მთავარი,სიახლეები

კიდევ ერთი რუსი მეწილე ეყოლება კომპანიას, რომელიც ტელეარხებს ავრცელებს საქართველოში

14.06.2022 • 1762
კიდევ ერთი რუსი მეწილე ეყოლება კომპანიას, რომელიც ტელეარხებს ავრცელებს საქართველოში

კომპანიას, რომელიც საქართველოში სატელევიზიო არხების სიგნალს ექსკლუზიურად ავრცელებს და, მათ შორის, რუსულ პროპაგანდისტულ არხებს, კიდევ ერთი რუსი მესაკუთრე ეყოლება. კომპანია „სტერეო +“-ის წილის 15 პროცენტის მესაკუთრე ელენა ხახალევა ხდება, ის წინა წლებში რუსეთის ფედერაციაში მოსამართლე იყო.

ამ წილის შეძენაზე თანხმობის საკითხს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია 16 ივნისის სხდომაზე განიხილავს.

ელენა ხახალევა ბიზნესმენ რობერტ ხახალევის ცოლია, რომელიც დღეისთვის კომპანიაში „სტერეო +“ წილების 25 პროცენტს ფლობს. რობერტ ხახალევს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – რუსეთის და საქართველოს. ამ კომპანიაში წილების 50 პროცენტს კი, დავით ზილფიმიანი ფლობს – პარლამენტის წევრი „ევროპელი სოციალისტებიდან“.

„არავითარი ყიდვა-გაყიდვა არ ხდება, ოჯახის ფარგლებში რჩება ეს ყველაფერი,“ – გვითხრა დავით ზილფიმიანმა. მან დაგვიდასტურა, რომ რობერტ ხახალევი მისი ძმაა და მას შემდეგ შეიცვალა გვარი, როცა საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და გარკვეული წლების შემდეგ გვარის გამო დევნის ობიექტი გახდა.

„დევნა დაუწყეს ჩემს რძალსაც, ელენესაც… მას დიდი რუსეთი სდევნიდა და რუსეთზე დიდად შეყვარებული არ არის. მოსამართლე ადრე იყო,“ – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა. ჩვენს კითხვაზე, აქვს თუ არა ელენას საქართველოს მოქალაქეობაც, პასუხობს, რომ ეს „ზუსტად არ იცის“.

„ქმარი და შვილი ქართველი ჰყავს, მას აქვს თუ ახლა იღებს, ზუსტად არ ვიცი… ჩემმა შვილმა, ლაშამ, დაუთმო თავისი 15 პროცენტი ელენას, ალალმა ბიძიამ და ძმისშვილმა ერთმანეთში რა მოილაპარაკეს, ეს მათი საქმეა,“ – გვითხრა დავით ზილფიმიანმა. კომპანიაში „სტერეო +“ წილის 25 პროცენტს ფლობს დავით ზილფიმიანის შვილი – ლაშა ზილფიმიანი.

კომპანიაში კიდევ ერთი რუსეთის მოქალაქის შემოსვლის შემდეგ რამდენად იზრდება რისკი, რომ მან რუსული პროპაგანდისტული არხები არ შეზღუდოს? – 10 ივნისის მიმართვაშიც „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ ერთ-ერთ მოთხოვნად ეს დაასახელა: „ევროკავშირის პრაქტიკის მსგავსად, საქართველოში აიკრძალოს რუსული ტელეარხების ტრანზიტი“.

„სანქცია რასაც შეეხო, ჩვენ ეს არხები ამოვიღეთ მაშინვე,“ – რუსული პროპაგანდისტული არსების ამოღებაზეც დავუსვით კითხვა პარლამენტის წევრ დავით ზილფიმიანს. „სანქცია შეეხო იმ რუსულ არხებს, რომლებიც განკუთვნილი იყო მესამე ქვეყნებში გავრცელებისთვის, მაგალითად, „რაშა თუდეი“ და სხვები. რაც შეეხება იმ არხებს, რომლებიც არ არის გათვლილი სხვა ქვეყნებში გავრცელებაზე, მათი შეზღუდვა არ იქნება სწორი ქმედება, იმიტომ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ არხებს უყურებენ. იმის გამო შეზღუდო არხი, რომ ის რუსულენოვანია, არ არის სწორი“, – გვითხრა პარლამენტის წევრმა.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ რუსეთთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების დაბლოკვას ითხოვს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. პირველ მარტს გავრცელებულ განცხადებაში კოალიციამ მიუთითა საკანონმდებლო ნორმაზეც, რომლის გამოყენებაც იქნება სამართლიანი რუსული, პროპაგანდისტული არხების დაბლოკვის შემთხვევაში.

„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კომუნიკაციების კომისიას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს მიიღონ ეფექტიანი ზომები საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის სხვა პროპაგანდისტული მედიების შეჩერებისთვის.

კომუნიკაციების კომისიამ და ინტერნეტსერვის პროვაიდერებმა გამოიყენონ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დაბლოკონ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის პროპაგანდისტული ვებგვერდები,“ – აღნიშნულია „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ 2022 წლის პირველ მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი ფოტო: „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევიდან „რუსეთის ინფორმაციული ომი“

გადაბეჭდვის წესი