მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ მოვუაროთ ამოღებული კბილის ჭრილობას და რა მიგვანიშნებს გართულებაზე

13.06.2022 • 11286
როგორ მოვუაროთ ამოღებული კბილის ჭრილობას და რა მიგვანიშნებს გართულებაზე

როგორ უნდა მოვუაროთ ჭრილობას კბილის ამოღების შემდეგ? სიფრთხილის რა ზომების დაცვაა საჭირო? – კლინიკა „როგოს“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე განმარტავს, რომ რეაბილიტაციის პროცესში, ჭრილობის დაინფიცირებისგან დასაცავად, აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების სწორად შესრულება. მას ვესაუბრეთ თემაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ კბილის ამოღების შემდეგ.

  • ბატონო თენგიზ, რა დროა საჭირო კბილის ამოღების შემდეგ ჭრილობის შესახორცებლად?

ღრძილის პირველადი დახურვა, როცა ვიზუალურად მთლიანად იხურება ღრძილი, 2-3 კვირაში ხდება, თუმცა ძვლოვანი სტრუქტურის აღდგენას კბილბუდეში დაახლოებით 4-დან 6 თვემდე დრო სჭირდება,

  •  კბილის ამოღების შემდეგ შეხორცების პროცესი ყველა კბილზე ერთნაირია?

ეს პროცესი ინდივიდუალურია. მაგალითად, საღეჭი კბილების მიდამოში, სადაც კბილის ამოღების შემდეგ დიდია დეფექტი/ჭრილობა, შედარებით დიდი დრო სჭირდება შეხორცებას. 

წინა ფრონტალურ მიდამოში, ერთფესვიანი კბილების მიდამოში, დაახლოებით 10 დღე-ორი კვირაა საჭირო შეხორცებისთვის.

განსაკუთრებით რთულად რეაბილიტირდება ქვედა სიბრძნის კბილები, რადგან ძლიერ უკან დგას, ყლაპვის დროს საკვების ნამცეცი მარტივად რჩება და აქედან გამომდინარე მეტია რისკი ანთებითი პროცესების განვითარების, რადგანაც ხშირად ინფიცირდება ჭრილობა.

ზოგადად, სხვა კბილებთან შედარებით, ქვედა ყბის კბილები უფრო რთულად შუშდება. ამას რამდენიმე რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ის, რომ ქვედა ყბა ნაკლებად მარაგდება სისხლით, დიდი დრო სჭირდება ამ პროცესს, თანაც, მეტია რისკი გართულების და ა.შ.

  • ამოღებიდან რამდენ ხანში ჩერდება სისხლი?

კბილის ამოღების შემდეგ სტანდარტულ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში, კბილბუდეში ტამპონი უნდა გაჩერდეს 20-30 წუთის განმავლობაში, ამ დროში ხდება კოლტის სტაბილიზაცია. ტამპონის გადაგდების შემდეგ, შესაძლოა ჟონვითი სისხლდენა ცოტათი კიდევ გაგრძელდეს დაბუჟების გადასვლამდე. თუ არ მოხდა მაპროვოცირებელი ზეგავლენა ამ კბილბუდეზე – არ შეიძლება იმ დღესვე სავლები, პირის ღრუს გამორეცხვა, საკვების დაღეჭვა/მოხვედრა იმ მხარეს და ცხელი სასმელები.

  • ამ პროცესში როგორ ვუვლით, რა არის საჭირო? 

პირველ დღეს აუცილებელია მივირთვათ უფრო თხიერი საკვები, მაგალითად, ფაფები, მაწონი, წვენები, რასაც პირდაპირ ვყლაპავთ და არ ქმნის ან ნაკლებად ქმნის რისკს, რომ ნამცეცები დარჩეს პირის ღრუში.

მეორე დღიდან დღეში 3-ჯერ ანტისეპტიკური სავლები უნდა გამოივლოთ, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის სავლები – ქლორჰექსიდინის შემცველი და მის გარეშეც.

ბავშვებში, ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის არ შეიძლება სპირტის შემცველი სავლები, ამ შემთხვევაში ვურჩევთ ბუნებრივ, გვირილის, ან სოდიან სავლებს. სხვა დანარჩენ სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის, პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები ინიშნება სამჯერ დღეში, 5-7 დღის განმავლობაში. 

  • რა არ შეიძლება რეაბილიტაციის პროცესში?

კბილის ამოღების შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, არ არის სასურველი სავლების გამოყენება, არც ცხელი საკვების მიღება, რათა მოხდეს სისხლის კოლტის სტაბილიზაცია.

პირველ რიგში, კბილის ამოღების შემდეგ, იმ მხარეს დაახლოებით 7-10 დღე საჭმელი არ უნდა დავღეჭოთ მეზობელი კბილებით, რადგან საკვების ნამცეცები ჩაიბეჭდება და უფრო გართულდება. როცა კბილბუდის პირველი სტაბილიზაცია მოხდება, 10 დღის შემდეგ, თუ კომფორტული იქნება, შეგვიძლია ნელ-ნელა დავიწყოთ საკვების დაღეჭვა იმ მხარეს. 

კბილის ამოღებიდან მეორე დღესვე ჩვეულებრივად შეგვიძლია კბილების გაწმენდა, რა თქმა უნდა, კბილბუდის მიდამოში ეს უნდა მოხდეს ნაკლებად აგრესიულად, ნაზად. ცოტა დისკომფორტი შესაძლოა გვქონდეს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამოღებული კბილის ირგვლივ მეზობელი კბილები კარგად გავიწმინდოთ, რადგან ნადები ასევე ხელს შეუწყობს კბილბუდის ანთებით პროცესს, გართულებას.

  • რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს?

პირველი 1-2 დღე დისკომფორტი და მცირე, ყრუ ხასიათის ტკივილი, ოდნავი ჟონვითი სისხლდენა სავლების დროს, აბსოლუტურად ნორმალურია. აი, როცა მესამე დღეს ამოღებული კბილი მტკივნეულია, თუნდაც შეშუპების გარეშე, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რადგან ეს კბილბუდე შესაძლოა იყოს დაინფიცირებული, წასული იყოს ანთებითი პროცესი, რასაც ჰქვია ალვეოლიტი.

ასეთ დროს არ შეიძლება თვითნებურად გავაგრძელოთ გამაყუჩებლების ან სხვა პრეპარატების მიღება. საქმე ის არის, რომ მხოლოდ ექიმს შეუძლია სწორად ამოასუფთაოს კბილბუდეში დარჩენილი საკვები ნამცეცები, ანტისეპტიკურად დაამუშაოს და მარტივად ალაგდება ანთებითი პროცესი. თუ ტრავმულია ამოღება, მეორე დღეს შეშუპება ნორმაა, მაგრამ როცა მე-3, მე-4 დღეს იწყებს შეშუპებას, ეს ნიშნავს, რომ ჭრილობა დაინფიცირდა და ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.

ექიმს უნდა მიმართოთ, თუ 3 დღის შემდეგ, ცუდი გემოს ან ცუდი სუნის შეგრძნება გაქვთ ამ კბილბუდიდან, ასევე, თუ შეწითლებულია კბილბუდის ჭრილობის კუთხეები. ახასიათებს პულსაციური ხასიათის ტკივილი, ან ყრუ ხასიათის ერთგვარი გადამცემი ტკივილი მთელი ყბის გასწვრივ, როცა მეზობელ კბილებსა და ზედა ყბას გადასცემს ტკივილს.

ჭრილობის ინფიცირების ნიშანია ასევე ტემპერატურის მატება 38 – 38.5 გრადუსამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: