ხარკოვი, რომელიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ რუსული არტილერიის სამიზნე იყო, გათავისუფლების შემდეგ, ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. ქალაქმა ცოტა ამოისუნთქა, თუმცა მისგან ასე 15-20 კილომეტრში აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა და სულ სხვა ატმოსფეროა – იქ მშვიდობის ილუზიაც კი არ არსებობს.
სოფელ რუსკაია ლოზოვაიას თავდაცვით ბრძოლებში მონაწილეობს მოხალისეთა ბატალიონი, რომელსაც უკრაინაში „მილიარდერის ბატალიონის“ სახელით იცნობენ – მისი დამფუძნებელი და მეთაური უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ხარკოველი ბიზნესმენი ვსევოლოდ კოჟემიაკოა.
„თამაშობს გოლფს, ჩოგბურთს, სრიალებს თხილამურებით, მართავს მოტოციკლს, მონაწილეობს მარათონებში, ზრდის ოთხ გოგონას, ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდს „უკრაინა XXI“ და აგროჰოლდინგს, რომელიც ქვეყნის ოლქებში 70 500 ჰექტარს ფლობს. მისი „აგროტრეიდი“, რომელიც 1500 ადამიანს ასაქმებს, მარცვლეულისა და პარკოსანი კულტურების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია“, – ასე ახასიათებს Forbes ვსევოლოდ კოჟემიაკოს, რომელიც 100 მილიონი დოლარით, 100 უმდიდრეს უკრაინელს შორის 88-ე ადგილზეა.
„ის ცნობილია თავისი გემოვნებიანი კოსტიუმებით და სპორტული აქტივობებით. 52 წლის კოჟემიაკო შორ დისტანციაზე მორბენალია, 2017 წელს მან ნიუ იორკის მარათონი სამსაათნახევარში დაასრულა. მისი ომამდელი ინსტაგრამი სავსეა ფოტოებით, რომლებიც შვეიცარიისა და ავსტრიის სათხილამურო კურორტებზე ან იახტით მოგზაურობისასაა გადაღებული, თუმცა ახლა მისი მთავარი საქმე ომია“, – წერს აშშ-ის საზოგადოებრივი რადიო NPR, რომელმაც მოხალისე-ბიზნესმენზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა.
„დიახ, მე ბიზნესმენი ვარ, მაგრამ ახლა მოხალისეთა ბატალიონის მეთაურიც ვარ“, – ეუბნება NPR-ს ვსევოლოდ კოჟემიაკო. ის ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს ავსტრიაში იყო, თუმცა 25-ში უკრაინაში დაბრუნდა.
მის ბატალიონს „ქარტია“ ჰქვია, სახელი, რომელიც ცნობილი უკრაინელი მწერლის, ასევე ხარკოველი სერგეი ჟადინის იდეა იყო, თუმცა ამ მოხალისეებს უკრაინაში „მილიარდერის ბატალიონის“ სახელით უკეთ იცნობენ. მილიარდერის, რადგან უკრაინულ ვალუტაში თუ დავითვლით, ვსევოლოდ კოჟემიაკო მილიარდერია.
ის ბატალიონის დამფუძნებელიცაა, მეთაურიც და მისი მთავარი დამფინანსებელიც. ბატალიონი ძირითადად სამოქალაქო პირებისგან შედგება და მის წევრებს, დაღუპვისა და დაჭრის შემთხვევაში, ისეთივე სოციალური გარანტიები აქვთ სახელმწიფოსგან, როგორც შეიარაღებული ძალების სამხედროებს.
თუმცა მათგან განსხვავებით, მოხალისეები ბიუჯეტიდან ხელფასს არ იღებენ. ბატალიონის ხარჯებს, ასევე მომზადების, იარაღისა და ტექნიკის ფულს მთლიანად ვსევოლოდ კოჟემიაკო იხდის მეგობარ-მოხალისე ბიზნესმენებთან ერთად.
„ბიზნესი – ეს თვითკმარი სტრუქტურაა, სამხედრო ორგანიზაცია კი – უფრო დიდი სამხედრო ორგანიზაციის ნაწილი. ეს გარკვეულ ვალდებულებებს ნიშნავს – მეთაურს აკისრია პასუხისმგებლობა ხელქვეითთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. აქ მართვის ინსტრუმენტები ბევრად მკაცრია, ვიდრე ბიზნესში, რადგან პასუხისმგებლობაც უფრო დიდია,“ – ასე ხსნის ბიზნესმენი სხვაობას კორპორაციის მართვასა და სამხედრო დანაყოფის მართვას შორის უკრაინულ გამოცემა Новое Время-სთან ბლიც ინტერვიუში.
- თქვენ ომის გარეშე ცხოვრების ალტერნატივაც გაქვთ თქვენი მილიარდიანი ქონებით. რატომ აირჩიეთ სანგარში ყოფნა?
ომის გარეშე ცხოვრება დროებითია, მაგრამ ასევე არსებობს სამშობლოს გარეშე ცხოვრების ალტერნატივაც. როდესაც ევროპიდან უკრაინაში ვბრუნდებოდი და რუსები ხარკოვს უტევდნენ, მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ ქალაქის აღება ვერ მოესწროთ. ვფიქრობდი, რა მოხდებოდა თუკი ჩვენ სადმე დავთმობდით და გავიწეოდით – მე ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი სახლში.
- დღეს, ომის 105-ე დღეს, არ დაიღალეთ? ეს შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.
აქ დრო ელვის სისწრაფით გადის. დაღლას ვერ ასწრებ. მე თავიდანვე კარგად მესმოდა, რომ ეს დიდხანს გაგრძელდებოდა. თქვენ ამბობთ, „ომის 105 დღე“, მე კი მიმაჩნია, რომ ეს 8 წელი და 105 დღეა. ომი ეს მარათონია და არა სპრინტი. რა თქმა უნდა, ადამიანები იღლებიან, იღებენ დასვენებას და ბრუნდებიან. სამშობლოს დაცვა – ეს ერთჯერადი გმირობა არაა, ეს ყოველდღიური სამუშაოა.
კოჟემიაკოს „ქარტია“, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად, ხარკოვის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში, რუსკაია ლოზოვაიაში, იბრძვის და ცდილობს, რუსული ძალები რაც შეიძლება შორს განდევნოს ხარკოვიდან.
ფრონტის ხაზიდან მოშორებით, მინდორში, „ქარტიის“ მოხალისე ახალწვეულები ვარჯიშობენ. მათ ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, AK-47-ები და საკუთარი ტრანსპორტი აქვთ, ბრძოლის ველის დასამონიტორინგებლად კი სადაზვერვო დრონებს იყენებენ.
მათი მწვრთნელი იგორ კორნეტია, გადამდგარი სამხედრო, რომელმაც უკრაინის არმიაში ორი ათეული წელი გაატარა და ახლა კოჟემიაკოს „აგროტრეიდში“ მუშაობს.
„ქვეითი ჯარი ქვეითი ჯარია,“ – ამბობს სიამაყით. ეს მისი საქმეა, მოქალაქეთა ჯგუფი ქვეითთა ბატალიონად აქციოს.
ბატალიონის წევრები ძირითადად ხარკოველი დურგლები, ქარხნის მუშები, მშენებლები ან მექანიკოსები არიან.
„ერთი ეკონომისტიც გვყავს“, – ამბობს კორნეტი. – „ქვეითების გარეშე ომს ვერ მოიგებ. შენ შეგიძლია დაბომბო ტერიტორია, მაგრამ ვიდრე ქუჩებში ქვეითებს არ შეუშვებ, მანამდე ის ადგილი ბოლომდე დაკავებულად ვერ ჩაითვლება“.
მომზადების შემდეგ, ვისაც ფრონტის ხაზზე წასვლა არ უნდა, შეუძლია, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა იგორ კორნეტის თქმით, „ეს იშვიათად ხდება, რადგან ამ მებრძოლების მთავარი ძალა მათი მოტივაციაა“.
36 წლის სერგეი დუბინსკი ომამდე ფერმერი იყო. ხორბალი, მზესუმზირა და ნიორი მოჰყავდა. ახლა „ქარტიასთან“ ერთად ემზადება და ბრძოლას აპირებს. ამბობს, რომ არც სიკვდილის ეშინია – „მე ცოლ-შვილი მყავს და მინდა, მათი დაცვა შემეძლოს. მინდა შემეძლოს ჩემი სამშობლოს დაცვა, რათა როდისმე ისევ ვაკეთოთ ის, რასაც ომამდე ვაკეთებდით“.
ტექნიკურად, „ქარტია“ ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფია, ომის პირმშო, რომელიც მხოლოდ საომარი მდგომარეობის პირობებში არსებობს და რომელიც, ომის დასრულებისთანავე დაიშლება.
„ქარტიის“ მილიარდერი მეთაური ვარაუდობს, რომ ეს ომი ხანგრძლივი იქნება, თუმცა როგორც კი დამთავრდება, ისიც და მისი ბატალიონის წევრებიც კვლავ სამოქალაქო პირებად იქცევიან და „ქვეითი ჯარი“ ძველ საქმეს დაუბრუნდება – ზოგი ხორბლის მინდვრებს, ზოგი მშენებლობებს, ზოგი კი მრავალმილიონიანი კორპორაციის მეთაურობას.