მთავარი,სიახლეები

მეზღაპრე, რომელმაც მარიონეტების მოგზაური თეატრი შექმნა

13.06.2022 •
მეზღაპრე, რომელმაც მარიონეტების მოგზაური თეატრი შექმნა

არმენ ოგანესიანი 35 წლის მეთოჯინე და მეზღაპრეა მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანიდან. საკუთარი კერძო სახლის ერთ ოთახში მარიონეტების თეატრი გამართა, სპექტაკლებსაც თავად დგამს და სხვადასხვა სოფელში დადის საკუთარი თეატრით.

„სპექტაკლზე ხანდაზმულებიც მოდიან ხოლმე, მოჰყავთ ძალიან მოხუცებიც, პირველად ვართ თეატრში და შენ რომ არ ჩამოსულიყავი, ისე ჩაივლიდა ჩვენი ცხოვრება, მარიონეტების თეატრს თვალითაც ვერასდროს ვნახავდითო. ბავშვების თეატრად ჩავიფიქრე, მაგრამ ყველას თეატრი გამოვიდა“ – გვიყვება არმენი.

არმენის თეატრი/facebook

მარიონეტების თეატრი არც არმენს ჰქონდა ნანახი, როცა ბავშვობაში თოჯინების კეთება დაიწყო.

უშუქობაში ჩრდილებთან თითებით თამაში მისთვის შთაგონების წყაროდ იქცა:

დედა სულ გვიკითხავდა მე და ჩემს ძმას ზღაპრებს, თუმცა ჩრდილებით თამაში და ჩემივე ზღაპრებისთვის თოჯინების დამზადება მერჩია. კითხვა ცოტა მოგვიანებით შემიყვარდა.

უშუქო და ბნელი, ჩრდილებით სავსე დიდი სახლი, ფერადი ფარდაგებით, ხალიჩებით მოფენილი მისტიკურ გარემოდ მეჩვენებოდა.

ბავშვობიდანვე მქონდა ჩემივე გაკეთებული პატარა თეატრი და მშიერივით ვიყავი, რაღაც სასტიკად მაკლდა და არარსებულ, სასურველ სამყაროს თავად ვქმნიდი.

შაუმიანი გამორჩეული დაბაა, ფარაჯანოვის ფილმების ფერებით და განწყობით. აქ ხალხი იტალიურ ეზოებში ცხოვრობს, მრავალფეროვანი, სხვადასხვანაირი ხალხია ერთ დაბაში, სომხები, აზერბაიჯანელები და ცოტაც ქართველები. აივანზე საღამოობით ქალები სხდებიან, დაბა ერთ დღეს მშვიდად ცხოვრობს, მეორე დღეს ჩხუბი და აურზაურია.

ჩემს თოჯინებს ეს ხალხი შთამაგონებდა, მათ არ ჰქონდათ კავშირი ხელოვნებასთან და თეატრთან, მაგრამ ჩემთვის ნამდვილი მსახიობები იყვნენ, თეატრს ქმნიდნენ ყოველდღიურობით, ყოველდღე სპექტაკლი თამაშდებოდა“ – იხსენებს 35 წლის მეთოჯინე და მხატვარი.

არმენ ოგანესიანის თოჯინები/facebook

„თუ გინდათ მე-19 საუკუნის თბილისის მსგავსი ცხოვრება საკუთარი თვალით ნახოთ, შაუმიანში უნდა ჩამოხვიდეთ“ – გვეუბნება არმენი. მისი თქმით შაუმიანში ახლაც არის მაღაზიები და ადგილები, სადაც ან მხოლოდ კაცები დადიან, ან მხოლოდ ქალები.

არმენი გვიყვება, რომ შაუმიანში ერთი დიდი, სასახლესავით შენობა დგას, სადაც ახლა ბიბლიოთეკაა. მთელმა დაბამ იცის, რომ აქ ნიკო ფიროსმანი მამასთან ერთად ცხოვრობდა ბავშვობაში, მირზაანში დაიბადა, მაგრამ მამამისი შაუმიანში მუშაობდა და ბიჭი თან ჰყავდა ხოლმე.

„ნიკალას ნახატები შაუმიანის გარემოს და ფერებს მახსენებს, დღემდე ასეთი დაბაა შაუმიანი, რომ ჩამოხვიდეთ, ნახავთ. სულ მივდივარ იმ დიდ შენობასთან, სადაც ამბობენ, რომ ნიკალა ცხოვრობდა მამასთან ერთად ბავშვობაში, ვჩერდები და ვუყურებ“ – ამბობს არმენი.

დაბა შაუმიანში სკოლის დამთავრების შემდეგ არმენი ერევანში წავიდა სასწავლებლად, მხატვარ-დიზაინერის ფაკულტეტზე ჩააბარა. ქართულად ვერ საუბრობდა, ვერ წერდა, არც სასწავლო პროგრამები არსებობდა ეთნიკური უმცირესობებისთვის.

არმენ ოგანესიანის მოგზაური მარიონეტების თეატრი/facebook

სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თბილისში იპოვა სამსახური, ქართულად წიგნების კითხვა დაიწყო, ბევრი მეგობარი გაუჩნდა და სასაუბრო ენაც ისწავლა.

თავიდან ძალიან უჭირდა საუბარში ჩართვა, ფიქრობდა, რომ შეცდომების შემთხვევაში დასცინებდნენ მაგრამ მეგობრები ეხმარებოდნენ სწორად გამოეთქვა ფრაზები.

„ვსაუბრობ ქართულად, მაგრამ ინტეგრირებული ვარ მთლიანად-მეთქი, მაინც ვერ ვიტყვი.

ქართულად ისევე თავისუფლად ვერ ვწერ, როგორც ვლაპარაკობ და ამიტომ არ შემიძლია ჩემი თეატრისთვის პროექტები ვწერო. ძალიან მიჭირს, კარგი იქნებოდა ქართული ენის შემსწავლელი ცენტრები ან ქართულის მასწავლებლები იყვნენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.

როგორც კი ჩამოვედი საქართველოში, გადავწყვიტე თეატრი გამეკეთებინა. ვფიქრობდი, ვინ იცის, სოფლებში რამდენი ბავშვია, ვინც ჩემსავით ელოდება მარიონეტების თეატრის გამოჩენას-მეთქი. ჩემი თეატრი უკვე 4 წლისაა.

არმენ ოგანესიანი, მხატვარ-დიზაინერი, მეთოჯინე/facebook

პირველი სპექტაკლი თბილისში, თუმანიანის სახლში გავმართე, სოლოლაკში. რაღაც პერიოდი იქ ვმუშაობდი.

სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს არ აქვთ თეატრი და კინო. ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა თეატრი, რომელიც თავად მივიდოდა ბავშვებთან“ – ამბობს არმენი.

არმენი შინ მაყურებლებს ვერ იღებს, არ აქვს დიდი სივრცე ბევრი ბავშვისთვის, ამიტომაც სოფლებში მოგზაურობს სპექტაკლებით.

___________

მთავარ ფოტოზე: არმენ ოგანესიანი. იური მეჩითოვის ფოტო/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: