მთავარი,სიახლეები

27 წლის ქართველი ექიმი უკრაინის ომში – „ერთმანეთის ასეთი მხარდაჭერა არსად მინახავს“

14.06.2022 • 6082
27 წლის ქართველი ექიმი უკრაინის ომში – „ერთმანეთის ასეთი მხარდაჭერა არსად მინახავს“

27 წლის ექიმი-თერაპევტი ქეთი ლეშკაშელი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, დაჭრილებსა და დაშავებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს.

24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, იგი გერმანიაში, ბერლინში, იმყოფებოდა და სოციალური ქსელით შეიტყო ომის დაწყების შესახებ. ამ დროს ქეთი ბერლინის ინფექციურ კლინიკაში ინტერნი იყო და კოვიდპაციენტებთან მუშაობდა.

მანამდე ქეთი ლეშკაშელმა სამკურნალო საქმის ფაკულტეტი დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტში.

ქეთიმ ომის პირველი დღეებიდანვე გადაწყვიტა ყველაფრისთვის დაენებებინა თავი და საკუთარი პროფესიით უკრაინელი ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო.

იგი უკვე სამი თვეა უკრაინის ფრონტზეა. სოციალურ ქსელებსა და ბატალიონში, რომელსაც ის საბრძოლო ოპერაციებისას ახლავს თან, ქეთი ლეშკაშელს უკრაინისთვის მებრძოლ „დეინერის ტარგარიენს“ ეძახიან, პოპულარული ამერიკული სერიალის – „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელს.

ფრონტზე მყოფი 27 წლის ექიმის მონათხრობს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:

ქეთი ლეშკაშელი, ექიმი:

რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინის მიწაზე ისევე იმოქმედა ჩემზე, როგორც ყველა ქართველზე. ეს იყო დრო, როცა ჩემი პროფესია უკრაინელი ხალხის სამსახურში უნდა ჩამეყენებინა. ვფიქრობდი, რომ ერთი ადამიანიც რომ გადამერჩინა, მაინც უნდა წამოვსულიყავი.

დიდი დაბრკოლებების გადალახვა მომიწია უკრაინაში ჩამოსასვლელად. დავრეკე უკრაინის საელჩოში საქართველოში, რახან საბრძოლო გამოცდილება არ მქონდა, არავის უნდოდა ჩემი აქ წამოყვანა. ამიტომ ჯერ საქართველოში ჩამოვედი, მოვემზადე, ვიყიდე ინვენტარი საკუთარი სახსრებით და გადავწყვიტე, ჩემი გზით წამოვსულიყავი უკრაინაში.

ქეთი ლეშკაშელი/facebook

თბილისიდან მიუნხენში გადავფრინდი, მიუნხენიდან – ვარშავაში, ვარშავიდან ავტომობილით გადავკვეთე უკრაინის საზღვარი, ამაში ჩემი ახლა უკვე მეგობარი და მაშინ ნაცნობი დომენიკ მანგო დამეხმარა, სწორედ მან დამაკავშირა უკრაინის ქართულ ლეგიონს.

ჩავედი და ქართულ ლეგიონთან გავიარე წვრთნა, გავიარე საბრძოლო მედიცინის დამატებითი კურსები და პარამედიკიც გავხდი. ახლა საველე ექიმი ვარ და ჯარისკაცებს ტრანსპორტირებასა და გადარჩენაში ვეხმარები, ვუწევ პირველად დახმარებას. აქამდე ვცდილობდი მაქსიმალურად ამერიდებინა თავი საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისგან, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, აქ ყველას უწევს იარაღის გამოყენება და ომში ჩართვა.

სამი თვის წინ ჩამოვედი პირველად, მაშინ იყო ბუჩა, ირპენი, ჩვეულებრივი გენოციდი იყო, ხვრეტდნენ ხალხს.

ახლა ბრძოლის სტრატეგია შეიცვალა, საარტილერიო თავდასხმებია, გრადებით და მძიმე ტექნიკით. პატარ-პატარა შეტაკებები ცეცხლსასროლი იარაღით იშვიათადაა.

ერთმანეთის ასეთი მხარდაჭერა და გვერდით დგომა, რასაც უკრაინის ფრონტზე ვხედავ, სხვაგან არსად მინახავს. ტერიტორიებზე, სადაც რუსები არიან განლაგებული, უკრაინელები კბილებით, სისხლის ფასად იცავენ სამშობლოს. ყველა ვეხმარებით. მთელი მსოფლიოდან არიან აქ ადამიანები ჩამოსული.

ჩემ თვალწინ ებრაელები, ქრისტიანები და მუსლიმები ერთ ბატალიონში იბრძვიან რუსების წინააღმდეგ.

ახლა იმდენად გააერთიანა რუსეთის სისასტიკემ მსოფლიოში სხვადასხვანაირი ადამიანები, რომ ყველამ დაივიწყა ძველი შუღლი სხვებთან.

ყოველდღე ჩამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალისტები ამ არაადამიანურ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შესატანად.

ქეთი ლეშკაშელი/facebook

რაც ამ სამ თვეში საკუთარი თვალით ვნახე, არასდროს ამოვა ჩემი გონებიდან. დანგრეული ქალაქები, მიწასთან გასწორებული სოფლები. ვერ გადმოგცემთ, რისი ჩადენა შეუძლია რუსეთს. მათ ყველგან ნგრევა და ხოცვა-ჟლეტა შეაქვთ. ოკუპირებულ ტერიტორიებს ასე თუ ისე უფრთხილდებიან, გენოციდს არ აწყობენ და დანარჩენებს აუბედურებენ, ხოცავენ და აუპატიურებენ. რა გრძნობა გეუფლება ამ ყველაფრის ყურებისგან, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ.

აქამდე ჩვენი ლეგიონის გოგოებზე რუსები აცხადებდნენ, რომ დახოცილები ვიყავით, ხანაც მოგვიგონეს, რომ დაგვატყვევეს. ახლა ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აქ მყოფი გოგოები საიდუმლო კლანის წევრები ვართ, რომლებსაც თითქოს სპეციალურად ზრდიდნენ რუსებთან საბრძოლველად.

აქ არავინაა ტყუილად ჩამოსული, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, თუ რატომ იბრძვის უკრაინისთვის, ყველა გეტყვით საკუთარ მიზეზს. ბევრი აქ მყოფი ქართველი მებრძოლია სამაჩაბლოდან. ბევრია ისეთი, ვინც სოფელი დაკარგა, დაეხოცა ახლობლები ან აფხაზეთიდან არიან. ეს ლოგიკურიცაა.

ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავდება. შეიძლება იმდენი საქმე იყოს, რომ საერთოდ ვერ დაიძინო. ასეთ შემთხვევაში სპეციალურ, გამოსაფხიზლებელ პრეპარატებს ვიღებთ – თუ 24-საათიანი მუშაობაა საჭირო.

არის დღეები, როცა მხოლოდ რამდენიმე საათი გძინავს, ზოგჯერ შეიძლება მოგიწიოს სასტუმროში დაძინება ან  მიწის თხრილში.

ყოველდღიური შეტაკებები ახლა არ არის, ოპერაციებზე როცა გადიან სამხედროები, მივყვებით და დაჭრის, დაზიანების შემთხვევაში პირველად დახმარებას ვუწევთ.

ქეთი ლეშკაშელი/facebook

სროლა ბავშვობიდანვე ვიცოდი, მაგრამ პროფესიონალურად აქ ავითვისე. ძალიან კარგად ვისვრი, სამედიცინო ინვენტარი და მედიკამენტები მაქვს. ამის დეფიციტი არ არის.

რეანიმობილად გადაკეთებულ ერთ-ერთ მანქანასაც მე ვმართავ, რადგან ისეც პატარა ჯგუფი გვაქვს და ვერავინ იცლის მძღოლობისთვის.

ერთადერთი, რისი დეფიციტიცაა, ეს არის ატროპინი, რაც გამოიყენება ქიმიური იარაღის, ზარინის წინააღმდეგ, ეს მხოლოდ სამხედროებს აქვთ ახლა, რადგან აფთიაქებიდან სრულიად გაქრა.

25 დეკემბერს გავხდები 28 წლის. იმედია, ამ დროს ომი დამთავრდება და  საქართველოში ვიქნები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: