მთავარი,სიახლეები

ივანიშვილი ქართველი ხალხია, თუ ერთი ჯგუფის კარიკატურული ბელადი? – ინტერვიუ

14.06.2022 • 2392
ივანიშვილი ქართველი ხალხია, თუ ერთი ჯგუფის კარიკატურული ბელადი? – ინტერვიუ

„ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ასევე მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ორკესტრირებულად იმეორებენ, რომ „ასეთი“ ანუ ივანიშვილის დამსანქცირებელი ევროპა არ უნდათ. ამ უარს კი ისინი „ქართველი ხალხის“ სახელით იტყვიან. არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველო და ქართველი ხალხი? – ამ თემაზე საბჭოთა წარსულის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ესაუბრა „ბათუმელებს“.

  • ბატონო ირაკლი, თქვენ, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, მიიჩნევთ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ქართველი ხალხის დასანქცირებაა. ეთანხმებით ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას?

ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. „ქართული ოცნების“ სპიკერები იმდენად გასული არიან ლოგიკის, ეთიკის ფარგლებიდან, რომ აღარც გვიკვირს და თითქოს მივეჩვიეთ კიდეც, მხოლოდ სპორტული ინტერესით შეიძლება ვუყურებდეთ, თუ სადამდე შეიძლება დაეშვან.

დარჩა მხოლოდ თავიანთი ელექტორატის რაღაც ნაწილი, რომელიც უკრიტიკოდ მიიღებს და გადაყლაპავს ყველა აბსურდს, რითაც დიდი ხანია კვებავს „ქართული ოცნება“. ეს განცხადებებიც მათზეა გათვლილი, თორემ ოდნავ მოაზროვნე ადამიანშიც კი უკვე ფიზიოლოგიურ რეაქციას იწვევს.

მსგავსი განცხადებები არის ძალიან მახინჯი და კარიკატურული ფორმა იმის, რაც წინა თაობებს ახსოვთ და უნახავთ. ბელადომანიის, პიროვნების კულტის კარიკატურული ფორმა, რომ თურმე ბიძინაა ყველაფერი – ერის ღირსება ივანიშვილია, მთავარი ღირებულება ივანიშვილია. ახლა აღმოჩნდა, რომ თუ სანქციები შეეხება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უწესებენ სანქციებს. დიდი ხანია ამ პოლიტიკურ ძალას ამ რიტორიკის გარდა არაფერი აქვს შესათავაზებელი მოქალაქეებისთვის.

  • რას ნიშნავს ეს, როცა მთელ ერსა და ერთ პიროვნებას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ? 

ეს რაღაცნაირად ამ პოლიტიკური რეჟიმის ჩიხური მდგომარეობის ამსახველია, რომელსაც მართლა არაფერი დარჩა, ვერაფრით ვერ შეცვლის ამ პროპაგანდას, რადგან მთელი ხელისუფლება ეს არის ერთი ადამიანის, ამ კონკრეტული ოლიგარქის მოსამსახურეთა ვერტიკალი, რომელმაც, ფაქტობრივად, მიიტაცა სახელმწიფო. მთელი „ქართული ოცნება“ ივანიშვილის პირადი კომპანიაა, რომელმაც მიისაკუთრა სახელმწიფო ინსტიტუციები და ამის იქეთ არც რაიმე ამოცანა, რაიმე იდეა არ დგას.

ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, ძალიან ცხადად ჩანს, რომ მათ უწევთ არჩევანის გაკეთება – ან უნდა წარმოჩინდნენ ღიად პრორუსულ ძალად, რაზეც დგას მათი ფინანსური ძალაუფლება, ან რაღაც ურთიერთობის ენა უნდა გამონახონ დასავლეთთან. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ მათ შეექმნებათ ამ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე, რადგან დასავლური სამყაროსთვის ამ ტიპის ურთიერთობა ძირეულად მიუღებელია.

აი, ამის ფონზე „ქართული ოცნება“ განწირული სიჯიუტით აგრძელებს ტოტალურად დამამცირებელ რიტორიკას, რომ თურმე ამ ქვეყნის წარსული, აწმყოც და მომავალიც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივაა კონცენტრირებული და მისი ფინანსური კეთილდღეობა და უსაფრთხოება არის მთავარი ღირებულება, რომლის გარშემოც უნდა იყოს მთელი საზოგადოება. რეალურად, ჩვენი მომავალი ამ ყველაფერს უნდა შეეწიროს.

  • მთავრობას ხომ ჩვენ, მოქალაქეები ვქირაობთ. დღეს, როცა მთავრობის წევრების განცხადებებს უსმენთ, რა განცდა გაქვთ – ივანიშვილის სამსახურშია მთავრობა და თუ ხალხის? 

როგორც უკვე ვთქვი, დღეს მთელი სახელმწიფო სისტემა ერთი კონკრეტული ადამიანის და მისი მოსამსახურე კლერკების მიერაა მიტაცებული. სწორედ ეს ტერმინი მიესადაგება ამ ტიპის რეჟიმის და კონკრეტულად „ქართული ოცნების“ მმართველებს, რადგან ეს არის სახელმწიფოს მიტაცება.

ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, მოქალაქეებთან ანგარიშვალდებული ინსტიტუტები და თუ რამე ჯერ კიდევ განგვასხვავებს რუსეთისგან, ბელარუსისგან ან სხვა მსგავსი ავტორიტარული და დიქტატორული ქვეყნებისგან არის ის, რომ ჯერ კიდევ დარჩენილია გარკვეული თავისუფლების კუნძულები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების გავლენისგან დარჩენილი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახით. სხვა ყველაფერს აკონტროლებს ამ ერთი ადამიანის მოსამსახურეთა ფენა. გასაგებია, რომ ისინი არ გამოხატავენ საერთო ინტერესებს და სასაცილოდ არ ჰყოფნით, მართლა ვერ იგებენ, ორგანულად ვერ აღიქვამენ, როდესაც მოქალაქე მათგან ანგარიშვალდებულებას ითხოვს.

იქნება ეს პარლამენტარი, მინისტრი, ბიუროკრატიის მოხელე, პოლიციელი თუ სკოლის დირექტორი, ვერ იაზრებს, რომ ისინი ჩვენ დავიქირავეთ, ჩვენი, მოქალაქეების ხარჯზე არსებობენ, დროებითი მოხელეები არიან და ჩვენს ინტერესებზე უნდა მუშაობდნენ.

  • კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილი თავისი შემოსავლის 90 პროცენტს ქველმოქმედებაში ხარჯავს. თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქე, გრძნობთ ივანიშვილის ქველმოქმედების სიკეთეებს?

ესეც არის ძველი, გაცვეთილი რიტორიკა, რითაც 2012 წელში უზრუნველყო ამ პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებში გამარჯვება. ქველმოქმედება არის ის, რომელზეც შემდეგ ანგარიშებს აღარ უყენებენ ადამიანებს. აღარ უყენებენ პირობებს, რომ რადგან გაგიკეთე, ახლა ჩემი ერთგული უნდა იყო.

ახლა ბევრად ნათლად გამოჩნდა, რომ ეს „ქველმოქმედება“ არ იყო კლასიკური გაგებით ქველმოქმედება, არამედ იყო კაპიტალდაბანდება გარკვეულ ჯგუფებში, საზოგადოების გარკვეულ ფენებში, ე.წ. ძველი, საბჭოური ყაიდის ინტელიგენციაში და აი, ამ პიარის ნაწილი იყო.

შემდეგ ამ მაფიოზური პრინციპით ორგანიზებულ და მასზე დაქვემდებარებულ  მოსამსახურეთა ფენით ივანიშვილმა მთელი სახელმწიფო მიიტაცა და გაცილებით მეტი მიითვისა და ამოიღო ეს კაპიტალდაბანდება, ვიდრე ე.წ. ქველმოქმედებაში დახარჯა.

ყველა გონიერ მოქალაქეს სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს და იცის, ხვდება, რომ რუსული ოლიგარქიული ფორმით წარმოებულ „ქველმოქმედებას“ ვერ ექნება კეთილშობილური მიზნები, რადგან დღეს მთელი ქვეყანა ივანიშვილის კერძო კომპანიადაა გადაქცეული.

  • საქართველოს მოქალაქის სახელით „ოცნება“, ფაქტობრივად, ევროკავშირისკენ მიმავალ გზას კეტავს ქვეყნისთვის. როგორი უნდა იყოს მოქალაქეების პასუხი ამ განცხადებებზე, რას უპასუხებდით ირაკლი კობახიძეს?

ევროპის გზას რაც შეეხება, დღეს არის კრიტიკული მომენტი, დიდი გადალაგების, შესაძლებლობის და პერსპექტივის გაჩენის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იშვიათად ხდება და რომლის გამოყენებაც აუცილებელია. ამიტომ მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული ამისკენ და ჩანს კიდევაც ეს განწყობები საზოგადოებაში.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის, რუსული აგრესიის ფონზე, რუსეთის რეალური სახის ფონზე ხდება ეს ყველაფერი და ჩვენთვისაც ეს არის საუკეთესო შანსი ევროპასთან ინტეგრაციის.

როგორც უკრაინა ურთიერთობს დასავლეთთან დღეს, ახსენებს წარსულში დაშვებულ შეცდომებს და ფაქტობრივად, შეტევის დიპლომატია აქვს, ახსენებს მის პასუხისმგებლობას და გულგრილობას წარსულში ამ თემის მიმართ, ამის ფონზე კი განიმტკიცებს როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ გარანტიებს, რომ იქნება ინტეგრირებული ძლიერი დასავლური ქოლგის ქვეშ.

ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ამ მმართველი რეჟიმის მიერ ანესთეზირებულია, რომ უბრალოდ ვერ ამოძრავდეს და ვერ გამოიყენოს ეს შანსი.

ცხადად ჩანს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სხვა განზომილებაშია, სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ესმის, თუ რა ხდება ამ კონტინენტზე, ამ სამყაროში, სად უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა მომავალში და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, სახელმწიფო ინსტიტუტები და მათი ხელმძღვანელები იდენტიფიცირდებიან პრორუსულ ბანაკში. აი, ეს არის რეალური განხეთქილება, აცდენა და პარალელური რეალობები.

მესმის, მმართველი პოლიტიკური რეჟიმის რიტორიკა და ეს განწირული მცდელობა, რომ რაღაცნაირად აჩვენონ თითქოს მათ არაფერი აშინებთ და სტაბილურად არიან. მაგრამ დიდი ალბათობით მათ მოუწევთ რეალობას ჩახედონ თვალებში და რაღაც ფორმით, დათმონ ძალაუფლება.

ეს პოლიტიკური ძალა, ფაქტობრივად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპულ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია არ რეალიზდეს, ეს მათთვის თვითმკვლელობას უდრის, რადგან ავტორიტარული რეჟიმი ვერაფრით იქნება ევროპული სივრცის ნაწილი. ისინი აცნობიერებენ, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ შანსის ჩაშლის შემთხვევაში, ამას საზოგადოება ჩუმად არ შეხვდება. კიდეც რომ შეხვდეს, არც რუსულ ბანაკში დარჩენა ნიშნავს „ოცნებისთვის“ გარანტიებს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსული ბანაკი არ არის უსაფრთხო და პოლიტიკური ძალის თუ პირადი კომფორტის უზრუნველმყოფელი.

შიდა კრიზისი და ჩამოშლის საფრთხე – ორმხრივად წამგებიან მდგომარეობაში იმყოფება „ოცნება“ და აქედან გამომდინარე აიხსნება ეს უკიდურესად აგრესიული, უხეში, ბრიყვული და შეურაცხმყოფელი გამოხტომები, რომელიც ამ რეჟიმის წარმომადგენლებს აქვთ.

ამ პოლიტიკის მთავარი სუბიექტი კი არსად ჩანს, თითქოს ივანიშვილი არ არსებობს. მისი პირით გველაპარაკებიან ნულოვანი პოლიტიკური წარსულის თუ ავტორიტეტის მქონე ივანიშვილის კომპანიის კლერკები – ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე თუ ვოლსკი.

  • ივანიშვილთან გაქვთ კითხვები? რას ეტყოდით მას, როგორც საქართველოს მოქალაქე?

არანაირი კითხვა არ მაქვს ივანიშვილთან. დიდი ხანია გასაგებია, რას წარმოადგენს, რა ამოძრავებს ამ ადამიანს. ვფიქრობ, მას ახალ რეალობაში უნდა დაუსვან კითხვები დამოუკიდებელმა საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებმა იმაზე, თუ როგორ მიიტაცა და მიითვისა ამ ადამიანმა მთელი ქვეყნის და საზოგადოების რესურსები. ფაქტობრივად, თავისი პირადი უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გამო მთელი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მას აუცილებლად მოუწევს.

  • საქართველოს ისტორიაში გეგულებათ ისეთი პიროვნება, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა მასა და ერს შორის?

ჩვენ, მოქალაქეებს, რასთანაც გვინდა რომ ვასოცირდებოდეთ, ამ ქვეყნებს მსგავსი რამ არ ახასიათებთ. ეს ახასიათებს ტოტალიტარულ რეჟიმებს და ამის გამოცდილება, სამწუხაროდ, გვაქვს.

პუტინი ეს არის რუსეთი, რუსეთი ეს არის პუტინი; სტალინი იყო საბჭოთა კავშირი და საბჭოთა კავშირი იყო სტალინი; ლენინი იყო პარტია და პარტია ლენინი და ასე შემდეგ. ეს ნაცნობი და გამოცდილი სქემაა და ახლა ამიტომ ვამბობ, რომ რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არის ძალიან კარიკატურული ანარეკლი ამ რეჟიმების, როცა ცდილობენ ერთი კონკრეტული ჩრდილოვანი, არაოფიციალური მმართველი წარმოგვიჩინონ, როგორც რაღაც უდიდესი ღირებულება და მთელი ეროვნული ინტერესების განსხეულება.

ერთ-ერთი მათი პროპაგანდისტი ლაშა ნაცვლიშვილი როგორც ამბობს, ბიძინა არის ყველგან, ყველაფერში, რაც ნებისმიერ საღად მოაზროვნე მოქალაქეს, უბრალოდ, ღიმილს ჰგვრის.

„ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ამ პროპაგანდას ისევ გადაყლაპავს მისი ელექტორატი, ანუ ისინი, ვისზეც დააფუძნეს მათი სტაბილურობა და ძალაუფლება – ასეთ რეჟიმებს ახასიათებს ხოლმე ილუზიები საზოგადოების ასეთი ნაწილის საიმედოობაზე. საბოლოო ჯამში კი, დამღუპველი ხდება ამ რეჟიმებისთვის ეს წარმოდგენები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: