მთავარი,სიახლეები

13 წლის ანეტას ცხოვრება ეტლით | ვიდეო

09.07.2021 • 1807
13 წლის ანეტას ცხოვრება ეტლით | ვიდეო

ავტორი: ანა შენგელია

13 წლის ბათუმელი ანეტას ოთახი მისი ასაკის სხვა გოგოების ოთახის მსგავსია – სათამაშოები, სამუშაო მაგიდასთან კედელზე გაკრული რუკა, წიგნები და იქვე ფოტოები ახლო წარსულიდან, როცა ანეტა ქართულ ნაციონალურ ცეკვებს ცეკვავდა. მაშინ ანეტას გადასაადგილებლად არც ერთი ბორბალი არ სჭირდებოდა.

თითქმის ორი წელია ანეტა ტაკიძე ეტლით მოსარგებლეა. 11 წლის იყო, როცა 25-დღიან კომაში ჩავარდა და გაღვიძების შემდეგ გავლა ვეღარ შეძლო.

„ერთ დღეს ამტკივდა მუცელი. წავედით ბავშვთა საავადმყოფოში, განმივითარდა სეფსისი, დამჭირდა დიალიზი და  რეანომობილით წავედით თბილისში.

ჩასვლისას თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა გავითიშე და 25 დღე კომაში გავატარე. გამოღვიძებისას მივხვდი, რომ ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი,“ – ჰყვება ანეტა.

მოცეკვავე პატარ ანეტა მეგობრებთან ერთად

თავიდან ძალიან ძნელი იყო. ანეტა იხსენებს, რომ ეტლში ჩაჯდომაც არ უნდოდა:

„დედაჩემი დაჟინებით მთხოვდა, გარეთ გავყოლოდი. მაძალებდნენ სახლიდან გავსულიყავი, შეხვედროდი მეგობრებს და არ დავნებებულიყავი.

როცა გარეთ გასვლა დავიწყე, ვხვდებოდი, როგორ მაკვირდებოდნენ გამვლელები, თვალს არ მაცილებდნენ… თუმცა ესეც გადავლახე“, – ჰყვება ანეტა.

ეტლით გადაადგილებისას მან აღმოაჩინა როგორი არამეგობრულია გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, რა რთულია წინაღობების გადალახვა, რომელსაც ეტლით მოსარგებლე ადამიანი ყველა ფეხის ნაბიჯზე აწყდება:

„ბათუმში თითქოს ადაპტირებულია გარემო, მაგრამ ისეთი წესებია დარღვეული, როგორიცაა: ტროტუარზე გაჩერებული ავტომანქანები, პანდუსების ნაკლებობა, ქვაფენილები, რომლებზეც ეტლს დამოუკიდებლად მოძრაობა უჭირს…“.

პანდემიას არც ანეტას შემთხევაში ჩაუვლია უკვალოდ. სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ანეტას ფიზიოთერაპევტი შესაბამის მასაჟს უტარებდა და ავარჯიშებდა, პანდემიის დროს დაიკეტა, ამიტომ ამ პროცედურების ჩატარება ანეტას დედას მოუხდა ფიზიოთერაპევტის დისტანციური დახმარებით.

რთული იყო ონლაინსწავლებაც.

„თავიდან 15-წუთიანი ონლაინგაკვეთილები გვქონდა და ვერაფერს ვიგებდი, მერე 30-წუთიანი გახდა“, – გვიყვება ანეტა.

სარეაბილიტაციო ცენტრში ანეტამ ერთი ბანაკის შესახებ გაიგო, სადაც აუცილებელი უნარები შეიძინა:

„იქ ვისწავლე ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება დაგჭირდეს ქუჩაში ან სახლში.  მაგალითად, როგორ მოვიტანოთ ჭიქა ისე, რომ არ დაგვეღვაროს წყალი ან როგორ ვიმოძრაოთ ქალაქში ისე, რომ არ დაგვჭირდეს პანდუსი.

ეს არის ძალიან რთული და დიდ ძალისხმევას მოითხოვს ამ მოქმედებების შესრულება, რომ გადალახო სულ მცირე ბარიერი მაინც“, – ამბობს ანეტა.

დაახლოებით ერთი თვეა ანეტა ფარიკაობამ გაიტაცა. წრეზე დადის, ვარჯიშობს და ცდილობს, შეჯიბრებებზე ასპარეზობისთვის მოემზადოს.

ანეტა ფარიკაობაზე

„ძალიან საინტერესო სპორტია და მომეცა სტიმული, რომ ამ სფეროში ჩავბმულიყავი.

ვიღებ მაგალითს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ სპორტში წარმატებულები არიან და კარიერა აქვთ.

არა მარტო კარიერისთვის, არამედ ჯამრთელობისათვისაც კარგი სპორტია. უფრო დატვირთული ხარ და გაქვს რაღაც მიზანი, რომ შეასრულო“, – ამბობს ანეტა.

ახლა მას უნდა ეტლით მოსარგებლე იმ ადამიანებს დაეხმაროს, რომლებიც თავს არიდებენ სხვებთან კონტაქტს. ანეტას უნდა, რომ ფსიქოლოგი გახდეს.

ჯერ პროფესიის არჩევამდე რამდენიმე წელია, მაგრამ ანეტას უკვე აქვს მთავარი რჩევა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მისთვის კარგად ნაცნობ პრობლემებთან ახლა უწევთ გამკლავება:

„ნუ მიაქცევენ ყურადღებას სხვის აზრს, ნურასდროს დაყრიან ფარ-ხმალს და იცოდნენ, რომ შეუძლებელი არაფერია“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: