მთავარი,სიახლეები

გია აბულაძე ამბობს, რომ სასამართლომ საკრებულოში აღადგინა, მაგრამ გადაწყვეტილებას არ აბარებს

14.06.2022 • 1190
გია აბულაძე ამბობს, რომ სასამართლომ საკრებულოში აღადგინა, მაგრამ გადაწყვეტილებას არ აბარებს

ბათუმის საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომლის, გია აბულაძის სამსახურში აღდგენაზე სასამართლომ გადაწყვეტილება 19 აპრილს მიიღო, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება უმუშევრად დარჩენილ პირს დღემდე არ ჩააბარა. გია აბულაძემ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მოთხოვნით ისევ ბათუმის სასამართლოს მიმართა. „გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია“, – ამბობენ  ბათუმის საკრებულოშიც.

იმ გარემოებით, რომ „გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებიათ“,  საკრებულოში ისარგებლეს და თანამდებობაზე, რომელიც გია აბულაძის გათავისუფლების შემდეგ ვაკანტური იყო, კონკურსი გამოაცხადეს.

გია აბულაძე ბათუმის საკრებულოს აპარატის ჯანდაცვის და სოციალური საკითხების კომისიის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა. ის 2021 წლის 25 მაისს გაათავისუფლეს სამსახურიდან, მას შემდეგ, რაც მან  ფეისბუქზე გიორგი გახარიას მხარდასაჭერი პოსტი გაავრცელა.

„სასამართლომ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება და არავითარი სხვა საფუძველი არ არსებობდა,“ – ამბობდა გია აბულაძე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში გია აბულაძის წინააღმდეგ იურისტი ირაკლი თავართქილაძე იცავდა. კითხვაზე, მოიგო თუ არა გია აბულაძემ სასამართლოში დავა, მანაც გვიპასუხა, რომ გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებიათ, თავად კი ბოლო სხდომას არ ესწრებოდა.

ირაკლი თავართქილაძის განმარტებით, საკრებულოს კანონი არ დაურღვევია, როცა გია აბულაძის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აქ კარგად იციან, გადაწყვეტილება მათ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაჰბარდეთ.

კითხვაზე, თუ დაარღვევდა კანონს საკრებულო, სასამართლო გადაწყვეტილებას რომ დალოდებოდა, იურისტი  ირაკლი თავართქილაძე ისევ იმეორებს, რომ კანონი არ დაურღვევიათ.

გია აბულაძის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა. იურისტი მარიამ შაინიძე ამბობს, რომ სასამართლოს განმარტებით მოსამართლემ გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ მოამზადა, მიზეზად კი სასამართლოს გადატვირთულობას ასახელებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: