მთავარი,სიახლეები

რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ-ს მეორე ფრონტის გახსნა სურდეს – კელი დეგნანი

13.06.2022
რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ-ს მეორე ფრონტის გახსნა სურდეს – კელი დეგნანი

დღეს, 13 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს 30-წლიან თანამშრომლობას ეძღვნებოდა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა გახდა ანტიდასავლური, ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ კურსს ცვლის? – ვკითხეთ შეხვედრაზე კელი დეგნანს.

ელჩის განცხადებით, 30 წელია აშშ-ი მუშაობს და თანამშრომლობს საქართველოსთან, საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის.

„ყველაფერი, ყველა ჩვენი პროექტი თუ პროგრამა რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის სურვილი, რაც გახლავთ ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია. ეს უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამას ვუჭერთ ჩვენ მხარს, რომ ქართველმა ხალხმა და ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას მის ევროპულ მისწრაფებებში.

ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ჩათრევა ომში ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე.

იმიტომ, რომ აშშ-ს ყველაზე მეტად უნდა რომ შეჩერდეს ეს ომი და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საომარი მოქმედებები ყოფილიყო თავიდან აცილებული, ჩვენ ამისთვის ძალიან დიდი მუშაობა გავწიეთ. რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი.

და ზოგადად, ევროკავშირი და ნატო არის ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტაბილურობას, უსაფრთხოებას, წარმატებას და მშვიდობას.

სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის გარანტი მშვიდობის და ზუსტად ეს გვინდა ჩვენ, ეს უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ სრულიად ერთგულნი საქართველოს ამ მისწრაფებების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: