ნეტგაზეთი • RU

14 წლის ანიტა, სმენის არმქონე შვილის დედა და სხვები – რას ითხოვდნენ ბათუმში აქციაზე

დღეს, 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ბათუმში მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, მათმა მხარდაჭერებმა და ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებმა მიიღეს.

„ერთად შევცვალოთ“ – ასე ერქვა აქციას, რომელიც დღის ოთხ საათზე, ევროპის მოედანზე დაიწყო და ბათუმის ცენტრალურ პარკში დასრულდა.

აქცია ორგანიზაციების – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” ინიციატივით გაიმართა, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, 14 წლის ეტლით მოსარგებლე ანიტა ტაკიძის თქმით, მისი მთავარი გამოწვევა თავისუფლად გადაადგილებაა.

მან გვითხრა, რომ აქციას შეუერთდა, რადგან სურს ბათუმში ქუჩები ადაპტირებული იყოს და ეტლით მოსარგებლეებსა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ.

„ჩვენი უფლებები მინდა შევახსენო ხალხს. ჩვენც ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ და ადაპტირებული გარემო გვჭირდება საცხოვრებლად.

ავტობუსის მძღოლები ხშირად არ წევენ ავტობუსის პანდუსებს. ეზარებათ, ეტლით მოსარგებლეებს როცა ხედავენ, არ სიამოვნებთ და არ ჩამოდიან საჭიდან.

დამხმარის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ავტობუსში ასვლას. წესით, დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება ყველას აქვს, ჩვენ ამ უფლების გამოყენება გვინდა, რისთვისაც სხვების ხელშეწყობა გვჭირდება“.

ანიტა ფსიქოლოგობას აპირებს. ამბობს, რომ სკოლა, სადაც სწავლობს, ადაპტირებულია, მაგრამ საქართველოს ბევრ სკოლა დღემდე არაადაპტირებულია და აუცილებელია, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს, რათა ყველა შშმ პირს მიეცეს განათლების მიღების საშუალება.

ანიტა ტაკიძე, აქციის მონაწილე

„გარემო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ზღუდავს გადაადგილებაში, ინფორმაციის მიღებაში, განათლებაში, დასაქმებაში და მათ შორის, ამ გარემოებებში შედის საზოგადოების დამოკიდებულებები, რომელიც არ არის ჯანსაღი და სტერეოტიპებითაა გაჯერებული, უნდა შეცვალოს.

გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ კამპანიაში. მთელი ივნისი ჩვენი უფლებების დაცვისაა“, – ამბობს თომა კაკაბაძე, ორგანიზაციის – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე.

თომას თქმით, ორგანიზაცია ივლისის განმავლობაში 7 ვიდეოს გამოაქვეყნებს და საზოგადოებას გააცნობს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებს, რომლებიც იმ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრებენ, რასაც თავიანთ მუნიციპალიტეტებში ხვდებიან.

ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უმთავრეს გამოწვევად თომა კაკაბაძე ინფრასტრუქტურულ მიუწვდომლობას ასახელებს. მისი თქმით, ეტაპობრივად გვარდება რაღაც საკითხები, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

„ჩვენ არ უნდა გვიწევდეს კონკრეტული ლოკაციების არჩევა, რათა სერვისებით სარგებლობა შევძლოთ. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ნებისმიერ ადგილზე მისვლა და ის სიკეთეები, რაც საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი, ჩვენთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი“.

აქციის მსვლელობისას, როცა მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან ბათუმის ცენტრალურ პარკში გადაწყვიტეს გადანაცვლება, თომა არაადაპტირებულ გადასასვლელთან გაჩერდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისინი სწორედ ამ სიტუაციის შეცვლას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები არაადაპტირებულ გადასასვლელთან

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ნატალი სხალთელმა გვითხრა, რომ ის სმენის არმქონე 18 წლის გოგოს დედაა.

მათ აქცია ნახევარი საათით ადრე საქართველოს ყრუთა კავშირის ფილიალის, აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციის შენობიდან დაიწყეს ევროპის მოედნის მიმართულებით.

ნატალი ამბობს, რომ სურდათ გზად უფრო მეტ ადამიანს ენახა მათი ტრანსპარანტები და მოთხოვნები.

„მართალია, მსვლელობის მონაწილეები ჟესტურად აჟღერებდნენ მოთხოვნებს, თუმცა მე  ვცდილობდი, მათი სათქმელი ხმამაღლაც გამეჟღერებინა.

ნატალია საქართველოს განათლების სამინისტროსგან ჟესტური ენის გაკვეთილების დაფინანსებას ითხოვს სმენის არმქონეების მშობლებისთვის და სხვა მსურველთათვის, რათა მშობლებს შვილებთან სრულყოფილი ურთიერთობის საშუალება მიეცეთ.

„ჩვენ არ გვაქვს შემდგარი დედაშვილური, მამაშვილური ურთიერთობები საკუთარ შვილებთან, რაც ყოვლად მიუღებელი და ძალიან სამწუხაროა“ – ამბობს ნატალი.

მისი თქმით, მის შვილს განათლების მიღება საკუთარი ქალაქისგან შორს, ქუთაისის სპეცსკოლაში მოუწია, ახლა უკვე ზრდასრულია და სჭირდება მეტი კომუნიკაციის საშუალება ადამიანებთან.

ნატალი სხალთელი

შშმ პირების აქცია ბათუმში

შშმ პირების აქცია ბათუმში

შშმ პირების აქცია ბათუმში

შშმ პირების აქცია ბათუმში

შშმ პირების აქცია ბათუმში

შშმ პირების აქცია ბათუმში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი