განათლება,მთავარი,სიახლეები

ქიმია და ბიოლოგია მედიცინის შესწავლის ნაცვლად – ბათუმელი სტუდენტის არჩევანი

14.06.2022 • 3833
ქიმია და ბიოლოგია მედიცინის შესწავლის ნაცვლად – ბათუმელი სტუდენტის არჩევანი

გიორგი მიქაძე 19 წლის სტუდენტია ბათუმიდან. მან სკოლა გასულ წელს დაასრულა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, 70%-იანი გრანტით, სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა გიორგიმ გადაწყვიტა წელს ხელახლა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები და შეიცვალოს პროფესია – ამჯერად იგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას აპირებს აგრარულ უნივერსიტეტში.

ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია გიორგის საყვარელი საგნებია ბავშვობიდან. რატომ შეცვალა პროფესიული არჩევანი და პრესტიჟულ, სამედიცინო ფაკულტეტს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები არჩია? რამდენად კარგად ისწავლება ეს საგნები სკოლაში და რატომ უჭირთ მოსწავლეებს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის სწავლა? – გიორგის ვთხოვეთ საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინა ჩვენთვის ამ თემებზე.

გიორგი მიქაძე:

სამედიცინოზე გავდიოდი სუფთა მეცნიერებებს, როგორიცაა, მაგალითად, ბიოქიმია. იმ პერიოდში მივხვდი, რომ ეს მიმართულება უფრო მაინტერესებდა და დავიწყე ფიქრი პროფესიის შეცვლაზე. მივხვდი, რომ უშუალოდ დაავადებების განხილვა და კლინიკური ნაწილი არ იყო სფერო, სადაც თავს კარგად ვგრძნობდი, ამიტომ ავიღე აკადემიური.

წელს ვაბარებ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე. კონკრეტულად არ ვიცი, ქიმია მინდა თუ ბიოლოგია, ორივე ძალიან მაინტერესებს. სკოლაშიც ეს ორი საგანი იყო ჩემი მთავარი ინტერესის სფერო.

თავიდან სამედიცინო ფაკულტეტიც იმიტომ ავირჩიე, რომ არ ვიცოდი, ამ სამი საგნიდან რომელს გავყოლოდი და სამივესთან რომ მქონოდა შეხება, ამის საუკეთესო ვარიანტად სამედიცინო მივიჩნიე, თან არც მედიცინის მიმართაც არ ვყოფილვარ გულგრილი.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუ ბიოლოგია ან ქიმია გიყვარს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მედიცინა გიზიდავს.

უნივერსიტეტში აღმოვაჩინე, რომ კარგად და მონდომებით მხოლოდ სუფთა მეცნიერებებს ვსწავლობდი და მივხვდი, ეს მაინტერესებდა. ამიტომ ვაბარებ თავიდან.

ამ საგნების მიმართ ინტერესი სკოლის პერიოდში გამიჩნდა. საბუნებისმეტყველო საგნები იყო ერთადერთი, რასაც ყველანაირი დაძალების, სიზარმაცის ან ხათრის გარეშე ვსწავლობდი და ამ საგნებთან მხოლოდ ჩემი ინტერესი და მონდომება მაკავშირებდა.

დეიდაჩემი ლაბორანტი იყო, სახლში პატარა, ლაბორატორიის მსგავსი სივრცე ჰქონდა მოწყობილი, სადაც ჰქონდა ხელსაწყოები და ნივთიერებები. ატარებდა ძალიან ბევრ ცდას. მე ეს პროცესი ძალიან მაინტერესებდა. სულ ვცდილობდი, მის გვერდით ვყოფილიყავი და ვსვამდი ძალიან ბევრ შეკითხვას. აქედან დაიწყო ჩემი მოხიბვლა ლაბორატორიით.

ამას დაემატა გადაცემების, ფილმებისა თუ სერიალების ყურება ამ მიმართულებით. მიყვარდა სამეცნიერო ექსპერიმენტების ყურება. ბავშვობაში ექსპერიმენტებს youtube-ზეც ვუყურებდი და ვცდილობდი, სახლში მეცადა იგივე.

პატარაობიდანვე ძალიან მაინტერესებდა კოსმოსი. ახლაც მაქვს პირველი ტელესკოპი, რომელიც მშობლებს ვაყიდვინე. სულ ვცდილობდი, ცაზე სხვადასხვა ობიექტი დამეთვალიერებინა. დღესაც ვათვალიერებ მთვარეს, ვარსკვლავებს. ვუყურებდი ძალიან ბევრ გადაცემას კოსმოსზე. მერე youtube-ზე აღმოვაჩინე „ხანის აკადემია“. ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია დავაკავშირე ერთმანეთს და ასე აიკინძა ჩემი ინტერესის სფერო.

სკოლას რაც შეეხება, ვფიქრობ, პირველად სკოლაში რომ მქონოდა საბუნებისმეტყველო საგნებთან შეხება, შეიძლება საერთოდ არ დავინტერესებულიყავი.

ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკაც მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. მათემატიკას ეფუძნება ფიზიკა, ფიზიკას – ქიმია და ქიმიას – ბიოლოგია. ერთგვარი ჯაჭვია. სკოლის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ მნიშვნელოვან კავშირს არ გიჩვენებენ, ფართო კუთხით ამას ვერ აღიქვამ.

სკოლაში გიხსნიან კონკრეტულ საგნებს, თემებს. ზოგ რაღაცას საერთოდ ტოვებენ. მაგალითად, რეპროდუქცია ბიოლოგიაში გამოვტოვეთ საერთოდ. არავის უფიქრია იმაზე, რომ რეპროდუქცია შეიძლებოდა ყოფილიყო რომელიმე მოსწავლისთვის ისეთი საინტერესო თემა, რომ აქედან გამომდინარე დაინტერესებულიყო საგნით. ასე არ უნდა ხდებოდეს, მითუმეტეს – 21-ე საუკუნეში.

სკოლაში კაცის და ქალის სასქესო ორგანოების აგებულება და მსგავსი თემები გვაქვს გამოტოვებული. ამის მიზეზებს მასწავლებელი არ ასახელებდა. უბრალოდ გვეუბნებოდა, რომ ახლა წიგნები რამდენიმე გვერდით წინ უნდა გადაგვეშალა, რადგან არ განვიხილავდით ამ თემებს. სამწუხაროდ, ჩვენ, მოსწავლეებიც არ აღმოვჩნდით იმდენად გაბედულები, რომ ამაზე პრეტენზია გამოგვეთქვა.

ეს თითქმის ყველა სკოლაში ხდება.

საბუნებისმეტყველო საგნები ისეთი მიმართულებაა, სადაც მხოლოდ მშრალი თეორიის მიცემა ბავშვისთვის არაფერს ნიშნავს.

ჩემი აზრით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაცნობა უნდა მოხდეს დაწყებითი კლასებიდანვე. მაქსიმალურად სახალისო და შემეცნებითი კუთხით უნდა მიეწოდოთ დაწყებითებში ბავშვებს ინფორმაცია, რომ მოიხიბლონ, თუნდაც ქიმიური, ბიოლოგიური, ფიზიკური ცდებით დაინტერესდნენ.

მათ უნდა გააცნონ მიკროსკოპი, ანახონ ქსოვილები და მათი აგებულება. ეს არის პირველი, რაც იწვევს ინტერესს. შემდგომ კი ინტერესი იმხელაა, რომ მაღალ კლასებში თეორიების სწავლა და გაგება სირთულეს აღარ წარმოადგენს,რადგან ინტერესი გამოძრავებს და პირიქით, უკვე სიამოვნებით იღებ ახალ ინფორმაციას.

დაბალ კლასებში წინასწარი შემზადების გარეშე 7-8 კლასში ამხელა ინფორმაციის მიყრა ბავშვებისთვის არასწორი მგონია. ვფიქრობ, ზუსტად ესაა იმ პრობლემის საფუძველი, რომ დღეს ასე არაპოპულარულია მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას. სკოლაში პირველი შთაბეჭდილება როგორიც ჩამოუყალიბდება მოსწავლეს, მერე იმაზე დაყრდნობით აგრძელებს საგნებთან ურთიერთობას.

საბუნებისმეტყველო საგნების გაცნობა ხდება ძალიან მშრალად, უინტერესოდ და ჩემი აზრით, 21-ე საუკუნისთვის შეუსაბამოდ, რაც ბავშვებში იწვევს შიშს, გაურკვევლობას და სტრესსაც, იმიტომ, რომ არ არის მარტივი მერვეკლასელისთვის, როცა მას ასწავლი ატომს ისე, რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ვიზუალურად როგორია ატომის მოდელი.

წიგნებში დაბეჭდილი წესების და თეორიების დაზუთხვა და სწავლა არის რთული, როცა ვიზუალურად ვერ აღიქვამ ამ ყველაფერს, როცა არ გესმის როგორია მოქმედების მექანიზმი და უბრალოდ იზეპირებ. ეს არის კატასტროფა.

ბავშვებმა ყველაფერი უნდა ნახონ პრაქტიკაში. მეცნიერებებისთვის დამახასიათებელი მთავარი კითხვა – რატომ? უნდა იყოს პასუხგაცემული თეორიულად და პრაქტიკულადაც.

ასევე, საქართველოში ნებისმიერი ინდუსტრია, რომელიც მეცნიერებისთვის არის მნიშვნელოვანი, ჩამკვდარი და გაჩერებულია. ეს მდგომარეობა კი საქართველოში მყოფ აბიტურიენტს აფიქრებს იმაზე, რომ არც აქვს აზრი ამ მხრივ წასვლას, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს ის რესურსი, რომ დიდ შედეგებზე გავიდეთ ქიმიით, ფიზიკით ან ბიოლოგიით.

რა თქმა უნდა, ის, თუ რა შედეგზე გახვალ და რას მიაღწევ, ინდივიდუალურია, მაგრამ მეცნიერება დიდ შრომას და სათანადო გარემოს არსებობას მოითხოვს. საქართველო კი რესურსითა და ტექნოლოგიებით არ არის კომფორტული და სასიამოვნო სამუშაო გარემო მეცნიერებისთვის.

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და მოახერხოს ყველა სკოლის ლაბორატორიით აღჭურვა, რადგან ცურვას ვერ ისწავლი წყლის გარეშე, ხომ?! იგივეა სამეცნიერო საქმიანობაზეც.

ქიმიას, ბიოლოგიას და ფიზიკას ვერ ისწავლი ლაბორატორიის გარეშე.

შემდეგი პასუხისმგებლობა უკვე გადადის სკოლაზე, რადგან სკოლამ უნდა მოახერხოს მართვა და პროცესის ისე დალაგება, რომ ლაბორატორია და ხელსაწყოები უბრალო დეკორაციებად არ იქცეს და აქტიურად გამოიყენებოდეს სასწავლო პროცესში.

სკოლამ უნდა გადაამზადოს მასწავლებლები, რადგან სკოლაში გვყავს მასწავლებლები, რომლებმაც თავად არ იციან ლაბორატორიაში მუშაობა. მასწავლებლებმა საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა იზრუნონ და დასახონ სწორი გზები, თუ როგორ მოახერხონ და დააინტერესონ მოსწავლეები და არ შეაშინონ, ზედმეტად არ დატვირთონ.

ამ ყველაფრის შემდეგ, მგონია, რომ აღმოიფხვრება პრობლემა.

ყველაზე მეტად ჩემს არჩევანში მომწონს ის, რომ სამეცნიერო სფერო გაძლევს საშუალებას შენით შეეხო და შეიცნო სამყარო. მომწონს, რომ მექნება შანსი, შევიცნო ჩვენი ბუნება და მსოფლიოს მოწყობის კანონზომიერება. მეცნიერება არ არის რუტინული, ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი.

მოლოდინს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ჩემი პროფესია ძალიან მოთხოვნადი იქნება. 21-ე საუკუნეში ისეთ მდგომარეობაშია სამყარო, თუნდაც გლობალური დათბობის, დემოგრაფიის, პანდემიების კუთხით, რომ ყველა პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებაა აუცილებელი.

იკვეთება ის რეალობა, რომ მეცნიერება გვრჩება ჩვენს მთავარ პრობლემებთან ბრძოლის იარაღად. იმედი მაქვს, რომ მეც რაიმე ღირებულს შევძენ სამყაროს ჩემი საქმით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: