მთავარი,სიახლეები

ენმ საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერის დასწრებას და კვარტალურ ანგარიშს ითხოვს

13.06.2022 • 948
ენმ საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერის დასწრებას და კვარტალურ ანგარიშს ითხოვს

17 ივნისს, 11 საათზე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა უნდა გაიმართოს, ამ სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაც დაესწრება [წინა სხდომაზე ისინი არ მივიდნენ]. ენმ-ის ფრაქცია სხდომაზე მერის, არჩილ ჩიქოვანის დასწრებას ითხოვს. საკრებულოს წევრები – რეზო ხარაზი და ალექსანდრე ვარშალომიძე აცხადებენ, რომ მერთან კითხვები დაუგროვდათ.

„ამ დრომდე მხოლოდ ერთი სხდომა შედგა, როცა გადაინაწილა „ოცნებამ“ თანამდებობები, შემდეგი სხდომის დღის წესრიგითაც ცდილობენ მოაგვარონ მათი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე პრობლემები. ხალხის პრობლემები არსად ჩანს“, – ამბობს ალექსანდრე ვარშალომიძე.

საკრებულოს წევრი ენმ-დან რეზო ხარაზი კი მერის კვარტალურ ანგარიშს და სახელმწიფო აუდიტის მიერ ამ ანგარიშის შეფასებას ითხოვს.

„მაინტერესებს საკრებულოს წევრებს „ოცნებიდან“ აქვთ თუ არა მერთან კითხვები, მაგალითად, სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ან მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ წევრებსაც სურთ მერის მოსმენა. „ოცნებას“ მოვუწოდებ მოიწვიოს ქალაქის მერი, დავსხდეთ და მოვისმინოთ მისი მოსაზრებები იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ქალაქში არსებობს.“

წინა მოწვევის საკრებულოს სხდომებს არჩილ ჩიქოვანი ხშირად ესწრებოდა, ის სხდომაზე დასრულებამდე რჩებოდა და საკრებულოს წევრების კითხვებსაც სცემდა პასუხს. მერი ანგარიშვალდებულია საკრებულოსთან, როგორც მაკონტროლებელ ორგანოსთან, ის ასევე ვალდებულია წარადგინოს მოთხოვნილი კვარტალური ანგარიში.

ასევე საინტერესოა რა ხდება ბიუჯეტში, რადგან მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა სხდომები ვერ იმართებოდა, მერიას არ შეეძლო ეკონომიებით გამოთავისუფლებული თანხა ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორეში გადაეტანა, საკრებულოს თანხმობის გარეშე. შესაბამისად, საინტერესოა, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ბათუმის საკრებულო ვერ იკრიბებოდა, რა თანხა დაგროვდა ბიუჯეტში ნაშთის სახით. საბიუჯეტო საკითხები მომავალი სხდომის დღის წესრიგში ჯერჯერობით არ არის.

როგორ შესრულდა მერიის კვარტალური ბიუჯეტი განსაკუთრებით საინტერესოა კიდევ იმ გარემოების გამო, რომ როგორც გასულ კვირას გავიგეთ, 2021 წელს, მერიამ აჭარის მთავრობისგან ტრანსფერით გათვალისწინებული 19 მილიონი ლარი ვერ მიიღო.

ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს, რა გახდა ამის მიზეზი – მერიამ ვერ აითვისა ფინანსები, თუ მთავრობამ ვერ შეძლო მერიისთვის გაწერილი თანხის გადარიცხვა თვითმმართველობის არჩევნების წელს.

ამ თემაზე ვრცელ სტატიას  „ბათუმელები“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: