებს ტოტალიტარულ რეჟიმებს და ამის გამოცდილება, სამწუხაროდ, გვაქვს.
პუტინი ეს არის რუსეთი, რუსეთი ეს არის პუტინი; სტალინი იყო საბჭოთა კავშირი და საბჭოთა კავშირი იყო სტალინი; ლენინი იყო პარტია და პარტია ლენინი და ასე შემდეგ. ეს ნაცნობი და გამოცდილი სქემაა და ახლა ამიტომ ვამბობ, რომ რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არის ძალიან კარიკატურული ანარეკლი ამ რეჟიმების, როცა ცდილობენ ერთი კონკრეტული ჩრდილოვანი, არაოფიციალური მმართველი წარმოგვიჩინონ, როგორც რაღაც უდიდესი ღირებულება და მთელი ეროვნული ინტერესების განსხეულება.
ერთ-ერთი მათი პროპაგანდისტი ლაშა ნაცვლიშვილი როგორც ამბობს, ბიძინა არის ყველგან, ყველაფერში, რაც ნებისმიერ საღად მოაზროვნე მოქალაქეს, უბრალოდ, ღიმილს ჰგვრის.
„ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ამ პროპაგანდას ისევ გადაყლაპავს მისი ელექტორატი, ანუ ისინი, ვისზეც დააფუძნეს მათი სტაბილურობა და ძალაუფლება – ასეთ რეჟიმებს ახასიათებს ხოლმე ილუზიები საზოგადოების ასეთი ნაწილის საიმედოობაზე. საბოლოო ჯამში კი, დამღუპველი ხდება ამ რეჟიმებისთვის ეს წარმოდგენები.
გიორგი მიქაძე 19 წლის სტუდენტია ბათუმიდან. მან სკოლა გასულ წელს დაასრულა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, 70%-იანი გრანტით, სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა გიორგიმ გადაწყვიტა წელს ხელახლა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები და შეიცვალოს პროფესია – ამჯერად იგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას აპირებს აგრარულ უნივერსიტეტში.
ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია გიორგის საყვარელი საგნებია ბავშვობიდან. რატომ შეცვალა პროფესიული არჩევანი და პრესტიჟულ, სამედიცინო ფაკულტეტს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები არჩია? რამდენად კარგად ისწავლება ეს საგნები სკოლაში და რატომ უჭირთ მოსწავლეებს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის სწავლა? – გიორგის ვთხოვეთ საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინა ჩვენთვის ამ თემებზე.
გიორგი მიქაძე:
სამედიცინოზე გავდიოდი სუფთა მეცნიერებებს, როგორიცაა, მაგალითად, ბიოქიმია. იმ პერიოდში მივხვდი, რომ ეს მიმართულება უფრო მაინტერესებდა და დავიწყე ფიქრი პროფესიის შეცვლაზე. მივხვდი, რომ უშუალოდ დაავადებების განხილვა და კლინიკური ნაწილი არ იყო სფერო, სადაც თავს კარგად ვგრძნობდი, ამიტომ ავიღე აკადემიური.
წელს ვაბარებ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე. კონკრეტულად არ ვიცი, ქიმია მინდა თუ ბიოლოგია, ორივე ძალიან მაინტერესებს. სკოლაშიც ეს ორი საგანი იყო ჩემი მთავარი ინტერესის სფერო.
თავიდან სამედიცინო ფაკულტეტიც იმიტომ ავირჩიე, რომ არ ვიცოდი, ამ სამი საგნიდან რომელს გავყოლოდი და სამივესთან რომ მქონოდა შეხება, ამის საუკეთესო ვარიანტად სამედიცინო მივიჩნიე, თან არც მედიცინის მიმართაც არ ვყოფილვარ გულგრილი.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუ ბიოლოგია ან ქიმია გიყვარს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მედიცინა გიზიდავს.
უნივერსიტეტში აღმოვაჩინე, რომ კარგად და მონდომებით მხოლოდ სუფთა მეცნიერებებს ვსწავლობდი და მივხვდი, ეს მაინტერესებდა. ამიტომ ვაბარებ თავიდან.
ამ საგნების მიმართ ინტერესი სკოლის პერიოდში გამიჩნდა. საბუნებისმეტყველო საგნები იყო ერთადერთი, რასაც ყველანაირი დაძალების, სიზარმაცის ან ხათრის გარეშე ვსწავლობდი და ამ საგნებთან მხოლოდ ჩემი ინტერესი და მონდომება მაკავშირებდა.
დეიდაჩემი ლაბორანტი იყო, სახლში პატარა, ლაბორატორიის მსგავსი სივრცე ჰქონდა მოწყობილი, სადაც ჰქონდა ხელსაწყოები და ნივთიერებები. ატარებდა ძალიან ბევრ ცდას. მე ეს პროცესი ძალიან მაინტერესებდა. სულ ვცდილობდი, მის გვერდით ვყოფილიყავი და ვსვამდი ძალიან ბევრ შეკითხვას. აქედან დაიწყო ჩემი მოხიბვლა ლაბორატორიით.
ამას დაემატა გადაცემების, ფილმებისა თუ სერიალების ყურება ამ მიმართულებით. მიყვარდა სამეცნიერო ექსპერიმენტების ყურება. ბავშვობაში ექსპერიმენტებს youtube-ზეც ვუყურებდი და ვცდილობდი, სახლში მეცადა იგივე.
პატარაობიდანვე ძალიან მაინტერესებდა კოსმოსი. ახლაც მაქვს პირველი ტელესკოპი, რომელიც მშობლებს ვაყიდვინე. სულ ვცდილობდი, ცაზე სხვადასხვა ობიექტი დამეთვალიერებინა. დღესაც ვათვალიერებ მთვარეს, ვარსკვლავებს. ვუყურებდი ძალიან ბევრ გადაცემას კოსმოსზე. მერე youtube-ზე აღმოვაჩინე „ხანის აკადემია“. ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია დავაკავშირე ერთმანეთს და ასე აიკინძა ჩემი ინტერესის სფერო.
სკოლას რაც შეეხება, ვფიქრობ, პირველად სკოლაში რომ მქონოდა საბუნებისმეტყველო საგნებთან შეხება, შეიძლება საერთოდ არ დავინტერესებულიყავი.
ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკაც მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. მათემატიკას ეფუძნება ფიზიკა, ფიზიკას – ქიმია და ქიმიას – ბიოლოგია. ერთგვარი ჯაჭვია. სკოლის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ მნიშვნელოვან კავშირს არ გიჩვენებენ, ფართო კუთხით ამას ვერ აღიქვამ.
სკოლაში გიხსნიან კონკრეტულ საგნებს, თემებს. ზოგ რაღაცას საერთოდ ტოვებენ. მაგალითად, რეპროდუქცია ბიოლოგიაში გამოვტოვეთ საერთოდ. არავის უფიქრია იმაზე, რომ რეპროდუქცია შეიძლებოდა ყოფილიყო რომელიმე მოსწავლისთვის ისეთი საინტერესო თემა, რომ აქედან გამომდინარე დაინტერესებულიყო საგნით. ასე არ უნდა ხდებოდეს, მითუმეტეს – 21-ე საუკუნეში.
სკოლაში კაცის და ქალის სასქესო ორგანოების აგებულება და მსგავსი თემები გვაქვს გამოტოვებული. ამის მიზეზებს მასწავლებელი არ ასახელებდა. უბრალოდ გვეუბნებოდა, რომ ახლა წიგნები რამდენიმე გვერდით წინ უნდა გადაგვეშალა, რადგან არ განვიხილავდით ამ თემებს. სამწუხაროდ, ჩვენ, მოსწავლეებიც არ აღმოვჩნდით იმდენად გაბედულები, რომ ამაზე პრეტენზია გამოგვეთქვა.
ეს თითქმის ყველა სკოლაში ხდება.
საბუნებისმეტყველო საგნები ისეთი მიმართულებაა, სადაც მხოლოდ მშრალი თეორიის მიცემა ბავშვისთვის არაფერს ნიშნავს.
ჩემი აზრით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაცნობა უნდა მოხდეს დაწყებითი კლასებიდანვე. მაქსიმალურად სახალისო და შემეცნებითი კუთხით უნდა მიეწოდოთ დაწყებითებში ბავშვებს ინფორმაცია, რომ მოიხიბლონ, თუნდაც ქიმიური, ბიოლოგიური, ფიზიკური ცდებით დაინტერესდნენ.
მათ უნდა გააცნონ მიკროსკოპი, ანახონ ქსოვილები და მათი აგებულება. ეს არის პირველი, რაც იწვევს ინტერესს. შემდგომ კი ინტერესი იმხელაა, რომ მაღალ კლასებში თეორიების სწავლა და გაგება სირთულეს აღარ წარმოადგენს,რადგან ინტერესი გამოძრავებს და პირიქით, უკვე სიამოვნებით იღებ ახალ ინფორმაციას.
დაბალ კლასებში წინასწარი შემზადების გარეშე 7-8 კლასში ამხელა ინფორმაციის მიყრა ბავშვებისთვის არასწორი მგონია. ვფიქრობ, ზუსტად ესაა იმ პრობლემის საფუძველი, რომ დღეს ასე არაპოპულარულია მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას. სკოლაში პირველი შთაბეჭდილება როგორიც ჩამოუყალიბდება მოსწავლეს, მერე იმაზე დაყრდნობით აგრძელებს საგნებთან ურთიერთობას.
საბუნებისმეტყველო საგნების გაცნობა ხდება ძალიან მშრალად, უინტერესოდ და ჩემი აზრით, 21-ე საუკუნისთვის შეუსაბამოდ, რაც ბავშვებში იწვევს შიშს, გაურკვევლობას და სტრესსაც, იმიტომ, რომ არ არის მარტივი მერვეკლასელისთვის, როცა მას ასწავლი ატომს ისე, რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ვიზუალურად როგორია ატომის მოდელი.
წიგნებში დაბეჭდილი წესების და თეორიების დაზუთხვა და სწავლა არის რთული, როცა ვიზუალურად ვერ აღიქვამ ამ ყველაფერს, როცა არ გესმის როგორია მოქმედების მექანიზმი და უბრალოდ იზეპირებ. ეს არის კატასტროფა.
ბავშვებმა ყველაფერი უნდა ნახონ პრაქტიკაში. მეცნიერებებისთვის დამახასიათებელი მთავარი კითხვა – რატომ? უნდა იყოს პასუხგაცემული თეორიულად და პრაქტიკულადაც.
ასევე, საქართველოში ნებისმიერი ინდუსტრია, რომელიც მეცნიერებისთვის არის მნიშვნელოვანი, ჩამკვდარი და გაჩერებულია. ეს მდგომარეობა კი საქართველოში მყოფ აბიტურიენტს აფიქრებს იმაზე, რომ არც აქვს აზრი ამ მხრივ წასვლას, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს ის რესურსი, რომ დიდ შედეგებზე გავიდეთ ქიმიით, ფიზიკით ან ბიოლოგიით.
რა თქმა უნდა, ის, თუ რა შედეგზე გახვალ და რას მიაღწევ, ინდივიდუალურია, მაგრამ მეცნიერება დიდ შრომას და სათანადო გარემოს არსებობას მოითხოვს. საქართველო კი რესურსითა და ტექნოლოგიებით არ არის კომფორტული და სასიამოვნო სამუშაო გარემო მეცნიერებისთვის.
სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და მოახერხოს ყველა სკოლის ლაბორატორიით აღჭურვა, რადგან ცურვას ვერ ისწავლი წყლის გარეშე, ხომ?! იგივეა სამეცნიერო საქმიანობაზეც.
ქიმიას, ბიოლოგიას და ფიზიკას ვერ ისწავლი ლაბორატორიის გარეშე.
შემდეგი პასუხისმგებლობა უკვე გადადის სკოლაზე, რადგან სკოლამ უნდა მოახერხოს მართვა და პროცესის ისე დალაგება, რომ ლაბორატორია და ხელსაწყოები უბრალო დეკორაციებად არ იქცეს და აქტიურად გამოიყენებოდეს სასწავლო პროცესში.
სკოლამ უნდა გადაამზადოს მასწავლებლები, რადგან სკოლაში გვყავს მასწავლებლები, რომლებმაც თავად არ იციან ლაბორატორიაში მუშაობა. მასწავლებლებმა საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა იზრუნონ და დასახონ სწორი გზები, თუ როგორ მოახერხონ და დააინტერესონ მოსწავლეები და არ შეაშინონ, ზედმეტად არ დატვირთონ.
ამ ყველაფრის შემდეგ, მგონია, რომ აღმოიფხვრება პრობლემა.
ყველაზე მეტად ჩემს არჩევანში მომწონს ის, რომ სამეცნიერო სფერო გაძლევს საშუალებას შენით შეეხო და შეიცნო სამყარო. მომწონს, რომ მექნება შანსი, შევიცნო ჩვენი ბუნება და მსოფლიოს მოწყობის კანონზომიერება. მეცნიერება არ არის რუტინული, ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი.
მოლოდინს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ჩემი პროფესია ძალიან მოთხოვნადი იქნება. 21-ე საუკუნეში ისეთ მდგომარეობაშია სამყარო, თუნდაც გლობალური დათბობის, დემოგრაფიის, პანდემიების კუთხით, რომ ყველა პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებაა აუცილებელი.
იკვეთება ის რეალობა, რომ მეცნიერება გვრჩება ჩვენს მთავარ პრობლემებთან ბრძოლის იარაღად. იმედი მაქვს, რომ მეც რაიმე ღირებულს შევძენ სამყაროს ჩემი საქმით.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდის, ქვეყანას, სავარაუდოდ, მაინც შეექმნება სერიოზული პრობლემები უკრაინაში დაკარგული და განადგურებული საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესავსებად.
ამის მიზეზად უწყება 14 ივნისს გამოქვეყნებულ სადაზვერვო ცნობარში დასავლურ სანქციებს და გამოცდილების არქონას ასახელებს.
„10 ივნისს რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომისიის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს თავდაცვის ხარჯები შესაძლოა 600-700 მილიარდი რუბლით გაიზარდოს (8,5-10 მილიარდი ფუნტი სტერლინგი), რაც რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ით გაზრდას ნიშნავს“, – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა და მიუთითებს, რომ სახელმწიფო დაფინანსება, სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს რუსეთს, მოახერხოს სამხედრო ინდუსტრიული ბაზის მობილიზება და იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებიც უკრაინაში ომის გამო წამოიჭრა.
„თუმცა წარმოება, შესაძლოა, წააწყდეს სირთულეებს, ნაწილობრივ დასავლური სანქციების, ნაწილობრივ კი გამოცდილების არქონის გამო. მაღალხარისხიანი ოპტიკისა და მოწინავე ელექტრონიკის წარმოება რუსეთში კვლავაც პრობლემად რჩება“, – დაზვერვის ვარაუდით, სწორედ ამის გამო რუსეთს ძალიან გაუჭირდება უკრაინაში დაკარგული აღჭურვილობისა და ტექნიკის ჩანაცვლება.
რაც შეეხება დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, დაზვერვა მიუთითებს, რომ რუსეთის არმიის ძალისხმევა კვლავაც კონცენტრირებულია სევეროდონეცკზე, ხარკოვის მიმართულებაზე კი რუსულმა ძალებმა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პირველად მიაღწიეს მცირე წარმატებას.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დაზვერვის ცნობებს ყოველდღიურად აახლებს. ტვიტერზე გამოქვეყნებულ გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, რომ მომავალი თვეების განმავლობაში, მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვის მცდელობები იქნება იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის, რომლებიც ამ ომის კურსს განსაზღვრავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 32 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
ტანკი – 1 434 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 3 503 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 718 ერთეული [+11]
MLRS – 229 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 213 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 179 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 588 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 473 ერთეული [+13]
სპეცტექნიკა – 54 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
202 თვითმფრინავი
131 ვერტმფრენი
1 205 უპილოტო საფრენი აპარატი
338 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 548 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
521 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 947 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 605 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
მთავარი ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთმა ბრიგადამ ტაქტიკური სპეციალური წვრთნა ჩაატარა – იარაღებით წყლის ბარიერის გადალახვა; დაჭრილების ევაკუაცია წყალსაცავის გავლით; პატიმრების გადაყვანა საბაზო ბანაკში. ფოტო: უკრაინის გენშტაბი.
„აზოვის“ მებრძოლები, მესაზღვრეები, პოლიციელები და საზღვაო ქვეითები 16 მაისს „აზოვსტალიდან“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ამჟამად ტყვეობაში დაახლოებით 2500 უკრაინელი სამხედროა.
ევაკუაციის პირველ დღეებში ხელისუფლება აცხადებდა, რომ მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლიდნენ. რუსული მხარე თავიდანვე მიანიშნებდა, რომ გათავისუფლება მხოლოდ სასამართლოს შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ხელმძღვანელები კი უკრაინელი სამხედროებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის მოწყობასა და მათ სიკვდილით დასჯაზე ლაპარაკობდნენ.
Hromadske მოგითხრობთ, თუ რა არის ცნობილი „აზოვსტალის“ მებრძოლების 25-დღიან ტყვეობაზე და სად არიან ისინი ახლა.
„ძმასთან კავშირი საერთოდ არ გვაქვს“
გატანჯული, თუმცა ღიმილიანი სახით. ხელზე მეტალის კონსტრუქციით. ასეთია საზღვაო ქვეითის, მიხაილის 10 მაისს გამოქვეყნებული ფოტო, რომლის ავტორიც „აზოველი“ დმიტრო კოზაცკია. სწორედ ამ ფოტოდან შეიტყო ალიონამ, რომ მისი ძმა ცოცხალი იყო. ცოტა მოგვიანებით, მაისის დასასრულს, მან ნახა ვიდეოც, რომელშიც ჩანდა, როგორ გამოჰყავდათ მიხაილი „აზოვსტალიდან“.
საზღვაო ქვეითი მიხაილი „აზოვსტალიდან“/ფოტო: დმიტრო კოზაცკი
„იმ მოკლე ვიდეოში ის მაინც დავინახეთ, რომ საკუთარი ფეხით მიდიოდნენ. ხელზე მეტალის აპარატი ჰქონდა. ის მძიმედ დაჭრილ ტყვედ მიიჩნევა. აი, სულ ესაა მთელი ინფორმაცია, რაც ძმაზე ვიცი. ჩვენ არავინ დაგვკავშირებია, მხოლოდ „ვოლინას“ დას ველაპარაკები ხოლმე. მანაც ჩემსავით არაფერი იცის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე უნდა იყოს,“ – ამბობს ალიონა.
მსგავსი პრობლემა აქვს „აზოვსტალის“ დამცველების ახლობელთა უმრავლესობას. მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს ოჯახის წევრის ხმის გაგონება. ევგენი სუხარნიკოვს, „აზოვის“ მებრძოლის მამას, დიდი ხანია, შვილზე არანაირი ინფორმაცია არ მიუღია – მან რუსების გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოებშიც კი ვერ მოახერხა, თვალი მოეკრა შვილისთვის.
„წითელი ჯვრის წარმომადგენელმა დაურეკა ჩემს რძალს, თუმცა ფაქტობრივად, არაფერი უთქვამთ. მხოლოდ ის, რომ საკონტაქტო ინფორმაციას ამოწმებდნენ. სულ ეს იყო. მედიიდანაც მხოლოდ ის ვიცით, რომ ჩვენების გათავისუფლების საკითხებზე უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო მუშაობს,“ – გვეუბნება ევგენი.
ანასტასია, კიდევ ერთი „აზოველი“ ოფიცრის საცოლეა. საქმროზე მანაც არაფერი იცის. ჯერ კიდევ ტყვეობამდე გაიგო, რომ ფეხში იყო დაჭრილი და პირველი ოპერაცია „აზოვსტალის“ ჰოსპიტალში ჩაუტარეს.
„ასეთი ტრავმითაც კი აგრძელებდა მუშაობას. ყავარჯნებით დადიოდა, ფეხს ვერ ადგამდა. კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ მაშინ ეს შეუძლებელი იყო. ჰოსპიტალი დამომბეს, მედიკამენტები აღარ დარჩათ.“
“წამლები, ტანსაცმელი და კბილის ჯაგრისებიც კი არ ჰყოფნით“
„აზოვსტალიდან“ გამოსული დაჭრილები ნოვოაზოვსკის (დონეცკის დროებით ოკუპირებულ ქალაქში) კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენები კი დროებით ოკუპირებულ ელენოვკაში – №120 კოლონიაში.
„აზოვის“ მებრძოლს, ალექსანდრ კალაშნიკს, მისი მეგობარი გოგო უკანასკნელად 18 მაისს ესაუბრა, იმ დღეს, როდესაც ალექსანდრი ქარხნიდან გაიყვანეს.
„როგორც ყოველთვის, მაშინაც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგადა იყო. მას შემდეგ, მასზე არაფერი ვიცი. ზოგიერთ ნათესავს დაურეკეს ჩვენმა სამხედროებმა, ყველანი ამბობდნენ, რომ ელენოვკაში არიან. საკვები და წყალი არასაკმარისია. მინიმალური ჰიგიენაც კი არაა, რადგან საკანში ძალიან ბევრი ადამიანია. წამლები, ტანსაცმელი, კბილის ჯაგრისებიც კი არ ჰყოფნით,“ – ჰყვება თამარა პროცენკო.
მარიუპოლის დამცველთა ოჯახის წევრები ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ წითელ ჯვარსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მათ კოლონიაში წამლების, ტანსაცმლისა და ჰიგიენის ნივთების შეტანა შეძლონ.
„აზოვსტალის“ მებრძოლების მდგომარეობაზე, ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ისაუბრა „აზოვის“ მეთაურის დენის პროკოპენკოს ცოლმა, ეკატერინა პროკოპენკომ: „ჯერჯერობით არ ვიცი, არის თუ არ იქ მესამე მხარე. ჩვენ არანაირი ანგარიში, ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება არ გვაქვს. რეალურად არ ვიცით, რა პირობებია. ჩვენ მხოლოდ ის ფოტოები და ვიდეოები გვაქვს, რომლებსაც რუსები ავრცელებენ. ამ ვიდეოებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იქ მხოლოდ რუსული მხარეა. არადა, ჩვენ გვჭირდება მესამე, დამოუკიდებელი მხარე, რომელიც რეალურ სურათს გვიჩვენებს.“
„მორიგეობით სძინავთ“
ტატიანა კატრიჩენკო, უფლებადამცველი ორგანიზაციის კოორდინატორია. გვიყვება, რომ იმ ადამიანები მონათხრობით, ვინც ელენოვკაში ყოფილა, იზოლატორი გადავსებულია.
„ჩვენი ინფორმაციით, კოლონია ელენოვკაში ჯერ კიდევ შარშან გამოათავისუფლეს. იქიდან ყველა სხვა კოლონიებში გადაიყვანეს. ეს იზოლატორი დაახლოებით ათას ადგილზეა გათვლილი, თუმცა თუ იმ სამხედროებისა და მოქალაქეების მონათხრობს დავეყრდნობით, რომლებიც „აზოვსტალის“ ევაკუაციამდე დააკავეს, ორკაციან საკნებში 12-17 ადამიანი ჰყავთ. იძულებულები არიან, მორიგეობით დაიძინონ. დაჯდომა შეუძლებელია“.
შეუძლებელია იმის თქმა, „აზოვსტალიდან“ გაყვანილი ყველა სამხედრო ელენოვკაშია თუ არა. რუსული მედია წერდა, რომ უკრაინელი სამხედროების ნაწილი ტაგანროკში და დონის როსტოვში გადაიყვანეს.
დაჭრილი მებრძოლი, აზოვსტალი/ფოტო: დმიტრო კოზაცკი
„საზღვაო ქვეითები, რომლებიც აპრილიდან ტყვეობაში არიან, თავიდან ელენოვკის იზოლატორში ჰყავდათ, თუმცა შემდეგ ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, ნაწილი კი – ყირიმში.
„აზოვსტალის“ ზოგიერთი სამხედრო შეიძლება ელენოვკაში იყოს, მაგრამ ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთი მათგანი რუსეთის ტერიტორიაზე ან ყირიმში გადაიყვანეს, რადგან რუსებს ეს ადრეც გაუკეთებიათ. ჩვენი სამხედროები ბრუნდებოდნენ ტყვეობიდან რუსეთის ტერიტორიებიდან: ბელგოროდიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან, როსტოვიდან.
იმ ჩვენებების თანახმად, რომლებიც ორგანიზაციას აქვს, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებულ კოლონიებში გაუსაძლისი პირობებია: ობი, სინესტე, უშუქობა, სიცივე და ბაღლინჯოები საკნებში.
ჩვენ ასევე ველაპარაკეთ მოქალაქეს, რომელიც ჯერ დონეცკის იზოლატორში იყო, შემდეგ კი ელენოვკაში. მან გვითხრა, რომ იქ სამხედროებს გაცილებით ცუდად ექცეოდნენ, ვიდრე მოქალაქეებს. მათ ელექტროშოკებით აწამებდნენ.
ტყვეობიდან გათავისუფლებული არაერთი სამხედრო ჰყვება, რომ მასზე ფიზიკურად არ ძალადობდნენ, თუმცა გაუსაძლის პირობებში და მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ,“ – გვიხსნის ტატიანა კატრიჩენკო.
„დონეცკში სიკვდილით დასჯა აქვთ“
საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, „აზოვსტალიდან“ გამოსულ და რუსეთის მძევლად მყოფ მებრძოლებს სამხედრო ტყვის სტატუსი აქვთ.
„თუ ერთი მხარის შეიარაღებული ძალები მეორე მხარის კონტროლქვეშ იმყოფებიან, ჟენევის კონვენციით, ისინი სამხედრო ტყვეები არიან“, – გვიხსნის ანდრეი იაკოვლევი, ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრის ადვოკატი.
ეს ნიშნავს, რომ ისინი უნდა ჰყავდეთ ისეთივე პირობებში, როგორც რუსი ტყვეები უკრაინაში. რუსი სამხედრო ტყვეებისთვის სპეციალური ბანაკები ქვეყანაში მარტიდან გაჩნდა. ერთი რუსი ტყვის შენახვაზე სახელმწიფო თვეში 3 ათას გრივნამდე ხარჯავს. იმ სამხედროებისთვის, რომელთა გაცვლაც უახლოეს მომავალში არ იგეგმება, საგანგებო ბანაკი უკრაინის დასავლეთ ნაწილში მოეწყო.
უკრაინელი სამხედრო ტყვეების დონეცკის ტერიტორიაზე ყოფნა, შესაძლოა, მათთვის საშიში იყოს – აღნიშნავს ევგენი კრაპივინი, პოლიტიკურ-სამართლებრივი რეფორმების ცენტრის ექსპერტი.
„საერთაშორისო სამართალი ამბობს, რომ სამხედრო ტყვეები მაქსიმალურად მოშორებული უნდა იყვნენ საბრძოლო მოქმედებების ზონას და საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეთ. დონეცკის ტერიტორიაზე კი ახლა საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, ხოლო როდესაც უკრაინელთა კონტრშეტევა დაიწყება, ვითარება კიდევ უფრო გართულდება.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისგან განსხვავებით, დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის კანონმდებლობით, დაშვებულია სიკვდილით დასჯა. გაბედავენ თუ არა ამ სასჯელის გამოყენებას – ამის პროგნოზი სრულიად შეუძლებელია“.
„უკანონოა ჩვენი სამხედროების გასამართლება იმისთვის, რომ თავს იცავდნენ“
25 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ რუსეთი სასამართლოს გამართვას და „აზოვსტალი“ მცველი უკრაინელი სამხედროებისთვის განაჩენის გამოტანას გეგმავს.
„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სამხედრო ტყვის სტატუსი მასზე ნებისმიერ ძალადობას და შურისძიებას გამორიცხავს. თუ სამხედრო იბრძოდა, მაგრამ ომის დანაშაული არ ჩაუდენია – არ დაურღვევია ომის კანონები და წესები – მას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ამას ეწოდება კომბატანტის იმუნიტეტი, პრივილეგია. მათი დაკითხვა არ შეიძლება, შეიძლება მათი დაკავება მხოლოდ გაცვლამდე, ომის დასრულებამდე და შემდგომ რეპატრიაციამდე,“ – განმარტავს ევგენი კრაპივინი.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფ ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს 9 ივნისს დონეცკში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
თუ სამხედრო არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, ომის კანონებსა და წესებს – მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ლაპარაკი სასამართლოსა და ომის დანაშაულებზე.
„შიშიმარინი გაასამართლეს არა იმიტომ, რომ ის საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ იმიტომ, რომ მან მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა – ეს ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევაა. ჩვენი სამხედროების გასამართლება იმის გამო, რომ ისინი თავს იცავდნენ – უკანონოა,“ – ამბობს ანდრეი იაკოვლევი.
თუმცა რუსებმა დიდი ხანია დაიწყეს „აზოველთა“ წინააღმდეგ „მტკიცებულებათა ბაზის“ მზადება. ისინი დაკითხვებს უწყობენ უკრაინელებს, რომლებიც გადიან ფილტრაციას ან ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას. მათ ეკითხებიან, იცნობენ თუ არა „აზოველებს“, უნახავთ თუ არა როგორ „სჩადიოდნენ ისინი დანაშაულს“ მათ ქალაქში. ხშირად ზეწოლის ქვეშ მყოფი მოქალაქეები იძულებული იყვნენ, ხელი მოეწერათ სრულიად ყალბი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტებისთვის.
„რა იქნება შემდეგ, არავინ იცის“
26 მაისს რუსეთის უზენაეს სასამართლოს უნდა განეხილა „აზოვის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი აკრძალვის საქმე. განხილვა 29 ივნისისთვის გადაიდო.
„საერთაშორისო სამართლისა და სამხედრო ტყვეების სტატუსის საწინააღმდეგოდ, მიიჩნევენ, რომ ჩვენი სამხედროები – ნეონაცისტები არიან და მათ ჩაიდინეს დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ამ ისტორიის მაქსიმალური საჯაროობა სურს. ცდილობენ, „აზოველები“ ომის დამნაშავეებს გაუთანაბრონ და ამასთან ერთად, არ თქვან კონკრეტულად რა დანაშაულები ჩაიდინეს და რით მტკიცდება ეს,“ – ამბობს ევგენი კრაპივინი.
„როგორც კი „აზოვს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანენ, აღარ დასჭირდებათ იმის მტკიცება, თუ რა ჩაიდინა კონკრეტულმა მებრძოლმა. ისიც საკმარისი იქნება, რომ ის პოლკის წევრი იყო.“
როგორ განვითარდება მოვლენები და რას იზამს რუსეთი, ევგენი კრაპავინის აზრით, ამის პროგნოზირება შეუძლებელია:
„არავინ იცის, რა იქნება: იქნება დაკითხვები და შემდეგ გაცვლის პროცესი, დაკითხვები, სასამართლო და სასჯელის მოხდა, თუ იქნება საჩვენებელი ტრიბუნალი დონეცკში. ბევრი ვარიანტია.“
თარგმნა: თამარ რუხაძე
მთავარი ფოტო: დაჭრილი უკრაინელი მებრძოლი ნოვოაზოვსკის კლინიკაში, 18 მაისი, 2022/ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური
ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 14 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმის რამდენიმე ქუჩას, ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელს:
ბათუმში 11:00-დან 17:00 საათამდე დენი გაეთიშება აბონენტებს ნინოშვილის, ჟღენტის, დუმბაძის, კ.გამსახურდიას ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე ზღისპირა პარკსა და ურეხში.
13:00-დან 18:00 საათამდე – წერეთლის, ჭავჭავაძის, კალიევის, ჯორჯიაშვილის, ბერიძის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებს.
ხელვაჩაურში 11:00-დან 18:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს სოფლებში – აჭარის აღმართი, ზედა ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი, ქოქოლეთი, მაჭახლისპირი, ქედქედი და მიმდებარე სოფლები.
11:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს: ახალსოფელი, ავგია, ჭარნალის, გონიო და მიმდებარე სოფლები. დროის ამ მონაკვეთში დენის მიწოდება შეწყდება აფსაროსის გზატკეცილზე, მირიან მეფისა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე აეროპორტის დასახლებაში.
11:00-დან 18:30 საათამდე – ავგიას, გონიოს, ახლსოფლის დასახლებას, აფსაროსის გზატკეცილს, მირიან მეფის და მიმდებარე ქუჩებს.
ქობულეთში 12:00- დან 17:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს შემდეგ სოფლებში: ხუცუბანი, სამება, მუხაესტატე, წყავროკა, ოჩხამური და მიმდებარე სოფლები.
არმენ ოგანესიანი 35 წლის მეთოჯინე და მეზღაპრეა მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანიდან. საკუთარი კერძო სახლის ერთ ოთახში მარიონეტების თეატრი გამართა, სპექტაკლებსაც თავად დგამს და სხვადასხვა სოფელში დადის საკუთარი თეატრით.
„სპექტაკლზე ხანდაზმულებიც მოდიან ხოლმე, მოჰყავთ ძალიან მოხუცებიც, პირველად ვართ თეატრში და შენ რომ არ ჩამოსულიყავი, ისე ჩაივლიდა ჩვენი ცხოვრება, მარიონეტების თეატრს თვალითაც ვერასდროს ვნახავდითო. ბავშვების თეატრად ჩავიფიქრე, მაგრამ ყველას თეატრი გამოვიდა“ – გვიყვება არმენი.
არმენის თეატრი/facebook
მარიონეტების თეატრი არც არმენს ჰქონდა ნანახი, როცა ბავშვობაში თოჯინების კეთება დაიწყო.
უშუქობაში ჩრდილებთან თითებით თამაში მისთვის შთაგონების წყაროდ იქცა:
„დედა სულ გვიკითხავდა მე და ჩემს ძმას ზღაპრებს, თუმცა ჩრდილებით თამაში და ჩემივე ზღაპრებისთვის თოჯინების დამზადება მერჩია. კითხვა ცოტა მოგვიანებით შემიყვარდა.
უშუქო და ბნელი, ჩრდილებით სავსე დიდი სახლი, ფერადი ფარდაგებით, ხალიჩებით მოფენილი მისტიკურ გარემოდ მეჩვენებოდა.
ბავშვობიდანვე მქონდა ჩემივე გაკეთებული პატარა თეატრი და მშიერივით ვიყავი, რაღაც სასტიკად მაკლდა და არარსებულ, სასურველ სამყაროს თავად ვქმნიდი.
შაუმიანი გამორჩეული დაბაა, ფარაჯანოვის ფილმების ფერებით და განწყობით. აქ ხალხი იტალიურ ეზოებში ცხოვრობს, მრავალფეროვანი, სხვადასხვანაირი ხალხია ერთ დაბაში, სომხები, აზერბაიჯანელები და ცოტაც ქართველები. აივანზე საღამოობით ქალები სხდებიან, დაბა ერთ დღეს მშვიდად ცხოვრობს, მეორე დღეს ჩხუბი და აურზაურია.
ჩემს თოჯინებს ეს ხალხი შთამაგონებდა, მათ არ ჰქონდათ კავშირი ხელოვნებასთან და თეატრთან, მაგრამ ჩემთვის ნამდვილი მსახიობები იყვნენ, თეატრს ქმნიდნენ ყოველდღიურობით, ყოველდღე სპექტაკლი თამაშდებოდა“ – იხსენებს 35 წლის მეთოჯინე და მხატვარი.
არმენ ოგანესიანის თოჯინები/facebook
„თუ გინდათ მე-19 საუკუნის თბილისის მსგავსი ცხოვრება საკუთარი თვალით ნახოთ, შაუმიანში უნდა ჩამოხვიდეთ“ – გვეუბნება არმენი. მისი თქმით შაუმიანში ახლაც არის მაღაზიები და ადგილები, სადაც ან მხოლოდ კაცები დადიან, ან მხოლოდ ქალები.
არმენი გვიყვება, რომ შაუმიანში ერთი დიდი, სასახლესავით შენობა დგას, სადაც ახლა ბიბლიოთეკაა. მთელმა დაბამ იცის, რომ აქ ნიკო ფიროსმანი მამასთან ერთად ცხოვრობდა ბავშვობაში, მირზაანში დაიბადა, მაგრამ მამამისი შაუმიანში მუშაობდა და ბიჭი თან ჰყავდა ხოლმე.
„ნიკალას ნახატები შაუმიანის გარემოს და ფერებს მახსენებს, დღემდე ასეთი დაბაა შაუმიანი, რომ ჩამოხვიდეთ, ნახავთ. სულ მივდივარ იმ დიდ შენობასთან, სადაც ამბობენ, რომ ნიკალა ცხოვრობდა მამასთან ერთად ბავშვობაში, ვჩერდები და ვუყურებ“ – ამბობს არმენი.
დაბა შაუმიანში სკოლის დამთავრების შემდეგ არმენი ერევანში წავიდა სასწავლებლად, მხატვარ-დიზაინერის ფაკულტეტზე ჩააბარა. ქართულად ვერ საუბრობდა, ვერ წერდა, არც სასწავლო პროგრამები არსებობდა ეთნიკური უმცირესობებისთვის.
სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თბილისში იპოვა სამსახური, ქართულად წიგნების კითხვა დაიწყო, ბევრი მეგობარი გაუჩნდა და სასაუბრო ენაც ისწავლა.
თავიდან ძალიან უჭირდა საუბარში ჩართვა, ფიქრობდა, რომ შეცდომების შემთხვევაში დასცინებდნენ მაგრამ მეგობრები ეხმარებოდნენ სწორად გამოეთქვა ფრაზები.
„ვსაუბრობ ქართულად, მაგრამ ინტეგრირებული ვარ მთლიანად-მეთქი, მაინც ვერ ვიტყვი.
ქართულად ისევე თავისუფლად ვერ ვწერ, როგორც ვლაპარაკობ და ამიტომ არ შემიძლია ჩემი თეატრისთვის პროექტები ვწერო. ძალიან მიჭირს, კარგი იქნებოდა ქართული ენის შემსწავლელი ცენტრები ან ქართულის მასწავლებლები იყვნენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.
როგორც კი ჩამოვედი საქართველოში, გადავწყვიტე თეატრი გამეკეთებინა. ვფიქრობდი, ვინ იცის, სოფლებში რამდენი ბავშვია, ვინც ჩემსავით ელოდება მარიონეტების თეატრის გამოჩენას-მეთქი. ჩემი თეატრი უკვე 4 წლისაა.
„მარკეტში მისი მორიგეობა იწყებოდა 5 საათზე და იქ მიდიოდა ფეხით, როცა ეს ამბავი მოხდა,“ – ამბობს ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დაშავებული 20 წლის გიორგის და [რადგან ოჯახის სხვა წევრებმა გიორგის შემთხვევის შესახებ არ იციან, დაშავებულის ოჯახის წევრის ვინაობას არ ვასახელებთ – რედ]. გიორგის კეფაში მოხვდა მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი და გონება ადგილზე დაკარგა.
გიორგი ამ დრომდე უგონოდაა BAU-ს კლინიკაში, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
გიორგი გ. სტუდენტია და სწავლის პარალელურად ერთ-ერთ მარკეტში კონსულტანტად მუშაობს, ზოგჯერ საღამოს ცვლაშიც მორიგეობს, ღამის თორმეტის შემდეგ კი, მეცადინეობა უნდა მოასწროს. გუშინაც საღამოს მორიგეობა უწევდა გიორგის, თუმცა სამსახურში მისვლამდე სულ რამდენიმე წუთით ფეხით მიმავალს თავში მოხვდა მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთი. ასე მოხდა იმიტომ, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებას და არც ბიზნესს არ ეყო პასუხისმგებლობა, უსაფრთხოების პირობა შეექმნა.
20 წლის გიორგი აჭარის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდანაა, ის ბათუმში ნათესავთან ცხოვრობს.
გიორგის ნეიროქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ის ისევ კომაშია, რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმები კი, მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც მძიმეს.
„დავიწყეთ მოკვლევა“, – აცხადებენ შრომის ინსპექცია და მუნიციპალური ინსპექცია, რომლებსაც აქამდეც ევალებოდათ იმის გარკვევა, რამდენად დაცულია მშენებლობაზე უსაფრთხოება ისე, რომ იქვე, ქუჩაში გამვლელი ადამიანი არ დაშავდეს. გიორგის ამბავზე გუშინ დაიწყო გამოძიებაც, თუმცა ამ ეტაპზე ვერც კომპანია და ვერც საჯარო უწყებები ვერ პასუხობენ კითხვას: რატომ დაშავდა ქუჩაში ფეხით მოსიარულე კაცი მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთით, თუ სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო?
მშენებარე კორპუსი, საიდანაც ჩამოვარდნილი ძელისგან გიორგი დაშავდა, კომპანია „DS ჯგუფს“ ეკუთვნის. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კობალაძის 18-ში მშენებარე კორპუსზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ვერ დააფიქსირა 2021 წლის ნოემბრიდან დღემდე იმის მიუხედავად, რომ „პერიოდულად მოწმდებოდა ობიექტის უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობა“.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში თქვეს, რომ 2019 წელს დააფიქსირეს ამ მისამართზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, კომპანია დაჯარიმდა კიდეც, თუმცა 2021 წლის 19 ნოემბერს საქმისწარმოება შეწყდა, რადგან „სამართალდარღვევა აღმოიფხვრა“.
როგორ იყო დაცული და კანონთან შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები მშენებარე კორპუსზე, როცა ქუჩაში ფეხით ადამიანს მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთი თავში მოხვდა და მძიმედ დაშავდა? – კითხვა ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში უპასუხოდ დატოვეს.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს ობიექტის შესწავლა უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ,“- გვითხრეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში.
საქართველოს შრომის ინსპექციაში კი გვითხრეს, რომ მშენებლობა შეაჩერეს, ვიდრე მოკვლევა არ დასრულდება და არ დადგინდება, დარღვეულია თუ არა უსაფრთხოების კანონით განსაზღვრული ნორმები. შრომის ინსპექციაში ამ ეტაპზე ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია, ამ დრომდე შემოწმდა თუ არა ეს სამშენებლო ობიექტი.
„კომპანიამ გვითხრა, რომ ყველაფერში დაგვეხმარებიან, ისინი იღებენ პასუხისმგებლობას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მძიმე დაშავებული გიორგის და.
კომპანია DS გრუპში, რომლის მშენებარე კორპუსიც არის კობალაძის 18-ში, გუშინ, 12 ივნისს, გვითხრეს ის, რაც მუნიციპალურმა ინსპექციამ თქვა: „უსაფრთხოების ნორმები დაცულია“. კომპანიის დირექტორთან გასაუბრება აჩვენებს, რომ იგი პასუხისმგებლობას უფრო ქარს უკავშირებს – „ურაგანო ამოვარდაო,“ ჩვენთან საუბარიც ასე დაიწყო ოთარ ბერიძემ, DS გრუპ-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.
„არ ვიცით, რა მოხდა, ჩვენც ვცდილობთ გავიგოთ და ახლა ვიკვლევთ… უცებ მოვარდა ურაგანი. ეს ნივთი, რაც იმ ბიჭს მოხვდა თავში, ნამდვილად მშენებლობაზე გამოიყენება, მაგრამ არ ვიცი, ჩვენგან თუ ჩამოვარდა ნამდვილად… ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების ნორმები დაცული, ბადეც გვაქვს და არასდროს დავუჯარიმებივართ,“ – გვითხრა ოთარ ბერიძემ, DS გრუპის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა 12 ივნისს.
22-სართულიან მშენებარე კორპუსზე, საიდანაც ხის ძელი ჩამოვარდა, სამშენებლო ბადე მხოლოდ ორ სართულზეა მოწყობილი – ერთი კორპუსის მე-14 სართულზე, ხოლო მეორე იქ, სადაც ახლა მშენებლობა გრძელდება. კომპანიის ხელმძღვანელი, ოთარ ბერიძე ამბობს, რომ მას კანონის მოთხოვნის შესაბამისად აქვს სამშენებლო ბადეები მოწყობილი და არ იყო ვალდებული კორპუსი მთლიანად შეეფუთა სამშენებლო უსაფრთხოების ბადით.
„დიდი ალბათობით იქ, შესაძლოა, ყოფილიყო დარჩენილი სამშენებლო ნარჩენი, რაც ძალიან ხშირი შემთხვევაა ჩვენს სამშენებლო ინდუსტრიაში და შესაძლოა ეს გადმოვარდა. ხშირად ასეთ ნივთებს ტოვებენ იქ, სადაც მუშაობა დაასრულეს,“ – ეს დავით თხელიძის ვერსიაა, რომელიც შრომის უსაფრთხოების კომპანიის „საფკოს“ თანადამფუძნებელია და ვესაუბრეთ პრაქტიკაზე, როცა მხოლოდ მშენებლობაზე კი არა, მშენებლობასთან ახლოს ქუჩაში გავლაც საფრთხის შემცველი ხდება.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი რამდენიმე პრობლემას ასახელებს, რაც მისი დაკვირვებით სამშენებლო ინდუსტრიას ახასიათებს, მათ შორის, შრომის კულტურა, რაც ხშირად დამსაქმებელს არ აქვს, ანუ ადამიანს, ვისთვისაც სამშენებლო ბიზნესი გამდიდრების წყაროა.
„რაც მოხდა ბათუმში, ამ საკითხს სჭირდება მოკვლევა და შესაბამისად, მოკვლევით უნდა დადგინდეს, რა მოხდა,“ – გვიყვება დავით თხელიძე. – „ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე პროექტის დაგეგმვის ეტაპზე მუშავდება რისკების შეფასების დოკუმენტი, გეგმა, რომლის საფუძველზეც იქმნება შემდეგ დაცვის სისტემები. ამ სისტემებმა უნდა უზრუნველყოს რისკების მინიმუმამდე დაყვანა. სისტემა უნდა ითვალისწინებდეს, როგორც მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების, ასევე ნებისმიერი პირის უსაფრთხოებას, რომელიც შესაძლოა მშენებლობის არეალში აღმოჩნდეს.
გარე სივრცეები რომ დავიცვათ, ამისთვის საუკეთესო საშუალებაა კოლექტიური დაცვის საშუალებები, მაგალითად, ბადეები, ბარიერები, მოაჯირები… თუმცა მთლიანი ბადის მოწყობას ცალსახად არ ითხოვს 477-ე ტექნიკური რეგლამენტი. კანონი ამბობს, რომ რისკის შეფასების შესაბამისად უნდა დადგინდეს კონკრეტული ღონისძიების საჭიროება. პროცესის მონაწილეებმა უნდა განსაზღვროს, რა ტიპის ბადე სჭირდება სამშენებლო ობიექტს, რა იქნება რაციონალური კონკრეტული ობიექტისთვის…
მე ვფიქრობ, კანონს გამკაცრება ამ კუთხით არ სჭირდება და საერთაშორისო პრაქტიკაც ასეთია – რისკების შეფასების ეტაპზე უნდა განისაზღვროს, რა არის საჭირო. კანონის წინაშე დამსაქმებელი ვალდებულია, რომ ყველა რეალური რისკი ჰქონდეს შეფასებული“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით თხელიძემ.
რატომ არ შეიძლება ბადით მთლიანად დაიფაროს სამშენებლო ობიექტი? – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი განმარტავს, რომ ეს პრაქტიკა არსებობს ძირითადად მოპირკეთების ეტაპზე, როცა ადამიანის, ან სამშენებლო ნივთების ვარდის ალბათობა დიდია.
„ხოლო როცა მონოლითური სამუშაო მიმდინარეობს, ამ ტიპის ბადეების გამოყენებამ შესაძლოა უკუსაფრთხე მოგვიტანოს, მაგალითად, შექმნას ხილვადობის პრობლემა,“ – დასძინა დავით თხელიძემ.
რაც შეეხება ქარს, რა დროსაც ქუჩაში მიმავალ გიორგის თავში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი მოხვდა – უსაფრთხოების სპეციალისტი ამბობს, რომ ქარის და სხვა ბუნებრივი მოვლენის რისკის შეფასება დოკუმენტში უნდა იყოს გაწერილი.
„ქარი და წვიმაც არის სავარაუდო რისკი, თუმცა არსებობს არარეალურად სავარაუდოდ რისკებიც, რაც შესაძლოა დინამიკაში გამოჩნდეს და თავიდან ვერ დავინახოთ, მაგალითად, როცა არანორმალურ ქარზე ვსაუბრობთ, ქარიშხალზე, რომელიც მოგლეჯს ბადეებს და მოაჯირს,“ – განმარტა დავით თხელიძემ, შრომის უსაფრთხოების კომპანიის „საფკოს“ თანადამფუძნებელმა.
დავით თხელიძე, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში უწევს კომუნიკაცია დამსაქმებელსა და მშენებლებთან, გვიზიარებს კიდევ ერთ დაკვირვებას:
„ხშირად იურისტებს უფრო ენდობიან დამსაქმებლები, ვიდრე შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს. ფიქრობენ, რომ რადგან ეს გაწერილია საკანონმდებლო ნორმებში, იურისტები უკეთ გაერკვევიან ამაში, მაგრამ ამ რისკების დანახვას და შეფასებას სხვა კვალიფიკაცია სჭირდება… არსებობენ ისეთი დამსაქმებლებიც, რომლებსაც ხარჯის გაღება არ უნდათ, რაც საერთოდ ამორალურობაა“.
როგორ უნდა მოვუაროთ ჭრილობას კბილის ამოღების შემდეგ? სიფრთხილის რა ზომების დაცვაა საჭირო? – კლინიკა „როგოს“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე განმარტავს, რომ რეაბილიტაციის პროცესში, ჭრილობის დაინფიცირებისგან დასაცავად, აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების სწორად შესრულება. მას ვესაუბრეთ თემაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ კბილის ამოღების შემდეგ.
ბატონო თენგიზ, რა დროა საჭირო კბილის ამოღების შემდეგ ჭრილობის შესახორცებლად?
ღრძილის პირველადი დახურვა, როცა ვიზუალურად მთლიანად იხურება ღრძილი, 2-3 კვირაში ხდება, თუმცა ძვლოვანი სტრუქტურის აღდგენას კბილბუდეში დაახლოებით 4-დან 6 თვემდე დრო სჭირდება,
კბილის ამოღების შემდეგ შეხორცების პროცესი ყველა კბილზე ერთნაირია?
ეს პროცესი ინდივიდუალურია. მაგალითად, საღეჭი კბილების მიდამოში, სადაც კბილის ამოღების შემდეგ დიდია დეფექტი/ჭრილობა, შედარებით დიდი დრო სჭირდება შეხორცებას.
წინა ფრონტალურ მიდამოში, ერთფესვიანი კბილების მიდამოში, დაახლოებით 10 დღე-ორი კვირაა საჭირო შეხორცებისთვის.
განსაკუთრებით რთულად რეაბილიტირდება ქვედა სიბრძნის კბილები, რადგან ძლიერ უკან დგას, ყლაპვის დროს საკვების ნამცეცი მარტივად რჩება და აქედან გამომდინარე მეტია რისკი ანთებითი პროცესების განვითარების, რადგანაც ხშირად ინფიცირდება ჭრილობა.
ზოგადად, სხვა კბილებთან შედარებით, ქვედა ყბის კბილები უფრო რთულად შუშდება. ამას რამდენიმე რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ის, რომ ქვედა ყბა ნაკლებად მარაგდება სისხლით, დიდი დრო სჭირდება ამ პროცესს, თანაც, მეტია რისკი გართულების და ა.შ.
ამოღებიდან რამდენ ხანში ჩერდება სისხლი?
კბილის ამოღების შემდეგ სტანდარტულ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში, კბილბუდეში ტამპონი უნდა გაჩერდეს 20-30 წუთის განმავლობაში, ამ დროში ხდება კოლტის სტაბილიზაცია. ტამპონის გადაგდების შემდეგ, შესაძლოა ჟონვითი სისხლდენა ცოტათი კიდევ გაგრძელდეს დაბუჟების გადასვლამდე. თუ არ მოხდა მაპროვოცირებელი ზეგავლენა ამ კბილბუდეზე – არ შეიძლება იმ დღესვე სავლები, პირის ღრუს გამორეცხვა, საკვების დაღეჭვა/მოხვედრა იმ მხარეს და ცხელი სასმელები.
ამ პროცესში როგორ ვუვლით, რა არის საჭირო?
პირველ დღეს აუცილებელია მივირთვათ უფრო თხიერი საკვები, მაგალითად, ფაფები, მაწონი, წვენები, რასაც პირდაპირ ვყლაპავთ და არ ქმნის ან ნაკლებად ქმნის რისკს, რომ ნამცეცები დარჩეს პირის ღრუში.
მეორე დღიდან დღეში 3-ჯერ ანტისეპტიკური სავლები უნდა გამოივლოთ, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის სავლები – ქლორჰექსიდინის შემცველი და მის გარეშეც.
ბავშვებში, ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის არ შეიძლება სპირტის შემცველი სავლები, ამ შემთხვევაში ვურჩევთ ბუნებრივ, გვირილის, ან სოდიან სავლებს. სხვა დანარჩენ სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის, პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები ინიშნება სამჯერ დღეში, 5-7 დღის განმავლობაში.
რა არ შეიძლება რეაბილიტაციის პროცესში?
კბილის ამოღების შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, არ არის სასურველი სავლების გამოყენება, არც ცხელი საკვების მიღება, რათა მოხდეს სისხლის კოლტის სტაბილიზაცია.
პირველ რიგში, კბილის ამოღების შემდეგ, იმ მხარეს დაახლოებით 7-10 დღე საჭმელი არ უნდა დავღეჭოთ მეზობელი კბილებით, რადგან საკვების ნამცეცები ჩაიბეჭდება და უფრო გართულდება. როცა კბილბუდის პირველი სტაბილიზაცია მოხდება, 10 დღის შემდეგ, თუ კომფორტული იქნება, შეგვიძლია ნელ-ნელა დავიწყოთ საკვების დაღეჭვა იმ მხარეს.
კბილის ამოღებიდან მეორე დღესვე ჩვეულებრივად შეგვიძლია კბილების გაწმენდა, რა თქმა უნდა, კბილბუდის მიდამოში ეს უნდა მოხდეს ნაკლებად აგრესიულად, ნაზად. ცოტა დისკომფორტი შესაძლოა გვქონდეს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამოღებული კბილის ირგვლივ მეზობელი კბილები კარგად გავიწმინდოთ, რადგან ნადები ასევე ხელს შეუწყობს კბილბუდის ანთებით პროცესს, გართულებას.
რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს?
პირველი 1-2 დღე დისკომფორტი და მცირე, ყრუ ხასიათის ტკივილი, ოდნავი ჟონვითი სისხლდენა სავლების დროს, აბსოლუტურად ნორმალურია. აი, როცა მესამე დღეს ამოღებული კბილი მტკივნეულია, თუნდაც შეშუპების გარეშე, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რადგან ეს კბილბუდე შესაძლოა იყოს დაინფიცირებული, წასული იყოს ანთებითი პროცესი, რასაც ჰქვია ალვეოლიტი.
ასეთ დროს არ შეიძლება თვითნებურად გავაგრძელოთ გამაყუჩებლების ან სხვა პრეპარატების მიღება. საქმე ის არის, რომ მხოლოდ ექიმს შეუძლია სწორად ამოასუფთაოს კბილბუდეში დარჩენილი საკვები ნამცეცები, ანტისეპტიკურად დაამუშაოს და მარტივად ალაგდება ანთებითი პროცესი. თუ ტრავმულია ამოღება, მეორე დღეს შეშუპება ნორმაა, მაგრამ როცა მე-3, მე-4 დღეს იწყებს შეშუპებას, ეს ნიშნავს, რომ ჭრილობა დაინფიცირდა და ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.
ექიმს უნდა მიმართოთ, თუ 3 დღის შემდეგ, ცუდი გემოს ან ცუდი სუნის შეგრძნება გაქვთ ამ კბილბუდიდან, ასევე, თუ შეწითლებულია კბილბუდის ჭრილობის კუთხეები. ახასიათებს პულსაციური ხასიათის ტკივილი, ან ყრუ ხასიათის ერთგვარი გადამცემი ტკივილი მთელი ყბის გასწვრივ, როცა მეზობელ კბილებსა და ზედა ყბას გადასცემს ტკივილს.
ჭრილობის ინფიცირების ნიშანია ასევე ტემპერატურის მატება 38 – 38.5 გრადუსამდე.
ბათუმის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი გაუგზავნა, სადაც დეტალურად გაწერა პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები. მერიის ინფორმაციით, ბათუმში უკვე გამოვლენილია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი 118 სახლი, სადაც 3000-მდე ოჯახი ცხოვრებს.
ამ სახლების მდგრადობა მერიის დაკვეთით სამხარეულის ექსპეტიზის ბიურომ შეისწავლა. მონაცემები არ არის საბოლოო და მათი რაოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს ახალ მისამართებზე მომავალში ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე.
მერიის მიერ გაწერილი წესის შესაბამისად, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა, ან პირებმა მერიას განცხადებით უნდა მიმართონ. განცხადებას თან უნდა დაერთოს წერილობითი თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების თაობაზე.
განმცხადებლებმა მერიას უნდა მიაწოდონ ასევე ინფორმაცია შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, ფართობისა და მდებარეობის შესახებ, შენობის ამსახველი ფოტოები და წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ აძლევენ უფლებას მერიას მიმართოს კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს გამორთონ წყლი, გაზი და დენი.
პროექტის განმახორციელებელი, ანუ მერია უზრუნველყოფს ავარიული სახლის ნაცვლად ახალი შენობა-ნაგებობის პროექტისა და დეტალური საპროექტო-საინჟინრო მომსახურების შესყიდვას კანონით დადგენილი წესით.
მომზადებული პროექტი უნდა შეთანხმდეს დაინტერესებულ პირებთან, ანუ ავარიული სახლის მესაკუთრეებთან.
ამასთან, აუცილებელია დაინტერესებული პირების თანხმობა, რომ ავარიული სახლის ჩანაცვლების შედეგად, შენობის საერთო ფართობის გაზრდის შემთხვევაში, მათ არ ექნებათ პრეტენზია [მათ შორის, გაზრდილი ფართობის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებაზე].
მერია უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან შესაბამისი პირობების შესრულება. ამასთან, ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით წარდგენილი დოკუმენტების სისწორისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება განაცხადის წარმდგენ პირებს, ანუ ავარიული სახლის მესაკუთრეებს.
ავარიული სახლების ჩანაცვლებისთვის საჭირო ღონისძიებები მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსდება.
ავარიული სახლების ჩანაცვლებისას, მერია უფლებამოსილია ასევე დაინტერესებული პირებს შესთავაზოს მერიის საბინაო ფონდში არსებული ბინა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ავარიული სახლის ჩანაცვლებისას, დაინტერესებული პირების საკუთრებაში არ იანგარიშება:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, ავტოფარეხი, სარდაფი, სხვენის ფართობი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებლად. სხვენის [შენობის ბოლო სართულის გადახურვის ზემოთ, გარე კედლებსა და ქანობიანი ან ბრტყელი სახურავის ფერდების შიდა ზედაპირებს შორის განლაგებული სივრცე] ფართობი იმ შემთხვევაშიც, თუ მისი საშუალო სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე 1.6 მეტრზე ნაკლებია.
ეს ფართობები მხოლოდ მერიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჩაითვალოს, თუ იგი კეთილმოწყობილია და ფაქტობრივად გამოიყენება საცხოვრებლად.
ავარიული სახლების ჩანაცვლების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირები, დადგენილი წესის შესაბამისად, მიიღებენ ბინის ქირის კომპენსაციას.
17 ივნისს, 11 საათზე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა უნდა გაიმართოს, ამ სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაც დაესწრება [წინა სხდომაზე ისინი არ მივიდნენ]. ენმ-ის ფრაქცია სხდომაზე მერის, არჩილ ჩიქოვანის დასწრებას ითხოვს. საკრებულოს წევრები – რეზო ხარაზი და ალექსანდრე ვარშალომიძე აცხადებენ, რომ მერთან კითხვები დაუგროვდათ.
„ამ დრომდე მხოლოდ ერთი სხდომა შედგა, როცა გადაინაწილა „ოცნებამ“ თანამდებობები, შემდეგი სხდომის დღის წესრიგითაც ცდილობენ მოაგვარონ მათი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე პრობლემები. ხალხის პრობლემები არსად ჩანს“, – ამბობს ალექსანდრე ვარშალომიძე.
საკრებულოს წევრი ენმ-დან რეზო ხარაზი კი მერის კვარტალურ ანგარიშს და სახელმწიფო აუდიტის მიერ ამ ანგარიშის შეფასებას ითხოვს.
„მაინტერესებს საკრებულოს წევრებს „ოცნებიდან“ აქვთ თუ არა მერთან კითხვები, მაგალითად, სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ან მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ წევრებსაც სურთ მერის მოსმენა. „ოცნებას“ მოვუწოდებ მოიწვიოს ქალაქის მერი, დავსხდეთ და მოვისმინოთ მისი მოსაზრებები იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ქალაქში არსებობს.“
წინა მოწვევის საკრებულოს სხდომებს არჩილ ჩიქოვანი ხშირად ესწრებოდა, ის სხდომაზე დასრულებამდე რჩებოდა და საკრებულოს წევრების კითხვებსაც სცემდა პასუხს. მერი ანგარიშვალდებულია საკრებულოსთან, როგორც მაკონტროლებელ ორგანოსთან, ის ასევე ვალდებულია წარადგინოს მოთხოვნილი კვარტალური ანგარიში.
ასევე საინტერესოა რა ხდება ბიუჯეტში, რადგან მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა სხდომები ვერ იმართებოდა, მერიას არ შეეძლო ეკონომიებით გამოთავისუფლებული თანხა ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორეში გადაეტანა, საკრებულოს თანხმობის გარეშე. შესაბამისად, საინტერესოა, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ბათუმის საკრებულო ვერ იკრიბებოდა, რა თანხა დაგროვდა ბიუჯეტში ნაშთის სახით. საბიუჯეტო საკითხები მომავალი სხდომის დღის წესრიგში ჯერჯერობით არ არის.
როგორ შესრულდა მერიის კვარტალური ბიუჯეტი განსაკუთრებით საინტერესოა კიდევ იმ გარემოების გამო, რომ როგორც გასულ კვირას გავიგეთ, 2021 წელს, მერიამ აჭარის მთავრობისგან ტრანსფერით გათვალისწინებული 19 მილიონი ლარი ვერ მიიღო.
ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს, რა გახდა ამის მიზეზი – მერიამ ვერ აითვისა ფინანსები, თუ მთავრობამ ვერ შეძლო მერიისთვის გაწერილი თანხის გადარიცხვა თვითმმართველობის არჩევნების წელს.
ამ თემაზე ვრცელ სტატიას „ბათუმელები“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
დღეს, 13 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს 30-წლიან თანამშრომლობას ეძღვნებოდა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა გახდა ანტიდასავლური, ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ კურსს ცვლის? – ვკითხეთ შეხვედრაზე კელი დეგნანს.
ელჩის განცხადებით, 30 წელია აშშ-ი მუშაობს და თანამშრომლობს საქართველოსთან, საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის.
„ყველაფერი, ყველა ჩვენი პროექტი თუ პროგრამა რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის სურვილი, რაც გახლავთ ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია. ეს უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამას ვუჭერთ ჩვენ მხარს, რომ ქართველმა ხალხმა და ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას მის ევროპულ მისწრაფებებში.
ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ჩათრევა ომში ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე.
იმიტომ, რომ აშშ-ს ყველაზე მეტად უნდა რომ შეჩერდეს ეს ომი და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საომარი მოქმედებები ყოფილიყო თავიდან აცილებული, ჩვენ ამისთვის ძალიან დიდი მუშაობა გავწიეთ. რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი.
და ზოგადად, ევროკავშირი და ნატო არის ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტაბილურობას, უსაფრთხოებას, წარმატებას და მშვიდობას.
სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის გარანტი მშვიდობის და ზუსტად ეს გვინდა ჩვენ, ეს უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ სრულიად ერთგულნი საქართველოს ამ მისწრაფებების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის“ – განაცხადა კელი დეგნანმა.
ხარკოვი, რომელიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ რუსული არტილერიის სამიზნე იყო, გათავისუფლების შემდეგ, ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. ქალაქმა ცოტა ამოისუნთქა, თუმცა მისგან ასე 15-20 კილომეტრში აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა და სულ სხვა ატმოსფეროა – იქ მშვიდობის ილუზიაც კი არ არსებობს.
სოფელ რუსკაია ლოზოვაიას თავდაცვით ბრძოლებში მონაწილეობს მოხალისეთა ბატალიონი, რომელსაც უკრაინაში „მილიარდერის ბატალიონის“ სახელით იცნობენ – მისი დამფუძნებელი და მეთაური უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ხარკოველი ბიზნესმენი ვსევოლოდ კოჟემიაკოა.
„თამაშობს გოლფს, ჩოგბურთს, სრიალებს თხილამურებით, მართავს მოტოციკლს, მონაწილეობს მარათონებში, ზრდის ოთხ გოგონას, ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდს „უკრაინა XXI“ და აგროჰოლდინგს, რომელიც ქვეყნის ოლქებში 70 500 ჰექტარს ფლობს. მისი „აგროტრეიდი“, რომელიც 1500 ადამიანს ასაქმებს, მარცვლეულისა და პარკოსანი კულტურების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია“, – ასე ახასიათებს Forbes ვსევოლოდ კოჟემიაკოს, რომელიც 100 მილიონი დოლარით, 100 უმდიდრეს უკრაინელს შორის 88-ე ადგილზეა.
„ის ცნობილია თავისი გემოვნებიანი კოსტიუმებით და სპორტული აქტივობებით. 52 წლის კოჟემიაკო შორ დისტანციაზე მორბენალია, 2017 წელს მან ნიუ იორკის მარათონი სამსაათნახევარში დაასრულა. მისი ომამდელი ინსტაგრამი სავსეა ფოტოებით, რომლებიც შვეიცარიისა და ავსტრიის სათხილამურო კურორტებზე ან იახტით მოგზაურობისასაა გადაღებული, თუმცა ახლა მისი მთავარი საქმე ომია“, – წერს აშშ-ის საზოგადოებრივი რადიო NPR, რომელმაც მოხალისე-ბიზნესმენზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა.
„დიახ, მე ბიზნესმენი ვარ, მაგრამ ახლა მოხალისეთა ბატალიონის მეთაურიც ვარ“, – ეუბნება NPR-ს ვსევოლოდ კოჟემიაკო. ის ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს ავსტრიაში იყო, თუმცა 25-ში უკრაინაში დაბრუნდა.
მის ბატალიონს „ქარტია“ ჰქვია, სახელი, რომელიც ცნობილი უკრაინელი მწერლის, ასევე ხარკოველი სერგეი ჟადინის იდეა იყო, თუმცა ამ მოხალისეებს უკრაინაში „მილიარდერის ბატალიონის“ სახელით უკეთ იცნობენ. მილიარდერის, რადგან უკრაინულ ვალუტაში თუ დავითვლით, ვსევოლოდ კოჟემიაკო მილიარდერია.
ის ბატალიონის დამფუძნებელიცაა, მეთაურიც და მისი მთავარი დამფინანსებელიც. ბატალიონი ძირითადად სამოქალაქო პირებისგან შედგება და მის წევრებს, დაღუპვისა და დაჭრის შემთხვევაში, ისეთივე სოციალური გარანტიები აქვთ სახელმწიფოსგან, როგორც შეიარაღებული ძალების სამხედროებს.
ვსევოლოდ კოჟემიაკო/ფოტო: Focus.ua
თუმცა მათგან განსხვავებით, მოხალისეები ბიუჯეტიდან ხელფასს არ იღებენ. ბატალიონის ხარჯებს, ასევე მომზადების, იარაღისა და ტექნიკის ფულს მთლიანად ვსევოლოდ კოჟემიაკო იხდის მეგობარ-მოხალისე ბიზნესმენებთან ერთად.
„ბიზნესი – ეს თვითკმარი სტრუქტურაა, სამხედრო ორგანიზაცია კი – უფრო დიდი სამხედრო ორგანიზაციის ნაწილი. ეს გარკვეულ ვალდებულებებს ნიშნავს – მეთაურს აკისრია პასუხისმგებლობა ხელქვეითთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. აქ მართვის ინსტრუმენტები ბევრად მკაცრია, ვიდრე ბიზნესში, რადგან პასუხისმგებლობაც უფრო დიდია,“ – ასე ხსნის ბიზნესმენი სხვაობას კორპორაციის მართვასა და სამხედრო დანაყოფის მართვას შორის უკრაინულ გამოცემა Новое Время-სთან ბლიც ინტერვიუში.
თქვენ ომის გარეშე ცხოვრების ალტერნატივაც გაქვთ თქვენი მილიარდიანი ქონებით. რატომ აირჩიეთ სანგარში ყოფნა?
ომის გარეშე ცხოვრება დროებითია, მაგრამ ასევე არსებობს სამშობლოს გარეშე ცხოვრების ალტერნატივაც. როდესაც ევროპიდან უკრაინაში ვბრუნდებოდი და რუსები ხარკოვს უტევდნენ, მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ ქალაქის აღება ვერ მოესწროთ. ვფიქრობდი, რა მოხდებოდა თუკი ჩვენ სადმე დავთმობდით და გავიწეოდით – მე ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი სახლში.
დღეს, ომის 105-ე დღეს, არ დაიღალეთ? ეს შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.
აქ დრო ელვის სისწრაფით გადის. დაღლას ვერ ასწრებ. მე თავიდანვე კარგად მესმოდა, რომ ეს დიდხანს გაგრძელდებოდა. თქვენ ამბობთ, „ომის 105 დღე“, მე კი მიმაჩნია, რომ ეს 8 წელი და 105 დღეა. ომი ეს მარათონია და არა სპრინტი. რა თქმა უნდა, ადამიანები იღლებიან, იღებენ დასვენებას და ბრუნდებიან. სამშობლოს დაცვა – ეს ერთჯერადი გმირობა არაა, ეს ყოველდღიური სამუშაოა.
ვსევოლოდ კოჟემიაკო ფრონტის ხაზზე/ფოტო: nv.ua
კოჟემიაკოს „ქარტია“, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად, ხარკოვის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში, რუსკაია ლოზოვაიაში, იბრძვის და ცდილობს, რუსული ძალები რაც შეიძლება შორს განდევნოს ხარკოვიდან.
ფრონტის ხაზიდან მოშორებით, მინდორში, „ქარტიის“ მოხალისე ახალწვეულები ვარჯიშობენ. მათ ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, AK-47-ები და საკუთარი ტრანსპორტი აქვთ, ბრძოლის ველის დასამონიტორინგებლად კი სადაზვერვო დრონებს იყენებენ.
მათი მწვრთნელი იგორ კორნეტია, გადამდგარი სამხედრო, რომელმაც უკრაინის არმიაში ორი ათეული წელი გაატარა და ახლა კოჟემიაკოს „აგროტრეიდში“ მუშაობს.
„ქვეითი ჯარი ქვეითი ჯარია,“ – ამბობს სიამაყით. ეს მისი საქმეა, მოქალაქეთა ჯგუფი ქვეითთა ბატალიონად აქციოს.
ბატალიონის წევრები ძირითადად ხარკოველი დურგლები, ქარხნის მუშები, მშენებლები ან მექანიკოსები არიან.
„ერთი ეკონომისტიც გვყავს“, – ამბობს კორნეტი. – „ქვეითების გარეშე ომს ვერ მოიგებ. შენ შეგიძლია დაბომბო ტერიტორია, მაგრამ ვიდრე ქუჩებში ქვეითებს არ შეუშვებ, მანამდე ის ადგილი ბოლომდე დაკავებულად ვერ ჩაითვლება“.
“ქარტიის” ახალწვეულების მომზადება/ფოტო: NPR
მომზადების შემდეგ, ვისაც ფრონტის ხაზზე წასვლა არ უნდა, შეუძლია, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა იგორ კორნეტის თქმით, „ეს იშვიათად ხდება, რადგან ამ მებრძოლების მთავარი ძალა მათი მოტივაციაა“.
36 წლის სერგეი დუბინსკი ომამდე ფერმერი იყო. ხორბალი, მზესუმზირა და ნიორი მოჰყავდა. ახლა „ქარტიასთან“ ერთად ემზადება და ბრძოლას აპირებს. ამბობს, რომ არც სიკვდილის ეშინია – „მე ცოლ-შვილი მყავს და მინდა, მათი დაცვა შემეძლოს. მინდა შემეძლოს ჩემი სამშობლოს დაცვა, რათა როდისმე ისევ ვაკეთოთ ის, რასაც ომამდე ვაკეთებდით“.
ტექნიკურად, „ქარტია“ ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფია, ომის პირმშო, რომელიც მხოლოდ საომარი მდგომარეობის პირობებში არსებობს და რომელიც, ომის დასრულებისთანავე დაიშლება.
„ქარტიის“ მილიარდერი მეთაური ვარაუდობს, რომ ეს ომი ხანგრძლივი იქნება, თუმცა როგორც კი დამთავრდება, ისიც და მისი ბატალიონის წევრებიც კვლავ სამოქალაქო პირებად იქცევიან და „ქვეითი ჯარი“ ძველ საქმეს დაუბრუნდება – ზოგი ხორბლის მინდვრებს, ზოგი მშენებლობებს, ზოგი კი მრავალმილიონიანი კორპორაციის მეთაურობას.
ბათუმის მერია, ცენტრალურ პარკში კომერციული ფართობების ფასი განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო შესაბამის განკარგულებას დაამტკიცებს, 1 კვ. მეტრის საიჯარო ფასი 200 ლარი იქნება. შესაძლოა ეს ფასი ელექტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში გაიზარდოს კიდეც.
ამ დრომდე ფასი 150 ლარი იყო.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, საიჯარო ფასი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი საპრივატიზებო ფასის მიხედვით გამოიანგარიშეს.
მერიის ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე მოიჯარეს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, იგივე ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემის მოთხოვნით მერიაში განაცხადებია შესული.
ბათუმის საკრებულოს სხდომა 17 ივნისს გაიმართება, ამის შემდეგ კი მერია გასასხვისებელ ფართობებს აუქციონზე გაიტანს.
კიევის ოლქში, ქალაქ ბუჩასთან ახლოს მდებარე სოფელში ახალი სამარხი იპოვეს, სადაც 7 ადამიანის ცხედარია. ისინი რუსებმა აწამეს და შემდეგ თავში გასროლით მოკლეს – ამის შესახებ დღეს, 13 ივნისს, კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.
ნებიტოვი აცხადებს, რომ ბევრ მსხვერპლს ხელები შეკრული ჰქონდა და მუხლები დაცხრილული.
„ეს არის რუსული არმიის მორიგი სადისტური დანაშაული კიევის რეგიონში! ყოველი დანგრეული სიცოცხლისთვის, უკრაინელების ტკივილისა და ტანჯვისთვის, ჩვენი ქალაქებისა და დაბების დანგრევისთვის ოკუპანტებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერს ნებიტოვი.
______________
ფოტოზე: სამარხი ბუჩასთან ახლოს. ფოტო: ანდრეი ნებიტოვი/facebook