მთავარი,სიახლეები

იზიუმთან ბრძოლაში ცნობილი კიეველი სამოქალაქო აქტივისტი დაიღუპა

14.06.2022
იზიუმთან ბრძოლაში ცნობილი კიეველი სამოქალაქო აქტივისტი დაიღუპა

„მოკლედ, წარმატებებზე იზიუმის მიმართულებით – ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, აქ გადიოდა ფრონტის ხაზი, აქ გაჩერება და ფოტოს გადაღება ცოტა არ იყოს საშიში იყო. ახლა ეს უკვე ზურგია და გასვლამდე ენერგეტიკულის დალევაც კი შეიძლება“, – წერდა 3 ივნისს ტვიტერზე, უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი რომან რატუშნი.

24 წლის რომანს კიევში ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი იცნობდა, რადგან „ღირსების რევოლუციიდან“ მოყოლებული, დედაქალაქში, თითქმის არ ყოფილა აქცია, რომელზეც ის არ მდგარა.

დღეს რომან რატუშნის თითქმის ყველა უკრაინული გამოცემა იხსენებს. ის იზიუმთან ბრძოლაში 8 ივნისს დაიღუპა, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში, ბრძოლის ველიდან მისი სხეულის გამოტანას ვერ ახერხებდნენ. რომანის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს, რამდენიმე საათის წინ დადასტურდა.

„მაპატიეთ, მაგრამ ახლა არც ლაპარაკი შემიძლია და არც წერა. როდესაც რომა ბრძოლიდან არ დაბრუნდა, მაშინ მისი სიკვდილი ვერ დავიჯერე. ცნობები უერთიერთსაწინააღმდეგო იყო. მინდა მადლობა ვუთხრა, სასწაულია, რომ ჩვენებმა რომას გამოყვანა მოახერხეს და ახლა ის კიევში ბრუნდება“, – დაწერა მამამისმა, ჟურნალისტმა და უფლებადამცველმა ტარას რატუშნიმ ფეისბუქში.

რომან რატუშნი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე/ფოტო: სააგენტო “უნიანი”

უკრაინული მედია იხსენებს, რომ 17 წლის რომან რატუშნი, კიევის კოლეჯის პირველკურსელი, იმ სტუდენტებს შორის იყო, რომლებიც მაშინ, 2013 წელს, მაიდანზე „ბერკუტმა“ დაარბია. “ღირსების რევოლუციის” შემდეგ, რომანმა იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ცოტა ხანს ჟურნალისტადაც მუშაობდა, პოლიტიკაშიც სცადა ბედი, თუმცა ძირითადად სამოქალაქო სექტორში საქმიანობდა.

რომან რატუშნი ომის დაწყებისთანავე კიევის ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ჩაეწერა, მოგვიანებით კი 93-ე მექანიზირებულ ბრიგადას, „ცივ იარს“, შეუერთდა. იბრძოდა სუმის ოლქში, ხარკოვის მიმართულებაზე იზიუმთან.

ონლაინტელევიზია Hromadske იხსენებს, რომ ბოლოს რომან რატუშნის ბარვენკოვოში შეხვდნენ, როდესაც იქ რეპორტაჟის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: